№19 როგორ გააცურა ცნობილმა ქართველმა „მედვეჟატნიკმა“ საბჭოთა მილიცია
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ჯოჯოხეთგამოვლილი
1966 წლის 21 მაისს, შაბათ დღეს, თბილისის ლომბარდი გაიძარცვა. უქმე დღე იყო და ლომბარდში 52 წლის დარაჯი, ვანო სისაური იმყოფებოდა. მას ორლულიანი, 12-კალიბრიანი თოფი ჰქონდა და მთვრალს თავის ოთახში ეძინა. შენობაში იმ პერიოდისთვის სიგნალიზაცია იყო დამონტაჟებული და დიდი სეიფის გახსნა წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად ამისა, როგორც მოგვიანებით ექსპერტ-კრიმინალისტები დასკვნაში წერდნენ: „თანამედროვე სიგნალიზაცია იმგვარად იყო ბლოკირებული, რომ ჩართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მილიციაში განგაშის ნიშანი არ მისულა“. იმავდროულად, ასევე თანამედროვე სეიფი ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე, „სუფთად“ იყო გაღებული. მძარცველს კი იქიდან კი 567 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი სამკაული წაეღო. ექსპერტები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ლომბარდი ერთმა ბოროტმოქმედმა გაძარცვა, რადგან შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანის კვალი აღმოაჩინეს. დაიწყო სასწრაფო გამოძიება და 22 მაისს, ღამის 10 საათზე მილიციის ოპერჯგუფმა 37 წლის „მედვეჟატნიკი“, კოტე გრიგოლია, მეტსახელად „ბელი“ („მედვეჟონოკ“) დააპატიმრა. გრიგოლია სეიფების ძარცვისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი და ციხეში 13 წელი ჰქონდა გატარებული. ბოლო „სროკიდან“, სულ რაღაც, ერთი თვის გამოსული იყო და მილიციის საგანგებო აღრიცხვაზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბელს“ ალიბი გააჩნდა, თორმეტი ადამიანი, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელი მიხეილ მესხი, ადასტურებდა, რომ ის წყნეთში, აგარაკზე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდა, სეიფების მძარცველი თბილისის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს და აღიარებას აიძულებდნენ. „ბელი“ მილიციაში უსასტიკესად აწამეს, მაგრამ ის დაჟინებით იმეორებდა, უდანაშაულო ვარო. ამ პროცესში მას ექვსჯერ წაუვიდა გული, ფეხზეც ვეღარ იდგა, ბოლოს კი, იძულებული გახდნენ, საავადმყოფოში მოეთავსებინათ. გრიგოლია ორ კვირაში გამოჯანმრთელდა. თუმცა, მილიციამ მას იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდება წაუყენა და რადგან „ბელი“ ორჯერ იყო ნასამართლევი, მას ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ჯოჯოხეთგამოვლილი „მედვეჟატნიკი“ რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში „ჩასვეს“.
გაქცევა
„ბელი“ სასჯელს იხდიდა. ლომბარდის ძარცვის საქმეს კი ინტენსიურად იძიებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მილიციაში აზრი ორად გაიყო. ერთ მხარეს მიაჩნდა, რომ გრიგოლია უდანაშაულო იყო და ამის არგუმენტად მისი „წყნეთური ალიბი“ და რაც მთავარია, უშედეგო წამება მიაჩნდათ. ცნობილი ჯალათი, მილიციის ლეიტენანტი არიფ აბდულაევი სამმართველოს უფროსს ეუბნებოდა:
– უფროსო, „ბელი“ ისეთ პრესში გავატარე, რომ გაძლების შანსი არ ჰქონდა და ყველაფერს იტყოდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უდანაშაულოაო.
მართლაც, აბდულაევის წამებისთვის ვერავის გაეძლო და ეს 42 წლის ჯალათი „ქვასაც კი აალაპარაკებდა“...
საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდა მილიციის პოდპოლკოვნიკ ანზორ კუპრავას, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. მას მიაჩნდა, რომ ლომბარდი სწორედ „ბელის“ გაძარცვული იყო. გამომძიებელი ამბობდა: ნახევარ მილიონზე მეტი მოიპარა და ასეთი „კუშის“ გამო „ბელისნაირი“კაცი ჯოჯოხეთსაც კი გაუძლებსო... ერთი სიტყვით, „ცეკადან“ ზეწოლამ მილიციას გადააწყვეტინა, ფარული ოპერაცია ჩაეტარებინა. „ბელისთვის“ ციხეში თავისი აგენტი შეეგზავნათ, მისთვის გაქცევა მოეწყოთ და ამგვარად გასულიყვნენ ნაძარცვ ძვირფასეულობაზე. და მართლაც, რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ივლისის თვეში ვინმე თემურ ბურდული ჩაიყვანეს, რომელიც რუსეთიდან იყო ეტაპირებული და 13-წლიან სასჯელს ინკასატორის ძარცვისთვის იხდიდა. 27 წლის ბურდული, სინამდვილეში მილიციის თანამშრომელი, 26 წლის ლეიტენანტი გურამ გვიშიანი იყო. ის ვლადივოსტოკიდან „გამოიქცა“ და ოპერაცია „გაქცევაში“ მთავარ როლს ასრულებდა. მას „ბელი“ უნდა დაერწმუნებინა, რომ დიდი ფული ჰქონდა გადამალული და მასთან ერთად გაქცეულიყო. შემდეგ უცხოეთში გადავიდოდნენ (თურქეთში – აჭარიდან ან სომხეთიდან ან ფინეთში – ლენინგრადიდან). ეს ოპერაცია ანზორ კუპრავამ მოიფიქრა. პოდპოლკოვნიკი დარწმუნებული იყო, რომ ციხიდან გაქცეული „ბელი“ თავის ნაძარცვ ძვირფასეულობას მიაკითხავდა და მას თავზე წამოადგებოდნენ. და მართლაც, 1966 წლის 2 დეკემბერს, რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან „ბელი“ და თემურ ბურდული გაიქცნენ...
დაკარგული კვალი
„ბელი“ და თემურ ბურდული კოლონიიდან ნაგვის მანქანით გაიპარნენ და თბილისში, ზემო ვერაზე, ვითომდა, ბურდულის საყვარლის, რიმა კოზლოვას ბინაში მივიდნენ. სინამდვილეში, ეს მილიციის კონსპირაციული ბინა იყო, ხოლო 25 წლის რიმა კოზლოვა კი – 24 წლის მილიციის უმცროსი ლეიტენანტი იულია კაზანცევა. გაქცეულებზე მილიციას 24-საათიანი თვალთვალი ჰქონდა დაწესებული. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ „ბელი“ კონსპირაციული ბინიდან გაიპარებოდა. ნაძარცვ ძვირფასეულობას სამალავიდან ამოიღებდა და ახალ კონსპირაციულ ბინაში მივიდოდა. მილიცია კი მას კუდზე დააჯდებოდა და გაქცეულს ფაქტით აიყვანდა. თუმცა ორმა კვირამ ისე განვლო, რომ „ბელი“ ზემო ვერის კონსპირაციული ბინიდან არ გამოსულა და მილიციას ეჭვიც კი შეეპარა, სწორი იყო თუ არა მათი დასკვნა.
– ნუთუ „ბელს“ ლომბარდი მართლა არ გაუძარცვავს და ვცდებით? – ამბობდა პოლკოვნიკი ანზორ კუპრავა.
1966 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე ორიოდე საათით ადრე, ზემო ვერის კონსპირაციულ ბინაში შუქი გაითიშა, დენის მიწოდება ათი წუთის შემდეგ კვლავ აღდგა და მხოლოდ დილის 11 საათზე აღმოაჩინეს მილიციის მოთვალთვალეებმა, რომ კონსპირაციულ ბინაში „ბელი“ აღარ იმყოფებოდა. ხოლო მილიციის თანამშრომელ ქალ-ვაჟს კი მაგრად ეძინათ (მათ სასმელში მოგვიანებით დასაძინებელი ნივთიერება აღმოჩნდა). მაგიდაზე კი წერილი იდო, რომელშიც ეწერა: „მილიციას ჩემი სალამი! არასოდეს შევხვდებით. „ბელი“.
P.S. „ბელი“ ნაძარცვი ნივთებით ფინეთში გაიქცა და 2011 წელს შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.