№18 როგორ აღმოჩნდა მოსკოვში მოპარული სტრადივარიუსის ვიოლინო წყნეთში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
სტრადივარიუსის ვიოლინო
1967 წლის 14 მაისს მოსკოვის ერთ-ერთი ელიტური ბინიდან ანტიონიო სტრადივარიუსის უნიკალური ვიოლინო მოიპარეს. ამ ბინაში ვირტუოზი საბჭოთა მევიოლინე დავიდ ოისტრახი ცხოვრობდა. ინსტრუმენტი, დაახლოებით, საღამოს 7-დან 12 საათის მონაკვეთში დაიკარგა. მასპინძლები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და შინ 1-ის 20 წუთზე დაბრუნდნენ. დავიდ ოისტრახი თავის ჩვენებაში ყვებოდა: „სახლში რომ დავბრუნდით, კარი ჩვეულებრივად, გასაღებით გავაღე. საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. ყველა ნივთი თავის ადგილზე იდო. რომ არა ჩემი ჩვევა, ისე დავწვებოდი დასაძინებლად, რომ ქურდობის ამბავს ვერც კი გავიგებდი. აკვიატებული მაქვს, რომ ჩემი ვიოლინო ძილის წინ დავათვალიერო და ისე დავწვე. მით უმეტეს, რომ მომდევნო დღე ორშაბათი იყო, კრემლის ყრილობათა დარბაზში საკონცერტო პროგრამაში ვიყავი ჩართული და ვიოლინო საამისოდ კარგად უნდა მომემზადებინა. ცეცხლგამძლე, სამმაგსაკეტიანი სეიფი რომ გავაღე, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, რადგან ინსტრუმენტი ადგილზე აღარ იყო“. სეიფი, სადაც ვიოლინო ინახებოდა, ოისტრახის საძინებელ ოთახში, აღმოსავლეთ კედელში იყო ჩამონტაჟებული და შენიღბული. სეიფის საკეტი ნაწვალები არ იყო, უბრალოდ, ვიღაცას გაეხსნა და შემდეგ დაეკეტა. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ უმაღლესი კლასის „მედვეჟატნიკი“ მუშაობდა და თან, მან აბსოლუტურად ზუსტად იცოდა სეიფის ადგილმდებარეობა, რადგან ბინაში მცირედი არეულობის კვალიც კი არ ჩანდა. ანუ – საქმის მიმცემი, სავარაუდოდ, დაზარალებულის ახლობელი იყო. დავიდ ოისტრახი აცხადებდა, რომ სეიფის ადგილმდებარეობის შესახებ მხოლოდ მისმა ცოლ-შვილმა იცოდა. ისინი კი ამბობდნენ, რომ ამის შესახებ არავისთვის უთქვამთ. თავად ვირტუოზი მევიოლინე უკიდურესად დათრგუნული იყო და იმეორებდა – ეს ვიოლინო დედოფალმა მაჩუქა და ყველაზე უნიკალური ჟღერადობა აქვსო. მართლაც, სტრადივარიუსის ეს ვიოლინო ოსტატის მოწითალო ნაკეთობებისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული შეფერილობის იყო, ამასთან ისეთი ჟღერადობის, რომ ყველა მისი მოსმენისას ინუსხებოდა. დედოფალი ელისაბედის მიერ ბოძებული ვიოლინოს დაკარგვით დათრგუნულმა ვირტუოზმა მევიოლინემ ელიტურ კონცერტზე გამოსვლა ვერ შეძლო, რადგან სულ ერთიანად კანკალებდა. როდესაც ეს ამბავი საბჭოეთის მაშინდელ მეთაურს, ლეონიდ ბრეჟნევს მოახსენეს, ლეონიდ ილიჩმა ვიოლინოს სასწრაფოდ მოძებნა ბრძანა და დანაშაული პირადად აიყვანა კონტროლზე.
მანიაკი
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნიკოლაი შჩოლოკოვმა მთელი საბჭოთა მილიცია დააყენა ფახზე. აამოქმედეს მთელი აგენტურული ქსელი. გარდა ამისა, დასახმარებლად კრიმინალური ავტორიტეტებიც მოიხმეს და სტრადივარიუსის ვიოლინოზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. გამოძიების მთავარი ვერსია იყო ვიოლინოს ქურდობა მისი შემდგომ საზღვარგარეთ გატანისა და გაყიდვის მიზნით. უფრო კონკრეტულად კი მაძებრები ვარაუდობდნენ, რომ ვიოლინოს ქურდობა ფარულმა კოლექციონერმა შეუკვეთა. საქმე ის იყო, რომ დედოფლის ნაჩუქარ ვიოლინოს ოფიციალურად ვერსად გაყიდდნენ. მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპოლსაც“ მიაწოდეს და ვიოლინო საერთაშორისო ძებნაში იყო. მიიღეს უმკაცრესი საბაჟო ზომები და ყველგან საგულდაგულოდ ამოწმებდნენ ქვეყნიდან გასასვლელებს. მილიციისა და მოგვიანებით, „კაგებეს“ ოპერები ეძებდნენ კვალიფიციურ „მედვეჟატნიკს“, რომელსაც სამმაგსაკეტიანი სეიფის გახსნა შეეძლო. დააკავეს და გამოჰკითხეს ოცდათორმეტი ბოროტმოქმედი „მედვეჟატნიკი“, მაგრამ ყველა მათგანს მყარი ალიბი აღმოაჩნდა. ამ დანაშაულს პოლკოვნიკ ვორობიოვის ჯგუფი იძიებდა და მაშინ სულ ახალგაზრდა ლეიტენანტი (ამჟამად თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი) კონსტანტინე (კოკა) რუსაძეც იყო ჩართული. კოკას უმაღლესი სასწავლებელი ახალი დამთავრებული ჰქონდა და მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროში („მური“) სულ რაღაც ექვსი თვე იყო, რაც მუშაობდა. „ნორჩმა“ გამომძიებელმა ოდნავ განსხვავებული ვერსია შეიმუშავა: ყურადღება მიაქცია იმას, რომ ბოროტმოქმედს არ გასჭირვებია საიდუმლო სეიფის აღმოჩენა და საქმის მიმცემის ძებნა დავიდ იოსტრახის ახლობლებში დაიწყო. რუსაძემ დელიკატურად გაარკვია მაესტროსგან იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მის ბინაში ბოლო სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ და მოქმედება გამორიცხვის მეთოდით დაიწყო. ახალგაზრდა ქართველმა ლეიტენანტმა აღმოაჩინა, რომ ოისტრახს 10 მაისს ქართველი პროფესორი, კონსერვატორიის პედაგოგი, ჯიმშერ ხერხაძე სტუმრობდა, რომელიც 14 მაისს, შუაღამეს თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში. გაირკვა, რომ ხერხაძეს ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა, კაკო ტუღუში ახლდა თან, რომელიც პროფესორის ბიძაშვილად გაეცნო მასპინძელს. ის თბილისში ცხოვრობდა და მართლაც პროფესორის ნათესავი იყო, მაგრამ რუსაძეს ინტუიცია კარნახობდა, რომ თბილისელი სტუმრები დანაშაულში იყვნენ გარეულები და ამ ვარაუდის შემოწმება გადაწყვიტა. 20 ივნისს, ანუ დანაშაულიდან 5 კვირის შემდეგ, თბილისში მყოფმა ლეიტენანტმა ტუღუშს სახლში დაურეკა და უთხრა:
– ორი ათასი მანეთი მჭირდება ახლავე. თუკი არ მომიტან, მილიციას შევატყობინებ, რომ შენ ოისტრახის ბინიდან ვიოლინო მოიპარეო.
ტუღუშმა რუსაძეს დღის 3 საათზე დაუნიშნა შეხვედრა. ფუნიკულიორზე, ტრამვაის ლიანდაგის გაყოლებაზე, მარჯვნივ. რუსაძე კი იქ ოპერჯგუფთან ერთად მივიდა და ტუღუში დააკავეს. ჩხრეკისას მას ორლესული ხანჯალი აღმოუჩინეს, რომლითაც ის, კვალის დაფარვის მიზნით, კოკა რუსაძის მოკვლას აპირებდა. მილიციის სამმართველოში კაკო ტუღუშმა განაცხადა, რომ პროფესორ ჯიმშერ ხერხაძის დავალებით მოქმედებდა. მან აღიარა, რომ სეიფს მაშინ მიაგნო, როდესაც ოისტრახმა სტუმრები სახლში დატოვა და საკუთარი საძინებელი დაუთმო. ბიჭმა სეიფის საკეტისა და ბინის კარის გასაღებების ანაბეჭდები აიღო. გასაღებები დაამზადა, 14 მაისს, საღამოს 9 საათზე ვიოლინო მოიპარა და პროფესორთან ერთად თბილისში დაბრუნდა. ტუღუშის დაპატიმრების დღეს თავად პროფესორი წყნეთში, საკუთარ აგარაკზე იმყოფებოდა. მილიცია იქ ესტუმრა ხერხაძეს და ჩხრეკისას საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინეს, სადაც ჯიმშერ ხერხაძე მოპარულ, უნიკალურ ინსტრუმენტებს ინახავდა. ხერხაძე ფარული კოლექციონერი აღმოჩნდა, რომელიც მანიით იყო შეპყრობილი. მას უნიკალური ნივთები ჩამოართვეს. გაასამართლეს და 8 წლით ციხეში ჩასვეს, სადაც 9 თვეში გარდაიცვალა. კაკო ტუღუშმა კი 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა. დღესაც ცოცხალია და ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობს.