კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ მუშაობდა ომო გეთიაშვილი გერმანიაში სტივ ჯობსის ცნობილ სათვალეზე და რატომ იყვნენ მისი კლიენტები მხოლოდ მდიდარი ადამიანები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ომო გეთიაშვილი, იგივე ომო გეთი, წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და სათვალეების ძალიან ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობდა. მისი დახმარებით იქმნებოდა კომპანიაში სტივ ჯობსის ცნობილი სათვალე. ასევე, მუშაობდა „დოლჩე გაბანას“ ტრენდულ სათავალეზე. გარკვეული პერიოდი საკუთარი სათვალეებიც კი გამოუშვა, რომელიც ძალიან წარმატებულად გაიყიდა. პარალელურად, ომო ფოტოგრაფიით არის დაინტერესებული. აქვს საკუთარი სტუდია – „ომო სტუდია“ და დღეს ის ერთ-ერთ საუკეთესო პორტრეტისტად მიიჩნევა.
  ომო გეთიაშვილი: პროფესიით არქიტექტორი ვარ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ხატვა განსაკუთრებულად მიყვარს, დღემდე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ახლა ისე ხშირად ვეღარ ვხატავ. რამდენიმე არქიტექტურულ კომპანიაში ვმუშაობდი და იმდენად გადავიღალე, რომ ორგანიზმი გადამეტვირთა. ფილტვების ანთება დამემართა მძიმე ფორმებში და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ გერმანიაში წავსულიყავი. რადგან ბევრს ვმუშაობდი და შესაბამისი ანაზღაურება მაინც არ მქონდა. ვიზა რომ მივიღე, დავურეკე ჩემებს: ბინას ვცლი, გერმანიაში მივდივარ და მომაკითხეთ-მეთქი. ყველა შოკში ჩავარდა. ჩავედი გერმანიაში, სამი წელი უნივერსიტეტში ვსწავლობდი ენის კურსებზე. პარალელურად, კაფეში მიმტანად ვმუშაობდი და პლუს დამატებით ვეძებდი სამსახურს. ჩემმა მეგობარმა დამირეკა: ვაკანსიაა, რომელიც შენს პროფესიასთან არის ახლოს – ნახაზებს, კონსტრუქციებს ეხებაო. მოკლედ მივედი და ამიყვანეს სამსახურში. ეს იყო სათვალეების კომპანია, რომელიც არ არის დიდი ხნის, მაგრამ ძალიან დიდ და ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობენ. 40 ადამიანი მუშაობდა და თავიდან ჩვეულებრივი დამხმარე ვიყავი. აბსოლუტურად ნულიდან იწყებოდა სათვალეების დამზადება, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული იყო – 500 ევროდან ზემოთ. დამხმარედ წელიწადნახევარი ვმუშაობდი.
– რა შედიოდა შენს მოვალეობებში?
– თავიდან ვაკეთებდი დანადგარების ნაზახებს, ესა თუ ის ნაწილი, როგორ უნდა გაკეთებულიყო, როგორ უნდა დარეგულირებულიყო კუთხეები, როგორ უნდა მოხრილიყო სათვალე. საკმაოდ რთული სამუშაო იყო, თან, ყველაფერი მიკროსკოპის ქვეშ ხდებოდა. სათვალეები სერიულად გამოდიოდა და ერთი რომ შეცვლილიყო, მერე ან უნდა გადაგეყარა, ან გამოგესწორებინა. გამოსწორებას კი ყოველთვის თავიდან დაწყება ჯობია. სხვა რომ დანადგარს გააკეთებდა, მერე მე ვაკეთებდი სათვალის „მოვლას“, სხვადასხვა დეტალებს. ხარისხის კონტროლს გავდიოდით და პატარა ნაკაწრი არ უნდა ჰქონოდა. ამაზეც ვმუშაობდი. თან პერფექციონისტი ვარ. დამსაქმებელი კომპანიიდან ვიყავი მისული და რომ ნახეს ჩემი მუშაობა, მითხრეს, კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, პირდაპირ ჩვენთან დაიწყე მუშაობა და ხელფასსაც მოგიმატებთო. ასე ვიმუშავე სამი წელი. ყოველ წელს მაწინაურებდნენ, ხან ხელფასს მიზრდიდნენ, ბოლოს ოცკაციანი ჯგუფი ჩამაბარეს, რომლის ხელმძღვანელიც ვიყავი. ყველაზე კარგად ჩემი ხაზი მუშაობდა, რომ ვეტყოდი: ამ დღეს დავასრულებთ-მეთქი, ორი დღით ადრე გვქონდა დამთავრებული.
– როგორც ვიცი, იმ კომპანიის სახე, სადაც შენ მუშაობდი, სტივ ჯობსი იყო და მისთვის შექმენით მისი ცნობილი სათვალე.
– ჩვენი კომპანია სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობს, ესენია: „შანელი“, „დოლჩე გაბანა“, „არმანი“, ასევე, გერმანიაში ცნობილი კომპანიები. მოდიოდა ერთი ეგზემპლარი და შემდეგ ჩვენ ვუშვებდით სერიულად. ოღონდ ისეთი უნაკლო უნდა ყოფილიყო, რომ უკან არ უნდა დაებრუნებინათ. ხარისხის შემოწმება ლუპით ხდებოდა. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამკვეთი იყო „ლუნორი“, რომელიც გერმანული ფირმაა და მასთან თანამშრომლობით ჩვენი კომპანია მუდმივად ამაყობდა. რაც მთავარია, ეს კომპანია ბოლომდე მე მებარა. „ლუნორი“ განსაკუთრებით ამაყობდა ერთი შემთხვევით. მათთან მივიდა სტივ ჯობსი, რომელმაც გადახედა სათვალეებს, ხარისხი ძალიან მოეწონა და შეუკვეთა ერთი ეგზემპლარი თავისი დიზაინით. ოღონდ მისი მოთხოვნა იყო, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ სანამ ის გარდაიცვლებოდა, მანამდე ეს სათვალე არ უნდა განმეორებულიყო და სერიულ წარმოებაში არ უნდა გაეშვათ. როდესაც სტივ ჯობსი გარდაიცვალა, „ლუნორმა“ მისი სათვალის სერიულად გამოშვება უკვე ჩვენს კომპანიას დაუკვეთა და მე მაქვს სტივ ჯობსის სათვალის სერიულ გამოშვებაზე ნამუშევარი. ძალიან რთული შესასრულებელი იყო. სათვალე 20 ნაწილისგან შედგება, ყველაფერი ხელით იყო გასაკეთებელი. მეტალი ხელით უნდა გამოგეჭრა, შემდეგ კუთხეები უნდა დაითვალო თავისი ზომებით, ოღონდ ეს საუბარია მილიმეტრების მეათედზე, სხვა შემთხვევაში არც დაიკეცებოდა და არც გაიხსნებოდა. მინიმალური ფასი 1 000 ევროდან იწყებოდა. მოოქრული იყო და შემდეგ ემატებოდა ოქრო, ან ვერცხლი, ან ვარდისფერი ოქრო. სტივ ჯობსის სათვალეზე მუშაობისას მევალებოდა, მის სერიულად გამოსაცემად კონსტრუქცია შემექმნა. უნდა დაგვეხაზა: რამდენი პროცენტი უნდა ყოფილიყო დახრა, როგორ უნდა ყოფილიყო მოხრილი და ასე შემდეგ, რომ სამუშაო ზედმიწევნით ზუსტად შესრულებულიყო. ასევე ვიმუშავე „დოლჩე გაბანას“ ყვავილებიან, რკინის, ძალიან ტრენდულ, ძვირად ღირებულ სათვალეებზეც. მე ყვავილების დეტალებზე ვმუშაობდი. ბევრ ცნობილ ბრენდთან ვითანამშრომლე. ერთი პერიოდი ჩემი სათვალეებიც გამოვუშვი, ოღონდ ლიმიტირებული რაოდენობით. ჩემს უფროსს ვუთხარი და სამუშაო საათების შემდეგ ვრჩებოდი ხოლმე. ყველა გაიყიდა, რადგან ხარისხიანი იყო, თან, ცოტა განსხვავებული, რეტროს სტილში, ხელით დამუშავებული მეტალის. ძალიან მაღალი ხარისხის სათვალე იყო და მხოლოდ რამდენიმე კერძო მაღაზიაში იყიდებოდა.
– რატომ დაბრუნდი საქართველოში?
– ერთი წლით ჩამოვედი საქართველოში. მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო, ეს არის ფოტოგრაფია. მინდა, ამ კუთხით, უფრო მეტად განვვითარდე. ფოტოგრაფიით სტუდენტობის დროს დავინტერესდი. გავყიდე მამაჩემის ნაჩუქარი მანქანა და ფოტოაპარატი ვიყიდე. აკადემიაში სწავლის პერიოდში ფოტოგრაფიის ლექციებზე ვრჩებოდი და ვისმენდი ხოლმე. მერე მეგობარი ფოტოგრაფები გავიჩინე და კითხვებით ტვინს ვუბურღავდი. ძვირად ღირებული აპარატი მქონდა. გადაღება წესიერად არ ვიცოდი და ჩემს ლექტორებს ვურეკავდი: თუ გცალიათ, გავიდეთ და გადავიღოთ-მეთქი. ყველაფერს ვიღებდი. ავსტრიაში რომ ვცხოვრობდი, იქაც მქონდა გადაღებები სხვადასხვა ცნობილი გამოცემებისთვის. მამაკაცის პერანგების გადაღებაში „დოლჩე გაბანას“ სახე გადავიღე. საათში ათას ევროს უხდიდნენ და მე რომ ვუთხარი: 5 საათი მჭირდება-მეთქი, ცოტა შეამცირეო. მერე ეს ფოტოები ვენაში ცენტრში, ბილბორდებზე იყო გამოკრული. ფოტოგამოფენა მქონდა შტუტგარტში და შვეიცარიაშიც. ჩემი ფოტოები ერთ-ერთმა გალერეამ იყიდა და თანხას მირიცხავდნენ ხოლმე.
скачать dle 11.3