№19 როგორ დააქორწინა პელემ შეყვარებული წყვილი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

იმ პერიოდში ჩვენი უფროსი მეგობარი გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტი მელორ სტურუა სამუშაოდ ლონდონში მიემგზავრებოდა. მე და სიომა გამოსამშვიდობებელ სუფრაზე დაგვპატიჟა. რომ მივედით და სიომა ნაწუწნი კანფეტივით გალეული იხილა, მიზეზი იკითხა. როდესაც პასუხი მიიღო, ჩაფიქრდა. ბოლოს იკითხა: ნუთუ იმ კაცს რაიმე გატაცება არ აქვს, რომ იმ კუთხით მივუდგეთო?
– ფეხბურთის გიჟი გულშემატკივარია, მაგრამ ეს ჩვენ რას გვარგებსო, – მიუგო სიომამ.
მელორი ჩაფიქრდა. შემდეგ ეშმაკურად აუკიაფდა თვალები და გვითხრა:
– ზეგ, „ლუჟნიკებზე“ ბრაზილიას ვეთამაშებით. სამხრეთ ამერიკელი ჯადოქრები სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობენ და ისინი დაგვეხმარებიანო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მელორმა ბრეჟნევის მრჩეველს, ალექსანდრე ბოვინს პელე და გარინჩა ელენეს მამასთან მიაყვანინა და სიომასთვის ელენეს ხელი ათხოვნინა. პოლკოვნიკი შოკში იყო. ფეხბურთის მეფესა და გარინჩას უარი ვერ უთხრა და პასპორტი დაუბრუნა. წყვილმა მეორე დღესვე მოაწერა ხელი. პოლკოვნიკი კი ცენტრალური ტრიბუნიდან ადევნებდა თვალ-ყურს საბჭოეთ-ბრაზილიის დაუვიწყარ საფეხბურთო მატჩს.“