№19 ტრისტან სარალიძე: კაცის ღალატი ღალატად არ მიმაჩნია
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
სახელი: ტრისტანი.
გვარი: სარალიძე.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობის მოგონება...
– მთელი ბავშვობა, 17 წლამდე, ბორჯომის რაიონში, დაბა ახალდაბაში გავატარე. უმამოდ გავიზარდე. როდესაც მამა გარდაიცვალა, დედაჩემი ოცდაშვიდი წლის იყო, მე – ორწლინახევრის. გავიზარდეთ, როგორც და-ძმანი. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. პატარა რომ ვიყავი, სახლის გვერდზე დედაჩემს სიმინდი, ლობიო, კომბოსტო ჰქონდა დათესილი. ბოსტანის ბოლოს კი ორი ხე იყო, გავჭიმავდი ამ ხეებს შორის თოკს – იქიდან ისე კარგად ჩანდა კომბოსტოს თავები, პარტერი გეგონებოდათ და ვმართავდი წარმოდგენებს. მეც ვერთობოდი და ეტყობა, კომბოსტოებსაც სიამოვნებდათ და კარგი მოსავალი მოდიოდა. პირველად სოფელში ვნახე გივი ბერიკაშვილი სპექტაკლით – „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ და მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი.
– რაიმე მოგიპარავთ?
– კი. ბევრი რამ მომიპარავს. რუკა მქონდა დახატული – სად რომელი ხილი მწიფდებოდა და რა დროს.
– პროფესიული ჩვევა რა გაქვთ?
– რა თქმა უნდა, უამრავი პროფესიული ჩვევა მაქვს, მერე ეჩვევი ამ ჩვევებს და გამოიმუშავებ, როგორც იმუნიტეტს. ახლა, რომ მოვდიოდი, ვიღაც შემხვდა, მეგობარს ვკითხე, ხომ არ იცი, ვინ არის-მეთქი. არაო, იმან მითხრა: ისე მიესალმე, მეგონა, იცნობდიო. როდესაც ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ გამოვიდა, დავიძინე, გავიღვიძე და ერთ დღეში გავხდი პოპულარული. ვიმალებოდი, იმიტომ, რომ ყველასთან ვერ დალევ, გალოთდები. ამის გამო ეს თვისებები და ჩვევები მიღებული გაქვს. დღეს მაქვს სპექტაკლი, ახლა ვწერთ ინტერვიუს და შენ გგონია, მე ინტერვიუზე ვარ? სულ სპექტაკლი მიტრიალებს თავში, როგორც კინოფირი.
– რა გაღიზიანებთ?
– ყველაზე ძალიან ტყუილი მაღიზიანებს. ბოროტება არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ ბოროტება და სიკეთე კაცობრიობის ყველა ეტაპის თანამდევია, მაგრამ ადამიანს ტყუილის გარეშეც შეუძლია ცხოვრება.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– ადამიანი სიკეთისთვის იბადება. ბალიშზე რომ დადებ თავს, არის მონაკვეთი დაძინებამდე, სადაც კინოფირივით გადის, რა გაგიკეთებია ამ ქვეყანაზე და თუ ისეთ საქციელს დაიჭერ, რომლისაც შეგრცხვება, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა და გულს გტკენს, იქ ხდება ადამიანის გასუფთავება. მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვეძახი ამას. გადაავლებ ამ მოკლემეტრაჟიან ფილმს თვალს და რჩები ძალიან ბედნიერი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ხელი გაუწოდე.
– სიკვდილის შემდეგ არსებობის გჯერათ?
– რომ გითხრათ, მუხლგადატყავებული ქრისტიანი ვარ-მეთქი, რომელიც ოცდაოთხი საათი ლოცულობს, ასე არ არის. მწამს, მაგრამ არ მწამს ღრუბელზე მჯდარი ღმერთის. ღმერთი არის განგება, რომელსაც შენს თავში ვერ ხსნი. ეს არის შენთვის ღმერთი. სარწმუნოება კი ერთ რამეს ქადაგებს: აკეთე სიკეთე. თუ ბოროტებას არ ჩადიხარ, მაშინ სამოთხეში შესვლას ვინ აგიკრძალავს და თუ სიკეთე გარანტიაა სამოთხეში შესასვლელად, მაშინ ვაკეთოთ სიკეთე და ღიაა ის კარი.
– როდის ყვირით?
– მე ყელიდან ვყვირი. გულიდან არასდროს მიყვირია, იმიტომ რომ არ მქონია საყვირლად საქმე.
– შეგშურებიათ რამის?
– რა თქმა უნდა, შემშურებია. ახლა არ დამიწყოთ, თეთრი შური და შავი შური... შემშურებია კარგი არტისტის, კარგი მანქანა რომ დამინახია, შემშურებია. შური ჩვენ გვგონია, რომ ცუდი რაღაცაა. ცუდია მაშინ, თუ მას ბოროტება ახლავს. კარგ სახლს რომ დაინახავ, შენც გინდა – ეს არის შური, მაგრამ თუ შენ გინდა, რომ წაართვა და რეალიზაცია გაუკეთო, ეს ბოროტებაა. შური არ არის ცუდი. შური ლესავს ადამიანს. ალ პაჩინოს რომ დაინახავ, ნიკოლსონს, დენიროს, ამ გიჟ ადამიანებს, გშურს, არტისტობა გინდება. აბა, ნეიტრალურად ხომ არ უყურებ.
– როდის გრცხვენიათ?
– მრცხვენია, როდესაც უსინდისობას ჩავავლებ ჩემს თავში, რომ არ უნდა მოვქცეულიყავი ასე და მოვიქეცი. ქრისტესავით ვერავინ იცხოვრებს ამ ქვეყანაზე. როგორც კი მახსენდება, რომ ადამიანს არ მოვექეცი კარგად, და არის ჩემს ცხოვრებაში ეს მომენტები, მაგის მრცხვენია.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარული უწესოა.
– სიყვარულის გამო სიგიჟეები ჩაგიდენიათ?
– ერთი დეტალი გამახსენდა. მოსკოვში მატარებლით მივდიოდით გასტროლზე, მაშინ სამი დღე ვუნდებოდით გზას და ერთი გოგო გავიცანი. საუბარში ვიცინოდი, ამ სიყვარულს დავცინე – არ იყო ეს სიყვარული სერიოზული სალაპარაკო თემა. მაგრამ ეს გოგო ისე მომეწონა და ისეთი სერიოზული გრძნობა გამიჩნდა, რომ როსტოვში ჩავდიოდი, ერთად უნდა გავქცეულიყავით. სად? არავინ იცის... უცხოეთშიც ჩამიდენია სიგიჟეები, საქართველოშიც. ასეთი რაღაცაც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში: მეტროთი მოვდიოდი, იმ პერიოდში ძალიან პოპულარული ვიყავი – ერთმანეთზე მიეწყო ჩემი ფილმები. მიცნეს და საქეიფოდ რომელიღაცა სახლში წამიყვანეს. სამი დღე ვცხოვრობდი იმ სახლში, არავის ვიცნობდი, ვსვამდით, ვქეიფობდით... დღეს რომ მითხრან, რომელ სახლში იყავი და ვისთან იყავიო, არ ვიცი.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– რა თქმა უნდა. არგენტინაში მივფრინავდი და ღამის პირველ საათზე ჩავედი ზესტაფონში ჩემი საცოლის სანახავად. ჩავედი, ვნახე, მოვტრიალდი და წამოვედი.
– დრო აძლიერებს თუ ახუნებს სიყვარულს?
– არავინ იცის, ვისთვის ძლიერდება, ვისთვის ნელდება. დიდხანს რომ ცხოვრობ ადამიანთან, მეუღლესთან, შენ ვერ ხვდები, რომ ბედნიერი ხარ. იმ დროს დაკარგულია ბედნიერების აღქმა. როცა ამ ბედნიერებას კარგავ, როცა შორდები, მაშინ ხვდები, რა ბედნიერი იყავი, როცა ის შენ გვერდით იყო.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– სხვადასხვაა. ვნება შეიძლება, ისე მოგივიდეს – ვიღაცაზე ერთი შეხედვით.
– გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?
– ალბათ, ორივე იყო. ბევრჯერ წასულან, მეც გამოვკიდებივარ.
– ეჭვიანი თუ ხართ?
– მოდი, ასე შევხედოთ, ვის რა უნდა დავაკლო ეჭვიანობით, გარდა საკუთარი თავისა. თუ ის მართლა რამეს აკეთებს, შენი ეჭვიანობით არ მოიშლის და თუ არ აკეთებს, შენ ხარ ცოდვა, რომ თავს იტანჯავ.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– მაგაზე ჩემი თეორია მაქვს მე: როდესაც კაცი დიდხანს არის ქალთან, რაღაც ახალი რომანტიკა უნდა. კაცის ბუნება არის დიდ რომანტიკაში წასული, მაგრამ თუ აქ დიდი სიყვარულია, ის მხოლოდ რომანტიკაში მიდის და უკან მობრუნდება. მეორე მხარეა, მიიღებენ თუ არა. არავინ დაიტრაბახოს, რომ მე ასე არ ვიზამ. მაშინ ის ადამიანი აფრენს.
– კაცის ღალატს ღალატად მიიჩნევთ?
– მე არ მიმაჩნია კაცის ღალატი ღალატად. ქალი ბუდეა სიცოცხლის და თუ სიცოცხლის ბუდეა, მასში ძალიან დიდი სიწმინდეები უნდა იყოს. მე ვამბობ მრუშობას, თორემ ფლირტს და მოკლე კაბას კი არ ვკრძალავ. არც მრუშობაა აკრძალული და ისინი კი არ მეზიზღებიან, მაგრამ როცა ოჯახი უნდა შედგეს, მაშინ სიწმინდეში უნდა იყოს.
– რას აგროვებთ?
– ვაგროვებ საეტაპო სპექტაკლების აფიშებს. გამორჩეული სპექტაკლების – „კავკასიურის“, „რიჩარდის“, „მეფე ლირის“...
– კაცი შეიძლება, ქალზე სუსტი იყოს?
– ჩვენ ცოტას ვაზვიადებთ მაგ თემას. დავუშვათ, მანქანას საბურავი აქვს დაშვებული, რატომ უნდა გამოცვალოს ქალმა? რაღაც საქმეები არის, რომელიც ქალმა არ უნდა აკეთოს. იმიტომ კი არა, რომ ვერ გამოცვლის საბურავს. შეძლებს ამას, მაგრამ მე რომ ვუყურებ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია. მისთვის უფრო სხვა საქმეა, დიადი, ლამაზი და ნათელი. ერთმა მითხრა ასეთ რაღაც: იცი, რა მაგარი შებერტყილი ვარო? მე ვუთხარი: არ ხარ შენ შებერტყილი, როცა უკვე ამას ამბობ. შებერტყილი და ძლიერი მაშინ ხარ, როცა კაციშვილი ვერ ხვდება და რასაც გინდა, იმას აკეთებ. თუ ხედავ, ქალი მოდის ჩემოდნით, რად უნდა ქალს ჩემოდანი, თან, ლამაზი ქალი თუა, გამოსტაცე ჩემოდანი და წაიღე. „ვეფხისტყაოსანი“ არის კონსტიტუცია, სადაც მუხლ და მუხლ წერია ყველაფერი. „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყო თუნდა ხვადია“ – ამას წერს რვაასორმოცდაათი წლის წინ. საქართველოში თუ იყავი ქალი, იყავი დაფასებული. ვინ შეუშლიდა ხელს მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელს.
– ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თავი დაგიკარგავთ?
– ქუჩაში თუ შემხვდი და არ მოგესალმე, ესე იგი, ძალიან ნასვამი ვარ. არ მიყვარს სიმთვრალეში რომ ბევრს ლაპარაკობენ. პირდაპირ საწოლი ოთახისკენ მივდივარ.
– დეპრესია თუ გქონიათ?
– დეპრესია ბევრჯერ მქონია. დალევით ამ დეპრესიისგანაც გამოვსულვარ. ისე ვიყავი, სახლიდან არ მინდოდა გასვლა. შევუკვეთე რესტორანში, სამი დღე ვიყავით იქ და გამოვედი დეპრესიიდან.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– ვიქტორ ლუტიძე იყო ჩემი მეზობელი. ამ კაცმა მომცა ასეთი რჩევა: თუ ვინმემ ცუდი რაღაც გაგიკეთა, ცუდით არ გადაუხადო, მეორე ლოყა კი არ შეუშვირო, მაგრამ ცუდი არ გაუკეთოო. ეს რჩევა სულ მახსოვს. არც კი ვჩხუბობ. თეატრში ხომ ისე ვერ გაძლებ, რომ რაღაც არ გეწყინოს, თუნდაც ზემდგომებისგან. როგორც კი არ გასცემ პასუხს, ისინი ხვდებიან, რომ არ ღირს.
– რაც საუკეთესო გაქვთ...
– ერთი რაღაც მინდა, გავიხსენო: როდესაც თეატრში მოვედი და ბრძანება დაიწერა, რომ რუსთველის თეატრის მსახიობი ხართ, გამოვიარე ფოიეში, სცენის წინ, სადაც მსახიობები შესასვლელად ემზადებიან. იქ გრძელი მაგიდა იდგა და ფარდა იყო ჩამოფარებული და რომ გადავწიე ფარდა, ამ მაგიდის თავში იჯდა ეროსი, გვერდზე – გოგი გეგეჭკორი, რამაზი, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი. უცებ ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, შეიძლება, აქ ადამიანმა თავისი ნიშა დადოს, სამსახიობო კარიერა მაინც დაიწყოს-მეთქი?! როგორ დაამთავრებ, ეს სხვა არის, იმდენად დიდი ადამიანები და მსახიობები იყვნენ ამ თეატრში. ამ გადასახედიდან, თეატრში ნახევარ ცხოვრებაზე მეტი მაქვს გატარებული. ჩემმა ოჯახმა იცის, მე რომ პრემიერა მაქვს, ერთი კვირა სახლში აღარ მივდივარ, თეატრში ვათენებ და ვაღამებ. მიუხედავად ამისა, მაინც ჩემი შვილები არიან ყველაზე ძვირფასი, იმათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ჩემი მისია შევასრულე.