№17 რატომ მოუწია ჯადოქრის გვერდით ცხოვრება რუსკა ქარქაშაძეს და რის გამო არ ეძინა მას 18 დღე და ღამე
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მსახიობი, ჟურნალისტი, მოცეკვავე, სპორტსმენი, მომღერალი – ეს ყველაფერი ერთ პატარა გოგონაში, რუსკა ქარქაშაძეშია გაერთიანებული და როგორც ამბობს, წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს. ის გამოჩენიდან მალევე გახდა ცნობილი და ამბობს, რომ ეს მისთვის დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. აპირებს თუ არა ის საქართველოდან წასვლას, როგორი შეყვარებული სჭირდება გვერდით და რატომ არ მოქმედებს მასზე ჭორები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
რუსკა ქარქაშაძე: ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. დედამიწის ზურგზე ყველა და ყველაფერი მაინტერესებდა. სულ ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი, რადგან ძალიან მომწონდა სხვადასხვა როლის მორგება. ვფიქრობ, როცა მსახიობი ხარ, ხარ ერთი ადამიანი ათას ადამიანში, ამით კი, შეგიძლია ბევრი ხასიათი გაითავისო, ემოცია განიცადო და ცხოვრება გაიმრავალფეროვნო.
– ახლა რამდენი ადამიანი ცხოვრობს შენში?
– 7-8 წლიდან თეატრში ვთამაშობდი. იყო კონკურსები, ახლა ტელევიზია და კინოც დაემატა, ამიტომ ჩემში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ და იმედი მაქვს, ბევრ საინტერესო როლთან ერთად, სხეულში ბევრ ადამიანს ჩავისახლებ (იცინის).
– ერთხელ თქვი, ოსკაროსანი მსახიობი მინდა გავხდეო, ანუ წითელ ხალიჩაძე და „ოსკარით“ ხელში, პაპარაცების წინ პოზიორობაზე ოცნებობ?
– რატომაც არა. თუმცა, რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ოცნებას სჯობს, მიზნები მქონდეს და ამ მიზნის მისაღწევად ვიბრძოდე. ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგი მსახიობი ვიყო, ჩემი შესაძლებლობებით ბევრი საინტერესო პერსონაჟი შევქმნა. არ ვმალავ, ახლაც მინდა „ოსკარის“ ხელში დაჭერა, წითელ ხალიჩაზე გავლა და წარმატებების მიღწევა, ამიტომ თავს არ დავზოგავ.
– ბავშვობიდან ცეკვავ, მღერი, სცენაზე დგახარ, ახლა ჩოგბურთით ხარ გატაცებული. მსახიობობას რომ თავი დავანებოთ, როგორ ფიქრობ, რა დონის მოცეკვავე, მომღერალი და ჩოგბურთელი ხარ?
– ვერ ვიტყვი, ხელს რასაც ვკიდებ, ყველაფერი კარგად გამომდის-მეთქი, მაგრამ არ მიყვარს იმის შუა გზაში მიტოვება, რასაც ვიწყებ. ამიტომ, მაქსიმალურად ვიხარჯები, რომ რასაც ვაკეთებ, კარგად გამომივიდეს. სწორედ იმ შრომის შედეგი იყო ის, რომ ერთ დილასაც ცნობილმა გავიღვიძე. ძალიან ბევრ ქასთინგზე დავდიოდი, არ გამომდიოდა, ვერსაც ვიჩენდი თავს. მერე ჩემს თავზე ბევრი ვიმუშავე, დავიხვეწე და შედეგიც მივიღე. ასე რომ, ერთ ღამეში პოპულარობა ჩემთან არ მოსულა, ამისთვის ბევრი ვიწვალე, ვიშრომე და ვიბრძოლე. სხვათა შორის, 13 წლიდან ჩემი შემოსავალი მაქვს. სასიამოვნო გრძნობაა, როცა დამოუკიდებელი ხარ, ადრეული ასაკიდან აღარ გიწევს მშობლებისთვის ფულის თხოვნა. არ მიყვარს ფულის უაზროდ ხარჯვა, მაქვს ჩემი ანაბარი, სადაც ჩემივე მომავლისთვის მიგროვდება თანხა. მომწონს, რომ შემიძლია, ვიმუშავო, ჩემი ფული მქონდეს და ვიყო დამოუკიდებელი.
– მომავალ წელს სკოლას ამთავრებ. მართალია, რომ საქართველოდან წასვლას და ამერიკაში სწავლის გაგრძელებას აპირებ?
– დიახ, მინდა სკოლას რომ დავამთავრებ, ამერიკაში წავიდე და სწავლა იქ გავაგრძელო. ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტში, თუმცა რამდენიმე ვარიანტი შევარჩიე.
– მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანიც გახდი...
– საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის, რომ „პრაიმ შოუელი“ გავხდი. გადაცემაში მაქვს ჩემი რუბრიკა, სადაც ნიჭიერ, ფინანსურად შეჭირვებულ ბავშვებს ვეხმარებით და მათ შესაძლებლობებს ვაცნობთ საზოგადოებას. ძალიან მომწონს წამყვანის ამპლუა. როცა მიკროფონი მიჭირავს ხელში, სხვა სამყაროში ვარ, იმ ადგილს და მომენტს ვერგები და ყველაფერი სხვა მავიწყდება.
– ახლახან, გამოვიდა გიგა კუხიანიძის ფილმი „იზი და ჯადოქარი“, სადაც მთავარ როლს ასრულებ. როგორი იყო 18 დღე ჯადოქრის გვერდით ცხოვრება?
– ძალიან საინტერესო იყო გადაღებების პერიოდი და საკმაოდ კარგი ფილმი გამოვიდა. გიგამ მთავარი როლი რომ შემომთავაზა, ეგრევე დავთანხმდი. ზურა ყოფშიძის გვერდით თამაში ძალიან საპასუხისმგებლო და იმავდროულად, სასიამოვნო იყო. თუმცა, მქონდა შიშის ფაქტორიც. ტიტრებში, პირველი ჩემი სახელი და გვარი რომ ამოვიკითხე და მერე ზურა ყიფშიძის, გავიფიქრე: ხუთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ფილმში ითამაშებ ზურა ყოფშიძის გვერდით და შენი სახელი მისი სახელის წინ ეწერებაო, ალბათ, გამეცინებოდა-მეთქი. კოჯრის ტყეში ღამეების თენება გვიწევდა. ფაქტობრივად, 18 დღე არ მძინებია. ღამეს კარვებში ვათენებდით, თუმცა ჯადოქრის გვერდით ცხოვრება, ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.
– ჯადოქარი კი მოათვინიერე და შენს ჭკუაზე გადმოვიყვანე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, რამდენად შეგიძლია ადამიანების დაყოლიება?
– დაყოლიება კი არა, დარწმუნება და დათანხმება შემიძლია (იცინის). ამაში ჩემს პერსონაჟს ვგავარ. თან, მასავით ძალიან ცნობისმოყვარეც ვარ, თუმცა ჭორაობა, არ მიყვარს. ვის ვინ უყვარს და ვის ვინ გაჰყვა ცოლად, ამაზე სასაუბროდ დროის დაკარგვა მენანება.
– შენს თავზე თუ გაგიგია ჭორი?
– საკმაოდ ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე. მაგალითად, ის, რომ პროექტებში ქასთინგების გარეშე, მშობლების გავლენით მოვხვდი. არადა, ჩემს ოჯახში ყველა ექიმია და არავის ისეთს არ იცნობენ, საქმე რომ ჩამიწყონ. ისე, არაემოციურად გადამაქვს ჭორები და ისეთ იგნორს ვუკეთებ, ბევრს უკვირს. სხვათა შორის, ჩემზე ჭორებს, ჩემ სასარგებლოდაც ვატრიალებ (იცინის). ბევრი ბიჭი მწერს სოციალურ ქსელში, კომპლიმენტს მეუბნება, კართან ყვავილებს და შოკოლადებსაც მიტოვებენ. ვიცი, ვინ არის – გაინტერესებდეს და ვერ გაიგო, გამორიცხულია. ამიტომ, ჩემი თაყვანისმცემელი ინკოგნიტოდ ვერ დარჩება, კარგი გამომძიებელი ვარ (იცინის). თან, ჰოროსკოპით ვერძი ვარ და ამ ნიშნის თვისებებს ძალიან ვამართლებ – რქებით ვაწვები ცხოვრებას. ცნობისმოყვარე, მიზანდასახული და რომანტიკულად მოსიყვარულე ვარ. ასე რომ, რომანტიკული შეყვარებული ვიქნები და გვერდით ჩემზე უარესი რომანტიკოსი მეორე ნახევარი მჭირდება (იცინის).
– ისიც ჭორი იყო, რომ ფეხბურთელ, სიმპათიურ ბიჭზე იყავი შეყვარებული?
– მეც გავიგე, რომ თურმე ცნობილ ფეხბურთელ ბიჭზე ვიყავი შეყვარებული და არა ერთზე. მაგრამ, მე მათთან მხოლოდ ვმეგობრობ. იმასაც ვერ ვიტყვი, სიყვარულისთვის არ მცალია-მეთქი. თუ მოინდომე, საქმესაც და სიყვარულსაც შეათავსებ, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა ისეთი ადამიანი, ვის გამოც ღირს მოცლა, საქმესთან შეთავსება და დროის დაკარგვა. თუ გამოჩნდა, აუცილებლად დავუთმობ დროს. თუმცა, სიყვარულამდე, ჯერ ამერიკული ოცნებების ახდენის გეგმები მაქვს.