№19 გამოკრებილი დარიგებანი
თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ: თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება.
***
მაშინ გაგვიჩნდება ღვთისადმი სასოება, როდესაც მთლიანად შევწყვეტთ ჩვენი თავის იმედად ყოფნას.
***
ეშმაკი მხოლოდ გვიბიძგებს ცოდვისაკენ, მაგრამ საბოლოო სიტყვას – „დიახ“ – ჩვენ ვამბობთ.
***
ეშმაკი თავის მახეს შეიძლება, თვრამეტი წელიწადი აგებდეს, რათა ვინმე გახლართოს მასში. მტერს არსად ეჩქარება.
***
ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ არ გვრჩება სხვა გამოსავალი – უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
***
როდესაც ადამიანები უსამართლოდ გვექცევიან, სამართლიანობას ღმერთი აღადგენს.
***
ჩვენი მოყვასის განკითხვის წადილს მის ღირსებებზე ფიქრი დავუპირისპიროთ.
***
ყველაზე მძიმე დამნაშავეშიც კი არის წვრილი სიმი – თუ მას იპოვი და ხელს გამოჰკრავ, აჟღერდება, ყველაზე უკანასკნელი ბოროტმოქმედიც კი ქედს იხრის მოყვასის სათნოებათა წინაშე.
***
მამა ეპიფანე ამბობდა: ფხიზლად იყავით და ნუ იქნებით გულუბრყვილონი. იყავით წინდახედულნი და არა მიმნდობნი. მოენდეთ ღმერთს და ნუ მიენდობით ადამიანებს, ნურც საკუთარ თავს.
***
რჩევა მქადაგებლებს: მქადაგებლობითი მორჩილების დაწყებისთანავე ნუ შეუდგებით ადამიანების მხილებას – ამის დროც მოვა. ღმერთმა მოსეს ჯერ რჯული მისცა, მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ წინასწარმეტყველნი და დაიწყეს მხილება.
***
გამოცდილება დიდი რამ არის, მაგრამ მისი შეძენა ხდება არა სწავლით, არამედ ტანჯვით.
***
იმისათვის, რომ შენი სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, არსებობს სამი პირობა: პირველი – თავად უნდა იყო მართალი, თუ არა და, რას ითხოვ? მეორე – იპოვო ის, ვისაც შეუძლია დაგეხმაროს შენი უფლებების დაცვაში. თუ ამას მოსთხოვ ადამიანს, ვისაც ეს არ ძალუძს, არაფერი გამოგივა. მესამე – თუ იპოვე კაცი, რომელიც შეძლებს, ხელი შეგვიწყოს სამართლიანობის მიღწევაში, დაარწმუნე იგი შენს სიმართლეში.
***
ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, და არა ისეთები, როგორებიც ჩვენ გვსურს, რომ იყვნენ.