№19 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რომელი წმიდანების ხატები უნდა გვქონდეს სახლში და როგორ გავარკვიოთ მართლმადიდებლურია თუ არა ესა თუ ის ხატი?
პასუხი: ხატები უძველესი დროიდან ხატმწერთა მიერ იწერებოდა, ბევრი მათგანი ბერი იყო და ხატის შექმნამდე ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა. სწორედ ამიტომ, უძველესი ხატები სასწაულმოქმედები იყვნენ. რადგან ხატებზე დიდი მოთხოვნილებაა, ეკლესიის მიერ დაშვებულია ხატების ლითოგრაფიული გამოსახულებანი. თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რა ხერხით არის ესა თუ ის ხატი შესრულებული, მათ კრძალვითა და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. უმჯობესია, ხატები ეკლესიებსა და მონასტრებში შევიძინოთ, რათა არ შეგვეშალოს და არამართლმადიდებლური არ შეგვრჩეს ხელში. თუ უკურთხებელ ხატს შეიძენთ, აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ ღვთისმსახურს. თუკი თქვენ მიერ შეძენილი ან ნაჩუქარი ხატი რამე ეჭვს იწვევს, აჩვენეთ მღვდელმსახურს. მორწმუნეებს, როგორც წესი, სახლში აქვთ უფლის, ღვთისმშობლის, წმიდა სამების, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა ნინოს, თავიანთი მოსახელე წმიდანებისა და ბევრი სხვა ხატი. მათ რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ. მთავარია, მათზე ილოცოთ და იზრუნოთ. თუ ხატზე გამოსახულება დაიკარგა, გაფერმკრთალდა ან დაზიანდა, ის უნდა დაწვათ და სუფთა ადგილზე დამარხოთ.
კითხვა: რამდენად აქვს ადამიანს უფლება, დაარიგოს, დამოძღვროს მეორე ადამიანი. ხშირად ტაძრებში იციან ხოლმე მსგავსი დარიგებების მიცემა.
პასუხი: ზოგადად, მორწმუნე ადამიანი თავმდაბალიც არის და მას არ უჩნდება პრეტენზია, ვინმე დამოძღვროს და თავი მასზე მაღლა დააყენოს. ჩვენი თხოვნის გარეშე რჩევების მიცემა სწორედ მათ იციან, ვისაც არ აქვთ დიდი ცოდნა, ამიტომ არ უნდა უსმინოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უხეშად და უდიერად მოეპყრათ. სხვისთვის რჩევების მიცემას განსაკუთრებით ის ადამიანი უნდა მოერიდოს, ვინც არც სათანადო ცოდნას ფლობს და არც გამოცდილება აქვს.
კითხვა: ვარ მარტოხელა დედა. შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე. როგორც მითხრეს, ეს მძიმე ცოდვაა და ამის გამო ტაძარში ვერ მივდივარ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მართალია, ეკლესია ცდილობს, ქალი აარიდოს მრუშობის ცოდვას, მაგრამ, როდესაც ღვთის უდიდესი სასწაული – ადამიანის ჩასახვა ხდება, ეკლესია თანადგომას უცხადებს მომავალ დედას და ზრუნავს მასზე, რომ მრუშობაზე დიდი ცოდვა – აბორტი აარიდოს. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ეკლესიაში და გაესაუბროთ მოძღვარს. აღზარდეთ შვილი სიმშვიდით და სიყვარულით. უფალი შეგეწევათ!
კითხვა: რომელია უფრო დიდი დღესასწაული – შობა თუ აღდგომა?
პასუხი: აღდგომა თავისი მნიშვნელობით შეუდარებელია და ამიტომ ის არის დღესასწაულთა დღესასწაული და სხვა დღესასწაულებზე მაღლა დგას. აღდგომა ყოველი მართლმადიდებლისთვის ყველაზე აღმატებულია, „სიკვდილისა სიკვდილითა დათრგუნვით“ უფალმა ყოველი ჩვენგანი მარადიული გახადა.