№19 სიძლიერე და წარმატება
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ წარმატებას ნებისმიერი ადამიანი მიაღწევს. ძალაც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს. თუ ჩვენ ამ ძალას ზედაპირზე ამოვიტანთ, ყოველდღიურობაში ჩვეულებად ვაქცევთ, წარმატებაც არ დააყოვნებს.
მოინდომეთ, გაითავისეთ პრინციპები, რომლებსაც ფსიქოლოგები გვთავაზობენ და აუცილებლად გახდებით ის, რაც გსურთ.
* არასოდეს გქონდეთ სხვისი იმედი. ჯერ ერთი, არავინ არაფრით არის თქვენ წინაშე ვალდებული. დახმარების თხოვნა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ნუ დაავალდებულებთ. უარს გეტყვიან და გეწყინებათ;
* დაისახეთ მკაფიო და კონკრეტული მიზანი. ნაბიჯ-ნაბიჯ დაიპყარით პატარ-პატარა სიმაღლეები. ყველაფერს ერთბაშად ნუ მოეპოტინებით. დაიწყეთ იმით, რაც ყველაზე იოლად და სწრაფად გამოგივათ;
* ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. განეწყვეთ წარმატებისთვის. დღეს არ გამოგივიდათ? არ არის პრობლემა – ხვალ გამოგივათ;
* აიმაღლეთ თვითშეფასების კრიტერიუმი. თუ ის დაბალი იქნება, არაფერი გამოგივათ. ისწავლეთ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია;
* იარეთ მხოლოდ წინ. უკან მოხედვა საჭირო არ არის. მით უფრო, სინანული და თვითგვემა;
* გახსოვდეთ – ბედნიერებას სხვის უბედურებაზე ვერ ააგებთ;
* ნუ შეგეშინდებათ, ხელის ერთი მოსმით რადიკალურად შეცვალოთ ცხოვრება. იფიქრეთ წინასწარ. გააანალიზეთ თქვენი ნაბიჯები და რაციონალურად გამოიყენეთ დრო, იფიქრეთ პოზიტიურად და ყველაფერი გამოვა.
სიყვარულზე
დამოკიდებულება
დამოკიდებულება
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სიყვარულზე დამოკიდებულება იგივეა, რაც დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე ან აზარტულ თამაშებზე. შეყვარებულს თუ გვერდით თავისი რჩეული არ ჰყავს შფოთავს, მოუსვენრობს, შრომის უუნარო და ზოგჯერ არაადეკვატურიც კი ხდება.
სიყვარულზე დამოკიდებულების ტიპური შემთხვევა: ერთი მუდამ იტანჯება, მეორე – თითქმის მუდამ გულგრილია.
სიყვარული მშვენიერია, როცა მას სხვა გრძნობაში – სიყვარულზე დამოკიდებულებაში არ ურევენ. ესეც ისევე გავრცელებულია, როგორც, მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულება. იმ განსხვავებით, რომ სიყვარულზე დამოკიდებულების დროს არავის ეუბნებიან, იმკურნალეო.
ყველამ უნდა იცოდეს მთავარი განსხვავება სიყვარულსა და სიყვარულზე დამოკიდებულებას შორის, რაც ხშირად ერთმანეთში ერევათ. აი, მთავარი განსხვავებები:
* სიყვარულის გამო ადამიანის ცხოვრება პარალიზებული არ ხდება, პირიქით, მას სიხარული მოაქვს – ეს ძირითადი განმასხვავებელია;
* საყვარელი ადამიანი გვერდით არის თუ მოშორებით, სიყვარული მაინც არსებობს და ეს უკვე კარგია;
* სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, მიხედოს თავის კარიერას და ცხოვრებით დატკბეს. როდესაც ადამიანს უყვარს, ის ლამაზდება, ახალგაზრდავდება, თვალები უბრწყინავს, რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა უნდა, მაგრამ, ამასთან ერთად, ცხოვრებაში სხვა რამეც აინტერესებს, სწორედ ეს განასხვავებს მას სიყვარულზე დამოკიდებულებისგან, როცა ადამიანი ამბობს — „მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ“.
სიყვარულზე დამოკიდებულება, ესაა სურვილი, მიეწებოს მის რჩეულს და არასდროს არსად გაუშვას. სიყვარულზე დამოკიდებული, ეგრეთ წოდებული, შეყვარებული იკლებს წონაში, იტანჯება, ავადმყოფობს – ბუნებრივი „ლომკა“ აქვს და ყველაფერს აკეთებს, როგორც ნარკომანი ან ალკოჰოლიკი, რომ თავისი საყვარელი ადამიანი ნახოს: ურეკავს დღეში 50-ჯერ, წერს წერილებს, სადარბაზოსთან უდარაჯდება… სიყვარულზე დამოკიდებულება – ეს ყოველთვის ტანჯვაა, მაშინაც კი, თუ საყვარელი ადამიანი გვერდითაა.
შეყვარებულები თავს კარგად გრძნობენ იმით, რომ ცხოვრებაში ასეთი დიდებული გრძნობა ეწვიათ.
* თუ უპასუხო სიყვარულია, ეს უკვე დამოკიდებულებაა. სიყვარული ავითარებს შეყვარებულთა პიროვნებებს, რაც დადებითად აისახება კარიერაზე, სწავლაზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე;
* დამოკიდებულება უცბად აღმოცენდება, სიყვარული კი ეტაპობრივად ვითარდება.
* დამოკიდებული არ ენდობა საყვარელ ადამიანს. მას ეშინია, რომ მიატოვებენ, სულ ნერვიულია, იტანჯება. მზადაა, თავი მსხვერპლად შესწიროს, ოღონდ მან დააფასოს და მისი ერთი მზერა დაიმსახუროს.
* ურთიერთობებისას ხშირად ეშინიათ, რომ მიატოვებენ. ზედმეტად მგრძნობიარე არიან კრიტიკის მიმართ, მზად არიან, მათ დაექვემდებარონ, დაეთანხმონ, ოღონდ მათგან მოწონება დაიმსახურონ. რადგან ძალიან ეშინიათ უარყოფის. მათ თავდაჯერებულობა აკლიათ, საკუთარ ღირსებებს აკნინებენ და ჩაციკლული არიან თავიანთ ნაკლოვანებებზე.
რაც ცხოვრებაში
გინდათ
გინდათ
ამბობენ, რომ ზოგჯერ, უბრალოდ, არ ღირს დახმარების ხელი გაუწოდო ადამიანს. საქმე ისაა, რომ ადამიანები ამას არაერთგვაროვნად აღიქვამენ. ამიტომ სანამ სხვის დახმარებას გადაწყვეტთ, მანამდე დაფიქრდით – ამ ადამიანს რეალურად სჭირდება დახმარება? ითხოვს ის ამას და მზად არის იმისთვის, რასაც თქვენ სთავაზობთ? წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. ის განაწყენდება, რომ უუნაროდ მიიჩნიეთ, თქვენ კი მას „უმადურად“ მონათლავთ.
აუცილებელია გავაცნობიეროთ, ერთი ნიუანსიც – იქნებ ის ადამიანი თავის „პრობლემებში“ საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობს თავს.
საბოლოოდ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ლაგდება არა ლოგიკურად, არამედ ისე, თუ რა ჰგონია კონკრეტულ ადამიანს, რა აქვს წარმოსახვაში და რისი სჯერა მას.
ამიტომ, ლოგიკურად კი ნუ უმტკიცებთ საკუთარ თავს რაღაცებს, თქვენს წარმოსახვას, ქვეცნობიერს დააჯერეთ და ყოველდღე ხმამაღლა უმტკიცეთ საკუთარ თავს ის, რაც გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს და ეს მოხდება.
მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რა გინდათ, რადგან როცა თქვენი ოცნება ახდება, იმედგაცრუებული არ დარჩეთ და მერე არ იწუწუნოთ.