№19 თანხმდება თუ არა თურქ რეჟისორებს თამამ როლებზე ეკა გელაშვილი და სად ითამაშა მან მეძავის როლი
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
28 წლის ქართველი მსახიობს, ეკა გელაშვილს თურქეთში საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. საქართველოში მის შესახებ ცოტა რამ ვიცით, თუმცა სტამბოლში ჯერ არ ყოფილა მნიშვნელოვანი სპექტაკლი თუ გადაღება, სადაც ეკას მონაწილეობა არ მიუღია. მსახიობმა საქართველო სიყვარულის გამო დატოვა, თუმცა მისი ცხოვრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ სხვანაირად წარიმართა. მის შესახებ უფრო დაწვრილებით თავად ეკა გიამბობთ.
– ეკა, როგორ ააწყვე სამსახიობო კარიერა თურქეთში?
– ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, თუმცა არ მქონდა ხელშეწყობა. დედა, ბებია, დეიდები... ყველა მეუბნებოდა, რომ მსახიობებს შიოდათ, საქართველოში ფილმს არ იღებდნენ, შემოსავალი არ მექნებოდა და ასე შემდეგ. შვილი რომ შემეძინა, მას შემდეგ გამიჩნდა ასეთი განცდა: თუ ვარ ძლიერი დედა, ბავშვისთვის უნდა ვიყო მაგალითი და გავაკეთო ის, რაც მინდა. ბავშვმა მომცა დიდი ძალა და დავფიქრდი იმაზე, რომ ხელის გასამართად არავის უნდა დავლოდებოდი. არც ვინმეს გულშემატკივრობა მჭირდებოდა, თუ რა მაგარი ვიყავი. გადავწყვიტე, რომ ჩემით შევძლებდი ყველაფერს. თავიდან შევედი აკადემიაში, სადაც ოთხი წელი ვსწავლობდი. რთული იყო, რადგან გამოთქმის პრობლემა მქონდა. ამიტომ მირჩიეს დიქციის მასწავლებელთან მივსულიყავი. თავადვე გამაგზავნეს ძლიერ პედაგოგთან, რომელსაც ასევე, საკუთარი თეატრი ჰქონდა. აქედან დაიწყო ჩემი თეატრთან კავშირი. ორი წელი მარტო გამოთქმაზე ვმუშაობდი. მერე მნიშვნელოვან როლებზე და სერიოზულ სპექტაკლებში ვითამაშე. ერთი წელი სახელმწიფო თეატრში ვიყავი. ამ ყველაფერმა ბევრად თავდაჯერებული გამხადა და უნივერსიტეტში ჩავაბარე. როგორც საქართველოში, აქაც გამოცდების რამდენიმე ეტაპია და ბოლოს ჟიური ირჩევს. ჩავაბარე და თან დაფინანსებაც ავიღე. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწავლა ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამით დავამტკიცე, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად შემეძლო. დიდი ხანი მხოლოდ თეატრში ვთამაშობდი და ეს მყოფნიდა – თეატრი, ხომ მსახიობისთვის მთავარია.
– გარდა თეატრისა, სერიალებში, ფილმებსა და სარეკლამო რგოლებშიც ხშირად გიღებენ.
– დიახ, მერე უკვე სააგენტოებში გადავედი, სადაც რეკლამისთვის მიღებდნენ. ბევრ რეკლამაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ვთანამშრომლობდი „კოკა-კოლასთან“ და სხვა ცნობილ კომპანიასთან. მერე ამ საქმესაც დავანებე თავი, რადგან მივხვდი, რომ იქ არ მჭირდებოდა, კარგი მსახიობი ვყოფილიყავი. ჩემთვის უფრო ღირებული სცენა და ფილმი იყო. რამდენიმე თვის წინ გადამიღეს ერთ-ერთ ფილმში, სადაც დამხმარე როლი მაქვს, თუმცა ჩემი პირველი გრძელმეტრაჟიანი ფილმია. საოცრად საინტერესო სცენარი აქვს, 40-იანი წლების, მეორე მსოფლიო ომის პერიოდს აღწერს.
– ცნობილი თურქი მომღერლების კლიპებში როგორ აღმოჩნდი?
– დიახ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომღერლის, ჰალიქ ცეზაისა და აიდილ გემის კლიპში გადამიღეს. დუეტი ჩაწერეს და მე შემომთავაზეს, მეთამაშა. სიმართლე გითხრათ, ძირითადად მათ სიმღერებს ვუსმენდი ხოლმე, ხარისხიანი მუსიკა აქვთ. კლიპში ვისთან ერთადაც ვთამაშობ, მსახიობი და მუსიკოსია. სწორედ მან გამაცნო აიდილი და გადაწყვიტეს, რომ მე მეთამაშა. ძალიან მხიარული და საინტერესო დრო გავატარეთ. გადაღებები სტამბოლიდან შორს იყო, ულამაზეს ადგილზე. მეგობრული, თბილი გარემო იყო, რაც იშვიათია ხოლმე.
– რატომ წახვედი საქართველოდან?
– საქართველოში თბილისში, საბურთალოზე ვცხოვრობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი კვირით ანტალიაში წავედი დასასვენებლად. სადაც გავიცანი ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. ორი წელი ერთად ვიცხოვრეთ და მერე გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. ასეც მოხდა, ბავშვიც გაგვიჩნდა. საერთო ჯამში, რვა წელი ვიყავით ერთად. მერე ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, მეგობრებად დავრჩენილიყავით. ახლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ორი წელია, რაც დავშორდით. იყო მომენტები, როცა ოჯახის დანგრევას ერთმანეთს ვაბრალებდით. ბოლოს გავიაზრეთ, რომ არავის ბრალი არ იყო – უბრალოდ, ასე მოხდა. გვყავს არაჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ჩვენი დამაკავშირებელი წერტილია. შეიძლება ითქვას, ზაფხულის სიყვარულმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი ვფიქრობდი საქართველოდან წასვლაზე და თურქეთში ცხოვრებაზე. დრო დამჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ჩემს ყოფილ მეუღლესაც სულ ვეკითხებოდი: შენ არ წამოხვალ საქართველოში საცხოვრებლად? არ გინდა, აქ იცხოვრო-მეთქი. მართალია, საქართველო ძალიან მოსწონდა და უყვარდა, მაგრამ სტამბოლში უფრო მეტი შანსია, იმ პროფესიით იმუშავო, რა განათლებაც გაქვს. ამიტომ 19 წლის გავყევი ცოლად და სტამბოლში გადავედი საცხოვრებლად. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან პატრა ვიყავი, როცა ეს ნაბიჯი გადავდგი.
– ემიგრანტობის დასაწყისში რთული პერიოდი თუ გქონია?
– რა თქმა უნდა, მქონდა რთული პერიოდი. ღამე ბევრჯერ მიტირია. ორსულად რომ ვიყავი, სულ იმას ვფიქრობდი, რას ვიზამდი ბავშვი რომ მეყოლებოდა და ასე შემდეგ. ბევრი შიში მქონდა და მთელი ღამე არ მეძინა ხოლმე. მენატრებოდა საქართველო, ოღონდ, რა მენატრებოდა, არ ვიცოდი. თბილისში ჩემს სახლთან მწვანე მცენარეებია, რომლებსაც თავისებური სუნი აქვთ. როცა იქ ვცხოვრობდი, მაშინ ამ სუნს ვერ ვგრძნობდი. სტამბულიდან რომ ჩამოვედი და ვიგრძენი, მაშინ მივხვდი, რაც მენატრებოდა. მოვტეხე ერთ მცენარის ტოტი და წამოვიღე თურქეთში. ბავშვს რომ დავაძინებდი, ამ ტოტს ვყნოსავდი, თვალებს დავხუჭავდი და მეგონა, თბილისის ქუჩებში დავდიოდი (იცინის).
– თამამ როლებზე თანხმდები?
– არიან მსახიობები, რომელთაც სურთ, მხოლოდ პოპულარობა და ისეთები – რომლებიც ქმნიან ხელოვნებას. მე უპირატესობას ხელოვნებას ვანიჭებ. ერთ-ერთი ფილმის გასაუბრებაზე რომ მივედი, ორი როლი იყო. ერთი, სადაც ბევრი რეპლიკა მექნებოდა და ეკრანზე დიდი ხნით გამოვჩნდებოდი და მეორე – უნდა შემექმნა პიროვნება. რა თქმა უნდა, ავირჩიე მეორე. ეს იყო პატარა, მაგრამ შინაარსიანი როლი. ის, რისთვისაც ამდენი ხანი ვწვალობ და ვსწავლობ. ვითამაშე მეძავის როლი. რაც ჩემგან შორსაა და სადაც უფრო მეტი მაქვს საპოვნელი, ბევრად კარგად გამომდის.
– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება... ამჯერად რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– თაყვანისმცემლებს იგნორს ვუკეთებ, სოციალური ქსელის გამოყენებაც არ ვიცი წესიერად. როცა უცხოს მოვწონვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო. შორს ვარ ასეთი რაღაცებისგან. უფრო მეტი საფიქრალი და საზრუნავი მაქვს. ამჟამად შემიძლია, ის გითხრათ, რომ არ ვარ მარტო.