№19 რას წარმოადგენდა სტალინის საიდუმლო გეგმა, სახელწოდებით „გრომი“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

1932 წელს, ანუ მაშინ, როდესაც სტალინმა საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, გერმანელი ფაშისტები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულები სათავეში. თუმცა „გრომის“ მიხედვით, საბჭოთა ბელადმა კარგად იცოდა, რომ ევროპის „გასაწითლებელ“ ბრძოლაში, ძირითადად, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან მოუწევდა შეტაკება. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად სტალინური „გრომის“ შესახებ ჰიტლერმა არაფერი უწყოდა, „ევროპული ცივილიზაციის განადგურებაში“, დღევანდელი სიტყვებით კი, „ევროპის გაწითლებაში“, სწორედ ამ ოპერაციის განხორციელებას გულისხმობდა... სუვოროვი წერს: „სტალინის ოპერაცია „გრომი“ რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: საბჭოეთის ინდუსტრიალიზაციას, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას, წითელი არმიის გადაიარაღებასა და გაწვრთნას, ევროპის „გაწითლებას“. ეს ათწლიანი გეგმა 1942 წელს უნდა დასრულებულიყო. წითელ არმიას ევროპაში გაელაშქრა და ორ წელიწადში „გაეწითლებინა“ ის, ანუ სტალინს ევროპული იმპერია უნდა შეექმნა. შემდეგ კი უკვე მსოფლიო ბატონობაზეც შეეძლო ფიქრი. 1941 წლის 22 ივნისს კი ჰიტლერი სტალინს დაესხა თავს და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთი გერმანიას ყველა კომპონენტში ჯობნიდა, ომის პირველ დღეებსა და პირველ თვეს კოლოსალური ზარალი განიცადა. დილეტანტები და სტალინის მაძაგებლები ამ კატასტროფას სტალინის უვიცობას მიაწერენ. ეს კი მტკნარი სიცრუეა. პირიქით, სტალინი გენიალური სტრატეგი იყო, მისი არმია კი ომის პირველ დღეებში სულ სხვა მიზეზით დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ წითელი არმია საბჭოთა საზღვრის პერიმეტრზე იყო განლაგებული, მას სულაც არ ეკავა თავდაცვითი პოზიციები და პირიქით, თავდასხმისთვის იყო მომზადებული. ეს კი სტრატეგიული საკითხია და სტალინის თავდასხმის სტრატეგიას ჰიტლერის ანალოგიურმა სტრატეგიამ დაასწრო და პირველადი უპირატესობაც მოიპოვა...“
ვიქტორ სუვოროვი, სინამდვილეში კი, ვლადიმირ რეზუნი, დიდ ბრიტანეთში გაქცეული საბჭოთა „გრუს“ რეზიდენტი იყო შვეიცარიაში, რომელსაც დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ის ანტისტალინისტია, თუმცა საუცხოო მკვლევარ-ანალიტიკოსი და რასაც სტალინურ „გრომზე“ წერს, აბსოლუტური სიმართლეა. ასე რომ, სტალინს სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვია, მას, უბრალოდ, ჰიტლერმა დაასწრო, თუმცა საბჭოთა ბელადი შოკში არ ჩავარდნილა. კუნცევოს აგარაკზე კი ის (სტალინი) იმიტომ განმარტოვდა, რომ საბოლოოდ აწონ-დაწონა და შეაფასა შექმნილი მდგომარეობა. შემდეგ კი ეფექტური სამეთაურო სტრუქტურა ჩამოაყალიბა (თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი), სათავეში ჩაუდგა მას და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
სუვოროვი წერს: „რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, ომის დასაწყისში განცდილი უდიდესი ზარალის მიუხედავად, სტალინის გეგმა „გრომი“ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა. პიკს 1942 წელს მიაღწია და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ომში გარდატეხა. საბოლოოდ კი ფაშიზმი განადგურდა და ევროპის დიდი ნაწილი კი – „გაწითლდა“...“
დიდი წარმატების მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომით, სტალინის გეგმა „გრომი“ მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა და საბჭოთა ბელადმა მხოლოდ ევროპის ნაწილი „გააწითლა“. მართალია, არსებობდა „გრომი 2-იც“, მაგრამ მის განხორციელებას უკვე ბელადის სიკვდილმა შეუშალა ხელი.“