№18 ქმრის გარეშე ცხოვრება თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ახლა აღარ განვიცდი, გაუბედურებულს რომ ვხედავ
ჩემმა ქმარმა, 18-წლიანი თანაცხოვრების მერე, ისე მიღალატა, უკან არ მოუხედავს. გავიგე. არც მე ვაპატიე და გავშორდი. თავიდან, ამაყად იყო, მეუბნებოდა: დამოუკიდებლად ცხოვრება შენ არ შეგიძლია, ცოტას გაიბუტები და მერე მაპატიებ, აბა, რას იზამო. იმას კი არ მეუბნებოდა, მაპატიე, შევცდი, ეს რა გავაკეთეო. თავიდან მის გარეშე მართლა გამიჭირდა, ასე მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. შვილების გამო ვცდილობდი, არ გამომეხატა გრძნობები და დარდი. ამის გამო სახლში არ ჩავიკეტე, სამსახური ვიშოვე, ფორმაში ჩავდექი და მარტო გავაგრძელე ცხოვრება. ჩემი ყოფილი ქმარი ხშირად მხვდებოდა ქუჩაში და ღიმილით მესალმებოდა. ეგონა, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, მაგრამ პირიქით მოხდა. ახლა ის მეხვეწება შერიგებას. მე ღალატის რთული პერიოდი გადავიტანე, მას კი ახლა დაეწყო სინანული და მიხვდა, წუთიერი სიამოვნების გამო რა დაკარგა. ნამდვილად არ არის ბუნებით მოღალატე და რაც ერთად ვიყავით, მისგან სითბოს და სიყვარულის გარდა არაფერი მიგრძნია. დაქალები რომ დაიწყებდნენ ლაპარაკს, ყველა კაცი მოღალატეაო, პირველი მათი დამცველი მე ვიყავი. ვეუბნებოდი: კარგი რა, ამდენი წელია, გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს სხვა ქალისკენ არც გაუხედავს-მეთქი. თურმე, არ უნდა თქვა. მართლა არ ვიცი, როგორ გადაეკეტა გონება, რის გამო მიღალატა, რა დავაკელი... მრცხვენოდა პასუხის გაცემა იმ ადამიანებზე, ვინც მეუბნებოდა, ქმარს რატომ გაშორდიო. მიღალატა-მეთქი, რომ მეთქვა, ასე მეგონა, ჩემს თავს ვაყენებდი შეურაცხყოფას და ტყუილს ვეუბნებოდი: ხასიათები გაუფუჭდა და ვეღარ ვეგუებოდით ერთმანეთს-მეთქი. მაგრამ სიმართლეს როდემდე დამალავ? ყველა ყველაფერს იგებს. შვილებიც მე დამიდგნენ გვერდით, ამ საქციელის გამო მამას ზურგი აქციეს. ახლოს არ იკარებენ და ამაზე სულ გიჟდება. მეუბნება: შენი ბრალია, შვილებს გადამკიდეო. გეგონება, მე ვუღალატე, მე ჩავუწექი სხვას და მე დავასხი ოჯახს და მის შვილებს თავსლაფი. ასეა, თურმე, ზედმეტად არ უნდა გადაჰყვე ქმარს. დედაჩემი სულ მეუბნებოდა: შვილო, თუ გინდა, იდეალური ოჯახი გქონდეს, ქმარს სიგიჟემდე უნდა უყვარდე და შენ მასთან ცოტა სიყვარული და დიდი მოვალეობის გრძნობა უნდა გაკავშირებდესო. მიკვირდა, ეს ქალი რეებს ამბობს, თუ ქმარი მეც სიგიჟემდე არ მეყვარება, ისე როგორ ვიცხოვრებ მის გვერდით-მეთქი. ჰოდა, მართალი ყოფილა. ალბათ, არ ვუყვარდი სიგიჟემდე და ამიტომაც გამიმეტა და გამცვალა სხვა ქალში. მე კი ისე ვიყავი მასზე შეყვარებული, ახლაც მიკვირს, უმისობა როგორ გადავიტანე. ქუჩაში რომ მხვდება, ბინძური ტანსაცმლით, წვერგაუპარსავი და მოტეხილი, მენანება და მეცოდება. მაგრამ უღირსი ქცევით საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი. მე კი მჯერა, თუ კაცს ერთხელ აპატიე ღალატი, ის კიდევ ბევრჯერ მოგაყენებს მსგავს შეურაცხყოფას და ამიტომაც არ ვაპატიე. მე კი ვარ ბედნიერი ჩემს შვილებთან ერთად, სამსახურიც მაქვს და სადაქალო-სანათესაოც გვერდით მიდგას. ჩემი ყოფილი ქმარი კი სანათესაომაც მოიძულა, იმ ქალმაც გამოიყენა და მიაგდო და ახლა მარტო ცხოვრობს და უვლის საკუთარ თავს, თუ ამას მოვლა ჰქვია. შეიძლება, ვიღაცამ ბოროტი მიწოდოს, მაგრამ ვერავინ მიხვდება, რა გადავიტანე და მიხარია, ასეთ დღეში რომ ვხედავ. ვერ შეიშნოვა კარგი ცოლ-შვილი და ახლა, ბრძანდებოდეს მარტო და შეურაცხყოფილი ისე, როგორც მე ვიყავი, როცა მისი ღალატი გავიგე.
მანჩო, 43 წლის.