№18 ბინძური მისია
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #17(956)
ჯამბულ შამბა ჭკუაზე აღარ იყო, ისე უნდოდა ელენასთან სიახლოვე და რას აღარ ცდილობდა, რომ ქალი ხელში ჩაეგდო. სამ დღეში წყვილს მთელი აფხაზეთი მოატარა და ყოველ საღამოს რესტორანში პატიჟებდა. თუმცა ვიქტორი იმდენს სვამდა, რომ არ გათიშულიყო და ეს კი კაპიტანს უკიდურესად აღიზიანებდა, მაგრამ თავის შეკავებას მაინც ახერხებდა. მიაცილებდა წყვილს სასტუმროს ნომრამდე, ელენას ხელზე ეამბორებოდა, ვიქტორს ხელს ჩამოართმევდა და შეიარაღებულ ამალასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. მეოთხე დღეს მასპინძელმა სტუმრები გუდაუთაში წაიყვანა, რაღაც-რაღაცები დაათვალიერებინა და ელენამ მოულოდნელად სამოსი გაიძრო და წყალში შეცურა. ვიქტორი კი ნაპირზე დარჩა და ნაღვლიანი თვალებით უცქერდა ზღვაში მონავარდე ცოლს.
– წამოდი, გავცუროთ, – უთხრა ჯამბულმა ვიქტორს.
– სიამოვნებით, მაგრამ ცურვა არ ვიცი, – მიუგო ვიქტორმა.
– მაშინ, მე გავცურავ, – თქვა ჯამბულმა და შარვალი სწრაფად გაიხადა. დაცვას თვალებით ანიშნა, – არ გამომყვეთო და წყალში შეცურა.
ელენა საკმაოდ შორს იყო შესული. წყალზე იწვა და ჯამბულს ელოდებოდა, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა მას. ახლოს რომ მიცურდა, ელენა ვითომ შეკრთა და ჯამბულს უთხრა:
– ეს თქვენ ხართ? როგორ შემაშინეთ. გეტყობათ, კარგად ცურავთ. აი ვიქტორს კი ვერაფრით შეიტყუებ წყალში. ნაჯახივითაა და მაშინვე იძირება.
– ლენაჩკა, ძვირფასო, როგორც კი დაგინახე, მაშინვე შემიყვარდი, ოთხი დღეა, გიცნობ და უშენოდ სიცოცხლე აღარ შემიძლია. რაც გინდა, ისურვე, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ ჩემი გახდი.
– რას ამბობთ, ჯამბულ, მე ხომ ქმარი მყავს. ვიქტორი ძალიან კარგი ადამიანია, ვუყვარვარ... – ისეთი ტონით მიუგო ელენამ ჯამბულს, რომ კაპიტანს ქალის დაუფლების კიდევ უფრო მეტი იმედი მიეცა და უთხრა:
– მე უფრო მიყვარხარ, ელენა. უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. უარს ნუ მეტყვი, თორემ გული გამისკდება, ზღვაში დავიხრჩობი და ეს ცოდვა შენს კისერზე იქნება.
– აბა, რას ამბობთ, ჯამბულ...
– მოდი, ნაპირზე დავბრუნდეთ.
– არავითარ შემთხვევაში, ელენა. თუ ახლავე არ შემპირდებით, რომ ჩემს გრძნობას გრძნობითვე უპასუხებთ, მე სამუდამოდ აქ დავრჩები, – თქვა ჯამბულმა და წამებულის სახე მიიღო.
– კარგი, კარგი, ჯამბულ. ოღონდ, ნაპირზე დავბრუნდეთ, – მიუგო ელენამ, რომელსაც შეშინებული და დაბნეული ქალის გამომეტყველება ჰქონდა სახეზე აღმბეჭდილი.
– მატყუებ, ხომ, ელენა, გინდა, რომ ნაპირზე გამიტყუოთ?
– არა, ჯამბულ, არ გატყუებთ. წამოდით, ნაპირზე დავბრუნდეთ. დღეს თქვენი სტუმრები ვიქნებით და... – ელენამ აღარ დაასრულა და კაპიტანს მაცდურად გაუღიმა.
– მართალს ამბობ, ელენა?
– მართალს ვამბობ, ძვირფასო. მართალია, ჩემი ქმარი მიყვარს, მაგრამ ისეთი ვნება ჩანს შენს თვალებში, რომ მონუსხული ვარ და არ შემიძლია, ასეთივე ვნებით არ გიპასუხო.
– მართლა, ელენა? – ჭკუაზე აღარ იყო ჯამბული.
– მართლა, მართლა, მაგრამ შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– ასი იყოს!
– ჯამბულ, ძვირფასო, ოღონდ ეს შენი „გორილა გალავარეზები“ არ დამანახვო, თორემ ვნების მაგივრად შეიძლება, გულისრევა დამეწყოს.
– კარგი. მასე იყოს, მაგრამ შენი ქმარი? – თქვა ჯამბულმა.
– ვიქტორი? სამას გრამ არაყს რომ დალევს, ისე ითიშება, რომ ვერაფრით გამოაფხიზლებ. ამიტომ ამაზე იზრუნე, ძვირფასო, – თქვა ქალმა, მაცდურად გაუღიმა კაპიტანს და ნაპირისკენ გაცურა.
ჯამბულ შაბმას ისე უფეთქავდა გული, რომ შეეშინდა, მართლა არ გამისკდესო და ნელი ცურვით გაჰყვა ელენას, რომელიც ოსტატურად მიაპობდა ზღვის ტალღებს.
***
გუდაუთიდან რომ სოხუმში დაბრუნდნენ, შამბამ ცოლ-ქმარი სასტუმროს ნამრამდე მიაცილა, გამომშვიდობების ტრადიციული რიტუალი ჩაატარა და წყვილს უთხრა:
– მხოლოდ საღამომდე გემშვიდობებით, ძვირფასო სტუმრებო. ცხრა საათზე მანქანა მოგაკითხავთ და ჩემთან მოგიყვანთ. იქ კი ჩინებული სუფრა და საუცხოო დროსტარება გელოდებათ.
– შეხვედრამდე, ჯამბულ! – გამოემშვიდობა კაპიტანს ქალ-ვაჟი და სასტუმროს ნომერში ჩაიკეტნენ. ვიქტორი მაინცდამაინც ვერ იყო ხასიათზე და ელენას უთხრა:
– რაო, სიყვარული აგიხსნა, ხომ, იმ კვახმა?
ელენამ სიცილით მიუგო:
– ჰო, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია და სექსზე უარს თუ მეტყვი, გული გამისკდება და ზღვაში დავიხრჩობიო.
– ასე გითხრა – სექსზე უარი არ მითხრაო?
– ჰო, თითქმის.
– მერე?
– რა, მერე. თავის გორილებს გაუშვებს. შენ არყით დაგათრობთ და მერე შევუბერავთ მთელი ღამე.
ვიქტორმა კოპები შეკრა და ელენას უთხრა:
– ნუთუ მართლა ისეთ სირს ვგავარ, ვისაც შეიძლება, ცოლი ცხვირწინ გაუჟიმონ?
– შენ, უბრალოდ, კარგად ასრულებ შენს როლს. ის ნაბიჭვარი კი უკიდურესად გახრწნილი და უჭკუო ადამიანია და სულ ესაა. ახლა კი თავი ხელში აიყვანე და ოპერაციის მესამე ფაზისთვის მოემზადე. გასაგებია, ძვირფასო ქმარიკო?
– კი, გასაგებია, ძვირფასო ცოლიკო, გასაგებია, – მიუგო ვიქტორმა და საწოლზე წამოწვა, რომ დაესვენა.
იგივე გაიმეორა ელენემაც და ქალ-ვაჟს საღამოს რვა საათზე გამოეღვიძათ. ადგნენ, მოწესრიგდნენ, ჩაიცვეს და ამასობაში ჯამბულ შამბას გამოგზავნილი მანქანაც მოვიდა, რომელმაც ქალ-ვაჟი კაპიტნის ფეშენებელურ, სამსართულიან სახლში მიიყვანა.
მასპინძელი პირადად შეეგება სტუმრებს, სახლში შეიპატიჟა. შეიარაღებული დაცვა არც ქუჩაში ჩანდა, არც ეზოში და არც სახლში. სამზარეულოში ერთი შუახნის ქალი ტრიალებდა, რომელიც მზარეულისა და მიმტანის ფუნქციებს ითავსებდა.
– ეს ჩემი მოსამსახურე და მზარეულია – როზა. მალე წავა, – თქვა მასპინძელმა და სანამ სუფრა გაიწყობოდა, სტუმრებს სახლი დაათვალიერებინა.
სავახშმოდ რომ დასხდნენ, თხუთმეტ წუთში როზაც წავიდა. ჯამბული ისე იყო აღგზნებული და ისე ეჩქარებოდა ელენას საწოლში ჩაგორება, რომ ვიქტორს ხშირ-ხშირად უსხამდა არაყს, თავად კი ღვინოს სვამდა. ერთ მომენტში ელენამ დრო იხელთა და ჯამბულს ღვინოში დასაძინებელი აბი ჩაუგდო. კაპიტანმა დალია და, მალევე მოსწყდა კისერი. ქალ-ვაჟმა ის საწოლზე დააწვინა.
– ეს მართლა კვახი მართლა კვახივით არ გაგორდა? – ირონიით თქვა ვიქტორმა და ელენას გადახედა, რომელიც კაპიტანს ჯიბეებს უჩხრეკდა.
– რას უდგახარ? მიდი და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაშალე! – უთხრა ქალმა მეწყვილეს.
ვიქტორი გავიდა. ხუთიოდე წუთში დაბრუნდა და ელენას უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. შეგვიძლია, წავიყვანოთ. შენ რა ქენი?
ელენამ ცელოფნის პაკეტი დაანახვა ვიქტორს და უთხრა:
– აი, ყველაფერი აქაა. ამ კვახის სივები და მობილური. ჩავტვირთოთ და წავიყვანოთ.
საღამოს ათი საათი სრულდებოდა, როცა ჯამბულ შამბას ეზოდან „ჯიპი“ გამოვიდა. საჭესთან ელენა იჯდა. ვიქტორი კი უკანა სავარძელზე იყო მოკალათებული და მძინარე კაპიტანს ყარაულობდა. გოგონა ჩვეული ოსტატობით მართავდა ავტომობილს და გალში ძალიან სწრაფად ჩავიდნენ. იქ კი მათ შუახნის მამაკაცი დახვდათ მიკროავტობუსით, რომელიც თამბაქოს ყუთებით იყო დატვირთული. საბარგულში სამალავი იყო გაკეთებული და შამბა და ელენა იქ მოთავსდნენ. ვიქტორი კი გვერდით მიუჯდა მძღოლს და მიკროავტობუსი ხიდისკენ დაიძრა, რომელზეც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს საზღვარი გადის. რუსების ბლოკ-პოსტზე მანქანა გააჩერეს, მაგრამ მძღოლმა მორიგე ოფიცერს ხელში ასი დოლარი ჩაუკუჭა და მიკროავტობუსი ყოველგვარი დათვალიერების გარეშე უპრობლემოდ გაატარეს. ქართულ ბლოკ-პოსტზე კი მიკროავტობუსს „ჯიპი“ დახვდა. მძღოლი მანქანიდან არ გადასულა. შუახნის მამაკაცი კი ვიქტორს უხმოდ მიეხმარა კაპიტნის „ჯიპში“ გადატანაში და მძღოლის გვერდით მოთავსდა. ელენა და ვიქტორი კი უკანა სავარძელზე მძინარე ჯამბულს აქეთ-იქიდან მიუსხდნენ და მანქანა ზუგდიდისკენ დაიძრა. მძღოლის გვერდით მჯდომი მამაკაცი უკან შებრუნდა და ქალ-ვაჟს გამოკვეთილი მეგრული აქცენტით უთხრა:
– ყოჩაღ თქვენ! სანიმუშოდ იმუშავეთ და ბატონი გენერალი კმაყოფილი იქნება.
– სად მივდივართ? – იკითხა ინგამ.
– მივალთ და ნახავთ. ცოტა დარჩა, სულ, – მიუგო მამაკაცმა ინგას და შეტრიალდა.
ათიოდე წუთის შემდეგ „ჯიპი“ მაღალი, კაპიტალურად ნაგები ღობით შემოვლებულ მოზრდილ ეზოში შევიდა. იქ საკმაოდ დიდი ორსართულიანი ქვის სახლი იდგა. მძინარე ჯამბულ შამბა ორმა მამაკაცმა სახლში შენობის გვერდითა შესასვლელიდან შეიყვანა. შუახნის მამაკაცი კი ქალ-ვაჟს წინა კარისკენ გაუძღვა და სასტუმრო ოთახში რომ შეაბიჯეს, იქ გენერალი ოთარ შამუგია დახვდათ. მან ახალმოსულებს გაუღიმა, ინგას ხელზე აკოცა, ირაკლის კი მაგრად ჩამოართვა. ახალგაზრდებს სავარძლებისკენ მიუთითა, დასხედითო და თვითონაც დაჯდა. სიგარა გააბოლა და უთხრა:
– მოიყვანეთ, ხომ?
– დიახ, ბატონო ოთარ, – მიუგო ინგამ.
– ხომ არ გაგჭირვებიათ?
– სულაც არა. აი, მისი საბუთები და მობილური, – თქვა ინგამ და გენერალს ცელოფნის პარკი მიაწოდა.
ოთარ შამუგიამ ჯერ ჯამბულ შამბას საბუთები დაათვალიერა და გვერდზე გადადო, შემდეგ მობილური ჩართო და მაშინვე ზარი გაისმა. გენერალმა ეკრანს დახედა და თქვა:
– მამამისი, ტარასი რეკავს. ჩუმად იყავით. დაველაპარაკები, – ოთარ შამუგიამ ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკის რეჟიმზე ჩართო და უპასუხა:
– გისმენთ.
– ვინ ხარ? – მოისმა მამაკაცის ბოხი, გამწარებული ხმა.
– ის, ვისაც შენი შვილი ჰყავს წამოყვანილი.
– იცოდე, არაფერი დაუშავო ჩემს ჯამბულს, თორემ, ვინც უნდა იყო და სადაც უნდა იყო, მოგძებნი, მიწიდან ამოგთხრი და საშინელი წამებით ამოგხდი სულს!
– სიმართლე თუ გაინტერესებს, ძირშიაც ვერ მომჭამ. შენი პათოლოგი შვილი კი რა ჯანდაბად მჭირდება. ახლა ტკბილად სძინავს და ორ საათში გაიღვიძებს. წაიყვანე, მაგრამ ერთი პირობით.
– რა პირობით?
– რა პირობით და კონტრაბანდისტი მალხაზ გელანტია რომ გყავთ დაპატიმრებული და ციხეში ამოლპობას უპირებთ ის უნდა ჩამომიყვანოთ ზუგდიდში და რაც შეიძლება, მალე, თუ გინდა, რომ შენი შვილი საღ-სალამათი მიიღო. შეძლებ?
– ეგ ცოტა რთული საკითხია. ის ახლა სოხუმის ციხეში ზის და პირდაპირ იქიდან ვერ გამოვიყვან. რამე უნდა მოვიფიქრო, რომ გავაქციო.
– ეგ შენი პრობლემაა და იფიქრე. მაგრამ იცოდე, თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს თავიდან, შენს შვილს ცოცხალს ვერ იხილავ. გასაგებია?
– კი. გასაგებია. ტელეფონი არ გამორთო და მალე დაგირეკავ, – თქვა ტარას შამბამ და ტელეფონი გათიშა.
ტელეფონი გათიშა გენერალმაც და ქალ-ვაჟს უთხრა:
– მოშიებულები იქნებით და სამზადში თქვენთვის სუფრაა გაშლილი. შემდეგ კი შეგიძლიათ მოისვენოთ.
– ჩვენ გვირჩევნია, რომ თბილისში დავბრუნდეთ, – უთხრა ოთარ შამუგიას ინგამ.
– მოდი, ეს ღამე აქ გაათენეთ. მერაბს, ალბათ, დილამდე ჩამოიყვანენ და მერე წადით. ბარემ ყველაფერი დასრულდეს. თანაც, ამ ღამით სად წახვალთ? – უთხრა შამუგიამ ქალ-ვაჟს. შემდეგ შუახნის მამაკაცს ანიშნა, მიხედეო და მან ინგა და ირაკლი ჯერ ავახშმა, შემდეგ კი საძინებელში აიყვანა. გამოემშვიდობა და წავიდა.
ირაკლიმ ყურადღებით დაათვალიერა საძინებელი ოთახი, რომელშიც ერთი დიდი საწოლი იდგა. შემდეგ შუქი ჩააქრო და ფანჯრიდან მიდამოს შესწავლას შეუდგა. თუმცა, ირგვლივ უკუნეთი სიბნელე იდგა და დიდი ვერაფერი გაარჩია.
ინგა საწოლზე ტანსაცმლიანად იყო მიწოლილი და ხმას არ იღებდა. ირაკლიც ასევე ტანსაცმლიანად მიუწვა გვერდით თავის მეწყვილეს და ჩურჩულით უთხრა:
– მე რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი.
– რატომ ჩურჩულებ, ფიქრობ, რომ გვისმენენ?
– ჰო.
– მაინც, რა არ მოგწონს?
– ის, რომ გენერალი აქ დილამდე გვტოვებს.
– რა არის მერე ამაში საეჭვო? გვიანია უკვე და არ უნდა, ასეთ დროს გაგვიშვას. თანაც, ხომ გაიგონე, რა თქვა, – ყველაფერი დასრულდეს და მერე წადითო.
– ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ის კვახი ჩამოვუყვანეთ და არ ვიცი, რა ყველაფრის დასრულებაზე ლაპარაკობს. არ მომწონს მე ეს ყველაფერი და აქედან დროზე უნდა ავახვიოთ.
– გავიქცეთ?
– ჰო.
– ხომ არ გაგიჟდი? რატომ უნდა გავიქცეთ, ტყვეობაში ხომ არ ვართ?
– შეიძლება, უარესშიც ვიყოთ. ინტუიცია მკარნახობს, რომ აქ ყველაფერი სუფთად არაა. გენერალი ჩვენი თავიდან მოშორებას არ აპირებდეს.
– რატომ ფიქრობ მასე?
– არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე ჯობია.
– კეთილი. რადგან შენ ეგრე ფიქრობ, მაშინ, გავიქცეთ...
„სპეცმა“ ქალ-ვაჟმა წარმატებულად დასძლია ყველა წინაღობა. ისინი უზარმაზარი ღობის მიღმა, ყანაში აღმოჩნდნენ და ფრთხილად მიიკვლევდნენ გზას ღამის წყვდიადში. გაქცეულებს ხელში „გლოკის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტები ეჭირათ. იარაღი ორ ახალგაზრდას აართვეს, რომლებიც საძინებელს ყარაულობდნენ და წყვილს მათ გასანეიტრალებლად თითო დარტყმა დასჭირდა. შემდეგ ინგამ და ირაკლიმ ორივე გაკოჭეს, პირში ჩვრები ჩატენეს და შენობა დატოვეს. გაქცეულებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ზუგდიდის რაიონში იმყოფებოდნენ, მაგრამ კონკრეტულად სად, წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ათიოდე წუთი რომ იარეს, გზაზე დამაგრებული აბრიდან შეიტყვეს, რომ სოფელ ახალსოფელში იყვნენ. ირაკლიმ, რომელიც საუცხოოდ ერკვეოდა რუკებში და სიბნელეშიც უზადო ორიენტირება შეეძლო, მეწყვილეს უჩურჩულა:
– ეს შტაბ-ბინაა თუ რაცაა, სოფელ ჭითაწყარში მდებარეობს და უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიმოძრაოთ.
– როგორ? – ჰკითხა ინგამ.
– სენაკში უნდა ჩავიდეთ. იქიდან კი თბილისში ჩასვლა აღარ გაგვიჭირდება. სანდო კაცი მყავს იქ და ის დაგვეხმარება.
– სენაკში ფეხით უნდა ჩავიდეთ?
– მანქანით, – მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ და დააყოლა, – რა თქმა უნდა, თუ ბედმა გაგვიღიმა და მანქანიანი შეგვხვდა.
ქალ-ვაჟს გაუმართლა. მანქანა შუა ხნის მამაკაცმა გაუჩერა, რომელიც სახლში ბრუნდებოდა და სენაკში ჩაიყვანა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში