კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ არის საქართველოს უსაფრთხოება სასიცოცხლოდ დამოკიდებული თურქეთის პოლიტიკურსა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამ ქალაქში – ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში – ერდოღანის ოპოზიციამ გაიმარჯვა, რაც ეგრეთ წოდებული ქემალისტებისთვის იმედის მომცემია, იმ მხრივ, რომ იქნებ თურქეთის ისლამიზაცია შეაჩერონ (რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა სამხედრო ელიტის ფაქტობრივი განადგურებით ერდოღანის არშემდგარი გადატრიალების საბაბით თუ მიზეზით). ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან, ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თურქეთის მიერ საერო გზიდან გადახვევისა და მისი კვლავ ათა თურქის მიერ არჩეულ საერო გზაზე დარჩენის შემთხვევებში, რადგან თურქეთი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, აქედან გამომდინარე კი, იქ მიმდინარე პოლიტიკური რყევები პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოს საფრთხე-უსაფრთხოებასთან.
– მართლაც ასეთი ძლიერია ოპოზიციური ტალღა, რომ ერდოღანის აბსოლუტური მმართველობისა და სამხედროების მასობრივი და პერმანენტული დაპატიმრებების ფონზე მაინც მოახერხა ოპოზიციამ სამ დიდ ქალაქში და, რაც მთავარია, დედაქალაქში გამარჯვება?
– მგონია, რომ ერდოღანი და მმართველი პარტია ზედმეტად იყვნენ დარწმუნებულები გამარჯვებაში. თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, მართალია, როგორც ჩრდილო კორეაში, 99 პროცენტით არ ლიდერობდნენ ერდოღანი და მისი პარტია, მაგრამ აპრილის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი მეტყველებს, რომ მათი რეიტინგი მოსახლეობის თვალში ეცემა. ეს შეიძლება, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდებოდეს. ძირითადად მაინც ეკონომიკურ ფაქტორს გამოვყოფდი, რამაც ბოლო წლების განმავლობაში ძლიერ დააზარალა თურქეთის მოსახლეობა. წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ურთიერთობა დასავლეთთან კიდევ უფრო გამწვავდა. ამას დაემატა სირიელი ლტოლვილების ნაკადისთვის ევროპისკენ მიმართულების მიცემა, რამაც ევროპის ეროვნული უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენა და ამაში ევროკავშირი თურქეთს სდებდა ბრალს.
– ანუ დასავლეთმა ბოლო წლებში თურქეთს ფინანსური ნაკადები შეუზღუდა?
– თურქეთი ინტეგრირებულია დასავლურ პროექტებში, დასავლეთის ბიზნესი აქტიურად იყო წარმოდგენილი თურქეთში და ეს ფინანსური ნაკადები შემცირდა, რაც აისახა თურქეთის ეკონომიკაზე. თან, პუტჩის შემდეგ ათობით ათასი ადამიანი, ჟურნალისტები, ლექტორები, საზოგადო მოღვაწეები, სამხედროები დააკავეს. ათობით ათასი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდანაც. სახელმწიფო აპარატის ასეთი წმენდა და სტრესული მდგომარეობა, პერმანენტული არასტაბილურობა თურქეთის საზღვართან სირიის ომის გამო ამძიმებდა მდგომარეობას. ერდოღანის ძირითადი კონკურენტები იყვნენ ქემალისტები, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აიღეს რევანში. ერდოღანის პარტიას მერობის პოსტზე გასული საუკუნის 90-ანი წლების შუა წლებიდან არ წაუგია არჩევნები. თავისთავად, ასეთი წარუმატებლობა ერთგვარად დამაფიქრებელია, რას გადაწყვეტს ელექტორატი 2023 წელს. შეიძლება, დემოკრატიული გზით და არა პუტჩით შეიცვალოს ხელისუფლება. იცით, რომ თურქეთის ისტორიაში რამდენიმე სამხედრო გადატრიალება იყო, როდესაც სამხედროებმა აიღეს ხელში ძალაუფლება, როდესაც ხელისუფლებას ჩამოაშორეს მათთვის არასასურველი მმართველები, შემდეგ კი არჩევნების გზით გადააბარეს ხელისუფლება.
– ანუ ერდოღანის ეკონომიკური სასწაული მინავლებისკენ წავიდა?
– დიახ, ეს უკვე აისახა საშუალო ფენის შემოსავლებზე და თუ დავაკვირდებით, ერდოღანი, როგორც არჩევნების შედეგიდან ჩანს, ეყრდნობა პროვინციებს და არა – ძირითად ქალაქებს, რომლებიც თურქეთის ინტელექტუალური, კულტურული და პროევროპული სეგმენტია. ოპოზიციური პარტიებიც უფრო მობილიზდნენ, ხელისუფლება კი მაინც თვითდაჯერებული იყო, რომ ერდოღანის ავტორიტეტი იმუშავებდა, მაგრამ დედაქალაქის, ძველი დედაქალაქის, იზმირის დაკარგვა, ცხადია, უკვე ერდოღანის ოპოზიციას ჰმატებს თვითდაჯერებულობას. ერდოღანის პარტია 2002 წლიდანაა ხელისუფლებაში და, ალბათ, თავიც ამოწურეს. 2023 წლის არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და, ვფიქრობ, თურქეთის ხელისუფლებამაც ამოწურა თავისი რესურსი. მასობრივმა რეპრესიებმა თურქ საზოგადოებაში უფრო მეტი უნდობლობა გააჩინა, ვიდრე მადლიერება, რომ ხელისუფლებამ აღკვეთა სამხედრო გადატრიალება. იმიტომ რომ პუტჩის შემდეგ ზედ მიაყოლეს ისეთი ხალხი, რომლებიც, ფაქტობრივად, არც იღებდნენ მონაწილეობას გადატრიალებაში, ციფრებს გეტყვით: სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს 160 000 ადამიანი, აქედან 70 000-მდე დღემდე ციხეშია და 155 ადამიანს ბრალი დასდეს ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, 2016-2018 წლებში 120 000 ადამიანზე მეტი გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან, 7 000 – საგანმანათლებლო სფეროდან, 12 000 – სამართალდამცველი სტრუქტურებიდან. დაიხურა 117 გაზეთი, გამომცემლობა, რადიო და ტელეარხი.
– ანუ ერდოღანის ძალაუფლების შერყევა ამ უკმაყოფილებამაც გამოიწვია?
– მოსახლეობაში უკმაყოფილება დაგროვდა და იდეოლოგიური მოწოდებებით ვერ დააკმაყოფილებ. ამ უკმაყოფილების ფონზე კი სახელმწიფო აპარატიც ზრდის რეპრესიებს უკმაყოფილოების წინააღმდეგ და ასეთ ვითარებაში ელექტორატმაც არჩევნების გზით გამოხატა თავისი დამოკიდებულება. ერდოღანიც შოკირებული იყო შედეგით, თუმცა განაცხადა, მათ  კი მოიგეს ქალაქები, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ სოფლებიო. ანუ თავად გამოყო სეგმენტი, სადაც მას მხარს უჭერენ. ასეთი გამონათქვამია – ვინც აკონტროლებს სტამბოლს, ის აკონტროლებს მთელ თურქეთსო და მმართველ პარტიას უკან დაუბრუნდა თავისივე ლოზუნგი.
– მაგრამ ერდოღანმა შეიძლება, სწორედ ამ შედეგის გამოც დაუპირისპიროს უფრო მეტი რეპრესია ელექტორატს?
_თურქეთი არ არის თეოკრატიული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია გეგმაზომიერად მიჰყვებოდა ისლამიზაციის პროცესს. სამხედრო სტრუქტურებიდან განდევნეს ქემალისტები და წამოვიდა ახალი ეგრეთ წოდებული ისლამისტური ბურჟუაზია, რომლებზე დაყრდნობითაც მეფობენ ერდოღანი და მისი პარტია. ჰქონდა ერდოღანს რესურსი, რომ სტამბოლი არ დაეკარგა, მაგრამ არხეინად იყვნენ. ძალაუფლებამ თავში ავარდნა იცის: პუტჩი ჩაახშვე, სირიაშიც შეიჭერი, რუსეთთან ურთიერთობას ალაგებ, ეს აქვეითებს ადეკვატურად აღქმის უნარს.
– ერდოღანი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, უპირისპირდება „ნატოს“, აშშ-ს, წინააღმდეგობრივი მეგობრობა აქვს პუტინთან და ასეთივე წინააღმდეგობრივი ურთიერთობა – ირანთან. აქვს ქურთების პრობლემა და იცის, რომ თურქეთის დაშლის გეგმა არსებობს და ამ გეგმის თანაზიარები არიან მისი დასავლელი პარტნიორებიც. მან უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლებაც და თურქეთის მთლიანობაც. აქვს რესურსი, რომ ამ პრობლემებს გაუმკლავდეს?
– ქურთული ფაქტორი თურქეთში ოსმალეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ გამწვავდა, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა არ შეუწყვეს ხელი დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნას. ქურთების განსახლების არეალი მოიცავს ოთხ სახელმწიფოს და თუ მათ მოინდომეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, ეს უნდა შეეხოს ოთხ სახელმწიფოს. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ერთიანი ქურთული ეთნოსი არ არსებობს, იმდენად არიან გახლეჩილები ტომობრივად, უფრო ერთიანი ქურთული იდეა არსებობს. ანუ ოთხი სახელმწიფო უნდა დაინგრეს და აქედან ორი უკვე დანგრეულია – ერაყი და სირია, დანარჩენ ორს, თურქეთსა და ირანს, უზარმაზარი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი აქვს. ასეთ სიტუაციაში მოქმედებს პრინციპი – ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მეგობარია და თურქეთი მხარს უჭერს ირანს, რადგან ირანი მხარს არ უჭერს თურქეთის დაშლას ქურთული ფაქტორის გამოყენებით და თურქეთიც ხედავს, რომ ამ საკითხში ირანი შესაძლოა, გახდეს ერთადერთი მოკავშირე. მეორე მხრივ, ქურთები არიან ისრაელის ბუნებრივი მოკავშირეები – არ არიან ისლამისტები, არც რადიკალები და ნებისმიერ სიტუაციაში ქურთი ყოველთვის მიიღებს ისრაელისგან მხარდაჭერას და თავადაც მხარს დაუჭერს ისრაელს. ბოლო წლებში თურქეთ-ისრაელის გამწვავებული ურთიერთობები ამასაც უკავშირდება. თუმცა ისრაელისა და თურქეთის ეკონომიკური პროექტები გრძელდება. საერთოდ, პოლიტიკაში ძალიან უცნაური რამეები ხდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა თამაშობს. თურქეთი შეცდა, როდესაც ფსონი სირიის შეიარაღებულ ოპოზიციაზე დადო. ვერ გათვალა ასადის ხელისუფლების სიმტკიცე, რუსეთისა და ირანის მზაობა, უშუალო ჩარევით დაეცვათ თავიანთი ინტერესები სირიაში და სუნიტური ნავთობკომპანიების პრინციპულობა. იმდენი ხოცეს ერთმანეთი, მგონი, ამდენი „ბოევიკი“ ბაშარ ასადს არ დაუხოცავს. თურქეთი, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა და მისი ანტიდასავლური განცხადებები არა მარტო ევროკავშირში არმიღების, არამედ სირიაში მარტო დატოვების გამოძახილია. ეს რუსეთმა გამოიყენა და თურქეთს თავისკენ ქაჩავს. ფაქტია, რადგან თურქეთი სირიაში მარტო დარჩა, გადაწყვიტა, დაახლოებულიყო რუსეთთან და ირანთან. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ეხმაურება აშშ-ს მკაცრ განცხადებებს და მხარს უჭერს ირანს. იმავენაირად რეაგირებს ირანიც – დაუძინებელი მტრები არიან, მაგრამ გადასარჩენად თანამშრომლობა სჭირდებათ. ერთმანეთის ჩაძირვით ვერ გადარჩებიან.
– ჩვენზე როგორ აისახება ის პოლიტიკური რყევები, რაც თურქეთში ხდება ახლა და მოსალოდნელია მომავალში?
– რამდენი საუკუნეა, თურქეთი ჩვენი მეზობელია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორი ხელისუფლება იქნება თურქეთში, თუმცა უკეთესია, თუ თურქეთი დარჩება პროევროპულ და დემოკრატიულ ქვეყნად, არამედ სტაბილურობა. თურქეთის ისლამიზაცია იმავე ფორმით, როგორც ირანში მოხდა, ვერ გამოვა, იმიტომ რომ ირანის ხელისუფლებაში სასულიერო ფენა მოვიდა. თურქეთში მსგავსი რამ ვერ მოხდება, მასშტაბური რეპრესიებისა და ეტაპობრივი ისლამიზაციის მიუხედავად. დაძაბულობა თურქეთში საქართველოს დაასამარებს. მთელი ჩვენი ეკონომიკა მიბმულია თურქეთის ეკონომიკაზე. მაგალითად, საზღვარი წლობითაც რომ ჩაიკეტოს, ისრაელი ყველაფრითაა უზრუნველყოფილი. ჩვენთან კი პირიქითაა – თუმცა ყველაფერი გვაქვს! დიდი ნიჭი უნდა იმის მოხერხებას, რომ ამდენად იყო დამოკიდებული იმპორტსა და სხვა ქვეყნებზე.
  ეკონომიკურად ასეთი დამოკიდებულება თურქეთზე ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ სხვა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, შენით იმანიპულიროს. ვთქვათ, თურქეთს რაღაც საკითხში დასჭირდა საქართველოს მხარდაჭერა, შენ ეუბნები უარს, ის გიკეტავს ამ წყაროს და დამთავრდა. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, თურქეთში შენარჩუნდეს სტაბილურობა, იქნება ეს ქემალისტების თუ არსებული ხელისუფლების პირობებში. ნებისმიერი რყევა და შიდა დაძაბულობა საქართველოზე აისახება.

скачать dle 11.3