№18 ცა და თქვენი ხასიათი
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ასტროლოგიის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ცის გამოსახულებაც კი განსაზღვრავს თქვენს პიროვნულ თვისებებსა და გარკვეულწილად, მომავალსაც კი. გააჩნია, უფრო ხშირად როგორს ხედავთ ცას. რა არის ის თქვენთვის.
ტესტი რომ გაიაროთ, უნდა აირჩიოთ ქვემოთ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთი და წაიკითხოთ, საით მიჰყავხართ თქვენი ბედის ვარსკვლავს.
1. ცაზე მხოლოდ ორი-სამი ვარსკვლავია.
თუ არჩევანს ამ ცაზე შეაჩერებთ – თქვენ არასდროს გაშინებთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ალბათ, ისიც შეამჩნიეთ, რომ კარგ მომენტებში ყველა თქვენ გვერდითაა, მაგრამ რთულში – უცბად გაქცევენ ხოლმე ზურგს. რა არის ამისი მიზეზი? – თქვენს ცხოვრებაში შეუფერებელ ადამიანებს უშვებდით, სულიერად გამოიფიტეთ და გაცივდით. მაგრამ მალე განსაკუთრებული ადამიანი გამოჩნდება, რომელიც თქვენს ყოფაში სინათლეს შემოიტანს და ცხოვრების გემოს გაგრძნობინებთ. ეს სრულიად მოულოდნელ დროს მოხდება, თანაც, ყველაზე წარმოუდგენელი სახით. თქვენი ცხოვრებაც საოცრად შეიცვლება.
2. ჩაშავებული, უვარსკვლავებო ცა.
თუ არჩევანს ამ ცაზე შეაჩერებთ: თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან ბევრ შანსს უშვებს ხელიდან და თქვენი ცხოვრების ის ფურცლები, რომლებიც წესით, სავსე უნდა იყოს, რეალურად ცარიელია. პასიურობის გამო ბევრ ბედნიერ მომენტს კარგავთ. მიიხედ-მოიხედეთ და დაინახავთ, რომ თქვენ გარშემო კეთილგანწყობილი ადამიანებიც არიან, რომლებიც ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარებიან.
3. ცაზე ნამგალა მთვარეა და მსხვილი, მოკიაფე ვარსკვლავები.
თუ არჩევანს ამ ცაზე შეაჩერებთ: ბევრი რთული მომენტი გადაიტანეთ, ბევრი შეცდომაც დაგიშვიათ, მაგრამ ყველა შეცდომა ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიღეთ, რაც ძალიან დაგეხმარათ, გეპოვათ აუცილებელი ბალანსი და სიმშვიდე. ბრმად ენდობოდით ადამიანებს და მათ ბევრჯერ გიღალატეს. სწორედ ამიტომ, ახლა კარგად უფიქრდებით, რა გადაწყვეტილება მიიღოთ. გახსოვდეთ, არავის აქვს უფლება, განგსაჯოთ, იმიტომ რომ არავინ იცის, რა გაქვთ გადატანილი. ბევრი ოცნება აგიხდათ და სწორედ ამან აგაწევინათ თავი მაღლა, მოგცათ ძალა, წინსვლა გაგეგრძელებინათ. სიძნელეებმა კი ბევრად მგრძნობიარე გაგხადათ, ბევრად შორსმჭვრეტელიც და კარგადაც გამოგაწრთოთ.
4. ვარსკვლავებით მოჭედილი, უძირო და ლამაზი ცა.
თუ არჩევანს ამ ცაზე შეაჩერებთ: ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდათ - სავსე როგორც სასიამოვნო, ისე რთული მომენტებით. სიძნელეებს თქვენი მტკიცე ხასიათის წყალობით გაუმკლავდით და სახეზე ღიმილიც შეინარჩუნეთ. იყო მომენტები, როცა გინდოდათ, ყველაფერი მიგეტოვებინათ და დანებების ნიშნად ხელები აგეწიათ, მაგრამ განსაკუთრებულმა ადამიანებმა, მუდამ თქვენ გვერდით რომ არიან, რეალობაში დაგაბრუნეს და ყველა სირთულე გადაგალახინეს. ცხოვრება ხშირად გთავაზობდათ სიურპრიზებს, მაგრამ თქვენი არჩევანი ყოველთვის სწორი არ იყო. არასდროს დაგავიწყდებათ მიღებული მწარე გაკვეთილები. თქვენ კარგი მომავალი და სტაბილურობა გელით. გარს მხოლოდ კარგი ადამიანები გახვევიათ. ერთადერთი, რაზეც უნდა იზრუნოთ, ეს ფინანსური უსაფრთხოებაა.