№19 იღებს თუ არა ქუჩურ ჩხუბებში მონაწილეობას ლუკა მაისურაძე და რა საიდუმლო წერილებს სწერენ მას გოგონები
ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე
ანტალიაში გამართულ „გრან პრიზე“ ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა მაისურაძე (81კილოგრამი) ფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა მეტოქე. მან გადამაწყვეტ ბრძოლამდე, ნახევარფინალში, ოლიმპიურ ჩემპიონს, რუსეთის წარმომადგენელს, ხასან ხალმურზაევს მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ოლიმპიურ პრიზიორს, კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს სძლია. 21 წლის ძიუდოისტისთვის წელს ეს მეორე მედალია, მანამდე მან ეკატერინბურგის „გრან სლემზე“ ბრინჯაო მოიპოვა.
– ლუკა, რამდენი ხანია, რაც ძიუდოში ვარჯიშობ და რატომ გადაწყვიტე სპორტსმენობა?
– მამაჩემი ყოფილი სპორტსმენია, ჩემი უფროსი ძმებიც ჭიდაობაზე დადიოდნენ და მეც დიდი სურვილი მქონდა, რომ მევარჯიშა. თუმცა, თავიდან მშობლებს არ შევყავდი და სახლში სულ ვწუწუნებდი. ასაკი არ მიწყობდა ხელს და უარზე იყვნენ, თან, დედას დიდად არც უნდოდა. ორივე ძმა რომ ვარჯიშობდა და ხედავდა, როგორ წვალობდნენ, ჩემზე ამბობდა ხოლმე, ეს მაინც არ შევიყვანოთო. ბოლოს მაინც დავითანხმე, სახლში სულ ყირაზე გადავდიოდი და სხვა გზა არ დავუტოვე (იცინის). 7 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩემი ორივე ძმა სწავლას გაჰყვა და სპორტული ცხოვრება მე ავირჩიე.
– მამას არ უნდოდა, რომ გევარჯიშა?
– მამას, პირიქით, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და დღეს მე რომ ამ სპორტში ვარ, მისი დიდი დამსახურებაა. თვითონ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო, უბრალოდ, მერე ვეღარ შეძლო სპორტული კარიერის გაგრძელება. შესაბამისად, სურდა, რომ სპორტსმენი ვყოფილიყავი, თან, ჩემმა ძმებმაც, რომ თავი დაანებეს, უფრო მოინდომა. ისე გამოვიდა, რომ ჩვენი ოჯახიდან მე შემოვრჩი სპორტს და მანაც ყველაფერი ჩემში ჩადო. მთელი ჩემი წარმატება მისი დამსახურებაა. თავიდან ხომ ძალიან მინდოდა ვარჯიშზე შესვლა, მაგრამ მერე მეზარებოდა. სწორედ მისი დახმარებით მოვახერხე, ეს სიზარმაცე დამეძლია. დილით ჩემთან ერთად დგებოდა, ვარჯიშობდა და დარბოდა. თან, წარმოიდგინეთ, 135 კილოგრამამდეა და ეს მისთვის რა რთული იქნებოდა. ამან ისეთ „მუღამში“ ჩამაგდო, რომ მერე, დილაობით სულ მე ვასწრებდი ადგომას.
– დედასთვის უფრო რთული შესაგუებელი იქნებოდა, რადგან ეს სპორტი ტრავმებთან ასოცირდება.
– კი, ნამდვილად. დღემდე, ჩემი შეხვედრა როცა იწყება, დედა სახლში ვერ ჩერდება. ერთი 9-ჯერ მაინც ალაგებს სახლს ნერვიულობისგან (იცინის). თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე, რომ მიხვდა, მაინტერესებდა, ყველანაირად გვერდში მედგა. ძალიან მგულშემატკივრობს. თან, გულშემატკივრობა რთულია – მე რომ გავდივარ და ვჩხუბობ, ეგ არაფერია მაგასთან შედარებით. შეეგუა ჩემს სპორტსმენობას, მაგრამ ჩემს შეჯიბრებებს ძალიან განიცდის.
– ტრავმები ხშირად გაქვს?
– ჭაბუკებში მქონდა ხერხემლის ტრავმა და ამის გამო ერთი წელი გამიცდა – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ მივიღე მონაწილეობა. ვმკურნალობდი. რომ არ შემაწუხოს, პერიოდულად, ახლაც გავდივარ რეაბილიტაციას. ძალიან ტრავმიანი სპორტია, თავს თუ არ გაუფრთხილდი, ბევრ დაზიანებას მიიღებ. ტრავმა ხშირად არ მაქვს და საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებაც არ მქონია.
– როგორ დაიწყო წარმატებების სერია?
– თავიდან 29 კილოგრამში ვჭიდაობდი. მაშინ მოვიგე დარბაზის შიდა ჩემპიონატი და მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სახლში ოქროს მედლით მოვრბოდი (იცინის). მერე ჭაბუკებში გადავედი და საქართველოზე მესამე ადგილი ავიღე. შარშან გავხდი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოზე ბრინჯაო მოვიპოვე. წელს მთავარ ნაკრებში გადავედი და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. შემდეგ ეკატერინბურგის „გრან სლემზე“ ავიღე მესამე ადგილი და ახლახან ანტალიის „გრან პრიზე“ ოქროს მედალს დავეუფლე.
– რამდენად რთული შეხვედრა იყო? გაგიჭირდა რუსი ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება?
– ისეთ ბადეში აღმოვჩნდი, ანუ ეს არის მოწინააღმდეგეების სია, რომ მივხვდი, საკმაოდ დაძაბული შეხვედრები მელოდებოდა. წინასწარ არ ვნახულობ ხოლმე, ვის უნდა შევხვდე, შეჯიბრების დღეს ვიგებ. შევხვდი ბელგიელ ჩემპიონს, რომელთანაც მანამდე ორჯერ დავმარცხდი. ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებული და პოზიტიურად განწყობილი ვიყავი. ვაზარით მოვუგე. შემდეგი იყო უკრაინელი, რომელიც მარტივად დავამარცხე და მერე – კანადელი, რომელიც მსოფლიო პრიზიორი გახლდათ. რაც შეეხება რუს ოლიმპიურ ჩემპიონს, ნახევარფინალში შემხვდა. ის 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ისიც ვაზარით დავამარცხე. ფინალში აღარ გამჭირვებია, იტალიელი შემხვდა, რომელიც ერთხელ დამარცხებული მყავდა და მარტივად გავიმარჯვე.
– შენი იპონი ტოპ-ხუთეულში მოხვდა...
– დიახ, ოღონდ ეგ ეკატერინბურგის „გრან სლემის“ ჩემპიონატზე იყო. რანგით ეგ შეჯიბრი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ანტალიის „გრან პრი“. შევხვდი ფრანგს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომერია და დავამარცხე იპონით, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ხუთ საუკეთესო იპონში შეიყვანა.
– რა ხდება შენს ცხოვრებაში ტატამს მიღმა?
– ისეთი დატვირთული ვარ, დიდად ჰობისთვის ვერ ვიცლი. სახლშიც გადაბმულად ორი დღე არ ვარ. გამუდმებით შეკრებებზე მიწევს ყოფნა. უნივერსიტეტში ვსწავლობ – „გეპეიში“ ბიზნესადმინისტრირებაზე. თავიდნ 50-პროცენტიანი გრანტით ჩავაბარე შავი ზღვის უნივერსიტეტში, მაგრამ ისე მოხდა, რომ სპორტში ვერ შემიწყვეს ხელი და საბურთები გადავიტანე.
– შეყვარებული გყავს?
– არა. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ისეთი დაკავებული ვარ, სხვა რამეებისთვის დრო არ მრჩება
– მხოლოდ სპორტით ცხოვრება არ არის რთული და დამღლელი?
– რთულია, მაგრამ ბოლოში ტკბილდება ხოლმე (იცინის). ისე არ გამომივიდეს, რომ საშინელებაა, უბრალოდ, დიდ შრომას მოითხოვს. როცა ნაკრების წევრი ხარ, პირადი ცხოვრება მართლა რთული ასაწყობია. შეიძლება, მთლიანი თვე ივარჯიშო ან უცხოეთში იყო.
– ტატამს მიღმა თუ გამოგიყენებია შენი შესაძლებლობები?
– არა, მაგრამ, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებ. მაქსიმალურად ვცილობ თავის შეკავებას. ჩემი აზრით, ძიუდოისტი უფრო ძლიერი ადამიანია და მსგავს რაღაცებს თავს არიდებს. ტატამზე ვხარჯავ ჩემს ენერგიას და ქუჩურ ჩხუბებში არ ვიღებ მონაწილეობას.
– ბევრი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი გეყოლება...
– გულშემატკივარი მართლაც ბევრი მყავს და მიხარია. თითოეული მათგანი სტიმულს მაძლეს. შეჯიბრების მერე იმდენი შეტყობინება მხვდება ხოლმე, გახსნას ვერ ვასწრებ. ეს მაბედნიერებს და მინდა, ყველას ვუპასუხო.
– გოგონებიც გწერენ?
– კი, ეგეთი შემთხვევბიც არის ხოლმე. ხან რას მწერენ, ხან – რას, ცოტა „სეკრეტნია“ (იცინის).