№18 რა აღიარება მოიპოვა ზურა მჭედლიძემ იტალიაში და როგორ გახდა ის ჯუდ ლოუსა და ჯონ მალკოვიჩის დაცვა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
„ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელების, „ახალი პაპისთვის“ პაოლო სორენტინომ ჯუდ ლოუსა და ჯონ მალკოვიჩის პერსონაჟების დაცვად ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, მწვრთნელი ზურა მჭედლიძე აიყვანა.
ზურა მჭედლიძე: მოედანზე ვარჯიშს ვატარებდი, ორი ახალგაზრდა მოვიდა და მთხოვა, თუ შეიძლება, ფოტოს გადაგიღებთო. გამიკვირდა, რატომ ინტერესდებოდა ორი უცხო ადამიანი ჩემი ფოტოთი და მითხრეს, რომ რეჟისორ სორენტინოს გაუვლია იქ და ჩემი გადაღება მას დაუვალებია. ჩემი საკონტაქტო ნომერიც ჩაიწერეს, მალე დამირეკეს და ქასთინგზე დამიბარეს. სწორედ იქ შემარჩიეს ამ როლისთვის. მანამდე იყო უმნიშვნელო ეპიზოდური როლი ისევ პაოლო სორენტინოს ფილმში, რომელიც ბერლუსკონის ცხოვრებაზეა. ძალიან სასიამოვნო ხალხთან მიწევს მუშაობა.
– პაოლო სორენტინო ოსკაროსანი რეჟისორია. როგორი იყო მასთან მუშაობა, როგორი ადამიანი აღმოჩნდა?
– მის მუშაობის სტილს რომ აკვირდები, ხვდები, რომ ადამიანი საერთოდ სხვა განზომილებაშია. ვერ გაიგებ, რას ფიქრობს კონკრეტულ მომენტში. იყო შემთხვევა, ისეთი გამომეტყველებით მიყურებდა, მეგონა, რაღაც დავაშავე, არ გამომივიდა, ამ დროს მოვიდა და კომპლიმენტი მითხრა: ძალიან კარგი იყო, ყოჩაღო. გავოცდი. განსხვავებული ადამიანია და მუშაობის დროს – ძალიან სერიოზული. მისი ფილმები სხვანაირად გაფიქრებს ადამიანს. სორენტინოს კომპლიმენტი ჩემთვის დიდი პრემია იყო, თურმე, იშვიათად ამბობს ხოლმე.
– რაც შეეხება ჯუდ ლოუს, რომელიც პაპის როლში იყო, თუმცა როგორც მივხვდით, მას ახლა ჯონ მალკოვიჩი ჩაანაცვლებს. როგორი იყო ამ დონის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებთან თანამშრომლობა?
– კი ჩანაცვლება ხდება. ხომ ვიცით, ჯუდ ლოუ რა დონის მსახიობიცაა და ამ დროს კი, ძალიან უშუალო და კარგი ადამიანია, საკმაოდ კარგად ხუმრობს და გადაღებების დროს ძალიან ბევრი გვაცინა. რეჟისორი ყვიროდა: სიწყნარე, სიწყნარეო. იმხელა გამოცდილება აქვს, გადასაღებ მოედანზე რომ არის, ალბათ, თავი სახლში ჰგონია. ჯონ მალკოვიჩი ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს და მასთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, თვალებს არ ვუჯერებდი. ვფიქრობდი ხოლმე, შეიძლება ოდესმე გამიმართლოს და სადმე შორიდან დავინახო-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დევიზია „ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია“, მაინც ვერ წარმოვიდგენდი, თუ მასთან ერთად მომიწევდა თამაში (იცინის). ასეთი რამ რომ შენს თავს ხდება, სუნთქვასაც კი სხვანაირად იწყებ. სხვათა შორის, საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცოდა ჯონ მალკოვიჩმა. მითხრა, რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი კულტურაა და კარგი ხალხი ცხოვრობს.
– რა გითხრეს, რატომ დაინტერესდა რეჟისორი თქვენით?
– ქასთინგზე რომ მივედით, დაცვის ფორმა მოგვარგეს, ქასთინგის ხელმძღვანელმა შემომხედა, ცალკე გამომყო და მითხრა, ამ ადამიანს კიდევ გადაუღეთ ცალკე ფოტო, დაცვა თუ უნდა იყოს, უნდა იყოს ასეთიო. არ ვიცი, ფორმა კარგად მომერგო, ხასიათი დაინახა ჩემში თუ ტიპაჟი მოეწონა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე გავხდი პაპის დაცვის უფროსის როლის შემსრულებელი. მთელი ცხოვრებაა, სპორტში ვარ, მაგრამ მომავალში, შეიძლება, ამ ორი სფეროს ერთმანეთთან შერწყმა მოვახერხო. ყოველგვარი გამოცდილების გარეშე ბევრი პროფესიონალი მსახიობისთვის საოცნებო ადგილას მოვხვდი და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– რაც შეეხება სპორტულ კარიერას, საფეხბურთო სამყაროში პირველი ნაბიჯები როგორი იყო?
– ბავშვობაში ფეხბურთის ყურება, მაინცდამაინც არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან ცელქი ვიყავი და როცა სპორტის მასწავლებელმა გვკითხა, ვის უნდა ფეხბურთზე სიარულიო, ხელი ავწიე და ამ სპორტით პირველივე დღიდან „მოვიწამლე“. თუმცა, საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ყველაფერი „ჩაწყობით“ ხდებოდა. 16-18 წლამდელთა ნაკრებში თითქმის ყველა თამაშსს ვიგებდით ბიჭები, მაგრამ დასკვნით თამაშებზე სხვები მიდიოდნენ. სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ბუნებრივია, უკან წაგებულები ბრუნდებოდნენ. გული მწყდებოდა, მაგრამ ამის გამო განვითარება არ შემიწყვეტია. ვაპირებ, რომ მოვძებნო ნიჭიერი ბავშვები და გვერდით დავუდგე.
– საქართველოდან წასვლა როგორ გადაწყვიტეთ?
– საკმაოდ ნიჭიერი ბავშვის კარიერა ნორმალურად, საკმაოდ წარმატებულადაც კი გაგრძელდა. ვითამაშე „დინამოში“, „სპარტაკში“, მაგრამ შემდეგ, 20-21 წლის ასაკში, ფეხი მოვიტეხე და თამაშის გაგრძელება ვეღარ შევძელი. პარალელურად, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია დავამთავრე და ტრავმის შემდეგ მწვრთნელობა გადავწყვიტე. თუმცა, კარიერის დამთავრება ჩემთვის საკმაოდ ტრაგიკული იყო. ფეხბურთი მთელი ჩემი ცხოვრება იყო და ყველა აღიარებდა, რომ კარგი პერსპექტივა მქონდა. „ოქროს ბავშვს“ მეძახდნენ. ეს ბავშვი შეძლებს თუ შეძლებსო, ხშირად მესმოდა საკუთარ თავზე და სწორედ ამ სიტყვებისა და მოლოდინების გამო იყო განსაკუთრებით რთული ამ ფაქტთან შეგუება. მერე გავხდი მწვრთნელი. გავიარე „უეფას“ კურსები და ვარ მათი დიპლომის მფლობელი. სულ მინდოდა ქართულ ფეხბურთში თანამედროვე მეთოდები შემომეტანა, მაგრამ რატომღაც, ამის გამო სხვა თაობის მწვრთნელებთან სულ კამათი გვიხდებოდა. მაშინ ვიფიქრე, იქნებ ევროპაშიც მეცადა, იქაც შემეძინა ცოდნა და ისევ საქართველოსთვის გამეზიარებინა-მეთქი. თემქაზე 159-ე სკოლასთან გუნდი „რომა“ ჩამოვაყალიბე. საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა. საბურთალოს ხელძღვანელობამ, კახა ჭუმბურიძემ შეგვამჩნია და გვითხრა, რომ შეგვეძლო, მომზადება მათთან ერთად გაგვეგრძელებინა. ასე მოვხვდით საბურთალოს აკადემიაში. საბურთალოდან კი – რომში. აქ ჩამოსულს საკმაოდ რთული გზის გავლა მომიწია.
– საქართველოდან ჩასულ მწვრთნელზე არც თუ ისე სახარბიელო წარმოდგენის შემდეგ, როგორ გაღიარეს?
– აქ მათიანი თუ არ ხარ, საშვი არ გაქვს, სტადიონზეც არ შეგიშვებენ. მე მოწვევით არ ჩამოვსულვარ, ჩემი სურვილით ჩამოვედი და ამ სამყაროსთან კომუნიკაცია არ მქონდა, მაგრამ გამიმართლა. აქ მოყვარულთა ლიგაში საკმაოდ წარმატებულად ვთამაშობ, საუკეთესო მეკარეც გავხდი, დამიმეგობრდნენ იტალიელი ფეხბურთელები, მწვრთნელები. თავიდან რომ ვეუბნებოდი, ქართველი ვარ-მეთქი, ცოტა ღიმილიც ეპარებოდათ. ძალიან დაბალი დონის ჰგონიხარ, რადგან ქართულ ფეხბურთზე არც თუ ისე კარგი წარმოდგენა აქვთ, საერთოდ თუ იციან. მაგრამ მერე რომ გამიცნეს, ჩემი მეთოდები ნახეს, სტადიონზე შემიყვანეს და სპორტულმა დირექტორმა რომ მიყურა, მოვიდა და მითხრა, ვინ ხარ, საიდანო... შეიძლება, თანამედროვე ფეხბურთი არა, მაგრამ საქართველოში მწვრთნელების კარგი სკოლა გვაქვს და ამ ადამიანმა – ენცო პანიკომ საკუთარი შვილივით მიმიღო, მოეწონა ჩემი მიდგომები, ჩატარებული ვარჯიშები და მწვრთნელად ამიყვანა. მეც არ მჯერა, როგორ მოხდა ეს. აქ რომ ინგლისიდან ან ესპანეთიდან ჩამოხვიდე, სხვანაირად შემოგხედავენ, მაგრამ ქართველს, რომლის ქვეყანაც კი არ იციან წესიერად, მეუბნებიან, რომ ძალიან იღბლიანი ვარ (იცინის). ახლა საფეხბურთო კლუბ „რომის აკადემიის“ ფილიალ „ლა სალის“ მწვრთნელი ვარ. მაქვს საუბარი „რომისა“ და „ლაციოს“ აკადემიებთან, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.