კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ უმასპინძლდებოდა მანჩესტერში ბრედ პიტსა და ცნობილ ფეხბურთელებს მერი ჭიჭიაშვილი და რა წარმატებას მიაღწიეს მისი წყალობით რესტორნებმა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მერი ჭიჭიაშვილმა უცხოური კულინარიის მწვერვალები დაიპყრო. ის ესპანეთსა და ინგლისში საუკეთესო რესტორნების მთავარი კონდიტერი გახლდათ. რესტორანი, სადაც ის მუშაობდა, ინგლისის მასშტაბით, „ტოპ 20“ საუკეთესოთა შორის მოხვდა. თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საყვარელ საქმეზე თავის დანებება მოუწია. ამ მდგომარეობამ და დეპრესიულმა ფონმა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ჰქონდა, ხელოვნებასთან დააახლოვა და ახლა საოცარ მინიატურებს ქმნის, რომლებიც ქართულ რეალობას ასახავს. მასალად კი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჯანჯაფილს, შაქარსა და თიხას იყენებს.
  მერი ჭიჭიაშვილი: რუსთავში ვცხოვრობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე. ეს მშობლების სურვილი იყო, ისე, სამხატვრო აკადემიაში მინდოდა მესწავლა. თან, მამა მყავს ხელოვანი – მხატვარი და მოქანდაკეა. ბავშვობაში, მამას რომ ვხედავდი, როგორ ხატავდა და ძერწავდა, ეს საქმე მეც მომწონდა და თითქოს ვბაძავდი კიდეც, თუმცა ქანდაკება არასოდეს გამიკეთებია, უფრო დიზაინი მაინტერესებდა. უნივერსიტეტი დავამთავრე, თუმცა ჩემი სპეციალობით ერთი დღეც არ მიმუშავია. 1999 წელს  20 წლისამ დავტოვე საქართველო და უკვე, 20 წელია, რაც უცხოეთში ვცხოვრობ.
– საქართველოდან რატომ წახვედით?
– პირველად გერმანიაში წავედი ერთწლიანი პროგრამით სასწავლებლად და სამუშაოდ,. მერე დავბრუნდი და ისევ სასწავლო კურსით ესპანეთში წავედი. სადაც გავიცანი ჩემი ახლანდელი მეუღლე და დავრჩი. წავედი იმიტომ, რომ მოგზაურობა მიყვარს. ამ დროს ბევრ რამეს სწავლობ და დიდ გამოცდილებასაც იძენ. თან, ისეთი ადამიანი ვარ, მრავალფეროვნება მხიბლავს – მინდა, უფრო მეტი გავიგო, შევიმეცნო, ვისწავლო და ვნახო.
– კულინარიით როდის დაინტერესდით?
– მანამდე ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული და გადაღებებზე ძალიან ხშირად მიწევდა სიარული. როცა ბავშვი შემეძინა, აქეთ-იქით სიარულის დრო აღარ მქონდა. მაშინ დავიწყე  ესპანურ ჟურნალებში კულინარიის გვერდების მოძიება და მსგავსი გადაცემების ყურება, მოკლედ რომ ვთქვათ, ესპანური სამზარეულოს შესწავლა გადავწყვიტე. იმ დროს ჩემს მეუღლეს სასტუმრო ჰქონდა პატარა რესტორნით და იქ ვმუშაობდი, სამზარეულოში. მოგვიანებით ადგილობრივი კონკურსი გამოცხადდა და მეც მივიღე მონაწილეობა. ჩემს კერძს პირველი ადგილი  მიანიჭეს და ამან მეტი თავდაჯერებულობა შემძინა.
გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმიანობისთვის.
– როგორ გახდით პრესტიჟული სასტუმროსა და რესტორნების მთავარი კონდიტერი?
– ესპანეთის დატოვება და ინგლისში ჩამოსვლა მომიწია. თავიდან, მხოლოდ კონდიტერის ხაზით ვმუშაობდი, ბოლოს მთავარი კონდიტერი გავხდი. თავდაუზოგავად ვშრომობდი. სწორედ ჩემი შრომის დამსახურებით რესტორანი სამ თვეში ინგლისის „ტოპ 20“ რესტორანს შორის მოხვდა და „მიშლენის“ ვარსკვლავიც მიანიჭეს, რაც ამ სფეროში ძალიან დიდი მიღწევაა. გარდა ამისა, სხვა ტიტულებიც აიღო, თუმცა, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავის დანებება მომიწია. 16 საათი ვმუშაობდი და შესაბამისად, ზემოთ ნახსენები წარმატებაც შემთხვევითი არ ყოფილა. როცა საქმე გიყვარს, იმაზე არ ფიქრობ, რომ ბევრი მუშაობით შეიძლება, შენს ორგანიზმს ავნო. კისრის მალები დამიზიანდა და თავი დავანებე. მერე ვიმკურნალე და სხვა სამსახურში გადავედი, სადაც ასევე, მთავარი კონდიტერი ვიყავი, ოღონდ ეს იყო სასტუმრო – Holiday inn. აქ უკვე ჩემზე იყო ყველაფერი დამოკიდებული – თავად ვამზადებდი მენიუს და ყველაფერს ორგანიზაციას ვუკეთებდი. სასტუმროში 150-180 ადამიანი ჩამოდიოდა, თან, ოთხჯერადი კვება ჰქონდათ. ოთხჯერვე უნდა წარმედგინა სამი სხვადასხვა  მენიუ და ყოველდღე უნდა მეცვალა. ეს იყო წარმოუდგენელი შრომა, თან, მხოლოდ ერთი დამხმარე მყავდა. ამის გარდა, ქორწილებიც მქონდა, ბარისა და რესტორნის მენიუც. შეფობა ძალიან რთული საქმეა. შინაგანად ძლიერი პიროვნება უნდა იყო და მენტალურადაც მყარად იდგე,  ამ სიგიჟეს რომ გაართვა თავი. თუ არ ხარ გაწონასწორებული და მტკიცე ნერვების მქონე ადამიანი, შეიძლება, ყველაფერი მიყარო, დატოვო და დაანებო თავი. მეც მქონია შემთხვევა, გადაღლილობისგან ისე ვყოფილვარ, რომ ემოციებისგან დასაცლელად სამზარეულოდან გასვლა და ყვირილი მომნდომებია.

– ესპანეთის დატოვება რატომ მოგიწიათ?
– ესპანეთიდან კრიზისის გამო წამოვედით, მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ყველაფერი. მათ შორის ჩვენმა ოჯახმაც. პატარა სასტუმრო გვქონდა, თუმცა კრიზისმა თან წაიღო. იქ ფიზიკურად არ იშოვებოდა სამსახური. ცხოვრებაში არ მიმუშავია ბებიის მომვლელად, არც სახლი დამილაგებია, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. პატარა ბავშვი მყავდა და სხვა გზა არ მქონდა. ვერაფერი ვიპოვე, მაშინ ვუთხარი ჩემს მეუღლეს და სივი რამდენიმე ქვეყანაში გავგზავნე. გერმანიიდან და ინგლისიდან მომივიდა მოწვევა. ინგლისი ავირჩიეთ და აქ პირდაპირ სამსახურში ჩამოვედი. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. ინგლისში პატარა ესპანეთი დამხვდა – უამრავი ესპანელია ჩამოსული.
– გავიგე, ბევრი ცნობილი ადამიანი აგემოვნებდა თქვენს კერძებს.
– მანჩესტერში, სადაც ვმუშაობდი, იმ რესტორანს ხშირად სტუმრობდა ბრედ პიტი. როცა შეფი გავხდი, ადგილობრივი ცნობილი ხალხი დადიოდა, მათ შორის, კორესპონდენტებიც, ასევე, მაურინიო და სხვა ფეხბურთელები, რომელსაც არ ვიცნობ, იმიტომ რომ ფეხბურთში ვერ ვერკვევი. ძალიან კმაყოფილები იყვნენ და ყოველთვის დადებითი შთაბეჭდილებებით მიდიოდნენ.
–  შაქრითა და ჯანჯაფილით როდის დაიწყეთ მინიატურების შექმნა?
– ამ ყველაფერს დიდი დეპრესია უძღვოდა წინ. ყველაფერზე ჩაქნეული მქონდა ხელი, არაფრის კეთება არ მინდოდა. საქართველოში რომ ვიყავი ჩამოსული, მოულოდნელად დედა გარდამეცვალა. მანამდე, ექვსი თვით ადრე, ბებია დაიღუპა. დედამ ჩემს ხელებში დალია სული. ეს იყო  დიდი შოკი. ინგლისში რომ დავბრუნდი, თითქოს დავიკარგე, ვერაფერს ვხედავდი, სახლში ჩავიკეტე და იმდენად გათიშული ვიყავი, რომ ბავშვსაც ვერ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას. როცა ხედავ, როგორ იცლება დედის
სხეული სულისგან, ეს საშინელებაა. ეს ყველაფერი დაგროვებული მქონდა და ერთ დღესაც დავიწყე მინიატურების შექმნა. ეს სტრესი და დეპრესია სწორედ ამან გადამატანინა. თავიდან ჯანჯაფილის სახლები გავაკეთე, მერე –  შაქრის. ამ ყველაფერმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ სტიმული მომეცა და ჩემი შემოქმედება გავამრავალფეროვნე. ამ საქმის კეთება სრულიად მოულოდნელად დავიწყე – გავიღვიძე, გავახილე თვალები, დავჯექი და დღემდე ვაკეთებ. იმის გამო, რომ შაქარს დიდი ხანი ვერ შეინახავს ადამიანი და უფრო მალფუჭებადია, თიხაზე გადასვლა მირჩიეს. ასეც მოვიქეცი, თან, მუშაობის პროცესში თიხა უფრო ბევრ საშუალებას გაძლევს. ჩემი პატარა სამუშაო ოთახი მაქვს, დღისით რომ შევიკეტები, გვიანობამდე იქ ვარ ხოლმე.
– სახლების, ადამიანების, სადარბაზოს მინიატურებიც კი, თითქოს საქართველოს უკავშირდება...
– კი, ყველაფერი მოგონებებიდან არის აღებული. სადარბაზო შაქრისგან არის დამზადებული და ზუსტად ქართული რეალობაა. ის, რაც ჩემშია, ამ ნაკეთობებშია გადმცემული. ხანდახან მაქვს პერიოდი, როცა მთლიანად ვიყინები, მაგრამ თუ მუზა მომაწვება, უნდა ვაკეთო და დავიცალო. ამ ამბავს ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყა. ბევრს გაუჩნდა შეძენის სურვილი.
– წარმატებამდე რთული პერიოდი იქნებოდა. რა გზა გამოიარეთ აქამდე?
– რა თქმა უნდა. ყოველთვის არის რთული პერიოდი, თან, როცა მარტო ჩადიხარ უცხო ქვეყანაში და არავინ  გვხდება. ისე ჩამოვედი ინგლისში, ენაც კი არ ვიცოდი კარგად. თავიდან მარტო მომიწია ჩამოსვლა, ბავშვი და მეუღლე მერე ჩამოვიდნენ. ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა მარტო ხარ და ცუდად ხდები. ახალი ჩასული ვიყავი, რომ გავცივდი. 42 გრადუსი მქონდა სიცხე და წყლის მომწოდებელი არ მყავდა. თვალწინ ჩემი ბავშვობა დამიდგა. მეგონა, ვკვდებოდი. ოთახის კარი ღია დავტოვე, რომ ვინმეს შეემჩნია და შემოსულიყო. ინგლისელები ცოტა უცნაურები არიან. მეორე დღეს სამუშაოდ რომ ვერ ჩავედი, მოსაკითხად ერთი ადამიანიც არ ამოვიდა. საბედნიეროდ, იტალიელი წყვილი იყო, რომლებიც მიმტანებად მუშაობდნენ. მათ გადამარჩინეს – ჩემთვის სახლიდან მოჰქონდათ საჭმელი და წამლები. თუმცა, დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება, მთავარია, შინაგანად ვიყოთ ძლიერები.

скачать dle 11.3