კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ვინ დააყენა მაია სტეფნაძის ცხოვრება თავდაყირა და როგორ დარჩა ის ორსული უკაპიკოდ

ნინო კანდელაკი თამუნა სამადაშვილი

  მაია სტეფნაძის მესამე „რაუნდი“ „იმედში“ სკანდალით დასრულდა. ცნობილი ტელეპროდიუსერი, რომელიც 5 წლის განმავლობაში სატელევიზიო სივრცის ყველაზე რეიტინგულ შოუს – „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ – ქმნიდა, საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში გააგრძელებს. სამი „საბედისწერო“ პოსტი სოციალურ ქსელში და საკრალური ციფრი 5 – მაია სტეფნაძე კადრს მიღმა დარჩენილ მოვლენებზე და „იმედთან“ დაკავშირებული სკანდალის დეტალებზე ექსკლუზიურად, გულწრფელად საუბრობს.
მაია სტეფნაძე: ეს ამბავი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, ის, რასაც მოწმენდილ ცაზე გასროლა ჰქვია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე არ ვარ პასიური ადამიანი, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე გამოსვლა მქონდა შოუებში, კონკრეტულად ინგა გრიგოლიას გადაცემებში, სადაც რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი, მათ შორის, საკმაოდ მწვავედ გამოვხატე ჩემი პოზიცია. ამას „იმედის“ ხელმძღვანელობისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, შენიშვნის დონეზეც კი – ცოდვას ვერავის დავწამებ. ზუსტად ეს მაფიქრებს, რატომ გახდა მაინცდამაინც ჰესებთან დაკავშირებული თემა, ჩემი გამოსვლა აქციაზე და ჩემი პოსტი სოციალურ ქსელში, ჩემი გათავისუფლების მიზეზი, იმ მოტივით, თითქოს „იმედის“ კორპორატიული ინტერესები დავარღვიე. ამისი დაჯერება, ცოტა არ იყოს, მიჭირს. ჩემი აზრით, ეს არის საბაბი, რომელიც ამ ტელევიზიამ გამოიყენა ჩემთან მიმართებაში.
– რატომ?
– არ ვიცი, მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება დირექტორის გადაწყვეტილება არ არის და სხვაგან მიიღეს. მაგრამ ამაზე რომ ამ ეტაპზე ხმამაღლა ვისაუბრო, მერე ეს ხელისუფლება ცილისწამებისთვის სასამართლოში მიჩივლებს და ამ სიამოვნებას არავის მივანიჭებ. როდესაც საუბრობ, როგორც თოქ-შოუს სტუმარი, სხვა თემაა, მაგრამ როდესაც პარლამენტის წინ, აქციაზე დგახარ და იძახი, რომ მხარს არ უჭერ ფულის ტომრებს და თანადგომას უცხადებ პანკისელებს, ეს უკვე მათთვის წითელი ხაზების გადაკვეთა აღმოჩნდა. მე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვარ, ბევრი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ისტორიას ვასწავლიდი. ჩემი მშობლები ისტორიკოსები იყვნენ. ჩემთვის სამშობლოს სიყვარული არ არის საიდანღაც მოტანილი ხელოვნური სიტყვა, შესაბამისად, როდესაც დავინახე მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა და მთელი ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა, მივხვდი, რომ ან ყველა ერთად ვიღუპებით, ან ყველამ ერთად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. იმ დღეს რომ ამ თემაზე ხმა არ ამომეღო, ალბათ, გული გამისკდებოდა.
– ხუთი წელი მუშაობდი „იმედში“, რომელიც ცნობილია, როგორც სახელისუფლებო კურსის არხი, აქამდე მსგავსი „წითელი ხაზები“ არ ყოფილა?
– ამას წინათაც ვთქვი, როდესაც დაიბლოკა პროფკავშირებთან დაკავშირებული „პრაიმშოუს“ ძალიან მაგარი გადაცემა და მე სიტუაციაში გარკვევა ვცადე, მაშინდელმა დირექტორმა ისიც კი არ ინება, რომ ჩემი სატელეფონო ზარებისთვის და ესემესებისთვის ეპასუხა. ჩემი შინაგანი პროტესტი გამოვხატე იმით, რომ 2 თვეში „პრაიმშოუდან“ წამოვედი. ძალიან გთხოვთ, ეს თემა და ისრები არ გადაიტანოთ ნოეზე, რომელიც ახლა ამ გადაცემის მთავარი პროდიუსერია, ის არაფერ შუაშია. ვცადე სიტუაციაში გარკვევა, ვერ გავარკვიე, თუმცა ჩავთვალე, რომ ეს არ იყო გარეთ გამოსატანი პროცესი და  რასაკვირველია, გარკვეული „თამაშის წესები“ დავიცავი, რომელსაც ჩვენ, ყველა ვემორჩილებით. მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას გადაცემით, რომელსაც ვაკეთებდით მთელი ჯგუფი. არხი ხელფასს მიხდიდა ჩემს მუშაობაში და არა იმაში, რომ მათთვის კუდი „მეწია“. არც ყოფილა ასეთი დავალება და არც მე ჩამითვლია საჭიროდ, რადგან „იმედზე“ ვმუშაობდი, მათი მომხრე ვყოფილიყავი. 2003 წლიდან ინგა გრიგოლიას პროდიუსერი ვიყავი. მაშინ პასუხისმგებლობას მეც ვინაწილებდი, რადგან ის კადრები ჩემი ხელით გადიოდა ეთერში, ასე რომ, მე ვერავინ მომიბრუნდება და მეტყვის, რომ აქამდე ჩუმად ვიჯექი და რომ გამომიშვეს, მაშინ ამოვიღე ხმა. მე ვამზადებდი ახალ სოციალურ პროექტს, რომელიც დღე-დღეზე უნდა ჩაშვებულიყო და როგორ ფიქრობთ, მე ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაფერს საფრთხის ქვეშ ვაყენებდი?
– ძნელი წარმოსადგენია, ასეთი გამოცდილების ადამიანი ამას ვერ მიხვედრილიყავი. არსებობს ვერსია, რომ სპეციალურად წახვედი ამაზე, ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, პოლიტიკაში აპირებს გადასვლასო.  
–  არა. რა პოლიტიკა? სათქმელი ბევრი მაქვს, პოლიტიკური მიზნები – არა. რაც შეეხება ვერსიას, რომ ეს სპეციალურად გავაკეთე, რომელი ადამიანი დააყენებს საფრთხის ქვეშ კარგ ხელფასს, მდგომარეობას, მით უმეტეს, როდესაც მაქვს უზარმაზარი კრედიტი? ნუ ავიწყდებათ ადამიანებს, რომ მე ვარ სამი შვილის დედა. ჩემთვის მხოლოდ პური არ არის ცხოვრება, ჩემთვის ცხოვრება არის ის პრინციპები, რომელსაც ვერ ვთმობ. როგორ გგონიათ, „იმედის“ დირექტორის კაბინეტში, როდესაც მან მითხრა, რომ გათავისუფლებული ვიყავი, ჩემი კრედიტი და ვალდებულები არ გამახსენდა? თავში მომხვდა კი არა, კინაღამ ადგილზე მომკლა ფიქრმა, ვაიმე, ჩემო უზარმაზარო კრედიტო, ახლა რა გეშველება! (იცინის) ამ კრედიტით ვიყიდე ეს ბედნიერი ბინა, რომელშიც ერთი წელია, ჩემს სამ შვილთან ერთად ვცხოვრობ. შემეშინდა, მაგრამ ჩემს შიშებზე მაღლა დავდექი. მე სხვანაირი მოწყობის ადამიანი ვარ. დაუნდობლობაა, დირექტორმა ამისთვის რომ გამწირა. სწორედ ამიტომ გავავლე პარალელი ია კერძაიას ისტორიასთან. როდესაც ხარ მმართველი და ასე სანაგვეზე გადააგდებ შენს ღირსეულ თანამშრომელს, ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა.
– რას ფიქრობ, როგორ წარიმართება სასამართლოში შენი დავა „იმედთან“?
– პირდაპირ ვამბობ, პირველი აზრი, რაც გათავისუფლების შემდეგ დამებადა, ის კი არ იყო, რომ სასამართლოში გავიქცე, დავიცვა ჩემი უფლებები და აღვადგენინო თავი, 98 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება, სასამართლო დავა ვერ მოვიგო. ეიფორიაში მყოფმა მექანიკურად მოვაწერე ხელი განცხადებას თუ შეთანხმებას, ახლაც არ ვიცი, რა იყო. მე ვიყავი და ვარ აღშფოთებული იმის გამო, რომ 21-ე საუკუნეში სამსახურიდან გიშვებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი დააფიქსირე. მე, როგორც ძლიერი ადამიანი, წავალ სასამართლოში და გავაკეთებ იმას, რომ მათ ვეღარ გაბედონ, სხვებსაც ასე უხეშად შეეხონ. კანონით, ორი თვის კომპენსაცია ეკუთვნის ყველა თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან მიდის და შესაბამისად, მეკუთვნის მეც. ამაზე საუბარიც არაა, აქ მთავარია, ადამიანის, მედიიის წარმომადგენლის სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, რაც ძალიან საშიშია.
– „TV პირველის“ მფლობელის მიმართ გამოხატული კომპლიმენტებიც, კორპორატიული ინტერესების დარღვევად ჩაგეთვალა.
– პირადად ვატო წერეთელს გამარჯობითაც არ ვიცნობდი, ის არის „TV პირველის“ მფლობელი. ამ ტელევიზიაში მუშაობს ინგა გრიგოლია, რომელიც ჩემთვის პრინციპული ადამიანია, ვისთან ერთადაც თამამად, თვალდახუჭული წავალ ბრძოლის ველზე. მე ვარ მოწმე, როგორი აკანკალებული გამოდიოდა ხოლმე ეთერიდან, მაგრამ უკან არასდროს დაუხევია, საქმე ყველაზე და ყველაფერზე წინ ჰქონდა დაყენებული. ამ არხზე მუშაობს დიანა ტრაპაიძე, რომლის ჟურნალისტურ სიტყვას ჩემთვის დიდი წონა აქვს. აქ მუშაობს ნინო ჟიჟილაშვილი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მე „იმედში“ არ მყოლია ასეთი ფავორიტები, იქ მყავდა მეგობრები.
– როგორ გაგრძელდება „გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსი“, დახურვის საფრთხე ხომ არ დაემუქრება?
– არ ვიცი, რატომ უნდა დაიხუროს გადაცემა, რომელიც ყველაზე მაღალ რეიტინგს დებს? ჩემი წამოსვლის შემდეგ „პრაიმშოუ“ დაიხურა? ჩემი მთავარი გამარჯვებაც ეს არის – ისეთ სისტემაზე ვაწყობ გადაცემას, რომელსაც ჩემი წასვლის შემდეგ შესაძლოა, დააკლდეს რაღაც ელემენტები, მაგრამ არის შემდგარი, გამართული და არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
– სად მიდიხარ?  
– ჯერ წარმოდგენა არ მაქვს. ერთი კვირა არ არის ის დრო, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. რასაკვირველია, წავალ ტელევიზიაში, თუმცა კონკრეტულად სად გავაგრძელებ საქმიანობას, არ ვიცი. ამ წუთას საომარ მდგომარეობაში ვარ, მოვა მაგის დროც. ის, რომ მაია სტეფნაძე წავიდა ტელევიზიიდან და ამათ დაუტოვა ფუფუნება – მაია სტეფნაძე მოვიცილეთო, ასე არ იქნება. ვერ მომიცილებენ. წასვლა არაა პრობლემა. მე უფრო მძიმე „წასვლებიც“ მქონია. ჟურნალისტიკაში 1996 წლიდან ვარ. იმ პერიოდში უნივერსიტეტში, ძალიან დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი, მაქსიმალური, რაც უნივერსიტეტში ამიღია, 120 ლარი იყო. საინფორმაციო სააგენტო „პრემიერში“ დავიწყე მუშაობა, რომ ჩემი შემოსავალი გამეზარდა. მერე ჩემი გრძელი ენის გამო უნივერსიტეტიდან გამათავისუფლეს, ოღონდ ძალიან „კულტურული“ მოტივით – კონკურსი ვერ გაიარეო, გაუხსნელი დოკუმენტები დამიბრუნეს. ასე ხისტად მათაც კი არ გავუშვივარ. ტელევიზიაში 2003 წლიდან გადავედი. მე ოპტიმისტი ვარ, არასდროს ვიხევ უკან.  ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც მოხდა ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ამ დღეებში  დავინახე და მივხვდი, რომ ძალიან სწორად მიცხოვრია. უდიდესი თანადგომა მივიღე საზოგადოებისგან. ისეთმა ადამიანებმა დამირეკეს და თანაგრძნობა გამოხატეს, რომ პატარა ბავშვივით სენტიმენტებსა და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ეს დღეები ჩემი სახლი სავსეა მეგობრებით. ძალიან მიდგას გვერდით ჩემი ოჯახი, მათ შორის, ჩემი ავსტრალიელი სიძე, რომელიც ძალიან დაიბნა, ჩემს სახლში რომ ნახა ყველა, ვისაც ტელევიზიით ხედავდა. შემომთავაზა, წამოდი ავსტრალიაში, პოლიტიკურ თავშესაფარს მოგცემენო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე ერთი წამითაც არ მიფიქირია. მე ჩემს ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო. ერთადერთი კომპრომატი, რასაც საცოდავი „ტროლები“ გამოხატავენ, არის: „რას ჰგავხარ, ბეგემოტო, ბაბაიაგა!“ ეს არ მანერვიულებს, პირიქით... მახსოვს, როდესაც ბოლოს ჩემი და ინგას გადაცემა დაიხურა, ორსულად ვიყავი ლიზიზე, არ მქონდა დაზღვევა, არ მუშაობდა ჩემი ქმარი, დავრჩი უმუშევარი, უკაპიკო. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, მაია შენ იცხოვრებ ასეთ კარგ სახლში, გეყოლება წარმატებული შვილები, ანგელოზი 10 წლის ქალიშვილი, რომელმაც მთლიანად შეცვალა და კარგი გაგებით, თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ცხოვრება გაგრძელდა, მას შემდეგ, იყო ძალიან ბევრი ბედნიერი დღე და ვიცი, რომ წინ კიდევ ბევრი ბედნიერება მელის.




скачать dle 11.3