კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 სიყვარულის მავნე შედეგები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14-18(957)

მამაკაცი საკმაოდ მაღალი იყო, წარმოსადეგი და ოდნავ წითური... ლიზა მაშინვე მოიხიბლა. კმაყოფილი იერით გადახედა მაშოს და მსუბუქად უჩქმიტა. გიომ პირველმა გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად და დამტვრეული ინგლისურით უთხრა:
– გვიხარია, რომ ჩამოხვედით. ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ ერთმანეთს გავუგებთ. ჩვენ ანანოს მეგობრები ვართ, ახლა მასთან წავალთ. დილით კი ბავშვის დაბადებას დაველოდებით.
  ჯოზეფმა გულღიად გაიღიმა. გოგოებს მხურვალედ გადაეხვია. სათითაოდ გაუწოდა ბრენდული ქაღალდის ჩანთები.
– ცოტა ქართულში ვივარჯიშე, ვისწავლი აუცილებლად უკეთ... ეს კი პატარა საჩუქრები არის თქვენთვის. ანანოს მეგობრები – ჩემი მეგობრებიც... ეს ძალიან კარგი ტრადიციაა ერთმანეთის გვერდით დგომა.
ლიზამ ხმამაღლა გაიცინა.
– ძალიან გვიხარია, რომ გაგიცანით. ანანომ გვითხრა, რომ მისი გაბედნიერება გინდათ და ვხედავ, რომ ამას ნამდვილად შეძლებთ.
გიომ ცოლს მხარზე მოჰკიდა ხელი და თავისკენ მიაბრუნა.
– გოგო, სად იპოვა იმ შენმა ჩერჩეტმა დაქალმა ასეთი კაცი? არ გაგიჟდეს და უარი არ უთხრას ცოლად გაყოლაზე, თორემ მოვკლავ, ოღონდ მართლა.
– გაჩუმდი, არ გაიგონოს, სირცხვილია.
– რა უნდა გაიგონოს, გოგო. ამდენი ქართული იცის მაგან? მაგრამ მთავარი, იცი, რა არის? დიკო რომ არ მოვიდა აქ, რამე სიურპრიზს ხომ არ გვიმზადებს?
– რა სიურპრიზი... მისმა ახალმა საქმრომ აიღო პასუხისმგებლობა გრანდიოზულ ვახშამზე. დარწმუნებული ვარ, სასწაული სუფრა გველოდება მაგარ რესტორანში.
გიოს თვალები გაუბრწყინდა.
– დიკოსგანაც არის ზოგჯერ სარგებელი. შენ ეს მითხარი, ახლა არ წავიყვანოთ საჭმელად?
– მეეჭვება, სანამ ანანოს არ ნახავს, ლუკმა გადაუშვას ყელში. ვერ ხედავ, როგორ ცქმუტავს? მივიყვანოთ, ვანახოთ და მერე წავიდეთ. დიკოც დარეკავს მანამდე და გვეტყვის, რომელ რესტორანში უნდა მივიდეთ.
– ერთი სული მაქვს, ვნახო, რა ჩამოგვიტანა, – გადაუჩურჩულა მაშომ ლიზას, – მანქანაში რომ ვნახო, ვითომ, რა მოხდება?
– რას ამბობ, გოგო, სირცხვილია. რას იფიქრებს ეს კაცი, უნახავებივით ხომ არ დავეტაკებით.
– ნუ ქოთქოთებთ და კრიახობთ ქათმებივით. ამერიკელია ეს კაცი, გაუხარდება თუ აქვე ნახავთ მის საჩუქრებს, – დასცინა გიომ ცოლის დაქალებს და ჯოზეფს მიუბრუნდა.
ყავა დავლიოთ აქვე და წავიდეთ.
– ანანო გველოდება, მალე წავიდეთ მასთან, – თქვა ჯოზეფმა, მაგრამ აეროპორტის კაფეში მაინც გაჰყვა მასპინძლებს.
ნოდომ დრო იხელთა და მაშო დაიმარტოხელა.
– თავს უკანასკნელი იდიოტივით ვგრძნობ, რა საჭირო იყო, ამხელა ამალა? დავხვედროდით მე და შენ, ან გიო და მარიკა. ეს რა სპექტაკლია, თან, არც იცით, როგორ დასრულდება მისი და ანანოს შეხვედრა.
– როგორ დასრულდება და კარგად. რად უნდა ამას ნერვიულობა. შენ გგონია, ანანო ისეთი სულელია, ასეთი შანსი ხელიდან გაუშვას? თან საკმაოდ სიმპათიური ყოფილა. ბევრად უკეთესია ცხოვრებაში, – ისეთი აღფრთოვანებით წარმოთქვა მაშომ, რომ ნოდო მოიღუშა.
– შენ ისე მოგეწონა ეს ამერიკელი, მგონი, ჩემზე უარი თქვა და მაგას გაეკიდო. ამიტომ დიდად ნუ დააძალებ შენს დაქალს. აგერ ხარ გამზადებული სარძლო. რა მნიშვნელობა აქვს, ვის წაიყვანს თავის ამერიკაში.
მაშოს აღშფოთებისგან თვალები გაუფართოვდა.
– ნუ სულელობ. აბა, ეს რა ლაპარაკია? რისთვის მჭირდება ამერიკელი, როცა შენ მყავხარ.
– რა ვიცი, რა ვიცი... – მხრები აიჩეჩა ნოდომ და ამერიკელის ზურგს გახედა, – ისე, გულახდილად რომ გითხრა, რას ერჩის ამ კაცს შენი დაქალი, რა დაუწუნა.
მაშომ ამოიოხრა.
– არ უყვარს.
ნოდომ თავი გადააქნია.
– ასეა, ნორმალური კაცები კი არ უყვარდებათ ქალებს, არამედ ნაძირლები. ეს, ეტყობა, ერთგვარი სენია.
– ნუ ბუზღუნებ. ყურადღებას იქცევ. მე ხომ შენ აგირჩიე, მიყვარხარ და სულაც არ ხარ ნაძირალა.
– ოჰ, დიდი შეღავათია, – თვალები აუციმციმდა ნოდოს. მაშოს მხარზე მოჰხვია ხელი და ლოყაზე აკოცა...
***
ანანო ვეება მუცელზე ფრთხილად ისვამდა ხელს. წუთის წინ ლიზამ დაურეკა და უთხრა, რომ მალე მივიდოდნენ მასთან, ისეთი აფრთოვანებული იყო ჯოზეფით... ჰო, მარტო ლიზა კი არა, ყველა მისი მეგობარი აღფრთოვანებული იყო ამერიკელით. ანანომ თვალები დახუჭა, შეეცადა, წარმოედგინა ჯოზეფთან შეხვედრა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ახლა უკვე გვიანი იყო ფიქრი იმაზე, რა პასუხს ეტყოდა კაცს, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში რეგულარულად უგზავნიდა საჭირო თანხას, რომ ანანოს ბავშვისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა. ყოველდღე რეკავდა და ყველაფერის საქმის კურსში იყო. საკუთარი კომპიუტერის მონიტორზე ექოფოტოგრაფია ჰქონდა მიმაგრებული იმ არსების, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე ჩაისახა. რამდენჯერმე სოფოსაც გამოუგზავნა ამანათი.
– რა მჭირს, რატომ არ მიყვარდება ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი. რატომ არ არსებობს აბები, რომ დალიო და ის შეგიყვარდეს, ვინც საჭიროა. იქნებ, პირისპირ როცა შევხვდები, აზრი შემეცვალოს და ვიგრძნო რაღაც.
საკუთარი გვარის გაგონებაზე შემობრუნდა. ექთანი უღიმოდა და ხელს უქნევდა.
– შენთან მოვიდნენ. ალბათ, მეუღლეა, როგორი სიმპათიურია, გაგიჟდნენ გოგოები.
ანანომ ნაძალადევად გაიღიმა.
– ჰო, სიმპათიური ნამდვილად არის.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჯოზეფი მის წინ იდგა, ქალის თითები თავის ვეება ხელისგულში ჰქონდა მომწყვდეული და ბედნიერებისგან ცქმუტავდა. ანანოს გული შეეკუმშა, მხოლოდ უსიამოვნოდ „მოეწურა“ და მეტი არაფერი.
მარიკამ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. გიომ თვალი ჩაუკრა,  აქაოდა, მაგარი ვინმეა, ხელიდან გასაშვები არ ჩანსო.
– მინდა, მშობიარობას დავესწრო. ნებას მომცემენ? – ჰკითხა კაცმა და ალერსიანად ჩააშტერდა სახეში. ანანომ მხრები აიჩეჩა, – გინდა, ვიკითხო?
– ჰო, მინდა, რომ ნება მომცენ. იცი, მე ყველას ვუთხარი, რომ ეს ბავშვი ჩემია, – ჯოზეფმა ფრთხილად მოუსვა ლოყაზე ხელი, ჩიტის დაფრთხობისა რომ ეშინიათ და სითამამე არ ჰყოფნით, ისე.
ანანო შეკრთა.
– რა? ვინ ყველას, ვის უთხარი?
– დამშვიდდი, შენი მეგობრები არ მიგულისხმია. ამერიკაში ვთქვი, რომ ბავშვს ველოდები, რომ მამა ვხდები და ჩემს ოჯახთან წამოვედი. დედაჩემმაც ასე იცის, ჩემმა დამაც და მეგობრებმაც.
– ჯოზეფ, ასე არ შეიძლება, არ შეიძლება ასეთი ტყუილი.
– მომისმინე, მე ეს ბავშვისთვის გავაკეთე. მისი კომფორტისთვის და მომავლისთვის. მთავარი ხომ მე ვარ და ჩემი დამოკიდებულება. მე ვამბობ, რომ ეს ბავშვი ჩემი შვილია. ესე იგი, ასეც არის. სხვათა შორის, დედაჩემს ისე გაუხარდა, რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში მირეკავდა და სული ამომხადა შეკითხვებით. მოუთმენლად ელოდება შვილიშვილს.
– ღმერთო... – აღმოხდა ანანოს და სახეზე ხელები აიფარა, – ვერ ვიჯერებ, რომ შენ ეს გააკეთე.
– რატომ ნერვიულობ, საყვარელო? ეს ჩვენი ცხოვრებაა და საკმარისია სიმართლე, რომელიც ჩვენ ვიცით. სხვას არაფერი ესაქმება. იცოდნენ, რომ ჩემი შვილია. იმიტომ, რომ ის იქნება კიდეც ჩემი შვილი. ყველაფერს გავაკეთებ მისი და შენი ბედნიერებისთვის. ანანომ გაღიმება სცადა, მაგრამ ერთბაშად სახე ტკივილისგან დაეღრიჯა, აუტანელმა, მწვავე სპაზმმა დაუარა მთელ სხეულში და ყრუდ დაიღმუვლა, ჯოზეფმა მაშინვე მოჰხვია ხელი, იქვე მდგარ სავარძელზე დასვა და ექიმის დასაძახებლად გაიქცა. შემინულ კარს მიღმა მდგარ გოგოებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დერეფანში განვითარებული მოვლენები. მარიკამ ანანოსთან შესვლა სცადა, მაგრამ სანიტარმა გზა გადაუღობა და არ შეუშვა.
– ერთი ადამიანის მეტი არ შეიძლება. თან, ახლა წინასამშობიარო ბლოკში გადაიყვანენ. მეუღლე იქნება მასთან.
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
– რა ვქნათ? – იკითხა უმწეოდ მარიკამ.
მაშომ მხრები აიჩეჩა.
– რა უნდა ქნათ და უნდა დაელოდოთ, – გაეცინა გიოს, – მე კი წავალ და ყავას მოგიტანთ. როგორც ვატყობ, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს აქ ყოფნა. აბა, დილით უნდა იმშობიაროსო?
– რა ვიცი, ასე თქვა ექიმმა... ინერვიულა, ალბათ, ჯოზეფი რომ დაინახა, – ლიზამ ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა. მიდი, გიო, მოგვიტანე ყავა, თორემ ემოციებისგან მუხლები მიკანკალებს.
გიომ თავი გადააქნია.
– ეს ანანოა თქვენი სასჯელი თუ რამე უფრო დიდი პრობლემა გაქვთ, ვერ გავიგე. რა გასლუკუნებს, გოგო. ისეთი კაცი „მოჩანგლა“, აღარაფერი გაუჭირდება.
– როგორი ლაპარაკი იცი, – გაწყრა მაშო, – „მოჩანგლა“ რა სიტყვაა?! შეუყვარდა კაცს.
– მეც ეგ ვიგულისხმე, რომ შეუყვარდა. აფსუს, ვიფიქრე, რესტორანს მოვასწრებდით. ახლა სანამ არ გააჩენს, ფეხს ვერ მოვიცვლით აქედან. დიკოს დაურეკეთ, გადაიდო ვახშამი, თანაც, გაურკვეველი ვადით-თქო.
– უი, დიკო არც გამხსენებია! – ლიზა ტელეფონს ეცა.
– გაურკვეველი ვადით რატომ? – გულუბრყვილოდ იკითხა მაშომ, – გააჩენს და წავალთ, აქ ხომ არ დავრჩებით.
– ჰმ, რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას, – ხელი ჩაიქნია გიომ და მაშოს გაოცებული სახე რომ დაინახა, ცოლს მიუბრუნდა, – მარიკა, აუხსენი, არ მაქვს მე თავი, სუსტი ნერვები მაქვს.
– მაშო, დიდი ალბათობით, ეს კაცი ამაღამ აქ დარჩება.
– ვინ კაცი? – მაინც ვერ მიხვდა მაშო. მარიკამ ამოიოხრა.
– გოგო, რა გჭირს, – ეცა ლიზა, – ეს ამერიკელი ჯოზეფი. ანანოსა და ბავშვს არ დატოვებს და რესტორანში არ წამოვა. ქართველი კი არ არის, ამერიკელია.
– აჰა, ანუ, ქართველი კაცები არ ვარგივართ, ხომ?
– შენ ნუ გეწყინება, მაგრამ რამდენჯერაც მარიკამ იმშობიარა, იმდენჯერ ისე მოხდა, ბავშვი ჯერ წესიერად დაბადებული არ იყო, რომ უკვე რესტორანში განსხვავებულს სვამდი.
– ანუ, რისი თქმა გინდა, რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან წუთებში მე ცოლის გვერდით არ ვიყავი? – ირონიულად ჩაიცინა გიომ და ცოლს შეხედა, – შენც ფიქრობ, რომ მე ცუდი ქმარი ვარ?
მარიკამ ნაძალადევად გაუღიმა.
– არ არის აუცილებელი აქ და ახლა გავარკვიოთ ეს საკითხი.
– მითხარი, მითხარი, მგონი, შენს დაქალს ეთანხმები, – აღარ მოეშვა გიო.
– თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჩემი შრომა ოჯახში შენთვის შეუმჩნეველი რჩება, მაშინ არც ისეთი ცუდი გამოდიხარ.
– მარიკა, გოგო, რა გინდა, მაგით თქვა? – გიოს ნირი წაუხდა და ცოლის დაქალებისკენ გააპარა მზერა.
– თუ ღმერთი გწამთ, ნუ იჩხუბებთ, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, – დიკოს ვურეკავ, – ლიზამ მოკამათე ცოლ-ქმარი ხელის აქნევით გააჩუმა და ჩანთიდან მობილური ამოიღო, – აი, თავად რეკავს. ჰო, დიკო... სად ვართ და სამშობიაროში... ვერა, სად წამოვალთ... ანანომ დღეს ინება მშობიარობა... მერე რა, რომ დილით ველოდებოდით. გეუბნები, აჩენს... ბლოკში ჰყავთ უკვე შეყვანილი. ვინ? ჯოზეფი?.. აქ არის ეგეც. უფრო სწორად, შიგნით არის ანანოსთან. ჩვენ აღარ გვიშვებენ... სუფრა უკვე გაშლილია? ჩვენ ზარს რატომ არ დაელოდეთ?.. რა ვიცი, აბა?! აქ ვინ ვართ და მე, გიო, მარიკა, მაშო. ნოდო წავიდა, საქმე გამოუჩნდა... რას ნიშნავს ყველანი წამოვიდეთ. მერე ჯოზეფი? დავტოვოთ? – ლიზამ იქ მყოფებს შეხედა, – დიკომ თქვა, რომ რესტორანში გველოდება. როგორ მოვიქცეთ?
გიომ ხელები მოიფშვნიტა.
– მომშივდა, იცით, თქვენ? რომ წავიდეთ, რა დაშავდება ვითომ? რას ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავართ? ანანოს ახლა აღარც ვაინტერესებთ და აღარც ვჭირდებით. ორმეტრიანი კაცი ადგას თავზე.
– მე ვერ წამოვალ, – თქვა ლიზამ, – უხერხულია. თან, ბავშვი მინდა ვნახო, როცა დაიბადება.
– მე დავრჩები, – მხარი აუბა მაშომ, –  წადით შენ და მარიკა. მერე შემოგიერთდებით, მოგვიანებით...
გიომ ცოლს ანიშნა, წავიდეთო. მარიკას ყურადღება არ მიუქცევია, მისი უსიტყვო  ჟესტიკულაციისთვის. დაქალებს შორის იდგა და ყოყმანობდა.
– წადი, წადი... დიკოს ახალი თაყვანისმცემელიც იქ არის და ჩვენ თუ ვერ ვნახავთ, მერე მოგვიყვები, როგორი ტიპია. ყოველ შემთხვევაში, ხაზზე ვიქნებით. გააჩენს თუ არა, ეგრევე დაგირეკავთ...
***
კაცი ნაზად დასცქეროდა ვარდისფერსახიან ჩვილს. პაწაწინა ცხვირს რომ სასაცილოდ ჭმუხნიდა და ტუჩების ცმაცუნით რაღაცას ეძებდა.
– ულამაზესი გოგოა, შენ გგავს, – ჯოზეფმა ანანოს ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა, – ცოტა ვინერვიულე. ძალიან იყოჩაღე, ვამაყობ შენით. სახელი რა შეურჩიე.
ანანომ ცრემლით დანამული თვალებით გადახედა შვილს.
– სესილი, სესილია...
– ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა, იყოს, ცეცილია-ნენსი მასკი... ნენსი დედაჩემს ჰქვია. გაუხარდება, თუკი პატარას მისი სახელიც ერქმევა. ახლა ფოტოებს გადავუღებ და გავუგზავნი. იცი, როგორ ელოდება?! მერე შენს მეგობრებთან გავალ.
– ჯოზეფ, რაღაც მინდა გითხრა, – ანანოს ლაპარაკი უჭირდა. კაცის ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახე აბნევდა, სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
– მერე, მერე ვილაპარაკოთ. ახლა დასვენება გჭირდება. იცი, რა ვიფიქრე? მეტი დრო მინდა გავატარო თქვენ გვერდით, ამიტომ ბილეთს გადავცვლი და კიდევ ერთი თვე დავრჩები. მოგეხმარები, სანამ მოძლიერდები. მერე ძიძას აგიყვან. დრო დამჭირდება, სანამ ყველა საფეხურს გავივლი და ოფიციალურად შევძლებ თქვენს წაყვანას. უნდა გავარკვიო, რა აჯობებს – აქვე დავქორწინდეთ თუ ამერიკაში...
– ჯოზეფ, მომისმინე... მე... მე დარწმუნებული არ ვარ, რომ მინდა წამოსვლა.
კაცს გაეღიმა.
– ჰო, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის ადვილი ახლობელი ადამიანების, იმ გარემოს მიტოვება, რომელსაც შეჩვეული ხარ. მაგრამ მე დაგეხმარები, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, მე ხომ მიყვარხარ.
ანანომ ამოიოხრა.
– მე არ მიყვარხარ.
– რას ამბობ? – ჯოზეფი ქალს მიაშტერდა, – ვერ გავიგე? ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ არ მიყვარხარ. მთელი ეს პერიოდი, ეს თვეები, სულ შენზე ვფიქრობდი, თავს ვირწმუნებდი, რომ შევძლებდი, შემეყვარებინე, აი, ჩამოვა, ჩამეხუტება, თვალებში ჩავხედავ და მივხვდები, რომ მიყვარს-მეთქი, მაგრამ...
– რა მაგრამ, ანანო, გესმის, რას ამბობ? მე შენ ძალიან მიყვარხარ. ყველა საქმე გადავდე, ყველას ვუთხარი, რომ საყვარელ ქალთან მოვდიოდი, რომელიც ჩემს შვილს ატარებდა მუცლით და ახლა რა ვქნა... ხვდები მაინც, რა მდგომარეობაში მაგდებ?
ანანომ თავი დაუქნია.
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია, ვერ წამოგყვები... არ მიყვარხარ...
ჯოზეფი გაფითრდა და თვალები დახუჭა.
– ანანო, მომისმინე... მე არ დავნებდები, ვიბრძოლებ შენი სიყვარულისთვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერი იყო.
– მაშინ, შეეცადე, გამიგო. ვერ ვიცხოვრებ კაცთან, რომელიც არ მიყვარს, ვერც აქ და ვერც ვერსად. ძალიან ვწუხვარ, – ქალი გაჩუმდა და სახეზე საბანი წაიფარა.
კაცი ერთხანს კიდევ იდგა, თავზარდაცემული და განადგურებული. შემდეგ შებრუნდა და პალატიდან გავიდა.
დასასრული
скачать dle 11.3