№17 როგორ მოხიბლა ქართული ღვინით ლევან თავაძემ ჯეკი ჩანი და როგორ ჩაანაცვლეს მისი დახმარებით ჩინელებმა თავიანთი საყვარელი არაყი ქართული ღვინით
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ლევან თავაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოდან ჩინეთში გაემგზავრა და უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც ქართული ღვინისა და კულტურის პროპაგანდას ეწევა. რაც მთავარია, მან შეძლო, ჩინელებისთვის ქართული ღვინო შეეყვარებინა.
ლევანის კომპანია „სათავადოს“ ღვინოებმა ჩინეთში ღვინის კონკურსებზე არაერთი ჯილდო აიღო. ცოტა ხნის წინ კი ის ცნობილ ვარსკვლავს, ჯეკი ჩანს შეხვდა, საქართველოს შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა და ქართული ღვინითაც დაასაჩუქრა. ლევანი, პარალელურად, ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული, მას ამ საქმეში გვერდში მშვენიერი მეუღლე უდგას. მათ ორი შვილი ჰყავთ, რომლებიც ჩინეთში დაიბადნენ და ჩინურად მშვენივრად ლაპარაკობენ.
ლევან თავაძე: ჩინეთში 19 წლის ასაკში გავემგზავრე. სკოლა თბილისში დავამთავრე და სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სადაც აღმოსავლურ ენებს ასწავლიდნენ. ჩინური ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩვენი ჯგუფი, რომელიც ექვსი სტუდენტისგან შედგებოდა, არის ქართული სინოლოგიის პირველი ოფიციალური გამოშვება, რაც ყოველი ჩვენგანისთვის დიდად საამაყოა.
– როგორ და როდის გაემგზავრეთ ჩინეთში?
– 1996 წელს მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ჩინეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ციენ ცი ჩენი. იმ დროს ჩვენი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. იმის საჩვენებლად, რომ პატარა საქართველოშიც არსებობდა სინოლოგიის კათედრა, მინისტრი ჩვენს ინსტიტუტში მოიყვანეს. არ ვიყავით წინასწარ გაფრთხილებულები და უცბად, შუა ლექციაზე ჯერ დაცვა შემოვარდა, შემდეგ მათ ჩვენი ინსტიტუტის რექტორი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, შევარდნაძე და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც შემოჰყვნენ. მინისტრმა მკითხა: რატომ სწავლობთ ჩინურ ენასო. ფიქრი დავიწყე, მინდოდა, კარგი პასუხი გამეცა. რექტორის თვალებში ვხედავ: რამე სისულელე არ თქვა, თორემ მეც პრობლემები შემექმნება და შენც არ დაგამთავრებინებ ინსტიტუტსო. შევარდნაძეს სულ არ აინტერესებდა, რას ვუპასუხებდი, საათს უყურებდა, პროტოკოლზე ფიქრობდა. ელჩი თვალებით მეუბნებოდა: რამე კარგი თქვი, მეც წინ წავიწევ და შენც გეშველებაო. გურულმა გამჭრიახობამ და დიპლომატიამ მიკარნახა იდეალური პასუხი და მეც ომახიანად მივუგე მინისტრს: იმისთვის ვსწავლობ, რომ მომეცეს საშუალება ჩინეთში წავიდე და უფრო ღრმად შევისწავლო ჩინური ენა, რათა საქართველოსა და ჩინეთის დამეგობრების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო-მეთქი. ყველამ ტაში დამიკრა. მინისტრმა ელჩს გადახედა: ამ საქმით დაკავდი, ესენი ჩინეთში უნდა წავიდნენო. მოკლედ, ერთი კვირის თავზე ოფიციალურად მივიღეთ მოწვევა და მე და ჩემი თანაკურსელი, ერთი წლით მიგვიწვიეს ჩინეთში სასწავლებლად, გრანტიც გამოყვეს. ამის შემდეგ ყოველ წელს ორ-ორ ქართველს ჰქონდა საშუალება, რომ ჩინეთში სასწავლებლად წასულიყო. 1996 წლის აგვისტოში ჩინეთში ჩავედი. ორი-სამი თვის ადაპტაციის შემდეგ პირაქაფებული ვსაუბრობდი ჩინურად გურული აქცენტით.
– ახლაც გურული აქცენტით საუბრობთ?
– არა, ახლა პეკინური აქცენტით ვლაპარაკობ. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთწლიანი გრანტი მქონდა, წლის ბოლოს საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. მაგრამ ძალიან მომეწონა აქაურობა, დარჩენა მინდოდა. მაგრამ რომ დავრჩენილიყავი, მომდევნო ორი სტუდენტიდან ერთ-ერთის ადგილი უნდა დამეკავებინა, რასაც ვერ ვიზამდი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გამონაკლისის სახით ჩემთვის მესამე ადგილი დაემატებინათ. ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა. ჩინეთში სწავლის შეფასების 100-ქულიანი სისტემაა, რასაც მიჩვეული არ ვიყავი და პირველი სემესტრის გამოცდის დროს ერთ საგანში 60 ქულა (ჩვენებურად სამიანი) მივიღე. როდესაც ინსტიტუტის პრორექტორთან რეკომენდაციისათვის მივედი, თხოვნა დამიბლოკა: გამოცდებში კარგი ნიშნები არ გქონია და ვერ მოგცემთ რეკომენდაციასო. მაშინ შევთანხმდით, რომ თუ ცხრავე საგანში 85 ქულაზე მეტს მივიღებდი, პრორექტორი საკუთარ თავზე იღებდა ჩემს პროტექციას ჩინეთის განათლების სამინისტროს წინაშე, რათა მომცემოდა საშუალება, ჩინეთში სწავლის გასაგრძელებლად დავრჩენილიყავი. ორი თვე ნორმალურად არ მიძინია და არც მიჭამია, გართობაზეც სრული უარი ვთქვი, სემესტრის ბოლოს ყველა საგანში მაღალი ქულები მივიღე (მათ შორის 2 საგანში 95-97 ქულა). პრორექტორმა ხელები ასწია. განათლების სამინისტრომ კი მესამე ადგილი გამოჰყო ჩემთვის და ასე დავრჩი
ჩინეთში.
ჩინეთში.
– როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ჩინეთში?
– კომპანიები წინასწარ მიმართავენ ხოლმე უნივერსიტეტებს, ვინ არის თქვენ კურსზე წარჩინებული მოსწავლე, ვის გაუწევდით რეკომენდაციას, თანხმა ვართ, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩვენ წავიყვანოთ კომპანიაში სტაჟიორად ან თანამშრომლადო. წინასწარ ჯავშნიან პოტენციურ თანამშრომლებს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც და ძალიან მალევე ბელგიურ-ბრიტანულ ტურისტულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, სადაც დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე. შემდეგ სხვადასხვა სფეროში საკუთრი თავის მოსინჯვა ვცადე და ლოჯისტიკურ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. მაშინ დაიწყო ინტერნეტ საიტების ერა და ერთი ჩინური კომპანიის სამენოვანი ვებ-საიტის ბიზნესდეველოპმენტის უფროსად გადავედი. წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი. ხელმძღვანელის გამოცდილება იქ მივიღე, მაგრამ კომპანიას დიდი პოტენციალი ვერ შევამჩნიე და ისევ ლოჯისტიკას დავუბრუნდი. პეკინში უკრაინული სატრანსპორტო კომპანიის გენერალური წარმომადგენლის პოსტზე 6 წელი ვიმუშავე. დაგროვილმა გამოცდილებამ, სანაცნობო წრემ მიბიძგა, რომ 2007 წელს ჩინელ პარტნორებთან ერთად ჩვენი საკუთარი ლოჯისტიკური კომპანია ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც დღემდე კარგად ფუნქციონირებს. მაქსიმალურად ვცდილობდი, მეტი დრო გამომეთავისუფლებინა პირადი განვითარებისთვის, კომპანიის საქმიანობაში ჩემი პირადი ჩართულობის დრო შემემცირებინა. რამდენიმე ასისტენტი აღვზარდე და ყოველდღიური სამუშაო რუტინა გადავულოცე. მე კი ქართული ღვინისა და ქართული კულტურის პროპაგანდას დავუთმე დრო.
– როგორც მე ვიცი, ჩინეთში აქტიურად ეწევით ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას. ჩინელებს კარგად გააცანით ქართული ღვინო და დღეს ის ჩინეთში საკმაოდ პოპულარულია. ამბობენ: ქართულმა ღვინომ ჩინელების საყვარელი ლუდი და არაყი ჩაანაცვლაო.
– ჩინელების უმეტესობას დღემდე არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული და გაგებული ღვინო და ღვინის კულტურა. ძალიან მცირე პროცენტს ესმის, რა არის ღვინო. ზოგადად, უმეტესობას არყის დალევა უყვარს, მანამდე სვამენ, სანამ ცუდად არ გახდებიან. დაახლოებით 10 წლის წინ ჩინეთის მთავრობამ დაიწყო არყის ღვინით ჩანაცვლების პროპაგანდა, ვინაიდან არაყი ჯანმრთელობისათვის საზიანოა, ღვინო კი – ზომიერების ფარგლებში, სასარგებლო. მთავრობამ საკუთარი მაგალითით დაიწყო პროპაგანდის რეალიზაცია, ოფიციალური თუ არაოფიციალური ღონისძიების გამართვისას მხოლოდ ღვინოს სვამდნენ, მათმა ქვეშევრდომებმა და ხალხმა აიტაცეს ეს ახალი „ფორმატი“ და ნელ-ნელა გაითავისეს, მაგრამ არსებობდა ერთი დიდი პრობლემა, ჩინელების უმრავლესობა მიუჩვეველი იყო ღვინის სმას, მშრალი ღვინო, რომელიც პირს გიშრობს და მაღალი ტანინის შემცველობის გამო ენას „გჭრის“ რთულად შესაგუებელი აღმოჩნდა. 2010 წლამდე ჩინელებისთვის რესტორანში ღვინის შერჩევა დიდ დილემას წარმოადგენდა, ამიტომ აკვირდებოდნენ, უცხოელები რას სვამდნენ და თვითონაც იმავე ღვინოს უკვეთავდნენ. ღვინის გემოს „შესამსუბუქებლად“ ჩუმად უკვეთავდნენ „კოკა-კოლას“ და ურევდნენ ღვინოში. დაახლოებით 5 წელი გარდამავალი პერიოდი იყო. მერე ნელ-ნელა დახელოვნდნენ ღვინის შერჩევასა და დალევაში, თუმცა დღემდე თეთრ ღვინოს ბოლომდე ვერ დაუმეგობრდნენ. ის ძალიან მცირე პროცენტს მოსწონს. ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, მაინც წითელ ღვინოს სვამს.
– ჯეკი ჩანთან შეხვედრაზე მესაუბრეთ. მასაც მოეწონა ქართული ღვინო?
– ბევრ რესტორნის მეპატრონესთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო ჯეკი ჩანი და შემდეგ თავის რესტორანში დაპატიჟა. მე ჯეკი ჩანის მისვლამდე 3 საათით ადრე მივედი, რომ სტრატეგიული ადგილი დამეკავებინა და მაგიდა მასთან ახლოს დამეჯავშნა. ყველანაირად მოვემზადე. ჯეკი ჩანის აგენტმაც გაგვაფრთხილა, თუ რამეს აჩუქებთ, ლოგოტიპი ან წარწერა არ ჰქონდეს, ფოტოს რომ გადაიღებთ, რეკლამა არ გამოვიდესო. სპეციალური ყუთი ვიყიდე ყოველგვარი წარწერის გარეშე, ჩავდე ღვინო და წავედი რესტორანში. ჯეკი ჩანი ჩემი ბავშვობის კუმირია. მისი, ბრუს ლის, ჯეთ ლის ფილმებზე გავიზარდე. როდესაც ჯეკი ჩანი მოვიდა, გაგვეცნო, ინგლისურად მომესალმა, მე ჩინურად მივმართე: ბავშვობიდან ჩემი კუმირი ხართ, თქვენი ყველა ფილმი ნანახი მაქვს-მეთქი. ჯერ ჩემი ჩინური გაუკვირდა, შემდეგ ის, რომ საქართველოში ვიღაც უყურებდა მის ფილმებს. მოვუყევი, რომ საქართველოში ღვინოს რვაათასწლიანი ისტორია აქვს, ჩვენთან დაირწა მეღვინეობის აკვანი. თან, ქართული ღვინო ვაჩუქე, ვუთხარი: არ ვიცი სვამთ თუ არა, მაგრამ მე გიძღვნით მზიური საქართველოდან-მეთქი. ჩამომართვა ხელი და შემპირდა: ღვინოს არ ვსვამ, მაგრამ მეგობრებთან ერთად აუცილებლად დავაგემოვნებო. ორივე ბედნიერი დავშორდით ერთმანეთს. საქართველოშიც დავპატიჟე: პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე, დროს თუ გამონახავთ, გვესტუმრეთ-მეთქი.