კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რატომ გადაწყვიტა ომარ ნიშნიანიძემ „არგოს“ აშენება და ვინ გვეცილება არგონავტების ისტორიაში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

1984 წლის 3 მაისს ახალი დროის „არგონავტებმა“, კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად, სტარტი აიღეს ქალაქ ვოლოსთან – არგოლიკისის ყურიდან – იქიდან, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა.  „არგოს“ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები და მენიჩბეები. საქართელოს სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას მათ შესახვედრად ბათუმიდან გავიდა იახტებისა და კატერების ფლოტი, აფრებიანი ხომალდის  „ტოვარიშჩის“ ფლაგმანობით, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ხომალდია მსოფლიოში... ამ მოგზაურობიდან 35 წელი გავიდა. სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე „არგონავტების გემს“ აშენებს.  ყოფილ პარლამენტარს, თავის სტუდენტებთან ერთად, იმ გზის გავლა სურს, რაც ტიმ სევერინმა 35 წლის წინ გაიარა.
– როდის  და რატომ გაჩნდა „არგოს“  შექმნის იდეა?
– ეს იდეა ჩემამდე ლევან სანიკიძეს ჰქონდა, რომლის სტუდენტიც ვიყავი. იქიდან მოყოლებული, სულ მინდოდა მისი განხორციელება, თუმცა რიგი მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოვახერხე. არგონავტიკის თემას უფრო მეტი დაფასება უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, ქუთაისში. ამ ქალაქის ისტორიას გვიანფეოდალური ხანიდან ვიცნობთ – მსოფლიოს ხუთ უძველეს ქალაქთა შორისაა  დასახელებული. გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ქალაქში არ გვაქვს „აიეტის“ ძეგლი – ადგილობრივმა მერიამ ზურაბ წერეთელს უარი უთხრა. ამის მერე, ყოველთვის მქონდა სურვილი არგონავტიკის თემა განმეახლებინა, თან, ისტორიის პროფესორი გახლავართ და ამ თემასთან ისედაც მჭიდრო შეხება მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე, ჩანაფიქრი განმეხორციელებინა და „არგოს“ აშენება დავიწყე. შეიძლება, ითქვას, ლევან სანიკიძეს სურვილი ავუსრულე. სტუდენტებს ჩემი ჩანაფიქრი გავანდე და მათი დახმარებით დავიწყე მუშაობა. ორგანიზება გავუკეთე, გეგმა შევადგინე და ფოთში შევუდექით მშენებლობას. თან, წელს საიუბილეო წელია – ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წელი სრულდება და გვინდა, ეს ყველაფერი სწორედ ამ თარიღს დავამთხვიოთ.
– როგორი კონსტრუქცია ექნება გემს ისტორიულ „არგოს“ რომ მიუახლოვდეს?
– კონსტრუქციის შედგენაში თავად ვმონაწილეობდი, თუმცა მხატვრები და კონსტრუქტორები დამეხმარნენ. მათ შეადგინეს, როგორი ფორმა უნდა ჰქონოდა და რა ზომის უნდა ყოფილიყო. გემი სიგრძით, დაახლოებით, 13-14 მეტრამდე იქნება. აწყობილი სტრუქტურა უკვე ფოთშია და დაწყებულია მისი აგება. მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ისტორიულ „არგოსთან“. თუმცა, მხოლოდ ხის კონსტრუქცია ვერ გავრისკეთ, ჩვენ ხომ არ ვართ გემთმშენებლები, ამიტომ, რკინა გამოვიყენეთ, მაგრამ ეს არ გამოჩნდება.
– ვინ გეხმარებათ იდეის განხორციელებაში?
– ძირითადად, ჩემი სტუდენტები მეხმარებიან, თუმცა არის მეორე საკითხი, რომელიც ფინანსურ მხარეს ეხება. მშენებლობა საკმაოდ ძვირი ჯდება – 15-20 ათასამდე. მეგობრები და კერძო პირები მეხმარებიან, მაგრამ მაინც რთულია. სესხის აღებას ვფიქრობ, სხვანაირად მშენებლობას ვერ დავასრულებ. რადგან ბიზნესმენი არ ვარ, ჩემთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ მაინც გავრისკე და ხელი მოვკიდე ამ საქმეს.
– ვინ იქნებიან თანამედროვე „არგოს“ ეკიპაჟის წევრები?
– იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად, მე და ჩემი სტუდენტები ვაკეთებთ ყველაფერს, სწორედ ისინი იქნებიან. ეს ერთგვარი სასწავლო პროცესიც არის,
ვინც კარგ ქულაზე ჩამაბარებს საგანს, გემზეც ის აღმოჩნდება. ეს უკვე იციან სტუდენტებმა და დიდი მონდომებით ემზადებიან. გემი დაახლოებით 20 კაცს დაიტევს, მათ შორის ვიქნები მეც, რადგან უმეთვალყურეოდ ვერ დავტოვებ. მასზე სხვადასხვა გმირი იქნება – წარმოდგენას გავმართავთ, გავაცოცხლებთ ისტორიას.
– როგორი იქნება „არგოს“ მარშრუტი?
– ჩვენ გვაქვს იდეა, რომ რეგულარული მარშრუტი გაკეთდეს, თუმცა ქუთაისამდე მისი მოსვლა შეუძლებელია. „ვარციხე ჰესმა“ და „რიონჰესმა“ ქუთაისი მოსპო, რიონის გარეშე დატოვა. ეს თემა რომ წამოვჭერი, შავი პიარიც კი ამიგორეს, თითქოს ქუთაისში პორტის მშენებლობას ვაპირებდი. ეს სიცრუეა და მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს, უბრალოდ, მე გავიხსენე ისტორია, სადაც საუბარი იყო პორტზე ვარციხეში. ქუთაისთან ახლოს იგეგმებოდა მშენებლობა, თუმცა მერე გადაიფიქრეს. რაც შეეხება ჩვენს მარშრუტს,  ფოთიდან ვანამდე, კერძოდ ჭყვიშამდე იქნება, როგორც ეს სევერინმა გააკეთა.
– როგორც ვიცით, ტურიზმის კუთხითაც გაქვთ გათვლები.
– დიახ, ეს ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქუთაისში ხშირად მიწევს ურთიერთობა ტურისტებთან და ყველას აინტერესებს არგონავტების ისტორია. ეკონომიკის ერთ-ერთი სეგმენტი ხომ ტურიზმია და ვთვლი, ეს თემა ამ სფეროში ქუთაისს ბევრად წინ წაწევს. თან, მეორე საკითხიც არის,  არგონავტების ისტორიაში რუსები და თურქები გვეცილებიან. ხან ერთი იჩემებს ჩვენიაო, ხან – მეორე. შესაბამისად, მოქმედების დროა და რაც ჩვენია, ჩვენვე უნდა გამოვიყენოთ. ვგეგმავთ არგოს ტიპის პატარა ხომალდების აგებას და რეგულარული მარშრუტის გაკეთებას. 10-15 ტურისტს რომ დაიტევს დაახლოებით, ასეთი ხომალდები იმოძრავებს ბათუმიდან ქობულეთის, შეკვეთილის გავლით, რომელიც პალიასტომს გაივლის და ჭყვიშამდე ამოვა. ამ გზით შეძლებენ უცხოელები აიეტის სამყაროში შემოსვლას. ეს არაჩვეულებრივი იდეაა, რომელიც ბევრად გაზრდის ჩვენს ცნობადობას მსოფლიოში.
–  ახლა რა ეტაპზეა ექსპედიცია?
– გემის აგება უკვე დაწყებულია, მეც პერიოდულად ჩავდივარ ფოთში და ყველაფერს თვალყურს ვადევნებ. საბოლოო პროცესი დასრულდება, როცა ეს გემი ქუთაისში, არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას. ჩემი იდეა მხოლოდ „არგო“ არაა. ამ თემაზე მუზეუმის მოწყობის დიდი სურვილი მაქვს. ამ საკითხზეც ვმუშაობ, ვაგროვებ ექსპონატებს. ეს ცერემონია რომ დამთავრდება, „არგო“ ამ მუზეუმის ეზოში დაიდებს ბინას. ამით შეივსება მუზეუმიც და დამთვალიერებელს ეს თემა სრულიად ექნება წარმოდგენილი.
– ექსპედიცია სანახაობრივი იქნება?
– დიახ, რა თქმა უნდა. სპექტაკლს დავდგამთ. გვეყოლება აიეტი, იაზონი, მედეა. ეს იქნება სანახაობრივი შოუ, გაცოცხლდებიან გმირები. ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება, რომელსაც მრავალი ტურისტი დაესწრება. ეს ცერემონიალი ფოთში, ძველ ფაზისში ჩატარდება, იქ ჩავუშვებთ გემს და იქნება გამოცილება.

скачать dle 11.3