№19 როგორ აიყვანეს გია ჯაჯანიძე საბავშვო ბაღში აღმზრდელად და რა გამოცდილება მიიღო მან კუბოების საამქროში მუშაობისას
ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ახალ ამპლუაში ვიხილეთ – საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა. იმის მიუხედავად, რომ ექსპერიმენტებზე წასვლა არ უჭირს, ახალი რაკურსის მორგება მისთვის იოლი არ ყოფილა. როგორც თავად ამბობს, ამ როლში საკუთარი თავი ისე მოსწონს, ახალ შემოთავაზებებზეც კი თანახმაა. ცნობილი მეზღაპრე, პატარებისთვის ისეთ ზღაპრებს იგონებს, თვით ძმებ გრიმებსაც რომ შეშურდებოდათ.
გია ჯაჯანიძე: ორი თვეა, რაც საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა. ჩემგან ექსპერიმენტები აღარავის უკვირს, მაგრამ ეს მაინც სხვა რამე ყოფილა. 45 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ამ ასაკის კაცი მაშინ პირველად ჩამოვსრიალდი კიბის სახელურზე. ჩემი შვილების ტოლებთან ერთად დავდიოდი ლექციებზე, რაც ერთი შეხედვით, სასაცილოდაც კი ჩანდა, მაგრამ მე პრობლემა არ მქონდა. ევროპაში ახალგაზრდებთან ურთიერთობის სპეციალური სკოლებია. მე ეს 45 წლის ასაკში გავიარე. ახლა, რაც საბავშვო ბაღში ვარ, ახალ გამოცდილებას ვიღებ. უნდა ნახოთ, როგორ მიხარია იმ დღის გათენება, როცა ბავშვებთან მივდივარ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კომუნიკაბელური და გახსნილი ადამიანი ვარ, სულ მქონდა ერთი პრობლემა – ბავშვებთან კონტაქტს ვერ ვამყარებდი. უცხო ბავშვებს კი არა, საკუთარ ოთხ შვილიშვილს ვერ ვეკონტაქტებოდი. როდესაც ჩემი შვილიშვილები ჩემთან მოდიან, უნდა ნახოთ, როგორ იქცევიან, თვითონაც ძალიან მორიდებული ბავშვები არიან, მაგრამ მეც მქონდა პრობლემა – მოდი ჩაგეხუტო, შენ გენაცვალე, მიყვარხარ! აბა, ლექსი თქვი... აქამდე არ მითქვამს. როცა ბავშვები ჩემთან მოდიან, ხმას კი არ იღებენ, თითქოს ერიდებათ ჩემი, ეზოში ჩურჩულით თამაშობენ, რაც სიმართლე გითხრათ, მაწუხებს. მგონი, ვერ ხვდებიან, რომ მათი ბაბუა ვარ. აქამდეც სადაც არ უნდა მოვსულიყავი სტუმრად, ჩემი მეგობრების ბავშვები მოდიოდნენ, მეფერებოდნენ, მაგრამ მე კომუნიკაციას ვერ ვამყარებდი, ვერ ვეთამაშებოდი. ერთ დღეს სტუმრად მოვედი საბავშვო სტუდია „მხიარულ ოჯახში“, რომ დაიძრნენ ეს ბავშვები და შემომეხვივნენ, ჩემს ბავშვობაში არსებობდა ფოტო, ლენინი და ბავშვები, ჩვენი შეხვედრა ამ ფოტოს მოგაგონებდათ. იმხელა სითბო გამოამჟღავნეს, კინაღამ ტირილი დავიწყე. სტუდიის დირექტორმა, ჩემმა მეგობარმა ია დოლიძემ, უყურა ჩვენს შეხვედრას და შემომთავაზა, მათთან დამეწყო მუშაობა. დაირხა ხმა, რომ გია ჯაჯანიძე ბაღის მასწავლებელია, ამას მოჰყვა შემოთავაზებები საბავშვო ბაღიდან. სად მქონდა ამისი დრო, მაგრამ ერთ ბაღს მაინც დავთანხმდი. გამოსაცდელი ვადა მომცეს და ორი გაკვეთილის მერე, შტატში ამიყვანეს, ხელფასიც კი მაქვს, მაგრამ ალბათ, ხვდებით, რომ ხელფასი მნიშვნელოვანი არ იყო. ჩემს თავს ისეთი სასიამოვნო ორომტრიალი ხდება, მე თვითონ რომ მომწონს.
– რა შედის შენს ფუნქციებში?
– ბავშვებთან ურთიერთობა, სახელოვნებო უნარ-ჩვევების განვითარება. შევდივარ ჯგუფში, ბავშვებს ვუყვები ზღაპრებს – ჩემი გამოგონილი ზღაპრებია, რაღა ძმები გრიმები და რაღა მე (იცინის). ისეთ ზღაპრებს ვიგონებ, ვერ წარმოიდგენთ, მე ცნობილი მეზღაპრე ვარ. ბაბუაჩემი მიყვებოდა ხოლმე ზღაპრებს. მერე, როცა წამოვიზარდე და თითქმის ყველა ქვეყნის ზღაპრები წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ ბაბუაჩემის მოყოლილი ზღაპრები ვერსად ვიპოვე. არსად შემხვედრია. ბაბუაჩემის მოყოლილი ზღაპრები, გვიან მივხვდი, რომ ბაბუაც მეზღაპრე მყავდა – აი, ეს არის გენეტიკა! (იცინის) იმდენად გრძელ ზღაპრებს ვყვები, ბავშვები მახსენებენ ხოლმე, წინა გაკვეთილზე, სად გავჩერდი. გარდა ზღაპრებისა, ახალ-ახალ გასართობებს ვიგონებ, ერთად ვვარჯიშობთ, ვსაუბრობთ. ბავშვები თავის ამბებს მიყვებიან. 5-6 წლის ბავშვებში ისეთი საოცრებები აღმოვაჩინე, ამას არ მოველოდი. ძალიან მაგარი ამბები გვაქვს. ეს გამოცდილება ძალიან გამომადგება ჩემი გადაცემის ახალ რუბრიკაში, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით იქნება. ბევრ ლიტერატურას ვკითხულობ ბავშვთა ფსიქოლოგიაზე – უკვე თეორიულად დავიწყე სპეციალური ინფორმაციის ათვისება.
– მეზღაპრედ აგიყვანეს და ბავშვმა ქოთანზე დასმა რომ მოგთხოვოს, ამასაც შეძლებ?
– რა უნდა ვქნა? ამას ძიძა აკეთებს, მაგრამ მე პირადად არც ბავშვის ქოთანზე დასმის პრობლემა მაქვს, არც ცხვირის მოხოცვის. დიდ ამბავში რომ ვართ და ზღაპარს ხატოვნად ვყვები, უცებ მეტყვიან ხოლმე, ფისი მინდა, წყალი მინდა... თავიდან რეაქცია მქონდა, ახლა ვიცი, რა უნდა ვქნა. უკვე შემიძლია, ჩემს შვილიშვილებსაც მოვუარო. მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა – მოხუცი ბავშვის ჭკუაზე გადადისო. ეტყობა, მეც მოხუცობისკენ მივდივარ. ბავშვებში რომ ჩავჯდები, ერთად ვძერწავთ და ვხატავთ, ჩემი ასაკი სულ მავიწყდება. ბავშვებს ვასწავლი გამოთქმით საუბარს, გვაქვს სიცილის თერაპია. ერთად ისეთ მაგარ თამაშებს ვიგონებთ, ნეტავ, ეს თამაშობები ჩემს ბავშვობაში ყოფილიყო. მახსოვს, ჭიათურაში, ბაღში, შუადღისას გვეტყოდნენ ხოლმე, აბა, ბავშვებო, ხელები წაიღეთ უკან, ახლა წყნარი საათიაო. ჩვენ სკამებზე ჩამოვადებდით ხოლმე თავს, გავისუსებოდით და ისე ვიქცეოდით, თითქოს გვეძინა. ასეთი მძიმე იყო კომუნისტური რეჟიმის საბავშვო ბაღების ცხოვრება.
– სულ ამბობ, რომ ტანჯული ბავშვობა გქონდა.
– ტანჯული, მაგრამ მაინც ბედნიერი. 11 წლის ასაკში ვჭედავდი ლიმონათის ყუთებს. საამქროს უფროსი, რომელიც ცნობილი მეკუბოვეც იყო, მეუბნებოდა, შენგან გადასარევი დურგალი დადგებაო და მე ძალიან განვიცდიდი. ჩვენს საამქროში, ლიმონათის ყუთებთან ერთად კუბოები და აკვნებიც მზადდებოდა. სულ ვაჯერებდი ჩემს თავს, რომ ამ საქმეს ფულისთვის ვაკეთებდი და დურგლობა არ მინდოდა. ჩემი ოცნება იყო გაქცევა იმ საამქროდან, მაგრამ იმ დროს წასასვლელიც არსად იყო. მეკუბოვე კაცისგან დურგლის მომავლის წინასწარმეტყველება ძალიან მტანჯავდა, მაგრამ იმ სიმწარიდან ერთი გამოცდილება მაინც მივიღე – კუბოებისა და აკვნების საამქროში იმ პატარა ასაკში მივხვდი, რომ სიკვდილი და სიცოცხლე სულ ერთად არიან, მგონია, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ფილოსოფია.