№18 რა მიაწერა სტალინმა ჰიტლერისთვის გაგზავნილ „ვეფხისტყაოსნის“ ყდაზე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ხომ მშვიდობაა, გრაფ?
შულენბურგმა მითხრა:
– ბოდიშს გიხდი ასეთი ადრეული ზარისთვის, მაგრამ ამის სერიოზული მიზეზი მაქვს. ამ დილით ბერლინიდან ფიურერის დალუქული ამანათი მივიღეთ. მე მაქვს ჰიტლერის პირადი მითითება, რომ გზავნილი პირადად სტალინს გადავცე. დღეს ხომ მისი დაბადების დღეა და ამისთვის თქვენი დახმარება მჭირდება. იქნებ გამირკვიოთ, საბჭოთა ბელადი როდის შეძლებს ჩემს მიღებასო.
შულენბურგს ვუთხარი, რომ მე თავადვე დავურეკავდი მას და ყურმილი დავკიდე. შემდეგ კუნცევოში დავრეკე და დაცვამ მითხრა, რომ სტალინს უკვე ეღვიძა და მუშაობდა. სტალინთან შემაერთეს:
– რა ხდება, რამ შეგაწუხა? – მკითხა მან.
მე, პირველ რიგში, დაბადების დღე მივულოცე სტალინს და შულენბურგის თხოვნა გადავეცი, რაზეც მიპასუხა:
– შუადღის თორმეტზე მოდით ჩემთან. მაინტერესებს, ჰიტლერმა რა საჩუქარი გამომიგზავნაო.
კრემლში რომ მივედით და შულენბურგმა სტალინს ამანათი გადასცა, მან (სტალინმა) თავადვე გახსნა და ის ტევტონთა ორდენის რაინდული მახვილი აღმოჩნდა, რომელზეც ეწერა: „ჭეშმარიტ რაინდს, იოსებ სტალინს – 60 წლის აღსანიშნავად გერმანიის ფიურერისგან“.
სტალინმა ეს დიდებული ნაკეთობა ჯერ ყურადღებით დაათვალიერა, შემდეგ ძალიან მარჯვედ მოიქნია. ბოლოს მაგიდაზე დადო. შულენბურგს მადლობა გადაუხადა და კაბინეტიდან გამოგვისტუმრა...“
სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, 1940 წლის 20 აპრილს, ანუ ჰიტლერის დაბადების 51 წლისთავზე, პირადად ვიაჩესლავ მოლოტოვმა ჩაუტანა ჰიტლერს მისთვის სპეციალურად ქართულ ენაზე ოქროს ასოებით დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაზეც გერმანულად, პირადად სტალინის ხელით იყო მიწერილი: „ამ პოემაში მოთხრობილი რაინდობისა და მეგობრობის ისტორია იმდენად მყარია, რომ თვით ტევტონთა მახვილიც კი ვერაფერს დააკლებს. გილოცავთ დაბადების დღეს! იოსებ სტალინი“.
ჩემი აზრით, ამ ღრმა დიპლომატიური ენითა და ქმედებით ორი ბელადი ერთმანეთის ყურადღების მოდუნებას ცდილობდა მომავალი „დიდი ჯახის“ წინ, რომელშიც სტალინს ხვდა გამარჯვება და სავსებით დამსახურებულადაც...
სვეტლანა თევდორაძის თქმით კი, ეს ორი დიდი ბელადი სწორედ „დიდი ჯახის“ დროს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ჟენევის ტბაზე მდებარე ვილაში შეხვდნენ ერთმანეთს და თითქმის თორმეტი საათი ისაუბრეს. სვეტლანა თევდორაძე ყვებოდა: „მამამ ერთხელ მომიყვა, რომ გაგანია ომის დროს, 1943 წლის 15 იანვარს ის სტალინს ჟენევის ტბაზე ზესაიდუმლო შეხვედრისას ახლდა თან, რომლის დროსაც ჰიტლერმა და საბჭოთა ბელადმა თორმეტი საათი ისაუბრეს. სტალინმა კარგად იცოდა გერმანული და თარჯიმანი არ სჭირდებოდა. მამას თქმით, ეს შეხვედრა ჰიტლერის თხოვნით გაიმართა. თუმცა მისი შინაარსი არ იცოდა. ამ მგზავრობაში მათ ბერიაც ახლდათ, მაგრამ საუბარში მონაწილეობა არ მიუღია. მახსოვს, მამამ თქვა: „მოსკოვში თვითმფრინავით დავბრუნდით. მთელი გზა სტალინს არაფერი უთქვამს, ფიქრობდა. ხოლო რომ დავეშვით, ეს ფრაზა წარმოთქვა: საქმე დასასრულისკენ მიდის და ჰიტლერს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთო...“
სავარაუდოდ, ჰიტლერმა სტალინს ზავი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და განადგურდა კიდეც“.