№19 როგორ დაჰყურებდა თეა ბოლქვაძე საკუთარ უსულო სხეულს და როგორ შეძლო მისმა სულმა სხეულში დაბრუნება
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
„ერთ წუთში შეცვლილი ცხოვრება“ – შეიძლება ასე დავარქვათ თეა ბოლქვაძის ისტორიას, რომელიც პირველი პარამშვილდოსანი ქალია საქართველოში. ხუთი წლის წინ, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა – შვილის ექსკურსიაზე წასული მეორე სართულიდან გადმოვარდა და სერიოზული ტრავმა მიიღო. „ეტლთან დამეგობრებამდე“ კლინიკური სიკვდილი გამოსცადა და საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. იშვიათად მინახავს ისეთი ძლიერი ქალი, როგორიც თეაა. მან შეძლო ამ ყველაფერთან გამკლავება და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება.
თეა ბოლქვაძე: 1975 წლის 20 ივლისს ჩოხატაურში დავიბადე. თვეების ვიყავი, როცა ჩემი მშობლები თბილისში წამოვიდნენ და მეც აქ განვაგრძე ცხოვრება. სუფთა სისხლის გურული ვარ – ექვსი თაობით. ისე კი, შოტლანდიელი დიდი ბაბუა და ესპანელი დიდი ბებია მყავდა. იაკობ მარი იყო ბებიას დიდი ბაბუა, ნიკო მარი კი – მისი ბიძა. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, რადგან კომუნისტების დროს ბევრი ინფორმაცია დაიკარგა. ბებია ფაკუნდას მონაცემებიც არ გვაქვს. თბილისში ჯერ მესამე სამედიცინო სასწავლებლის ფერშლის ფაკულტეტი დავამთავრე და 9 წელი ვიმუშავე ექთნად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ კარდიოლოგიურ ჰოსპიტალში, შემდეგ მივხვდი, რომ ექიმობა მინდოდა და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ლიცენზირებული ექიმი გავხდი და რადგან თბილისში სამსახური ვერ ვიშოვე, სამუშაოდ გარდაბანში წავედი. იქ სასწრაფოს ექიმი ვიყავი. შეიძლება ითქვას, დედისერთა ვარ, რადგან 20 წლის ძმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამეღუპა. მაშინ 15 წლის ვიყავი და ამ ტრაგედიით ვიზრდებოდი. ოჯახი 30 წლის ასაკში შევქმენი. სხვათა შორის, საინტერესო ისტორია გვაქვს. გურიაში ბიძა გარდამეცვალა და მეც ჩავედი. ჩემი მეუღლის ბიძაშვილმა მითხრა, რა გინდა გარდაბანში, მე გაგაცნობ გურულ ბიჭს, ოზურგეთელსო. ასეთი რაღაცების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. თან, ნამდვილად ვიცოდი, თბილისიდან რეგიონში არ გავთხოვდებოდი. მოკლედ, გადის ხანი და დეკემბერში, ერთ-ერთი მორიგეობის დროს უცხო ადამიანი მირეკავს და მეუბნება: იცი, მე ოზურგეთელი გია ვარ და თქვენი გაცნობა მინდაო. მეწყინა, ეს რომ მითხრა – პირველად მირეკავ და ეგ რას ნიშნავს-მეთქი. გავუთიშე, თან პაციენტთან ვიყავი. მერე ხშირად მირეკავდა და გავწყვიტე ურთიერთობა. ამის შემდეგ კიდევ დამირეკა და გამომჟღავნდა, ვინც იყო. მოკლედ, გამოვიდა ისე, რომ დეკემბერში დამირეკა და ივნისში გავყევი ცოლად. ასე დავქორწინდი ტელეფონით გაცნობილ ადამიანზე. მერე შეგვეძინა ლუკა და გავაგრძელე ოჯახური ცხოვრება.
– როდის შეიცვალა შენი ცხოვრება?
– ლუკა სკოლაში რომ მივიყვანეთ, პირველი კლასი ექსკურსიაზე იაკობ გოგოებაშვილის სახლ-მუზეუმში წავედით. მე და ჩემი მეუღლე ბავშვს მანქანით გავყევით. სახლ-მუზეუმის პირველ ფასადზე არ შეგვიშვეს, რადგან რემონტი მიმდინარეობდა და არ იყო სრულად დამთავრებული. ამიტომ უკანა მხარეს გავედით და მეორე სართულზე ავედით. მერე ბავშვები პირველ სართულზე ჩავუშვით და რამდენიმე მშობელი სურათის გადასაღებად დავრჩით. ამ დროს მოაჯირი გადავარდა და აღმოვჩნდი ტრავმირებული. ჩემ წინ ერთი მშობელი გადავარდა, მერე მე და ზემოდან მესამე მშობელი დამეცა. კრიტიკული მდგომარეობა მქონდა – ტვინისა და ხერხემლის დაზიანება. თავიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოვჩნდი, სადაც ყველა ექიმი ჩემი ჯგუფელი იყო. მერე გადმომიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც გულმოდგინე დახმარება გამიწიეს ბატონმა გოჩა ჩუტკერაშვილმა და მისმა გუნდმა. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა. თავის ტვინი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ხერხემალს ვერ ეხებოდნენ. როდესაც გადაწყდა, თავის გახსნა და სისხლის ამოქაჩვა, რადგან სისხლდენა მიმდინარეობდა, ზუსტად იმ დღეს გაიწოვა სისხლი და ხერხემლის ოპერაციაც დაიგეგმა. გადმომიყვანეს პალატაში და მალევე დავიწყე რეაბილიტაცია. ნელ-ნელა წამოვიდა ჩემი მოძრაობები. მაისის თვეში, ამ ამბიდან ზუსტად წლის თავზე მოვისმინე ტელევიზიით, რომ ტარდებოდა მსოფლიო რბენა, რომელიც არის ზურგის ტვინის დაზიანებულთათვის საქველმოქმედო აქცია. გადავწყვიტე, წავსულიყავი. ჩემმა რეაბილიტოლოგებმა, თეა ადამიამ და მისმა გუნდმა მარბენინეს – 6 კილომეტრი და 800 მეტრი გავიარე. გავხდი პირველი ეტლით მოსარგებლე გამარჯვებული ქალი. ამან დიდი სტიმული მომცა და გადავწყვიტე, უფრო აქტიურად მეცხოვრა. ერთ-ერთ კოალიციაში ჩემი მწვრთნელი, ია ტალახაძე გავიცანი და იქ ვეზიარე მშვილდოსნობას. მერე მოვედი პარასპორტის განვითარების ცენტრში და „რესეფშენის“ თანამშრომლად დავიწყე მუშაობა. ეს სამსახური ძალიან დამეხმარა, როგორც მორალური, ასევე ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. ასე გავიდა ტრავმიდან ხუთი წელი. ოთხი წელია, რაც მშვილდოსნობაში ვვარჯიშობ – პირველი ეტლით მოსარგებლე მშვილდოსანი ქალი ვარ. საქართველოში ტურნირების დროს ტიპურ ადამიანებთან მიწევს მონაწილეობის მიღება – ინტეგრიორებული შეჯიბრებები ტარდება. საკმაოდ რთული სპორტია, ჯერ მარტო მშვილდია მძიმე – 17 კილოგრამამდე. მერე მნიშვნელოვანია სწორი პოზიციის შენარჩუნება, რომელიც 12 კომპონენტისგან შედგება. არაერთ შეჯიბრებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ორჯერ გავხდი თბილისის ზამთრის ინტეგრირებული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი. ორჯერ ევროპაზე ვიყავი და შედეგი გავაუმჯობესე. ახლა პარაოლიმპიადის სალიცენზიო შეხვედრებისთვის ვემზადები.
– ოჯახის წევრებისთვის და მეუღლისთვის, ალბათ, ძალიან რთული იქნებოდა ამ რეალობასთან შეგუება.
– ამ შემთხვევამ მხოლოდ ჩემი ცხოვრება არ შეცვალა. შეიცვალა ლუკას, დედაჩემის, ჩემი მეუღლის ცხოვრებაც. დღემდე განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვარ. ჩემს მეუღლეს თავისი ემოციები ჩემთან არ გამოუმჟღავნებია, პირიქით, სულ იმას მეუბნებოდა: ჩვენ დავძლევთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ ამას გადავლახავთ, ჩვენ შევძლებთ. ყოველთვის გვერდით მედგა, ერთი საწუწუნო სიტყვაც არ დასცდენია. მერე დედამ მითხრა, რომ სააბაზანოში ჩაიკეტებოდა და იქ იცლებოდა ემოციებისგანო. მამაკაცი, რომელიც ამ მძიმე ხვედრის გამო ცრემლებით ტიროდა, ჩემთან არაფერს ამჟღავნებდა. დღემდე ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა, როგორც ძველ თეას, ასევე შშმ თეასაც ყოველთვის გვერდით უდგას. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. დედაჩემი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, ერთი შვილი დაეღუპა და მეორე შვილის სიკვდილს, ფაქტობრივად, სამჯერ უყურა.
– რას გულისხმობ?
– ლუკაზე რომ ვიმშობიარე, ატონური სისხლდენა დამეწყო და კლინიკური სიკვდილი მქონდა. ოპერაციის დროს კი გული გამიჩერდა. ამის მიუხედავად, არც ერთი წუთით არ დამიკარგავს გონება. რასაც ექიმები ამბობდნენ, ყველაფერი მესმოდა. როგორც ფილმის კადრები, ასე შემოდიოდა გამოსახულებები ჩემში. ოპერაციის დროს ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მერე ჩემი სხეულიდან ამოვედი და ვხედავდი, როგორ ჩავედი საფლავში. მაშინ გავიფიქრე, ვაიმე, რა ცუდად ვარ, როცა გავიღვიძებ, ამას ვიტყვი-მეთქი. უცებ ჩემი სხეულის გვერდით აღმოვჩნდი, საკუთარ თავს დავყურებდი. უკან რომ მივიხედე, უსახო, ნაცრისფერკაპიუშონიანი არსება დავინახე. გავიფიქრე, რომ ჩემი მფარველი ანგელოზია-მეთქი, არადა, თურმე, სიკვდილი მედგა უკან. წრე დავარტყი საოპერაციოს და უცებ სხეულში დავრბუნდი. სხვა არაფერი დამინახავს და არც ოთახიდან გავსულვარ. მხოლოდ, საოპერაციოში ვიყავი. ვხედავდი, როგორ მიკეთდებოდა ოპერაცია და როგორ ცდილობდნენ ექიმები ჩემს გადარჩენას. ოპერაცია რომ დასრულდა, ჩემმა გინეკოლოგმა თქვა, რა მაწვალა ამ მამაძაღლმაო. გამოფხიზლებული არც ვიყავი, ისიც გავიფიქრე, ნეტავ ვინ ვინ აწვალა, საკითხავია-მეთქი. რეანიმაციაში, რომ ვიწექი, იქაც სასწაული მოხდა. შევხედე, რომ ჩემში ჩამოდიოდა 90-ე ფსალმუნი სიტყვა-სიტყვით, ოქროს ასოებით, წრიულად ჩამოვიდა. გავიღვიძე და მამაო მიკითხავდა 90-ე ფსალმუნს. მაშინვე ვკითხე, რას მიკითხავ-მეთქი და 90-ე ფსალმუნსო. სავსე იყო ჩემი პალატა ხალხით, ყველა შოკირებული იყო ამ ამბით. სამ დღეში აღვიდგინე სისხლის დანაკარგი და უკვე, ექვს თვეში სამსახურში გავედი.
– ამდენი რამე გამოიარე. როგორი იყო შენი შინაგანი მდგომარეობა?
– კლინიკური სიკვდილის მერე მქონდა დეპრესია, რომ შვილს ვეღარ გავაჩენდი, რადგან საშვილოსნო ამომიღეს. მშობიარობის შემდეგ არ შეხორცდა და სისხლდენაც მაგიტომ დამეწყო. თავად მშობიარობა უპრობლემო მქონდა, როგორ ხარო ექიმმა რომ მკითხა, კარგად-მეთქი – თითით ვანიშნე. ამ დროს დაუძახა ექთანმა მოტრიალდიო და პირდაპირ შეესხა სისხლი სახეში. 7 წუთში ლიტრანახევრამდე სისხლი დავკარგე, ეს იყო კატასტროფა. გონება არ დამიკარგავს და როცა მივხვდი, საშვილოსნო უნდა ამოეღოთ, ექთანს მოვკიდე ხელი და ვუთხარი: საშვილოსნო არ ამომიღოთ-მეთქი. ისეთი მდგომარეობა იყო, ჩემს სიტყვებს არავინ აქცევდა ყურადღებას. ამ ამბიდან სამ დღეში ვნახე ლუკა და ყველას უკვირდა, ასე მარტივად როგორ გამოვედი მდგომარეობიდან. ამის მიუხედვად შინაგანად ცუდად ვიყავი და მივხვდი, უკვე დეპრესია მერეოდა. ჩემს ახლობლებსაც რთულ სიტუაციაში ვაყენებდი, ვერც ლუკას ვუვლიდი და გადავწყვიტე, რაღაც მომემოქმედებინა. გავაანალიზე ჩემი მდგომარეობა და დავიწყე ამ ყველაფრის წერა. როცა ყველაფერი დავასრულე, ახალი ფურცელი გადავშალე, როგორც ცხოვრებაში, ასევე დღიურშიც. ამის მერე გავედი სამსახურშიც, რაც ძალიან დამეხმარა ყველაფრის დაძლევაში... ტრავმის შემდეგ ამ ყველაფრის გაანალიზებაც რთული აღმოჩნდა, იყო საკუთარ თავში ჩაკეტვა, ყვირილი, სუიციდზე ფიქრი. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე, მეცოცხლა, მეცოცხლა იმ ხალხისთვის, ვინც გვერდში მედგა. დედაჩემი ისე იბრძოდა ჩემთვის, გია ისე მიყურებდა თვალებში, რომ არ შეიძლებოდა, მათთვის ზურგი მექცია. თან, ლუკაც უნდა გამეზარდა, ამიტომ ავირჩიე სიცოცხლის გზა. რთული იყო ეტლთან შეგუება, მაგრამ, როცა სიცოცხლე გადავწყვიტე, ეტლსაც მაშინ დავუმეგობრდი.
– ლუკამ დაინახა, როგორ გადავარდი?
– მისთვის ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა. არ დაუნახავს, მაგრამ ჩაკეტეს ოთახში და გარეთ არ უშვებდნენ. ღმერთის წყალობით, მხოლოდ მე დავზიანდი და სხვა არა. კიდევ კარგი ქვემოთ არავინ იყო ან კიდევ კარგი, რომ ერთი მშობელი მე დამეცა, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა, მეორე წყალში ჩავარდა და ამან გადაარჩინა. მადლობა უფალს ამისთვის... ყოველ მეორე დღეს ძლიერი ტკივილები მაქვს. ერთხელ, როცა ლუკამ უყურა, როგორ ვიტანჯებოდი ამ ტკივილებისგან და თან ამაზე ვბრაზობდი, მითხრა: ნეტა, შენ არ დაგმართნოდა და მე მომსვლოდა ეს ტრავმაო. ამის გაგონების მერე ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს თავიდან გადმოვვარდი მოაჯირიდან. ამ სიტყვებმა გამაძლიერა და ვცდილობდი, მისთვის აღარ დამენახვებინა ეს ტკივილი. ახლა უკვე 12 წლისაა და რაგბიზე დადის. ცოტა ხნის წინ მითხრა: შენ რომ ასეთი აქტიური არ ყოფილიყავი, მე რაგბიზე არ წავიდოდი და სპორტსმენიც არ ვიქნებოდიო. ალბათ, ჩემი მოტივაცია მასზე გადავიდა.