კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა დისკომფორტის მოხსნას ცდილობენ შვილისთვის ლაშა ნაკაიძე და ვერიკო ტურაშვილი და როგორ გადაურჩა ლაშა სიკვდილს ბევრჯერ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლაშა ნაკაიძე უკვე რვა წელია, „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელია, თუმცა მაყურებელი უფრო ბოლო პერიოდიდან იცნობს, მას შემდეგ, რაც „სხვა შუაღამის“ ერთ-ერთი წამყვანი გახდა.
ლაშა ნაკაიძე: „რუსთავი 2-ამდე“ ტელევიზიასთან შეხებაც არ მქონია. დაახლოებით, რვა წლის წინ სრულიად შემთხვევით მოვხვდი აქ პრაქტიკაზე და ოთხ თვეში მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა კამერასთან ურთიერთობა. ვიმუშავე ოპერატორად „კურიერში“, „პროფილში“ და ბოლოს „დილა მშვიდობისა საქართველოში“ დავფუძნდი. მერე დავიწყე საინტერესო ტიპების ძებნა და პორტრეტების გადაღება. ოპერატორიც მე ვიყავი და ჟურნალისტიც. ერთ დღეს ნიკა გვარამიამ შემომთავაზა, წამყვანობას ხომ არ სცდიო. კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სიახლეების ძიების პროცესი ძალიან მიყვარს, შესაბამისად, ვუპასუხე, რატომაც არა-მეთქი და „სხვა შუაღამის“ ნაწილი გავხდი. ამ გადაცემაში დიდი თავისუფლება გვაქვს, რაც ძალიან მომწონს. ვცდილობთ, იმ თემებზე ვილაპარაკოთ, რომელიც ჩვენ თაობას აწუხებს და აინტერესებს. სტუმრებად ისეთი ადამიანები შევარჩიოთ, 24 საათი რომ ტელევიზორში არ არიან და ახალ, საინტერესო სახეებს წარმოადგენენ. მინდა, ის პროფილი, რაც დილის გადაცემაში მქონდა, აქაც გადმოვიტანო და საინტერესო ხალხის ძებნა და მაყურებლისთვის გაცნობა განვაგრძო.
– მოდი, მკითხველს შენი პორტრეტი გავაცნოთ. დავიწყოთ ადრეული ასაკიდან, როგორი იყო ბავშვობა?
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სოციალური სიდუხჭირის მსხვერპლი ვარ, ისევე, როგორც ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლები. ზოგადად, ძალიან ხიფათიანი ვიყავი, ყველაფერი მე მემართებოდა. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, რომ რაღაც ენერგია მიცავს. პატარა ასაკიდან მოყოლებული, ხუთი ძალიან ცუდი ავარია გადავიტანე, მაგრამ ხუთჯერვე გადავრჩი. ბოლო ავარიაში ექვსი მანქანა დავამტვრიე, მაგრამ ერთი ნაკაწრიც არ მქონია, არც მე და არც სხვას. სამაგიეროდ, ორს ვუყიდე მანქანა და დანარჩენებს გავუკეთე. სხვათა შორის, ახლა გადავწყვიტე, საერთოდ არ დავჯდე მანქანაზე.
– სწავლა გიყვარდა?
– მასწავლებლებს „ვევასებოდი“, მაგრამ ხუთოსნობის გამო არა (იცინის). რა ხუთოსანი... მაგ დროს გვშიოდა და „ვეფხისტყაოსანს“ სანთლის შუქზე ძალით ვსწავლობდით. თვითგადარჩენის ინსტინქტი გვქონდა ჩართული – რაც მე ალუმინი და ბოთლი მაქვს ნაგროვები ბავშვობაში... პირველად სტუდენტური საზაფხულო დასაქმება რომ იყო, იქ ვმუშაობდი. ყველა ჩემი მეგობარი ჩაერთო ამ ამბავში, მაგრამ რეალურად მუშაობა არავის უწევდა. მე შემხვდა ლილოში ხის კარ-ფანჯრის ქარხანა, რომელსაც ძლივს მივაგენი, იმ იმედით, რომ ხელს მომიწერდნენ საბუთზე, ვითომ დავდიოდი, როგორც ყველა აკეთებდა. მაგრამ მითხრეს, გამორიცხულია, თუ არ იმუშავებ, ხელს არ მოგიწერთო და სამი თვე ყოველდღიურად დაახლობით სამოცი ურიკა ნაგავი გამქონდა (იცინის). მაგრამ ასეთი შრომა სათაკილოდ არ მიმაჩნია. პირიქით, ამ პროცესში იწრთობი და ყალიბდები. ვფიქრობ, ფიზიკური მუშაობა ადამიანის მთავარი მოწოდებაა. მოქმედებაში ყოფნა ყველაზე დიდი კეთილშობილება მგონია. მას შემდეგ ბევრგან ვიმუშავე. როგორც კი კომფორტის ზონას შევიქმნი, მაშინვე ვცდილობ, მის გარღვევას და ახლის პოვნას. ჩემთვის განვითარებაა მთავარი. მეგობრების შერჩევის დროსაც, ადამიანს ვუყურებ, როგორც წყაროს, რომელიც ამაში დამეხმარება.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, როგორც ვიცი, დაქორწინებული არ ხარ.
– დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ შვილი მყავს. მე და ვერიკო ტურაშვილს გვყავს საერთო შვილი – ნატაშკა. უკვე დიდი გოგოა – ოთხი წლის და ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. მნიშვნელობა აქვს მშობლები ერთად იქნებიან თუ არა, მაგრამ მე ვცდილობ და ამ ბოლო დროს ვერიკოც მეხმარება, რომ ბავშვს დისკომფორტი არ შევუქმნათ იმის გამო, რომ დედ-მამა ცალ-ცალკე არიან. საერთო შვილი გვყავს და ამ დროს ერთმანეთის მიმართ ემოციური ფონი უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. დედამისი ამბობს, რომ ვუყურებ, შენ გხედავო, ძალიან მგავს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მე ბევრად მჯობს, ბავშვი უკვე ორ ენაზე ლაპარაკობს და მესამეს სწავლობს. სულ ცდილობს, თავის ტოლებში ლიდერობა მოიპოვოს, არასდროს წუწუნებს. ზუსტად იცის, რა უნდა, რაც ძალიან მომწონს. ყველაფერს დიპლომატიურად აგვარებს, ჰიპნოზს გიკეთებს და ყველაფერს გაკეთებინებს (იცინის). ჩემი მშობლებიც გაშორებულები იყვნენ და ვცდილობ, რაც მე დამაკლდა, მას არ მოაკლდეს. მგონი, ყველაზე მთავარი ისაა, რომ მისი გესმოდეს, ყველაფერი არგუმენტირებულად აუხსნა და პიროვნებად აღიქვა რამდენი წლისაც არ უნდა იყოს.
– „ქართული ტრადიციული სტანდარტები“ დაარღვიეთ, როცა ბავშვი ქორწინების გარეშე გააჩინეთ. როგორი იყო გარშემო მყოფების რეაქცია?
– ქართული მენტალური სტანდარტების 95 პროცენტი ჩემთვის მიუღებელია და ვცდილობ, ყველაფერი სხვანაირად გავაკეთო. პირველად ეს სტანდარტები წლების წინ დავარღვიე. საყურეზე რომ დიდი ამბები იყო, ავდექი და გავიკეთე – მინდოდა, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. ქართველების ჭირია გამუდმებული ფიქრი – „რას იტყვის სხვა“. ამაზე კონცენტრირებულები აბსოლუტურად ვკარგავთ ჩვენს თავს, საკუთარი სურვილები და ემოციები უკანა პლანზე გადადის, რაც ჩვენ ცხოვრებას ანგრევს. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, გვერდზე გადავდოთ „რას იტყვის სხვა“ და საკუთარი სურვილები დავაყენოთ პირველ ადგილზე. გამიმართლა იმაში, რომ ეს ყველაფერი დედაჩემმა ძალიან ადეკვატურად მიიღო. ზოგადად, სხვები რას წერენ და ამბობენ, ამაზე ყურადღების გამახვილებას მართლა არ აქვს აზრი. რას ჰქვია „რას იტყვიან სხვები?“ ანგელოზივით შვილი მყავს, იდეალური ურთიერთობა გვაქვს და უბედნიერესი ვარ იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში ნატაშკა არსებობს, სხვისი აზრი არ მაინტერესებს.
– ახლა რა ხდება პირად ურთიერთობებში?
– კარგად ვარ. მყავს გოგო, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ, დაახლოებით, ოთხი წელი.
რთული ბავშვობა ახსენე, თუმცა ეს მთელი ქვეყნის გასაჭირი იყო. პირადად შენი სირთულე რა იყო?
– ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, რომელიც ძალიან მძიმე გადასატანია. ჩემთვის ამ ყველაფრის შედეგი ისაა, რომ რაღაცების გადატანა უკვე მარტივად შემიძლია და ტრაგედიად არ ვაქცევ. ყველაზე მძიმედ გადასატანი ჩემთვის იყო ავარია, რომელსაც შეიძლებოდა მთელი ჩემი ცხოვრება შეეცვალა. წლინახევრის ბავშვი, რომელსაც მე საერთოდ ვერ ვხედავდი, თურმე, მანქანებს შორის მოყვა. მახსოვს, მამამისი მოვიდა, ბავშვი ხელში ეჭირა და მეუბნებოდა, შვილი მომიკალიო. სისხლიანი ხელით მიბრახუნებდა მანქანაზე, ბავშვი არ სუნთქავდა... ის რამდენიმე წამი ისეთი იყო, ახლაც რომ ვიხსენებ, ცუდად ვხდები. მერე უცებ ამოისუნთქა ბავშვმა და ტირილი დაიწყო. ორი წელი ვმკურნალობდი ამ პატარას და ბოლოს, ჩემი და მეგონა. ყველა ექიმი მეუბნებოდა, შეიძლება ვერ ადგეს და ვერასდროს გაიაროსო, რთული გადაწყვეტილებების მიღება მომიწია, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. თუმცა, კინაღამ ბავშვი მოვკალი – ესაა ჩემთვის ემოციურად ყველაზე რთულად გასახსენებელი ამბავი. კიდევ ერთი მძიმე ავარია მახსენდება. ძალიან დიდხანს ვმუშაობდი გადაბმულად და სამსახურიდან რომ წამოვედი, გზაში გავითიშე, საჭესთან დამეძინა. მანქანა გზიდან გადავიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჯანჯღარში კარი გატყდა, გარეთ გადმოვვარდი და დავარდნისას გამეღვიძა. მანქანა ხრამში ჩავარდა. მოკლედ, მაგრად გადავრჩი. თავიდანვე ვთქვი, რაღაც ენერგეტიკა მიცავს და ჯერჯერობით არ მწირავს-მეთქი. ხომ არის ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაცას ელოდება. მე მთელი ცხოვრებაა ეგ განწყობა მაქვს. ველოდები, რომ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ჩემს ცხოვრებას საერთოდ შეცვლის. მაგრამ რა, არ ვიცი. ეს შეგრძნება ბავშვობიდან მომყვება.
– იმედია, უკეთესობისკენ შეცვლის. დისკომფორტს არ გიქმნის ან არ გაშინებს ეს შეგრძნება?
– იმდენად შევეჩვიე, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა. თავიდან მეგონა, ეს სიკვდილის შეგრძნება იყო. მაგრამ მერე შემეცვალა დამოკიდებულება. ახლა ვიცი, რომ სიკვდილი არაა ის, რასაც ველოდები, რაღაც სხვაა. როცა სიკვდილი მეგონა, მაშინ მეშინოდა, სულ ვფიქრობდი, რომ ეს რაღაცის ნიშანი იყო – ალბათ, ცხოვრება უნდა შემეცვალა და უფრო „დავლაგებულიყავი“. ძალიან „აშვებული“ მქონდა, ზედმეტად აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი, სიახლეებსა და დაბრკოლებებს არასდროს ვერიდებოდი. ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა და ამას ბევრი კარგიც მოჰქონდა და ცუდიც. საკუთარი თავის გაცნობას ვცდილობდი, რაც საკმაოდ რთულია და პრინციპში, ახლაც ამ პროცესში ვარ. მივხვდი, რომ საკუთარი თავის საპოვნელად ერთადერთი საშუალება განვითარებაზე ზრუნვაა. ვფიქრობ, რომ უმოქმედობა კლავს. მინდა, ეს წუთისოფელი უკვალოდ არ გავიარო და ამისთვის სულ მოქმედებაში ვარ. მე ამით ვიღებ ადრენალინს.

скачать dle 11.3