№19 როგორ დახურა 340 მოლდოვური ეკლესია პავლე ლებედევმა და რატომ გამოაგზავნეს ის საქართველოს ეგზარქოსად
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
1877 წელს საქართველოს ეგზარქოსის პოსტზე ევსევი ილინკი იოანიკე რუდნევმა შეცვალა. სხვა სახელს ვერ დაარქმევს ადამიანი რუსეთის იმპერიის მიერ დაარსებული საქართველოს საეგზარქოსოს ხელმძღვანელ „მღვდელმთავართა“ „ტახტს“. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ტახტი გაუქმებული იყო, საქართველოს საეგზარქოსო კი იმპერიული მანქანის დამატება გახლდათ. ამგვარად, თუნდაც კარგი ადამიანი დაენიშნათ საქართველოს ეგზარქოსად, ის მაინც ვერ იქნებოდა მისაღები საქართველოს მრევლისათვის, რომელსაც უკითხავად წაართვეს დედაეკლესიის ავტოკეფალია.
მიტროპოლიტი იოანიკე რუდნევი დაიბადა ღარიბი დიაკვნის ოჯახში 1826 ან 1827 წელს. 1877 წლის დასაწყისში მთავარეპისკოპოსი გახდა. იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა.
იოანიკე ეგზარქოსს ნიკოლოზ დურნოვო კარგად მოიხსენიებს. ის თავის წიგნში – „საქართველოს ეკლესიის ბედი“ – წერს:
„საქართველოში ახლაც კეთილად იხსენიებენ მიტროპოლიტებს იონას, მოსესა და იოანიკეს. კეთილშობილი და კეთილი გულისა იყო არქიეპისკოპოსი ნიკოლოზ ნალიმოვი. ისინი მცირე გამონაკლისს წარმოადგენენ“.
1882 წელს იოანიკე, უკვე მიტროპოლიტი, მოსკოვისა და კოლომენსკის მღვდელმთავრად გადაიყვანეს. საქართველოს ეგზარქოსი გახდა პავლე ლებედევი. იგი დაიბადა 1827 წელს. მას რუსი მართლმადიდებელი ნ. დურნოვო ასე ახასიათებს: „ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი…“
პავლე ლებედევი 1871 წლიდან საქართველოში ჩამოსვლამდე კიშინიოვის ეპარქიის მმართველი იყო. მან მოლდოვას ის ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც არ დახურა, დაავალდებულა საეკლესიო სლავურ ენაზე გადასულიყვნენ.
პავლეს შესახებ დურნოვო წერს: „მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდოვურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო ღვთისმსახურების წიგნი“.
ასეთი პირწავარდნილი იმპერიალისტი და გამოცდილი შოვინისტი გაამწესეს საქართველოს ეგზარქოსად 1882 წელს.
ისიც შეუდგა ქართულ ეკლესიაზე „ზრუნვას“.
ადგილობრივ საეკლესიო წიგნების დაწვის პრაქტიკა პავლეს, ნაწილობრივ, ტფილისშიც გაუგრძელებია.
„1885 წელს ეგზარქოსმა პავლემ გურიაში დახურა ჯუმათის, ხოლო სამეგრელოში – ჭყონდიდის კათედრა“.
საერთოდ, ეგზარქოსების დროს დაიხურა უამრავი მონასტერი და გაუქმდა არაერთი ეპარქია. დურნოვო წერს:
„25 სამღვდელმთავრო კათედრის დახურვამ ეპისკოპოსებს წაართვა სამღვდელოებაზე ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის საშუალება. მათი უმრავლესობა მრევლზე არ ზრუნავდა, ლოთობასა და გარყვნილებაში ატარებდა დროს“…
„ქართული ეკლესიის საეკლესიო წესები არასოდეს ემთხვეოდა რუსულ საეკლესიო წესებს, იმიტომ რომ საქართველოში დიდი ეპარქიები არ იყო; მღვდელმთავრებს მეტწილად თავადაზნაურობიდან ირჩევდნენ და ხალხი ყოველთვის უგებდა მათ, ამიტომ შემოინახეს ქართველებმა მართლმადიდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოუწიათ მაჰმადიანური უღლის ზიდვა. ქართველი მღვდელმთავრების ხალხთან სიახლოვე არ მოსწონდათ რუს ეგზარქოსებს, რომლებიც უცხონი იყვნენ ხალხისთვის როგორც სულიერად, ასევე ენობრივად. შეეცადნენ, ქართველი მღვდელმთავრები ხალხისგან მოეწყვიტათ. დახურეს 25 სამღვდელმთავრო კათედრა, რომელთა შესანახად რუსეთის სახელმწიფო გროშსაც არ იმეტებდა. ქართული ეკლესიის უძველესი წყობა, რომელიც მკაცრად იყო შემონახული IV საუკუნიდან XIX საუკუნემდე, რუსულმა სასულიერო კოლეგიუმმა დაარღვია და შეცვალა ჩინოვნიკური სასულიერო უწყების სასარგებლოდ, რომელიც აწ ქართულ ეკლესიას უნდა ერჩინა”...
ობიექტური რუსი მართლმადიდებელი ნ. დურნოვო გვიამბობს:
„ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ღირდა 50 ათასი მან. მასში ჩაწყობილი იყო წმიდანთა ნაწილები. წმიდა ხატი ცხრაკლიტულში იყო გადამალული. 1891 წელს, ეგზარქოს პალადის დროს, ის ამავე ეკლესიის სხვენზე იპოვეს, მაგრამ მოჭედილობა აღარ ჰქონდა.
ეგზარქოს პავლეს დროს სიონის ტაძრიდან გაქრა ნინოწმიდის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ძვირად ღირებული ოქროს მოჭედილობა ამშვენებდა.“
ეგზარქოსებს, ხშირ შემთხვევაში, საეგზარქოსოს „მართვაში“ ეხმარებოდნენ საკმაოდ არასასიამოვნო ადამიანები, ასევე შოვინისტები. ამის შესახებ ისევ ნ. დურნოვო გვამცნობს:
„ბევრი რუსი ეგზარქოსი საქმეს მართავდა მათთვის გამორჩეული უპატიოსნო ადამიანების მეშვეობით, ახშობდნენ ყოველგვარ ქართულ-ეროვნულს, დევნიდნენ ქართული ეკლესიის ყველა წმიდა ადათს, შემონახულს ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან, ანადგურებდნენ საეკლესიო სიძველეებს. ამის შედეგად ეგზარქოსები არ სარგებლობდნენ ქართული საეკლესიო საზოგადოების პატივისცემით და თავად ქართულმა სამღვდელოებამაც დაკარგა ნდობა. რელიგიური განათლება დაქვეითდა, თავი იჩინა რომთან დაახლოების მოძრაობამ. სემინარიებში ყველა მასწავლებელი რუსი იყო. მომავალი ქართველი მღვდლები ვერ ფლობდნენ მრევლის ენას, იზრდებოდნენ არასაეკლესიო სულისკვეთებით. მათგან საუკეთესოები მღვდლებად არც მიდიოდნენ. ნაკლებად მორწმუნენი იშვიათად მსახურებდნენ ეკლესიებში და ვინც მიდიოდა, თავისი მოთხოვნილებებით უბრალო ხალხის გრძნობას აღაშფოთებდნენ.
რუსიფიკატორი ეგზარქოსები სასტიკად ჩაგრავდნენ ივერიის ეკლესიას, რომელიც უფრო სულამოთქმული იყო თურქებისა და სპარსელების დროს, ვიდრე ქართველების მოძულე რუსი მღვდელმთავრების ხელში. ეგზარქოს პავლეს უსაყვარლესი „თვალი და ყური“ იყვნენ დეკანოზები, ჩუდეცკი და კალისტოვი, რომელთაგან პირველი მოკლეს ქართველებმა“...
საბოლოო ჯამში, პავლე ეგზარქოსმა „საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში. თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”.
„ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წლის 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა ან „უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ესე იგი, დაწყევლისთვის. ეგზარქოსის თხოვნით, ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. „როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ აღმოაჩინეს“. დიმიტრი ყიფიანი ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.
ეტყობა, პავლემ სხვა დროსაც დასწყევლა ქართული ეკლესია. „რაც შეეხება ეგზარქოს პავლეს მიერ ქართული ეკლესიის დაწყევლას წინასაეკლესიო კრების კომისიაზე, ეს დაადასტურა უსამღვდელოესობა კირიონმა (კათალოკოსი კირიონ მეორე) თავის სიტყვაში, რომელიც გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა. ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა.“