კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ მიხვდა თიკა ანდღულაძე მკვლელის მოძრაობის ტრაექტორიას და რატომ დევნიდნენ მას

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

„მაესტრო ისტორიის“ ავტორისა და წამყვანის, თიკა ანდღულაძის ცხოვრება საინტერესო და ხიფათიანი თავგადასავლებით არის სავსე. თიკა  მუშაობდა „პირველ არხზე“, „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურში – სულ საგამოძიებო თემებზე, მიჰყავდა „სელფი-მაესტრო“, სადაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ და ამ გადაცემებს უამრავი თავგადასავალი ახლდა, რაზეც თიკა თავად გვიამბობს.
თიკა ანდღულაძე: ცხოვრებაში ხიფათიანი უფრო პროფესიულად ვარ. ყველამ იცის, რომ თუ გადაღებაზე გავდივარ, ან მე მოვახდენ ხიფათს, ან მოხდება. ერთხელ მღვდელთან გამიშვეს – დაისვენე, მამაოსთან წადიო და ის მამაოც განდეგილი აღმოჩნდა. მრევლი დამესია და ისეთი სკანდალი გამოვიდა, მერე დღის შოუ გახდა. 15 წლიდან „დილის გაზეთში“ დავიწყე წერა. საქართველოში ალსუ იყო ჩამოსული და პირველივე დავალება ეს მქონდა, რომ ამხელა, გრანდიოზულ სტადიონზე უნდა წავსულიყავი და შოკში ვიყავი, როგორ გავართმევ თავს-მეთქი. ფორმიანი ბიჭების ავტობუსთან ნიღბიანი „სუსის“ თანამშრომლებს ჩამაბარეს და მაშინ დამებედა ნიღბიან ბიჭებთან თანამშრომლობა.
– მახსოვს, „ჯეობარშიც“ მუშაობდი ჟურნალისტად?
– „ჯეობარში“ ჟურნალისტი ვიყავი. ყოველ ხუთშაბათს ივენთები იგეგმებოდა და ივენთის დღეს მორიგე მე ვიყავი. ერთ-ერთ საღამოს ისე მოხდა, რომ შემოჰყავთ დიდი პითონი. ამ გველს ცეცხლზე უნდა ეცეკვა. ყველაზე ძალიან გველის მეშინია. იქ იყო პატარა შუშის ოთახი, რომელშიც მაშინ შევდიოდით, როცა არ გვინდოდა კამერაში გამოვჩენილიყავით, შიგნიდან ყველაფერს ვაკონტროლებდით და გარედან ვერ გვხედავდნენ. იმ ოთახი ვარ შემძვრალი და ჩაკეტილი. აღმოჩნდა, რომ „ჯეობარის“ გამარჯვებული, დეა ადამია დაიკარგა. მირეკავენ: შენ ხომ ვერ ხედავ, მაგრამ შენც სად ხარ, არცერთ კამერაში რომ არ ჩანხართო. მე ვუპასუხე, არ ვიცი, დეა სად არის-მეთქი. ოპერატორს მოუძებნია დეა და ბარის დახლის ქვეშ შემძვრალი უპოვია. აღმოჩნდა, რომ  დეა ადამიასაც ეშინია გველის.  ხაბურძანიამ თქვა, ახლა დეა ჩაწერეთ, მოყვეს, რისი ეშინია... მაგრამ ჟურნალისტიც არ გამოდის, რა გავაკეთოთო. მერე მე ოპერატორი ამეფარა, ოთხით მივედი დეასთან და ორივე იქ ჩავიკუჭეთ. გამოვუტყდი, რომ მეც ძალიან მეშინია გველის. გულწრფელი ინტერვიუ გამოვიდა, მაგრამ ორივე შევთანხმდით, რომ იმ საღამოს არცერთი არ გამოვიდოდით. ბოლოს ხაბურძანიამ გადაწყვიტა, რამდენიმე კადრი მაინც გადაუღეთ პითონსო. ასე ჩავშალეთ პითონ-შოუ „ჯეობარში“.
– თიკა, შენ გქონდა გადაცემა, რომლის მეშვეობითაც უამრავ ქვეყანაში გიწევდა მოგზაურობა და ალბათ, საინტერესო თავგადასავლებიც გადაგხდენია...
– „სელფი-მაესტროს“ ავტორი ვიყავი, რომლის არცერთი გადაცემა თავგადასავლების გარეშე არ დასრულებულა. ჩვენ შემოვიტანეთ მობილური თანამედროვე ტექნოლოგიებში. დღეს ყველა იყენებს მობილურს და სელფით გესაუბრება. მაშინ მთავარი იყო დაუდგმელად მოგვეყოლა. რომ შეგვხვდებოდა, გამვლელიც კი გადაგვეღო, მაგალითად, ორი ფრანგი, რომლებიც თუშეთში მოგზაურობის დროს აღმოვაჩინეთ. იქვე წამყვანი, შეტრიალდა, ჭაჭა მიაწოდა და გადაჰკრეს, თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარეს და ხიდზევე რომ ვაცეკვეთ, ეს იყო ბუნებრივი შოუ.  
ზოგჯერ ჩემს ჟურნალისტებს მოულოდნელად რაღაცებს ვუკეთებდი, რომ მათი რეაქცია ბუნებრივი ყოფილიყო. თუშეთში მოგზაურობისას, თებჟოლიკაზე გვიყვებოდნენ. იქ ჩვენი ჟურნალისტის, თამთას ნათესავი იყო ამოსული, რომელიც იმ დღეს მიდიოდა. ბიჭს ვთხოვე, მოდი, ვითომ წახვედი, მაგრამ რეალურად არ წახვიდე, ხის უკან, სიბნელეში დაიმალე და როცა  ჩაწერისას ვიტყვი – „მადლობა“, შენ უნდა იმოქმედო-მეთქი. რეალურად რა მოხდა? გადავწყვიტეთ სცენის გადაღება ღამე ამ დიდ ტრიალ მინდორში, დავაჭერინეთ თამთას ჭრაქი. მას ჰგონია, რომ მე, ეგ და მხოლოდ ოპერატორი ვართ. თამთა მოგუდული ხმით, ცოტა საშიშად ყვება, რომ თუშეთში ღამით ყველა სახლებშია შეკეტილი, აქ ღამის ცხოვრება არ არის, აქ მხოლოდ თებჟოლიკები არიან... უცებ რაღაც გადმოგორდა, ოღონდ არ ჩანს რა და თამთას ფეხებში ჰკიდებს ხელს. თამთა აკივლდა, ტიროდა და მე მგონი, რამდენიმე კვირა თავის ნათესავს აღარ ელაპარაკებოდა – ეს რა გამიკეთეო. სასაცილო ის იყო, რომ მერე, თუკი რამე გაიფართხალებდა, მეც მეშინოდა. მთელი ღამე გავათენეთ.
პრაღაში ვიღებდით ახალ წელს. ორი კვირით ადრე, საშობაო ზეიმზე იქ ვიყავით. გრანდიოზული იყო. გადამღები ჯგუფის წევრებს ვეუბნები: თქვენ თუ ამას და ამას შეასრულებთ, სიურპრიზი დაგხვდებათ-მეთქი. ეგონათ, სპონსორმა რაღაც საჩუქარი გამომატანა. ჩუმ-ჩუმად რაღაცებს ვაკეთებდი და უკვირდათ, რას ვაკეთებდი, მათ ოჯახებს ვწერდი: შვილებმა და მეუღლეებმა გააკეთეს ვიდეოჩანაწერები, ახალ წელს ულოცავდნენ. მოვიდნენ და მე დავხვდი ლეპტოპით. ეგონათ, ეს ლეპტოპი იყო საჩუქარი, მაგრამ მოლოცვები რომ ნახეს, ამას ბევრი სიხარულის ცრემლი მოჰყვა.
– როგორ აღმოჩნდი „საკანში“ გია გაჩეჩილაძესთან?
– რობერტ სტურუას „დასში“ რომ ვიყავი, პარალელურად, „პირველ არხზე“ დავიწყე მუშაობა და ჩემს ცხოვრებაში დიდი სკანდალი მოხდა. მე მქონდა ტელეფონით გადაღებული კადრები, რომელიც ტელევიზიაში სპეცნაზის შემოსვლას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი ჟურნალისტიკას გასცდა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩემზე, ოცი წლის გოგოზე, დევნა დაიწყო.  მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მითხრა: შენ უნდა თქვა, რომ ეს მაშინდელმა ოპოზიციამ დაგავალა, რომ გადაგეღოო. საერთოდ, კულტურაზე ვმუშაობდი, არცერთ ოპოზიციონერს და პოლიტიკოსს არ ვიცნობდი და ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. იყო შემოთავაზებები, თუ ამას ვიზამდი, რამდენად კარგი იქნებოდა ჩემთვის ცხოვრება. დღემდე ვამაყობ, რომ მაშინ წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ვუთხარი, ერთი წუთი მოეცათ მოსაფიქრებელი დრო და ხელმძღვანელს მაგიდაზე დახვდა განცხადება წასვლის თაობაზე. მეგონა, ეს ისტორია ამით დასრულდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სახლში დარეკეს: სად ვიყავი, საით გადავაადგილდებოდი, რომ დამიჭერდნენ. სოზარ სუბარიც დაინტერესდა ამ ამბებით. ამის შემდეგ აღმოვჩნდი გიასთან „საკანში“, რომ ეს ამბები გამოეკითხა. ასე მოვხვდი „მაესტროზე“. იმ დღეს „საკანში“ მე და ნოდარ გრიგალაშვილი ვიყავით ერთად  და მან გამოხატა დიდი მხარდაჭერა, რაც არ დამავიწყდება. ხომ არის ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტები, როდესაც გამახსოვრდება ყველა, ვინც გვერდით დაგიდგა ან არ დაგიდგა. მან ოცი წლის გოგოს მიმართ, ისეთი მხარდაჭერა გამოხატა, რომ ეს პიროვნება დარჩა ჩემს ცხოვრებაში, როგორც მაშველი, რომელმაც ემოციურად ჩავარდნილი და შეშინებული ზედაპირზე ამომიყვანა.
– სახიფათო ამბები გიზიდავს თუ ასე შენს ცხოვრებაში თავისთავად ხდება?
– როდესაც საინფორმაციოში ვმუშაობდი, ჩემი უფრო ხშირად საგამოძიებო თემები იყო. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობა. სანამ პროკურატურა გამოაცხადებდა, მე გამოვიძიე და გავაშუქე მკვლელის ვინაობა, მოძრაობის ტრაექტორია – თუ როგორ შეიძლება გადაადგილებულიყო...  თითქმის იგივე გამოაცხადა პროკურატურამაც. უცხოეთიდან „წყარომ“ ფოტო გამომიგზავნა, ფოტოთი უნდა მეპოვა ადგილი, როგორ შეიძლებოდა ის კაცი, იქ მოხვედრილიყო. ადვოკატი ცოცხალი თავით არ მეუბნებოდა. ვხვდებოდი, რომ მიწისქვეშა გადასასვლელთან იყო კავშირში. ყველა მიწისქვეშა დავიარე და ქვის რაღაც დეტალს ვადარებდი, იქ რა ფილაც იყო, ის ფილა თუ იქნებოდა. მთელი მიწისქვეშები რომ დავიარე, ბოლოს ამ ფილას თავდაცვის სამინისტროსთან მივაგენი, ამოვედი, პატარა ბოძი მოჩანდა, შევადარე და უკვე „სთენდაფი“ ჩავწერე. პროდიუსერს ვუთხარი, დარწმუნებული ვარ და მოდი, გავრისკოთ-მეთქი. ადვოკატს დავურეკე, ბატონო მალხაზ, მივაგენი, „სთენდაფს“ ვწერ, როგორც ჩანს, კეკელიძიდან დაეშვა გმირთა მოედანზე, მერე ცირკის გაუქმებულ გადასასვლელში ჩავიდა და აქ ამოვიდა, აქედან – სანაპიროზე და მანქანით წასულა-მეთქი. ადვოკატი მთელი დღე მეთამაშებოდა – გრილა, ცხელა... რომ ვეუბნებოდი აქ ვარ, სწორად ვარ? მითხრა: იცი რა, მე მგონი, გრილა, ბოლოს რომ ვუთხარი, მითხრა: მგონი, ცხელა. გავიდა ეს გადაცემა და სამ დღეში დაიდო  ბრიფინგი და გამოაცხადეს, რომ ამ ტრაექტორიით იარა. თან, როცა თემას მიჰყვები, ეს არ არის მხოლოდ საქმე, შენც გაინტერესებს, რომ ეს ბოლომდე გაირკვეს.
– რამდენად გეხმარება ინტუიცია ასეთი საქმეების დროს?
– ძალიან გამახვილებული ინტუიცია მაქვს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაღაც მომხდარა, რამდენიმე წუთით ადრე კადრად დამინახავს. სიზმრებიც ასე მიხდება. ჩემი მოძღვარი დამცინოდა – ლელა ხარ, კაკულიაო. ლელა, დღეს რას გვიწინასწარმეტყველებო? აგვისტოს ომი სანამ დაიწყებოდა, ორი კვირით ადრე ვნახე სიზმარი და მოვყევი. მამაომ მითხრა, სიზმარი რა მოსაყოლია, მაგრამ მოდი, მაინც ჩაგიტარებ საჯანმრთელოსო და გადაიხადა. ეტყობა, სადღაც დაფიქრდა და ზუსტად ორ კვირაში ომი დაიწყო. დამესიზმრა ხატი, რომელიც თვალით არ მქონდა ნანახი. ორი წლის შემდეგ ვნახე ეს ხატი – გერგეტის ღვთისმშობელი. თითქოს მღვდლები მოასვენებდნენ ამ ხატს, მე გზად შევხვდი და მითხრეს, ღვთისმშობელი კვდება საქართველოსთვის, აქეთ იარე და გზად ვინც შეგხვდება უთხარი, ახლა ლოცვის გაძლიერების დროაო. ამ ხატსაც ასეთი ისტორია აქვს, რუსები რომ შევიდნენ და გადაწვეს ეკლესია, ამ ხატს არ დაეწვა ხელები და სახე. რუსეთის თემა სიზმართან და ხატთანაც ასოცირდებოდა. ომი რომ იყო, იმ დროსაც წამომახტუნა ღამე. ჩემი მეგობრები ომში იყვნენ, მათთან არ ირეკებოდა, გათიშული იყო ტელეფონები. წამოვხტი, ღამის ოთხ საათზე დავრეკე, ახლა დაირეკება-მეთქი და დაირეკა. სიზმარი რომ მეთქვა, ვინ დაიჯერებდა. ვკითხე, თქვენ ახლა სკოლის შენობაში ხართ-მეთქი? კიო. ამაღამ მაგ შენობას დაბომბავენ, მანდვე არის სკვერი, იქ გადადით-მეთქი. არც ვიცი, სკვერი და გორი. იფიქრეს, ეს ჟურნალისტია, ინფორმაცია აქვსო და მოკლედ, ოცეული  ჩემს ნათქვამზე სკვერში გადავიდა. დილით უკვე საინფორმაციოს ვრთავ და აცხადებენ, სკოლა დაიბომბაო. დავრეკე, როგორ ხართ-მეთქი და შენ რომ გვითხარი, გადავედით და საიდან იცოდიო? საიდან უნდა მცოდნოდა, რუსების აგენტი ხომ არ ვარ, მაგრამ რომ მეთქვა, სიზმარი ვნახე, არ დამიჯერებდით-მეთქი და ასე გადავარჩინე ისინი სიკვდილს. ვინმეს რომ გავიცნობ, თუ ის მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის, მახსენდება, რომ ხუთი-ათი წლის წინ სიზმარში ვნახე, მაშინ არც მიმიქცევია ყურადღება და დამავიწყდა, მაგრამ როცა ვნახავ, მახსენდება, რომ ნანახი მყავს. ჟურნალისტი რომ არ ვიყო, გამომძიებლობაზე, ეს შეგრძნებები დამეხმარება.

скачать dle 11.3