№18 დანაშაულის ადგილი
ლოურენს ბლოკი
შუაღამეს რომ რამდენიმე წუთი აკლდა, კლუბ „კლიოს“ კართან გოგონამ თომას კეროლს – „იღბლიან ტომს“, ქუდი მიაწოდა. „იღბლიანმა“ გოგონას ხელში ტკიცინა დოლარიანი ჩაუდო და თვალი ჩაუკრა. ორმცდათორმეტი წლის იყო, მაგრამ ორმოცდახუთს თუ მისცემდი. ნახევრად მოწეული სიგარეტი გადაგდო და კლუბის ავტოსადგომისკენ გაემართა, ძალიან ძვირიანი და ძალიან დიდი ავტომობილის საჭეს მიუჯდა, გასაღები საკეტს მოარგო და მხოლოდ მაშინ იგრძნო, რომ მარტო არ იყო. იარაღის გადატენვის ხმა რომ გაისმა, კეროლი ადგილზე გაქვავდა, დაბალმა კაცმა კი, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა, თავში ექვსჯერ ესროლა.
დანაშაულის ადგილი პირველად ფინმა და მატერამ დაათვალიერეს.
– ვის უნდა გასჩენოდა „იღბლიანი ტომის“ გაგორების სურვილი? – იკითხა ფინმა.
– კარგი კითხვაა, – ჩაიცინა მატერამ, – შეიარაღებული ძარცვა, დაყაჩაღება, გატაცება, სამი მკვლელობა, რომელთაგან, ერთიც ვერ დავუმტკიცეთ, თუმცა ვიცით, რომ მან ჩაიდინა... კლუბ „კლიოს“ და სამი არალეგალური კაზინოს მეპატრონე მეორე კაცი იყო ბარი ბეიერის ბანდაში. ეჭვი არაა, პროფესიონალი მუშაობდა. თავში ექვსი ტყვია დაახალა. როგორ გგონია, შურისძიებაა?
– შეიძლება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ბეიერსა და არჩი მასკოუს შორის შავ კატას არ გაურბენია. დიდი ხანია, ეს ორი ბანდა ატყავებს ქალაქს, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთი ხოცონ.
დაახლოებით ორი დღის და სამი საათის შემდეგ არჩი მასკოუს სამი კაცი საროსკიპოდან გამოვიდა, სადაც ერთი კვირის გადასახადის ამოსაღებად და მომსახურების ხარისხის შესამოწმებლად შეიარეს. მანქანაში სხდებოდნენ, როდესაც მათ გვერდით ძველისძველი „კაბრიოლეტი“ გაჩერდა. მძღოლი წინ გადმოიხარა და გადაჭრილი თოფიდან შუაში მიმავალ მამაკაცს ესროლა. შემდეგ სავარძლიდან ავტომატური პისტოლეტი აიღო, რითიც ორი კომპანიონიც დაცხრილა. ამის მერე მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა, მოსახვევში ორ ბორბალზე შეაყენა, მაშინვე სიჩქარე დააგდო და ოთხი კვარტალი ასე გაიარა. შემდეგ ავტომობილი ტროტუართან გააჩერა, იარაღი დაშალა, შავ დიპლომატში ჩააწყო და თავის მანქანაში გადაჯდა, რომელიც იქვე, კუთხეში ეყენა.
ეს საქმეც ფინის და მატერას მისცეს გამოსაძიებლად.
– ამჯერად არჩი მასკოუს სამი „კეთილსინდისიერი“ მოქალქე – ჯო დენი, ჩარლი ვეისი და გრძელცხვირა მარჩისონი – ჩაილაპრაკა ადგილის დათვალიერების შემდეგ ფინმა, – ეს უკვე ომს ჰგავს. ასე არ არის?
მატერამ მხრები აიჩეჩა:
– უცნაურია. მაშინ ჩვენამდე რაღაც ხმებს მაინც ხომ უნდა მოეღწია? ჩვენ ისეთ ამბებს ვიგებთ, რაზეც ჩვეულებრივ მოქალაქეს წარმოდგენაც არ აქვს. ეს ფორმაც იმიტომ გვაცვია, რომ ის მოვლენებში თანამონაწილეობის შეგრძნებას გვაძლევს.
მეორე დღეს მისტერ არჩი მასკოუმ მისტერ ბარი ბეიერს დაურეკა.
– ამის საჭიროება არ იყო.
– რისი?
– დენიზე, ვეისზე და „გრძელცხვირაზე“ გეუბნები. ხომ იცი, „იღბლიანი ტომი“ ჩემ გარეშე გააგორეს. შურისძიება ტყუილად დაიწყე.
– ვინ მოკლა „იღბლიანი ტომი“?
– მე საიდან უნდა ვიცოდე?
– მაშინ, მე საიდან უნდა ვიცოდე, ვინ მოკლა დენი, ვეისი და „გრძელცხვირა“? მე რომ მეფიქრა, „იღბლიანი ტომი“ შენ მოკალი, იცი რას ვიზამდი? პირდაპირ შენ გაგაგორებდი.
– ჩემთან ასე ლაპარაკი საჭირო არ არის, ბარი.
– როგორც მინდა, ისე ვლაპარაკობ!
– ჰო?! – მასკოუს ხმაში მუქარა გაისმა.
– ჰო.
იმავე საღამოს ვინმე როზუელ სპუნი მანქანის დაქოქვისთანავე უძლიერესმა აფეთქებამ ამქვეყნიდან იმქვეყანას გაამგზავრა. დაბალი კაცი მთელ ამ პროცესს ქუჩის მეორე მხარეს არსებული ტავერნიდან აკვირდებოდა. მისტერ სპუნი ბარი ბეიერის „კასირი“ იყო. ორ საათში ბარი ბეიერის ბიჭებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცეს და რესტორან „ვესტ-საიდს“ მიადგნენ, სადაც მასკოუს გუნდი ერთობოდა. მანქანის უკანა კარი გაიღო. იქიდან ხუთი კაცი გადმოვიდა და ავტომატებიდან ტყვიების წვიმა წამოვიდა. მალე, რესტორანში არჩი მასკოუს რვა ერთგული თანამებრძოლი იატაკზე ეგდო. თავდამსხმელებიდან კი ერთი დაიღუპა.
მასკოუმ ვალი მეორე დღეს დააბრუნა. ბეიერის ორი სათამაშო სახლი დაარბია და მისი მარჯვენა ხელი მოკლა. სიტუაცია მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ჩაწყნარდა. თითქოს ბანდის მეთაურებმა გააცნობიერეს, რომ ომის მდგომარეობა არცერთს არგებდა. მაგრამ მეორე დღესვე თავისივე მანქანის საბარგულში ვიოლინოს სიმით გაგუდული მაზგი ლოპესი იპოვეს, ხოლო ლოგანი საკუთარი აუზიდან შეკრული ხელ-ფეხით და ქლორიანი წყლით სავსე ფილტვებით ამოიყვანეს. ბენი ბენედეტო კი მაშინ აფეთქდა, როდესაც მანქანა დაქოქა.
ომი სამი თვე გაგრძელდა. შიგადაშიგ, როდესაც არჩი მასკოუს და ბარი ბეიერის შეხვედრის შესახებ ხმები ვრცელდებოდა, მშვიდობაც დაისადგურებდა ხოლმე. მაგრამ მერე ისევ ვიღაცას კლავდნენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. სამი თვის თავზე ისევ გავრცელდა ხმა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. ქალაქში უკვე მეხუთე დღე იყო, არავინ მოეკლათ. ამ დროისთვის დაღუპულების რიცხვი ოთხმოცდასამს აღწევდა.
იმ ღამეს ფინი და მატერა შიშისგან გარინდული ქალაქის ქუჩებში პატრულირებდნენ და ერთი დაბალი კაცი დააპატიმრეს. პირველად ის მატერამ დაინახა – ქუჩაზე ფარებჩამქრალი და დაქოქილი მანქანის სალონში ვიღაც ხლაფორთობდა. მანქანა მატერამაც გააჩერა და ფარებიც ჩააქრო. დაბალი კაცი საქმეს მორჩა. ძრავი გამორთო, მანქანიდან გადმოვიდა და მხოლოდ მაშინ დაინახა ფინი და მატერა დამიზნებული პისტოლეტებით. ფინმა მანქანაში ჩაიხედა.
– კარგად მოგიფიქრებია, – ნანახს კომენტარი გაუკეთა მან, – პატარა პისტოლეტი საჭის ღერძზეა მიბმული, ხოლო სასხლეტზე მიმაგრებული მავთული გაზის პედალს უერთდება. შენ პედალს აწვები, ტყვია კი პირდაპირ მკერდში გხვდება.
მატერამ დაბალ კაცს შეხედა.
– ეს ვისი მანქანაა, შე სათვალიანო ქილერო? მე გეტყვი: მასკოუს კაცის. ბარი ბეიერზე მუშაობ?
დაბალმა თავი ჩაღუნა.
– რა თქმა უნდა, არა.
– აბა, სად მუშაობ?
– ქიმიკოსი ვარ.
– რა?!
– მოდით, ყველაფერს თავიდან მოგიყვებით. მე ედუარდ ფიჩი მქვია. ჩემი სახელი გაგონილი არ გექნებათ, მაგრამ ჩემი შვილი გეცოდინებათ – რიჩარდ ფიჩი. გასულ აგვისტოში თავი მოიკლა. ძალიან დიდი თანხა ჰქონდა წაგებული. ფულის შოვნას ცდილობდა, მაგრამ პროცენტი ყველდღიურად იზრდებოდა. გადაწყვიტა, რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და თავი ჩამოიხრჩო. მას სწორედ „იღბლიანი ტომის“ ვალი ჰქონდა. მანვე დაუწესა ის გაუგონარი პროცენტები. პასუხისგებაში მისი მიცემა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც მისი მოკვლა გადავწყვიტე...
– „იღბლიანი ტომი“ თქვენ მოკალით?! – ფინს ყბა ჩამოუვარდა.
– კი, მე.
– მეორე დღეს კი ბეიერმა საპასუხო დარტყმა განახორციელა და ასე დაიწყო ომი.
– მთლად მასე არაა. არის საქმეები, რომლებიც მამაკაცმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თუმცა, შეიძლება, ისინი კანონის ჩარჩოში არ ჯდება. ტომი რომ მოვკალი, მივხვდი, ამ მკვლელობას ყველა, როგორც შურისძიებას, ისე უყურებდა. გაზეთებმა განგსტერული გარჩევა უწოდეს. ჰოდა, მეც ვიფიქრე, ცუდი არ იქნებოდა ორივე ბანდა ერთმანეთზე მიმესია. ბორდელიდან გამოსული ის სამი კაციც მე ჩავცხრილე და მისტერ სპუნიც მე ავაფეთქე. შემდეგ, მხოლოდ ისეთ მომენტებში ვერეოდი, როდესაც ომი მინავლდებოდა. ასე რომ მე მხოლოდ 15 კაცი მოვკალი. გადაწყვეტილი მქონდა, აქ რომ მოვრჩებოდი, სხვა ქალაქში გადავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა დაწყებული საქმე. ვგრძნობ, ქალაქების განგსტერებისგან გათავისუფლება ჩემი მოწოდებაა. თუმცა, ახლა, როგორც ვხვდები, სასამართლო და ციხე მელის...
სიჩუმე ჩამოვარდა. მატერამ სიგარეტს მოუკიდა და ჩაახველა.
– ერთი რამ უნდა აგიხსნათ, მისტერ ფიჩ. პოლიციელები ძალიან დაკავებული ხალხი ვართ. ფანტასმაგორიულ ისტორიებზე დროს ვერ დავკარგავთ. დამნაშავეები გვყავს დასაჭრი.
– მისტერ ფიჩ, მატერას იმის თქმა უნდა, რომ ისეთ საყვარელ მოხუცს, როგორიც თქვენ ხართ, ახლა უნდა ეძინოს. თქვენთან საუბარი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ სამუშაო გვაქვს. დამნაშავეებს ღამით არ სძინავთ.
– ღმერთმა დაგლოცოთ! – მხოლოდ ეს თქვა მისტერ ფიჩმა.
– მაინც დარტყმული მოხუცია, – თქვა მატერამ, როდესაც მისტერ ფიჩი წავიდა, – რამდენ ხანს გაუმართლებს?
– ჯერჯერობით, თხუთმეტით ნულია მის სასრგებლოდ.
– და კიდევ სამოცდაათი, რომლებიც თავად დახოცეს.
– შეხედე, „ყურპარტყუნა კერადაინი“ მოდის. უნდა გავაჩეროთ, ვიდრე მანქანაში ჩაჯდება.
– ჰოდა, მიდი და გააჩერე.
– შენ უფრო ახლოს ხარ. ნახე, უკვე ჯდება.
– როგორ ფიქრობ, გავარდება?
მათ ჯერ ძრავის დაქოქვის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი – გასროლის. „ყურპარტყუნა კერადაინი“ საჭეს დაემხო. მატერამ მანქანა დაქოქა.
– თექვსმეტი, – შეაჯამა ფინმა და თვალი ჩაუკრა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ