№20 რას შეეწირა დავით გარეჯი და რატომ არის აუცილებელი მეზობლებისთვის, არ დაუშვან საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევისგან ჩვენი არც ერთი მეზობელი არ იკავებს თავს (რა თქმა უნდა, ირიბად და შანტაჟით), ამიტომაც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად განვიხილავთ, საქართველოს სახელმწიფოზე ზემოქმედების რა ბერკეტები აქვს ჩვენს უშუალო მეზობლებს (ოთხივეს), როდესაც სურთ, რომ ხელისუფლებას (ნებისმიერს) აიძულონ, მიიღოს მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილება.
ზაალ კასრელიშვილი: თქვენ, ალბათ, ეს კითხვები გაგიჩნდათ პანკისის ხეობასა და დავით გარეჯში მომხდარი პრობლემების გამო.
– მანამდე იყო მუხთარლის საქმე. გასაგებია, რომ რაღაცით დააშანტაჟა ბაქომ თბილისი, ისევე, როგორც თურქეთის ხელისუფლებამ, რაკი თავის თავს მისცა უფლება, ეთქვა, დიდგორობა უქმედ არ გამოაცხადოთო და კიდევ ბევრი რამ იქნება, რაც ჩვენ არ ვიცით.
– შეგვიძლია, ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ ვრცლად, როგორც ქართულ მედია-სივრცეშია მიღებული, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ყველაფერზე და ბოლოს გაირკვევა, რომ არაფერზე, რადგან მკითხველსა და მსმენელს, უბრალოდ, ვერ გამოაქვს აზრი და შეგვიძლია, ვუპასუხოთ მოკლედ და კონკრეტულად: ის, რაც მოხდა პანკისში და ის განგაში, რაც ატყდა დავით გარეჯის კომპლექსის გარშემო, არის შედეგი. გამომწვევი მიზეზი კი უამრავია, რაც მოდის საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან. პანკისის ხეობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა 1990 წლიდან, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ეს პრობლემები არ გადაწყვიტა. დროებით მოაგვარა ისე, რომ მისთვის დისკომფორტი არ შეექმნა.
– ჯერ ჩეჩნეთიდან დევნილები რომ მიიღო და შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა.
– რა თქმა უნდა. ჯერ მიიღო დევნილები ჩეჩნეთიდან, რომლებიც გაყვლიფეს; შემდეგ პანკისის ხეობა გამოცხადდა „ბოევიკებისა“ და ტერორისტების თავშესაფრად, რის გამოც რუსეთმა დაბომბა პანკისის ხეობა. ამის პარალელურად საქართველოში იყო აბსოლუტური კორუფცია და კრიმინალი, როდესაც კრიმინალები შევარდნაძისდროინდელი ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით იტაცებდნენ ადამიანებს და მიჰყავდათ პანკისის ხეობაში.
– წესით, ყველას უნდა ახსოვდეს პეტრე ცისკარიშვილის გატაცების ამბავი პანკისში და არა მარტო ეს.
– რა თქმა უნდა. იქამდე ორ ასეულ კილომეტრამდეა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა ქვეყანაში, როდესაც თბილისში ან საქართველოს სხვა კუთხეში მოტაცებული ადამიანები მიჰყავდათ და გზაში პრობლემა არ ექმნებოდათ. ამის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ პანკისის ხეობის მოსახლეობის ნდობა თავისი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენა, რასაც მოჰყვა ლაფანყური. ამის შემდეგ ბევრი მოუგვარებელი პრობლემა იყო, ამას მოჰყვა სპეცოპერაცია, ხეობის მოსახლეობის დემონიზაცია და მათი რელიგიური ნიშნით გამიჯვნა და, ბოლოს, წლების განმავლობაში დაგროვილმა პრობლემებმა ჰესის გამო ამოხეთქა. ჰესი არ იქნებოდა, იმდენი პრობლემა, სხვა საბაბი მოიძებნებოდა. იგივე მინდა ვთქვა დავით გარეჯზეც. თუ გახსოვთ, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პირველი SOS სიგნალი?!
– სამხედრო წვრთნები დავით გარეჯის კომპლექსთან, რაც აზიანებდა ძეგლს.
– დიახ, დავიწყოთ აქედან. დავით გარეჯის კომპლექსის კუთვნილების საკითხი არ მოგვარებულა ედუარდ შევარდნაძის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და გადაუჭარბებლად შემიძლია, გითხრათ, ამ პრობლემის მოგვარება ერთი სატელეფონო ზარით შეეძლოთ. არც სააკაშვილის დროს მოგვარებულა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ილჰამ ალიევსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ხშირადაც ხვდებოდნენ ერთმანეთს. ისმის კითხვა: რატომ?!
იმიტომ რომ საქართველო აზერბაიჯანიდან მარაგდება ნავთობითა და გაზით და არც შევარდნაძის კორუმპირებულ გარემოცვას და არც სააკაშვილის ავტოკრატიულ მმართველობას არ სურდა...
– დისკომფორტი შეექმნათ საკუთარი თავისთვის?
– არა მხოლოდ, აქ უკვე შემოსავლების წყაროზეა ლაპარაკი. ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირ ისხდნენ წილებში, ხოლო სააკაშვილმა კორუფცია ქვეყნის სასარგებლოდ კი არ დაამარცხა, არამედ მოწილეები მოიშორა და ყველაფერი მასთან მიდიოდა. და, ბუნებრივია, არც მისთვის იყო ხელსაყრელი აზერბაიჯანთან პრინციპული პოზიციის დაჭერა. მართლაც: რა ბერკეტები აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს ჩვენზე ზემოქმედებისთვის? 1990 წელს მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას დახმარებით, გლობალური პოლიტიკური პროცესების წყალობითა და ქართველი ერის თავისუფლების ერთიანი იდეის გარშემო გაერთიანებით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ამას რაც მოჰყვა, აღარ მოვყვები, ყველამ ვიცით. მაგრამ იმისთვის, რომ შენი, დოკუმენტზე დაწერილი დამოუკიდებლობა რეალურ დამოუკიდებლობად აქციო, საჭიროა, თვითკმარი სახელმწიფო გახდე, ანუ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებები 70 პროცენტით მაინც დააკმაყოფილო. ეს რომ შეძლო, საჭიროა, გქონდეს ავტონომიური ენერგეტიკა, მრეწველობა, რის საშუალებასაც შენი ქვეყნის რესურსები იძლევა.
– ენერგოუსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, მინიმუმ, იმპორტზე რომ არ იყოს დამოკიდებული.
– ეს ამბავი არ მოხდა საქართველოში არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილის დროს. ამ ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ძალიან მძიმედ მიდის. ხელისშემშლელი ფაქტორები არის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მე მგონია, თქვენი მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რომ, თუკი არ გაქვს ფული, არ გაქვს შემოსავლის წყარო, იმის საშუალება, რომ შენი ეკონომიკური პოტენციალი გამოიყენო სრულად და იქიდან შემოსული თანხა შენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების სასიკეთოდ განკარგო, ავტომატურად ხარ დამოკიდებული იმ ქვეყნებზე, რომლებიც რაღაცას გაწვდიან და ეს „რაღაც“, საუბედუროდ, საქართველოში 70 პროცენტია. საქართველო ზის 70-პროცენტიან ექსპორტზე, ნაცვლად იმისა, რომ თავად იყოს მისთვის საჭირო პროდუქციის 70 პროცენტის მწარმოებელი. როდესაც კონფლიქტი იწყება, მწვავდება ან მოსალოდნელია, ისეთი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ხალხს არ უყვარს, არ ართულებენ, არ რისკავენ და სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე ურიგდებიან სხვა სახელმწიფოებს იმისთვის, რომ სოციალური აფეთქება არ მიიღონ, მომწოდებლებთან გარიგებას ვგულისხმობ. დავთვალოთ, ვინ არიან მომწოდებლები.
– საგარეო ვაჭრობაში პირველი სამეული ასეთია: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და მათ ჩინეთიც ეწევა.
– ირანიც უერთდება, თუმცა ჩინეთი ცოტა სხვა თემაა. ის არ თამაშობს პატარა თამაშს, საქართველოზე გათვლილს. ჩინეთის მიზანია, გააძლიეროს მრეწველობა და მისი ეკონომიკა მსოფლიოს პირველ სამეულშია; გააძლიეროს ჯარი და გააძლიერა უკვე და, რა თქმა უნდა, ის აფართოებს თავისი გავლენის არეალს, სადაც მოჰყვება შუა აზიაც და კავკასიაც. გამოდის, რომ, თუ არიან ქვეყნები, რომლებსაც არ უნდათ, რომ დაკარგონ გავლენები საქართველოზე, ანუ კავკასიაზე, ისინი, ბუნებრივია, შეეცდებიან, რომ საქართველოს შიგნით თავისი რეგენტების, აგენტებისა თუ პოლიტიკურად კორუმპირებული ჩინოვნიკების მეშვეობით, ქვეყნის დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას, ანუ სახელმწიფოს თვითკმარობამდე მიმავალ გზაზე ხელი შეუშალონ. და ეს, უპირველესად, გამოიხატება იმით, რომ პატრიოტი და ქვეყნის სასიკეთოდ მოღვაწე ადამიანები ან არ მიუშვეს ხელისუფლებასთან, ან ჩამოაშორეს და ყველა დროში ხელი შეუწყვეს ხელი ხარბსა და უმადურ, პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებულსა და ეგოისტ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულების ხარჯზე არიან ხელისუფლებაში და იღებენ გასამრჯელოს როგორც გარედან, ისე ქვეყნის შიგნით ბიუჯეტის ძარცვისა და ყვლეფის ხარჯზე. მე ვერც ერთ ქვეყანას ვერ დავადებ კონკრეტულად, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველო აუცილებლად გაძლიერდება მორალურად და ეს არ არის სხვების ინტერესი. ისტორიის განმავლობაში საქართველო თავის სათქმელს კაცობრიობის, რეგიონული განვითარების ისტორიაში ევრაზიის საზღვარზე ყოველთვის ამბობდა მაშინ, როდესაც ძლიერდებოდა მორალურად და ეკონომიკურად. მორალურად და ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველო თავისი თამაშის წესს შესთავაზებს ყველა ქვეყანას, რომლებსაც ეს რეგიონი აინტერესებს, როგორც უნიკალური გეოპოლიტიკური არეალი. ამდენად, ევრაზიის დერეფნის, რომელიც უკვე არის ენერგოდერეფანი და მომავალში უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ დერეფანს, ვგულისხმობ რადიკალურ ისლამსა და ცივილიზებულ დასავლეთს შორის დაპირისპირებას, ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, იზრდება კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებიც, რომ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომას მაქსიმალურად შეუშალონ ხელი, რომ ის მართლაც არ იყოს დამოუკიდებელი. იმიტომ რომ, თუ ეკონომიკურად არ ხარ დამოუკიდებელი, ვერც პოლიტიკურად იქნები დამოუკიდებელი და ყოველთვის იმის მცდელობა იქნება, რომ ორ ძლიერ კონკურენტს შორის ითამაშო.
– რომლებსაც რეგიონში პირველობის მიღწევა უნდათ.
- რა თქმა უნდა. ჩვენ ვართ დამოკიდებულები და, შესაბამისად, იძულებულები, დავთმოთ პოზიციები უკეთესი მომავლის მოლოდინში. ეს არის ჩვენი ძალიან კონკრეტული დასკვნა: ნომერი პირველი ბერკეტი – ეს არის ენერგეტიკა, ნომერი მეორე ბერკეტი – ეკონომიკა და ნომერი მესამე ბერკეტი – გეოპოლიტიკური სამეზობლო ურთიერთობები. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ სიტუაციიდან ძალიან პრიმიტიული გამოსავალი იპოვა და სტალინური ავტონომიები მიიტაცა და იფიქრა, ამის შემდეგ თავში ქვა იხალეთო, მერეღა მიხვდა, რომ აი, ამ მტაცებლური პოლიტიკით მისი პოლიტიკური ავტორიტეტი და გავლენა კავკასიაში უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და ახლა მთელი საქართველო უნდა. დანარჩენი ქვეყნები, ბევრად უფრო გამოცდილები და დიპლომატიურები არიან, ოღონდ ეს შეფასება აზერბაიჯანს არ ეხება, იმიტომ რომ აზერბაიჯანიც ჩვენს მდგომარეობაშია. ჩვენთანაა დაკავშირებული: გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ავანგარდში არის საქართველო და მასზეა მიბმული აზერბაიჯანი. გავალთ ფონს?! ისინიც გავლენ! ვერ გავალთ ფონს და ისინიც ვერ გავლენ, ამიტომაც ცდილობს მავანი ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბოს ურთიერთობა. ძალიან სახიფათო თემაა რელიგიური დაპირისპირების თემა და რაც ბოლო დროს მოხდა, არ არის ეთნიკური დაპირისპირება, ეს არის რელიგიური დაპირისპირების მცდელობა და მავანი ცდილობს, სწორედ მაშინ წამოსწიოს, როდესაც საქართველოში სხვადასხვა მიზეზით პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს ხოლმე.