№19 ცუდი ხუმრობა
აგათა კრისტი
ჯეკ არინგტონს გოლფის თამაში ისე უყვარდა, რომ სტორტონში, გოლფის სათამაშო მოედნის სიახლოვეს, ოტელში ნომერიც კი იქირავა. დილის ექვს საათზე დგებოდა, რომ ერთი საათით წავარჯიშება მოესწრო, შემდეგ კი ქალაქში მატარებლით მიემგზავრებოდა.
ის იყო ჯეკი ბურთს მიუახლოვდა და დარტმისთვის მოემზადა, რომ დილის მყუდროება განწირულმა კივილმა დაარღვია: „მკლავენ, მიშველეთ! მკლავენ!“ ქალის ხმა იყო. ხმა მიწყდა და კვნესა მოისმა.
ჯეკმა ჩოგანი გადააგდო და იმ მხარეს გაიქცა, საიდანაც კივილი ისმოდა. ახლოს მხოლოდ ერთადერთი კოტეჯი იდგა. ღობის იქით, ბაღში გოგონა საქმიანობდა. თავიდან ჯეკმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს გოგონა უხმობდა მშველელს, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ცდებოდა. გოგონა ჯეკს გაკვირვებული მიაჩერდა.
– ყვირილი არ გაგიგიათ? ვიღაც ყვიროდა – მკლავენ, მიშველეთო... – ჰკითხა ჯეკმა
– არა. აქ ვინ უნდა მოეკლათ?
ჯეკმა გოგონას მოუბოდიშა და ღობეს მოშორდა. ცოტა ხანი ტყეშიც იბოდიალა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვა.
მეორე დილა წვიმიანი იყო და ჯეკი გოლფის სათამაშოდ აღარ წასულა. მესამე დღეს ოტელიდან კვლავ დილაუთენია გამოვიდა. საათს დახედა. რვის ოცდახუთი წუთი იყო. წინა დღეს ყვირილი ზუსტად ამ დროს გაიგონა. ფიქრი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ყვირილი ისევ გაისმა: „მკლავენ... მიშველეთ, მკლავენ!“ ჯეკმა სასწრაფოდ გორაკს შემოურბინა. გოგონა ბაღში იდგა და ყვავილებს რწყავდა. ჯეკს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. ცოტა შეშინებულიც ჩანდა და სახლისკენ ისე იყურებოდა, თითქოს დასამალ ადგილს ეძებსო. ჯეკის შეკითხვაზე ისევ უპასუხა:
– მე არაფერი გამიგონია.
გოგონა ისეთი გულწრფელი იყო, რომ პასუხმა ჯეკი შოკში ჩააგდო. არ შეეძლო, მისი არ დაეჯერებინა. თუმცა, ხომ არ მოელანდებოდა? ამ დროს გოგონას წყნარი ხმა გაიგონა: „თქვენ, ალბათ, კანტუზია გქონდათ“. მაშინვე მიხვდა, გოგონა მის დანახვაზე რატომ შეშფოთდა. ეგონა, რომ ჯეკი ჰალუცინაციის ტყვეობაში იყო. უცებ გაიფიქრა: „და თუ ის მართალია? თუ მართლა ჰალუცინაციები დამეწყო?“ არაფერი უთქვამს. ღობეს მოშორდა და სასტუმროსკენ წავიდა.
დილით კინაღამ ჩაეძინა. უკვე რვის ოცი წუთი იყო, როდესაც სასტუმროდან გამოვარდა. გოლფის მინდვრისკენ გაიქცა. გარბოდა და თან საათს უყურებდა. ოცდახუთი წუთი... შორიდან ექოსავით მოისმა ქალის განწირული ხმა. სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ მიხვდა რომ იგივე ხმა იყო და კოტეჯის მხრიდან მოდიოდა.
უცნაურია მაგრამ ამან დაამშვიდა. შეიძლებოდა, ეს ხუმრობა ყოფილიყო. იქნებ სწორედ გოგონა ეხუმრებოდა. გოლფის პარტია დაასრულა და სასტუმროში საუზმეზე დაბრუნდა. ჭამის დროს მეზობელ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცის მხრიდან ყურადღება იგრძნო. ის შუახნის იქნებოდა. ჯეკმა იცოდა, რომ მას ლევინგტონი ერქვა. ასევე იცოდა, რომ იგი ცნობილი ექიმი იყო. დღეს საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და ძალიან შეეშინდა. ნუთუ ყველაფერი სახეზე ეწერა? და ექიმმა, როგორც პროფესიონალმა, მის ფსიქიკაში გადახრა შეამჩნია. „იქნებ მართლა ჭკუიდან ვიშლები?“
ერთბაშად გონება გაუნათდა. მოიფიქრა, როგორ გაეფანტა ეჭვები. თამაშის დროს მარტო არ უნდა ყოფილიყო.
ლევინგტონი ადვილად გაიცნო. სათამაშოდ წასვლაზეც დაითანხმა და მეორე დილით, ორივენი გოლფის მინდორზე იყვნენ. ექიმი კარგად თამაშობდა. ჯეკი – ცუდად. იგი სულ მოსალოდნელ ყვირილზე ფიქრობდა, თუმცა რვის ოცდახუთი წუთი ისე შესრულდა, რომ ჩამიჩუმიც არ გაუგია. ჯეკს გულზე მოეშვა და ყალიონი გააბოლა. როგორც კი ექიმმა ბურთს დაარტყა, ქალის კივილიც გაისმა: „მკლავენ... მიშველეთ! მკლავენ!“ ჯეკს ყალიონი გაუვარდა ხელიდან. ლევინგტონისკენ შებრუნდა. იგი აუღელვებლად ემზადებოდა დარტყმისთვის. ცხადი იყო, არაფერი გაუგონია. ჯეკთან ერთად თითქოს სამყაროც დატრიალდა, ნაბიჯი გადადგა და... როდესაც გონზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ ბალახზე იწვა. თავზე კი ლევინგტონი ადგა.
– რა დაგემართათ? – ჰკითხა მან.
– ჭკუიდან ვიშლები, თქვენ ხომ ექიმი ხართ, ფსიქიატრი?
– მე ჩემს თავს სულების მკურნალს ვუწოდებ. რა ხდება?
ჯეკმა ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ლევინგტონმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:
– ნუ ინერვიულებთ. წადით სამსახურში. მე კი შევეცდები, იმ კოტეჯის შესახებ ცნობები მოვაგროვო. დარწმუნებული, ვარ ძაღლის თავი იქაა დამარხული.
ექიმის სიმშვიდე ჯეკსაც გადაედო. ამ ადამიანის მიმართ ნდობა გაუჩნდა. ექიმმა ყველაფერი ისე ბუნებრივად მიიღო, ისეთი საქმიანი და აუღელვებელი იყო, რომ ჯეკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
– ცნობები კოტეჯის ყველა მეპატრონეზე შევაგროვე, – უთხრა საღამოს ექიმმა, – წინა მფლობელები ვინმე ტერნერები ყოფილან. ქმარი – ინგლისელი, ხოლო ცოლი, როგროც აქაურები ვარაუდობენ – რუსი. ძალიან კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად გაუჩინარდნენ და აღარავის უნახავს. ადგილობრივმა სააგენტომ მისტერ ტერნერისგან ლონდონიდან წერილი მიიღო, სადაც მეპატრონე სახლის გაყიდვას ითხოვდა. ავეჯი და სხვადსხვა ნივთები ბაზრობაზე გაიტანეს, ხოლო სახლი მისტერ მოლევერმა იყიდა. მან სახლში მხოლოდ ორი კვირა იცხოვრა... შემდეგ სახლი გააქირავა. ამჟამად მანდ ტუბერკულოზით დაავადებული ფრანგი პროფესორი და მისი ქალიშვილი ცხოვრობენ. ვფიქრობ, ტერნერებზე მეტი ინფორმაცია უნდა მოვაგროვოთ. ისინი დილით ადრე გაემგზავრნენ. არავის მათი გამგზავრება არ უნახავს. მას შემდეგ მხოლოდ ქმარი ნახეს, მისის ტერნერს კი არავინ შეხვედრია. ექიმმა ჩაახველა – სიკვდილის დროს ცოცხალი არსების გარემოზე ზემოქმედება ძალიან დიდია, განსაკუთრებით ძალადობრივი სიკვდილის დროს. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, გარემოს შეეძლო, გამოყოფილი ენერგია შთაენთქა, შემდეგ შესაბამისად განწყობილი ობიექტისთვის გადაეცა. ამ შემთხვევაში ასეთი ობიექტის როლში თქვენ გამოხვედით, ჩემო კეთილო.
მეორე დღეს, მოულოდნელად სასტუმროში ჯეკთან სტუმრად ის გოგონა მოვიდა, რომელიც კოტეჯის ბაღში ყვავილებს რწყავდა ხოლმე. ჯეკს მადმუაზელ მარშოდ გაეცნო და უცნაური ისტორია მოუყვა:
– მოჩვენებების არ მჯერა, მაგრამ ბოლო ოთხი ღამეა ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება. ვხედავ ლამაზ ქალს, რომელსაც ხელში ცისფერი, ჩინური ლარნაკი უჭირავს. იგი უბედურია, მაწვდის ლარნაკს და თითქოს რაღაცას მთხოვს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. გუშინწინ სიზმარი შეიცვალა. ჩვენება გაქრა და მე მოულოდნელად მისი კივილი გავიგონე. ის ქალი ზუსტად იმ სიტყვებს იძახდა, რაც თქვენ გაიგონეთ: „მკლავენ... მიშველეთ, მკლავენ!“ წუხელ სიზმარი კიდევ განმეორდა. ეს რას უნდა ნიშნავდეს?
ჯეკმა გოგონას შესთავაზა, ყველაფერი ლევინგტონისთვის მოეყოლათ. ლევინგტონმა მადმუაზელ მარშოს ყურადღებით მოუსმინა და განაცხადა:
– ეს მოწმობს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მადმუაზელ მარშო, კიდევ რაიმე ხომ არ გაქვთ სათქმელი?
– კი, – თქვა გოგონამ, – აი, რა ვიპოვე დღეს კომოდის უჯრაში.
გოგონას ხელში მუყაოს ბინძური ნაჭერი ეჭირა. მასზე აკვარელით ქალი იყო გამოსახული. ქალის გვერდით მაგიდა დაეხატათ. მაგიდაზე კი ცისფერი ჩინური ლარნაკი იდგა.
– ნახატზე ზუსტად ის ქალია გამოსახული, რომელიც დამესიზმრა. ლარნაკიც იგივეა, – თქვა გოგონამ.
– შეიძლება, საიდუმლოს გასაღები სწორედ ეს ლარნაკია, – განაცხადა ლევინგტონმა, – ეტყობა, რომ ჩინურია და ალბათ, საკმაოდ ძველიც.
– კი, ლარნაკი ჩინურია, – დაეთანხმა ჯეკი, – ზუსტად ასეთი ლარნაკი ბიძაჩემის კოლექციაში მაქვს ნანახი. ბიძია ჩინური ფაიფურის დიდი კოლექციონერია. მახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინ, ზუსტად ასეთი ლარნაკი მაჩვენა.
– დიდი ხანია, ბიძათქვენს ეს ლარნაკი აქვს? – ჰკითხა ლევინგტონმა.
– ცოტა ხნის წინ იყიდა, ორი თვეც არ იქნება.
– ჰოდა, ტერნერებმა კოტეჯი სწორედ ორი თვის წინ დატოვეს. უცნაური დამთხევა კია, მაგრამ ეს, ალბათ, ისაა, რასაც მე ბრმა სამართალს ვეძახი. ჯეკ, თქვენ ეს ლარნაკი უნდა მოიტანოთ და თუ მადმუაზელი ნებას დაგვრთავს, ღამეს მის კოტეჯში გავათევთ, ლარნაკს კი თან წავიღებთ. დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ. ალბათ, ლარნაკში რაღაც არის დამალული. შეძლებთ ლარნაკის მოტანას?
– ალბათ კი, – დაბნეულად უპასუხა ჯეკმა, – მართალია, ბიძაჩემი სახლში არაა, საფრანგეთში გაემგზავრა, მაგრამ ლარნაკის აღებას უმისოდაც მოვახერხებ.
საღამოს თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ის და ლევინგტონი ლარნაკთან ერთად კოტეჯში მივიდნენ. გოგონამ კარი ფრთხილად გაუღო და სთხოვა, არ ეხმაურათ, რადგან მეორე სართულზე ავადმყოფ მამას ეძინა. მადმუაზელ მარშომ ყავა მოადუღა. ლევინგტონმა ოთახის ცენტრში მდგარი მაგიდა მოასუფთავა. მის შუაგულში ლარნაკი დადგა და ყველას სთხოვა მაგიდას შემოსხდომოდნენ. მერე შუქი ჩააქრო.
– სცადეთ არაფერზე იფიქროთ... მოეშვით. შეიძლება, ერთ-ერთ ჩვენგანს სულებთან ლაპარაკის უნარი აქვს. მაშინ, ეს ადამიანი ტრანსში ჩავარდება.
ლევინგტონი გაჩუმდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. წუთი წუთს მისდევდა. ჯეკი შიშმა კი არა, პანიკამ აიტანა, მაგრამ მადმუაზელ მარშოს წინაშე ვერაფერს გაამხელდა. ცოტა ხანში ჯეკს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ახრჩობდნენ. ყველაფერი ერთმანეთში აირია და... თითქოს ღრუბლებში გაცურდა...
როდესაც თვალი გაახილა, მოწმენდილი ცა დაინახა. ბალახზე იწვა. თავბრუ ეხვეოდა, საათს დახედა. შუადღეს გადაცილებული იყო. ჯეკი წამოდგა და კოტეჯისკენ გაემართა. სახლში არავინ დახვდა. სასტუმროში მივიდა და ლევინგტონი იკითხა. უთხრეს, რომ ექიმი გვიან ღამით მანქანით გაემგზავრა და რომ მისთვის წერილი დატოვა. ჯეკმა სასწრაფოდ წაიკითხა ბარათი:
„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობარო! გვაპატიეთ, რომ მოგატყუეთ. ეს ლარნაკი მინიმუმ ათი ათასი ფუნტი ღირს. ბიძათქვენი კი გაყიდვის სასტიკი წინააღმდეგი იყო. გულითადი სალამი მადმუაზელ მარშოსგან, მისი არარსებული მამისგან და ჩემგან. თორმეტი საათის წინ გავემგზავრეთ. ასე, რომ ჩვენს მოსაძებნად დროს ნუ დაკარგავთ.
მარად თქვენი, ემბროუზ ლევინგტონი – სულების მკურნალი.“
თარგმნა
ნინო წულუკიძემ