№18 როგორ იყენებენ ქართველი პოლიტიკოსები ქართული სახელმწიფოს სისუსტეებს თავიანთი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად და სკამების დასაუფლებლად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ლამის ტრადიციად იქცა, რომ წინასაარჩევნოდ ან, უბრალოდ, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ჩვენებური პოლიტიკოსები ჩვენივე, ანუ მათივე სახელმწიფოს სუსტ ადგილებს იყენებენ (თითქოს მტრული სახელმწიფო იყოს). მაგალითად, წინასაარჩევნო მარათონის პროცესში გაყოფა-გამოყოფის ადგილად სამეგრელო იქცა (ძირითადად, იმას ამტკიცებდნენ ოპონენტი პოლიტიკოსები, ვის უფრო მეტად უყვარს სამეგრელო, რა პროცენტითაა მეგრელი და ოპონენტმა რამდენი დაუშავა საქართველოს ამ მხარეს), პრეზიდენტის ქვემო ქართლში ვიზიტის შემდეგ, როდესაც ქ-ნმა ზურაბიშვილმა რუსულად მიმართვაზე უარი თქვა, ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენაო, გარდაბანს გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა და ადგილობრივებს კვერი დაუკრა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე ვერ საქმდება, თუ სახელმწიფო ენა არ იცისო (ანუ აღმოაჩინა ამერიკა ქართულად?!), სულ ბოლოს კი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამალებით ასხამდნენ წყალს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები (თითქოს არეულობა სხვა სახელმწიფოში მოხდებოდა, პროცესი რომ ქაოსში გადაზრდილიყო), ნაცვლად იმისა, რომ ვითარება განემუხტათ (ანუ მოქმედებდნენ პრინციპით – ქვეყანა იქცეოდა, ტურა ქორწილს შვებოდაო). ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, თუ რატომ აყენებენ ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსები თავიანთ სკამებსა და რეიტინგს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა (ამიტომაც ხშირად მათ მოქმედებას ანტისახელმწიფოებრივი ელფერიც დაჰკრავს), არადა იმ სახელმწიფოსი, რომლის ხელისუფლადაც ცდილობენ გახდომას ან უკვე არიან.
რამაზ საყვარელიძე: ეს არ არის ქართული მოვლენა. ყველა ქვეყნის საარჩევნო კამპანია ანალოგიური ტენდენციით ხასიათდება. დემოკრატია იმის დემოკრატიაა, რომ ადამიანები იბრძვიან სკამებისთვის. არისტოკრატიის დროს სკამი მემკვიდრეობით ერგებოდათ და ბრძოლა საჭირო არ იყო.
– თუმცა შვილები, ანუ მემკვიდრეები ებრძოდნენ ერთმანეთს და ხოცავდნენ კიდეც იმ სკამის გამო.
– იქ, სადაც დგებოდა ალტერნატივა, გაცილებით დაუნდობლად იქცეოდნენ, ვიდრე დღეს. ასე რომ, ძალაუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯები უცნაური არ არის.
– ბრძოლა გასაგებია, მაგრამ ისიც ხომ არის, რას დებ სასწორზე? თუ სკამის დასაუფლებლად ისეთ რამეს აკეთებ, რაც სახელმწიფოს უქმნის პრობლემას, ხელისუფალი თუ გახდი, პრობლემად ხომ შემოგიტრიალდება? ანუ პოლიტიკოსი არ ნიშნავს, იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არამედ იმას, რომ ქვეყნის სისუსტეები გამოიყენო?
– ისინი თვლიან, რომ მეტოქის სუსტ წერტილებს იყენებენ და არა სახელმწიფოსი. დროებითი ეფექტი შეიძლება, ამას ჰქონდეს, მაგალითად, ვინც დღეს ამბობს, რომ პანკისელებთან სპეცრაზმი რატომ შევიდაო, გუშინ ვერტმფრენებიდან ხოცავდა ადამიანებს, რომლებსაც რამეს ედავებოდა. პოლიტიკოსებს არ უყვართ შორს ჭვრეტა, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს.
– რა ასეთი „კვერცხია“, თუ არეულობა იქნა ქვეყანაში და თუ ეს აქტივობები ამა თუ იმ ტერიტორიის დაკარგვის საფრთხეს მოიცავს?
– შეხედეთ უკრაინას, ირჩევენ ადამიანს და, რაც მთავარია, თვითონ მიდის ეს ადამიანი საპრეზიდენტო კანდიდატად, რომელსაც, ფაქტობრივად, არანაირი პოლიტიკური კრედო არ განუცხადებია.
– იმას გარდა, რომ ითამაშა პრეზიდენტის როლი.
– სწორედ იმისთვის ითამაშა, რომ მერე გამხდარიყო. გათვლილი პიარტექნოლოგიაა. დამთხვევა ეს არ არის. თავად მან გადაიღო ეს ფილმი, ითამაშა პრეზიდენტი და შემდეგ დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია. მეტი რაღა უნდა ექნა?!
– ძალიან საინტერესოა, ვინ დააფინანსა ის ფილმი?
– ზელენსკის დამფინანსებელი კოლომოისკია, უკრაინელი ოლიგარქი. ზელენსკის ფენომენი მისი პროექტია, კოლომოისკი კი არ არის სახუმარო ფიგურა. ის აფინანსებდა დონბასში უკრაინელებს, ანუ მას არაპატრიოტიზმს ვერ დასწამებ, უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ მიაჩნია, რომ თავისი მეტოქე უნდა დაამარცხოს და ამისთვის ისეთ ღიმილისმიმგვრელ ფიგურას იყენებს, როგორიც ზელენსკია და საკმაოდ წარმატებული პროექტიც გამოუვიდა. და მერე კოლომოისკის ეს თავსატეხად დაუბრუნდება?! ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას.
– კოლომოისკი უკრაინელებს აიარაღებდა, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვითომ არ იციან, რომ პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის პრობლემაა, რომ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაიკავოს ხეობა. ამიტომაც მიკვირს მათი ასეთი არაადეკვატური განცხადებები და ცეცხლზე ნავთის დასხმა.
– ჩვენ რამდენიმე ომი ვნახეთ, რომლებიც საქართველოს დაქუცმაცებას ემსახურებოდა. მაშინ არ ჩნდებოდა იგივე კითხვები?! და არც ისტორიისთვისაა უცხო მსგავსი ქმედებები: ოღონდ ძალაუფლება აეღო, ერეკლე პირველი მტრის ჯარს შემოუძღვა. ამიტომაც არ ახსენებს ისტორია ამ ამბავს.
– რომ არ ახსენებს, იმას მოწმობს, რომ ცუდი საქციელია ეს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ გასაკვირიც არ არის. მე გაკვირვებას ვჩივი. ადამიანი კარგი არსება არაა. ძალიან ბევრ ცუდ რამეს აკეთებს.
– ამერიკელი პოლიტიკოსებიც ასე იქცევიან? მათ იმიტომ ვახსენებ, რომ ჩვენებურები მათზე სწორდებიან.
– ამერიკა რთული მაგალითია, იმიტომ რომ ამერიკას საერთოდ არაფერი ემუქრება.
– რატომ არ ემუქრება? სულ ის მიკვირს, ეს სახელმწიფო რატომაა ამოვარდნილი დედამიწური კონტექსტიდან?
– მამაზეციერმა მისცა მათ ისეთი ადგილი, ორი მხრიდან წყალია, ზემოდან და ქვემოდან - სუსტი სახელმწიფოები და არის იზოლირებულად, ამიტომ მაგალითად არ გამოდგება.
– გეოგრაფია შეიძლება, განსხვავებულია, მაგრამ ადამიანები ხომ ყველგან ადამიანები არიან? მე ვერ ვიხსენებ ამერიკელი პოლიტიკოსების ქცევას, რომელიც მისი ქვეყნის დასუსტებისკენ იყოს მიმართული?
– როგორ უნდა დაასუსტო ამერიკა?! ეკონომიკურად – კი ბატონო და იყო ასეთი პერიოდები, ჩვენ რომ არც დაგვსიზმრებია, მაგრამ სხვა მხრივ, როგორ უნდა დაასუსტო?! ამის მიუხედავადაც, ჩემი აზრით, ჩვენ განსაკუთრებული ხარვეზი არ გვაქვს.
– მაშინ ყველაფერი ფიქცია ყოფილა.
– ფიქციურობა დევს ადამიანის გაგებაში. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ადამიანი არის აღზრდისა და კულტურის შედეგი, აღზრდა და კულტურა კი ფიქციაა, იმიტომ რომ, თუ ბუნებით არ მოსდგამს, ყველაფერი შეგიძლია, აღზარდო – დამნაშავეც და გმირიც. ამდენად, თუ ამ ტერმინს მივყვებით, ყველაფერი ფიქცია გამოდის. მაგრამ ეს ფიქცია, ანუ ადამიანი მნიშვნელოვანი და ღირებულია. სხვათა შორის, კეთილშობილებასაც არ აქვს ლოგიკური გამართლება. ვიღაც არის პატრიოტი, ვიღაც – არა და ადამიანებს შორის განსხვავებაც აქედან იწყება. ჩვენ გვინდა, რომ ყველა იყოს პატრიოტი, კეთილი, გონიერი, არადა, არ არის ასე ცხოვრება მოწყობილი. ვიღაც არის პატრიოტი, ვიღაც არის გონიერი, ვიღაცა – კეთილი.
– პოლიტიკაში რატომ მოდიან, ძირითადად, არაპატრიოტები, არაკეთილები და არაგონიერები?
– იმიტომ რომ ძალაუფლებაა და იტაცებს ეს ძალაუფლება. თავად ახსენეთ, ძმები ერთმანეთს ხოცავდნენო და ძალაუფლების გამო ბევრი მიდის ბევრ რამეზე. ძალაუფლება ნიშნავს, რომ გემორჩილება მთელი სახელმწიფო და გასაკვირი არ არის, რომ ისინი, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ქურდობენ – ფულიც ძალაუფლებაა. არ არის გასაკვირი, რომ ისინი, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან, მეორე ადამიანს კლავენ და ასე შემდეგ, ამ ცოდვათა უმრავლესობა ძალაუფლებისთვისაა ჩადენილი და რატომ გვიკვირს, თუკი ხელისუფლებაში მისასვლელი გაუჩნდათ, ის ადამიანები დააპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, რომლებსაც ძალაუფლება ურჩევნიათ ყველაფერ დანარჩენს.
– ჩვენი საზოგადოება რატომ ტყუვდება ასე იოლად? რატომ ავიწყდება პოლიტიკოსების წარსული და იჯერებს ტყუილს? პირველად, ვთქვათ, არ იცოდა, რომ მოატყუებდა, მაგრამ მეორედ რომ ირჩევს, ხომ უკვე იცის, რომ ვინც ერთხელ უკვე მოატყუა ის კიდევ მოატყუებს?
– რატომ არ უნდა ტყუვდებოდეს?! როდესაც გინდა, რომ მოტყუვდე, მოტყუვდები და მეორე, უარესებს შორის ირჩევ და გინდა თუ არა, არჩევანი უნდა გააკეთო, მაგრამ არც ერთი არჩევანი არ იქნება კარგი, ამიტომ ტყუვდება. ჯერ ერთი, მოტყუება არ არის მხოლოდ პოლიტიკური სინამდვილის სპეციფიკა. უამრავი შემთხვევაა, რომ ადამიანი მოტყუვდა და ცოლად მოიყვანა ან ცოლად გაჰყვა იმას, ვინც არ უნდა მოეყვანა და ვისაც არ უნდა გაჰყოლოდა.
– რაც თვალი ავახილეთ, ამ პოლიტიკურ სპექტრს ვუყურებთ და ხომ ვიცით, ვინ რა თქვა, ვინ როგორ მოიქცა?
– რა გამოსავალია?! ქვეყანას მართვა ხომ უნდა?! რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე? ბევრი მათგანი, ვინც არჩევნებზე მივიდა, არ იყო თანახმა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამხდარიყო, მაგრამ სიტუაცია იყო ისეთი, რომ იმ არჩევანში, რაც ჰქონდა, ხმა ზურაბიშვილისთვის უნდა მიეცა. არ მოტყუვდა, მაგრამ სიტუაციაა ისეთი, ვიღაც უნდა იყოს. აი, ეს ვიღაც კი ძალიან ხშირად არ არის სასურველი, მაგრამ ამომრჩეველს სხვა გზა არ აქვს. რესტორანში რომ შეხვალ, შესაძლოა, ის კერძი არ ჰქონდეთ, რომელიც გიყვარს, მაგრამ, თუ გეჩქარება და არ გინდა, მშიერი დარჩე, აიღებ იმას, რაც არის. მთელი პრობლემაც ისაა, რომ პოლიტიკური სპექტრია ძალიან ღარიბი და ასარჩევი დიდად არაფერია. ამიტომ ვამართლებ ხოლმე ძალიან ხშირად მოსახლეობის არჩევანს. რაც აქვთ, იქიდან შესაძლოა, უკეთესადაც კი არჩევენ. მეორე მხრივ კი, მგონი, გაცილებით მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ვაცნობიერებთ: ერს უჭირს, წარმოშვას ალტერნატივები. უკვე სწორი არჩევნის პრობლემა კი არ არის, არამედ არჩევანი არ არის, ვერ შობს საზოგადოება ასარჩევებს. გახსოვთ, 90-ან წლებში საფინანსო ორგანიზაციები რომ იღებდნენ სესხად ფულს და პროცენტებს იხდიდნენ, უმეტესობა გაკოტრდა, მაგრამ, ვინც ფული დაიბრუნა, ის ადამიანები გაქრნენ. ანუ, ვინც ჩიოდა, ვიჩაგრებიო, როგორც კი ფული მიიღო, აფერისტი აღმოჩნდა. ადამიანები არიან ასეთები. ამიტომ ასეთ პირობებში ძალიან ძნელია, მსაჯული იყო. თან, ასეთები ვიყავით საუკუნეების განმავლობაში – ჯერ, თავო და თავო და მერე, ცოლო და შვილოო. ასეთი ორიენტაციის ხალხად ჩამოვყალიბდით, მთავარია, საკუთარ თავს მოუარო, დანარჩენი მეორეხარისხოვანია და ქვეყანაზეც ეს ფილოსოფია აისახება. მაგრამ შეიცვლება. ამ ცვლილებებსაც დრო უნდა. ანალოგიური სიტუაცია გაიარა ამერიკამ. იქ არაფერი ყოფილა განსხვავებული. ამდენად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ოდესმე, ალბათ, ამ ქვეყანაში ნორმალური მენტალიტეტის ერი ჩამოყალიბდება.