№19 სად აპირებდა ბერია დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნას
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ულტრანაციონალიზმში დადანაშაულებული ბერია, რომელსაც ამ კუთხით ერთი ბრალდებაც კი ვერ დაუმტკიცეს, მართლაც იყო ნაციონალისტი, თუმცა ზომიერი და ამაში ამ ბოლო დროს გასაჯაროებული საარქივო მასალების კითხვისას ვრწმუნდებით.
პროფესორი პავლე კავერინი წერს: „ლავრენტი ბერია ზომიერი ნაციონალისტი იყო და საქართველოს ცეკას პირველი მდივნობისას თავის სამშობლოში არა ერთი ისეთი პროექტი განახორციელა, რაზეც სხვა რესპუბლიკების მეთაურები (თვით რუსეთის ფედერაციისაც კი) ვერ იოცნებებდნენ. ბერია ახერხებდა სტალინის თანხმობის მიღებას განსხვავებული მოქმედებისთვის და დიდ წარმატებებსაც აღწევდა. ხოლო საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ კი, იმ სამთვე-ნახევრიან პერიოდში, სანამ მას ვერაგულად მოკლავდნენ, „ფრთები გაშალა“ და თანამიმდევრულად სწრაფი ტემპებით შეუდგა „ეროვნული პროექტების“ განხორციელებას. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო ქართველების უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის სახელის უკვდავყოფა. ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე, აპოლონ შელეგია ვიწრო წრეში (1965 წელს) ყვებოდა: „ლავრენტი ბერია დიდად გატაცებული იყო საქართველოს ისტორიით და ყოველმხრივ უწყობდა ხელს ამ დარგის განვითარებას. დიდი რისკის ფასად, 1933 წელს, ბერიამ საქართველოს საშუალო განათლების პროგრამაში საქართველოს ისტორიის საგანი დაამატებინა. არადა ჩვენი სამშობლოს (საქართველოს) ისტორია შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში და სულ რაღაც სამ-ნახევარ ფურცელს მოიცავდა. ბერიას შეკვეთით კი საქართველოს ისტორიის ორტომიანი სასწავლო წიგნები შემუშავდა და საშუალო სკოლის პროგრამებში ოცდაათიან წლებშივე შეიტანეს. სხვათა შორის, თავისი ტეტრალოგიის „დავით აღმაშენებლის“ წერა დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ, თუ შეიძლება ითქვას, ბერიას შეკვეთით დაიწყო. გამსახურდია ამ რომანს 1946-1958 წლებში წერდა და რომ დაასრულა, ბერია უკვე 5 წლის მოკლული იყო (რომანი სრულიად 1962 წელს გამოსცეს), მაგრამ მთავარი მიზანი შესრულდა და ქართველი ერი, კონსტანტინეს ჯადოსნური კალმის წყალობით, სრულად გაეცნო თავისი დიდი მეფის მხატვრულ-დოკუმენტურ ისტორიას. მეტიც, ბერიამ მეფე დავითის სახელის უკვდავსაყოფად დიდი შრომა გასწია და რომ არა მისი (ბერიას) ვერაგული მკვლელობა, დავით აღმაშენებლის შესანიშნავი ძეგლი თბილისის ცენტრში მისთვის კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებდა“.
აპოლონ შელეგია გულისხმობდა დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო... სტალინის სიცოცხლეშივე, 1952 წლის მიწურულს ლავრენტი ბერია ვერა ეგნატეს ასულ მუხინას სახელოსნოში ეწვია. ხუთი სტალინური პრემიის მფლობელი, ცნობილი „მუშა და კოლმეურნეს“ ქანდაკების შემქმნელი, 63 წლის ვერა მუხინა გულით ავადმყოფი იყო, თუმცა მუხლჩაუხრელად მუშაობდა. სწორედ ამ დროს მიიღო ბერიასგან წინადადება, რომ მეფე დავით აღმაშენებლის მონუმენტური სკულპტურა შეექმნა. იმ პერიოდში ასეთ საკითხებს მხოლოდ სტალინი წყვეტდა და თითქმის ყოვლისშემძლე ბერიასაც კი არ შეეძლო ამ ამბის ერთპიროვნულად მოგვარება. მიუხედავად ამისა, ბერიამ მუხინას აღმაშენებლის ძეგლის შექმნა სთხოვა და უთხრა:
– ვერა იგნატიევნა, გარწმუნებთ, რომ ეს ქმნილება თქვენი შემოქმედების გვირგვინი იქნება და თვით „მუშა და კოლმეურნესაც“ კი დაჩრდილავსო.
მუხინა ბერიას წინადადებამ მოხიბლა და თანხმობა განუცხადა. ლავრენტი პავლოვიჩმა კი სახელგანთქმულ მოქანდაკეს ძალიან დელიკატურად მიაწოდა ამ ქანდაკების კონცეფცია, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა: ყალყზე შეყენებულ, ფაფარაშლილ რაშზე ამხედრებულ მეფე დავითს შემართული ხმალი უნდა სჭეროდა ხელში, რაც საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის სიმბოლოს გამოხატავდა. ძეგლის სიმაღლე 5 მეტრი უნდა ყოფილიყო და 3-მეტრიან პოსტამენტზე. სახელგანთქმული მოქანდაკე ბერიას იდეამ გაიტაცა და მათ იქვე გააკეთეს ჩანახატები (ბერიაც საუცხოოდ ხატავდა, არქიტექტურაშიც უზადოდ ერკვეოდა და მუხინას „ფანქრით გაუმხილა“ თავისი კონცეფცია). სხვათა შორის, ბერიას რეკომენდაციით შეირჩა ნატურაც და ის ცნობილი ქართველი მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი იყო. ამგვარად, 1953 წლის 15 იანვარს ვერა მუხინამ ქანდაკებაზე მუშაობა დაიწყო და მაკეტი სწორედ სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს დაასრულა. 15 მარტს კი ბერია კვლავ ესტუმრა მუხინას სახელოსნოში და ქანდაკების მაკეტი დაათვალიერა. აპოლონ შელეგია ყვებოდა: „ლავრენტი ბერიას მეც ვახლდი და როდესაც მუხინას ვესტუმრეთ, სპარტაკ ბაღაშვილიც იქ იმყოფებოდა. ორმეტრიან მაკეტს ბერია გულდასმით ათვალიერებდა და ბოლოს მუხინას უთხრა:
– ვერა იგნატიევნა, თქვენ გენიალური მოქანდაკე ხართ!
შემდეგ კი ბაღაშვილს მიუბრუნდა და უთხრა:
– საამაყოდ გაქვს საქმე, რადგან დიდი დავითის ნატურა ხარ და მოემზადე, რომ ფილმშიც მისი როლი შეასრულოო...
ბერიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, დავით აღმაშენებელზე ორსერიანი სუპერკოლოსი გადაეეღო, რომლის რეჟისორიც მიხეილ ჭიაურელი იქნებოდა, ხოლო მეფე დავითის როლს კი ბაღაშვილი შეასრულებდა...“
1953 წლის 15 მაისს დავით აღმაშენებლის 90-ტონიანი ბრინჯაოს ქანდაკება უკვე ჩამოსხმული იყო. დაგეგმილი იყო, 30 ივლისს თბილისში ჩამოეტანათ. 12 აგვისტოს კი (დიდგორის ომის დღეს) გაეხსნათ ბერიას მოედანზე, რომელსაც აღმაშენებლის სახელი დაერქმეოდა. ამ პროცესს თავად ბერია უხელმძღვანელებდა. თუმცა, ის ვერაგულად მოკლეს. დავითის ბრინჯაოს ქანდაკება კი გადაადნეს. გენიალური ვერა მუხინა ნიკიტა ხრუშჩოვმა ცეკაში დაიბარა და ისე „შეახურა პარტიულად“, რომ ის 6 ოქტომბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.“