№18 რისთვის დადიან თანამედროვე ქრისტიანები ტაძარში და რის გამოტყუებას ცდილობენ ისინი მოძღვრისგან და ღმერთისგან
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
28 აპრილს მართლმადიდებლურმა სამყარომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა, რომელსაც წინ დიდმარხვა და არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).
– დღეს ჩვეულებრივი მოცემულობაა, რომ ვიღაცასთან არის ღმერთი და ვიღაცასთან არ არის. შეიძლება, ადამიანი ტაძარში იყოს და მასთან არ იყოს ღმერთი და პირიქით – შეიძლება, ადამიანი ტაძარში არ იყოს და მასთან იყოს ღმერთი. სულიწმიდა არ შედის ადამიანში ძალით და მექანიკურად არც ეკლესიაში ხდება არაფერი. ყველაფერი ჩვენი, ადამიანების თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს, რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობისა და თანხვედრის შედეგად. დღეს ბევრი რამ არასწორად ვრცელდება. თუნდაც, ბზობის დღესასწაული, როგორც ჩვენ ვეძახით. რა თქმა უნდა ეს არასწორია, ეს არის არა ბზობა, არამედ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ამ მოვლენას წინ უძღოდა 4 დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინება. უფრო ადრე კი მაცხოვარი შედის ერთ-ერთი დიდებულის სახლში და მარიამ მაგდალინელი სცხებს ძვირფას ნელსაცხებლებს. ამ დროს იუდა ისკარიოტელი ამბობს: არ ჯობდა, კეთილსურნელება გაყიდულიყო და ღარიბებისთვის მიგვეცა თანხაო. მაშინ ისინი ძალიან ძვირი ღირდა. მოციქული თითქოს ზრუნავს სხვა ადამიანებზე, მაგრამ თავად სახარება განგვიმარტავს: მოციქული ადამიანებზე კი არ ზრუნავს, ის მპარავი იყოო. 2000 წელი გავიდა და დღეს კაცობრიობა იუდასავით ყვირის, ასეთია იდეოლოგია, მსოფლმხედველობა. როგორც იუდა ამბობდა, დღესაც ბევრი ამბობს: არ სჯობდა გაეყიდა და გაჭირვებულებისთვის დაერიგებინაო. სინამდვილეში არავინ დარდობს და ფიქრობს გაჭირვებულებზე, გვალაპარაკებს ის, რაც ალაპარაკებდა მწიგნობრებს, ფარისევლებს, რჯულის მოძღვრებს. ანუ ეს არის შური, განკითხვა, ცილისწამება და უსიყვარულობა და არა ვინმეზე დარდი და ფიქრი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, ხალხი არა მხოლოდ მის სანახავად მიდის, არამედ მკვდრეთით აღმდგარი ლაზარესი. ანუ სეირის სანახავად მიდიოდა ეს ხალხი და დღესაც რისთვის მიდის ადამიანი სადმე? რა თქმა უნდა, სეირის სანახავად. ბევრად ნაკლები ადამიანი დადის განკურნებისთვის, სიყვარულის სწავლისთვის, შენდობისთვის. ძირითადი რაოდენობა ადამიანებისა მაინც სანახაობის სანახავად დადის, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება – ტაძარია ეს თუ სხვა რამ.
– რატომ ხდება, რომ ადამიანები რომლებიც მაცხოვარს დიდებით ელოდებიან, ერთ კვირაში ჯვარს აცვამენ და ეს გრძელდება დღესაც, თითქმის ყოველღე.
– ადამიანები არ ელოდებიან მაცხოვარს ისეთს, როგორიც ის რეალურად არის, როგორც მან წარუდგინა თავი საზოგადოებას, მთელ სამყაროს. მაგრამ ასეთი მაცხოვარი არავის სჭირდება. ამიტომაც ის ადამიანები, რომლებიც მას დიდ პატივს სცემენ, საკუთარ სამოსს უფენენ, რამდენიმე დღეში ყვირიან: ჯვარზე გააკარითო. ბევრი სვამს კითხვას: ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ასე სურდა ღმერთს, მან წინასწარ გაწერა ყველაფერი: იუდას უნდა გაეცა, ჯვარზე უნდა გაეკრათო. ქრისტიანები ასეთ თემებს ზერელედ არ უნდა ვუდგებოდეთ. ღმერთმა, რა თქმა უნდა, წინასწარ ყველაფერი იცის და ის მხოლოდ იმისთვის არ მოსულა, რომ ჯვარზე გაკრულიყო. რისთვის გააკეთა მან ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ყველასთვის და არა მხოლოდ ღვთაებრივი, არამედ კაცობრივი ბუნებით. მას შეეძლო, ჩამოსულიყო ანგელოზივით და ისევ გაფრენილიყო. მაგრამ ჩვენ ადამიანები მუდმივად მიდრეკილები ვართ ცოდვისკენ, სისუსტეებისკენ და ყველაფერი იმისკენ, რაც არასამართლიანია და ღვთის სამართლისგან შორს არის. უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენი და ღვთის სამართალი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და არ შეესაბამება ერთმანეთს. დღეს ვამბობთ ხოლმე, ახლა რომ მოსულიყო მაცხოვარი, ასე არ მოვიქცევით, ჩვენ ჯვარზე არ გავაკრავთო. ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყოველდღე ვაკრავთ მაცხოვარს ჯვარზე. ჯვარზე გაკვრა რა არის, რა და – ქმედება. ქმედება მეორეხარისხოვანია, მოგვიანებით იწყებს მოქმედებას. თავიდან არის გული, გონება, სული, განზრახვა და შემდეგ მოდის ქმედებაში. თუ ჩვენ ისე ვიქცევით, ვაზროვნებთ, როგორც საუკუნეების წინ იქცეოდნენ ადამიანები, რით განვსხვავდებით მათგან?
– რით განსხვავდება ჩვენი, ადამიანების შექმნილი სამართალი ღვთის სამართლისგან?
– ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე: რა უსამართლობაა, ღმერთმა ეს დაუშვა, ჩვენი ახლობელი ცუდად გახდა, ჩვენი ახლობელი მოკვდა, სად არის ღმერთის სამართალიო. ჩვენ ღმერთს ვერ ვჭვრეტთ, რადგან მან ყელაფერი სამართლიანად, ლამაზად, იდეალურად შექმნა. ჩვენ იმას კი არ ვჭვრეტთ, რაც ღმერთმა შექმნა, არამედ ვუყურებთ იმას, რაც ღმერთმა შექმნა, მაგრამ ადამიანებმა დაანაწევრეს, დაამახინჯეს, გაანადგურეს, გასვარეს. ჩვენ ამას ვუყურებთ და მერე მოგვდის არასწორი აზრები: სად არის ღმერთის სამართალიო. ღმერთის სამართალი იყო, მაგრამ ვინ ამოსვარა და გაანადგურა? ვინ და, ადამიანებმა. ამიტომაც ვერ ვხედავთ იმას, რაც ღმერთმა შექმნა, არამედ ვხედავთ იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ და ის აღარ არის, რაც იყო და რაც უნდა გამხდარიყო. როცა მაცხოვარი ევნება ჯვარზე, ამას ის კაცური ბუნებით აკეთებს და გვეუბნება: მე თუ ეს შევძელი, თქვენც უნდა შეძლოთო. მაცხოვარს შეეძლო, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ არც ტანჯვა განეცადა, არც ტკივილი. პირიქით, როდესაც ის ლოცულობს ჯვარცმამდე, ქვას სისხლი და ცრემლი ეწვეთება. შეიძლება, ვინმემ თქვას, სახარებაში ბევრი ხატოვნებააო, მაგრამ არ არის ასე. ფიზიოლოგიურადაც ასეა, როდესაც ადამიანი უკიდურესი ემოციური დაძაბულობის, ნერვიულობის მდგომარეობაშია, სხეულში არსებული უამრავი კაპილარები წყდება, სისხლი, ოფლი ერთმანეთს უერთდება და წვეთავს ხოლმე. ქრისტე უკიდურესად დაძაბული იყო და ის ამ ყველაფერს განიცდიდა, როგორც ადამიანი. მან ყველაფრის მაგალითი მოგვცა და გვითხრა, რომ ჩვენც გავაკეთოთ და მივბაძოთ მას. ვიღაც იტყვის: მამაო, ის ღმერთი იყო, მე ადამიანი ვარ, როგორ მივბაძოო? რაღაც მცირედი მაინც გააკეთეთ, მიბაძეთ ქრისტეს, თუ ეკლესიაში იმისთვის მოდიხართ, რომ მადლი მიიღოთ. იმისთვის კი არ მოვდივართ ეკლესიაში, რომ მღვდელს, ღმერთს რამე გამოვტყუოთ. მღვდელს კიდევ შეიძლება, რაღაც გამოვტყუოთ, მაგრამ ღმერთს ვერ გამოვტყუებთ. იცით, რატომ არ მიიღეს მაცხოვარი? იმედგაცრუებულები დარჩნენ მისგან, დაბრკოლდნენ. ქრისტე მათ არ უნდათ პიროვნებად, რომელიც მათ ცოდვებს წაშლის, განკურნავს, არამედ მათ სურდათ პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულია, ხალხს გაუკეთებს იმას, რაც თავად სურთ. მათ ისეთი მმართველი უნდათ, რომელიც მათ სოციალურ, ფინანსურ, პოლიტიკურ მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებს. ადამიანმა 4 დღის ლაზარე აღადგინა და ამ დროს ის მათ არაფერს უკეთებს. რა პრობლემაა მისთვის, რომ რაღაც მოგვცეს, რაღაც მოგვიმატოს, დაგვამშვიდოს... და მაცხოვარს იპყრობენ, სცემენ, აფურთხებენ. ამცირებენ და არაფერს აკეთებს. დღეს იმ ადამიანს, რომელსაც კარგი ფინანსური მდგომარეობა, სოციალური მაღალი სტატუსი აქვს, პატივს ვცემთ. როგორც კი ამ ყველაფერს დაკარგავს, შეიძლება, გამარჯვებაც არ ვუთხრათ, რადგან აღარ გვჭირდება, არაფერს აღარ წარმოადგენს. ნათლიებს, მეგობრებსაც ხომ ხშირ შემთხვევაში ფულისა და სტატუსის მიხედვით ვარჩევთ. მერე გვიკვირს, როგორ გაყიდა ამ ხალხმა მაცხოვარი, როგორ დაბრკოლდნენ მასშიო. ასე არ ვიქცევით დღესაც? ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ, ლოცვებში ღმერთს რაღაცას ვთხოვთ და რამდენად მართებულად ვითხოვთ იმას, რასაც ქრისტე გვასწავლის? რომ დავფიქრდებით, მივხვდებით, ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებიც ორი ათასი წლის წინ იყვნენ, ან უარესები. ქრისტესგან იმას ვითხოვთ, რაც ჩვენთვის საზიანოა და შემდეგ საკუთარი თავითაც უკმაყოფილოები ვართ. ღმერთს ჩვენგან არაფერი უნდა, გარდა ჩვენი ცხონებისა და მოქცევისა.