№17 როგორი ცხოვრება დაიწყო მამის გარდაცვალების შემდეგ ლიზა ჟვანიასთვის და რის გამო უბრაზდებოდა მას ზურაბ ჟვანია
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაც არის დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ცერემონიას ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები – მეუღლე ნინო ჟვანია, შვილები ბუსა და ლიზა ჟვანიები, ასევე, ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ. სტრასბურგიდან საქართველოში დაბრუნებულ ზურაბ ჟვანიას უფროს ქალიშვილს, ლიზა ჟვანიას დავუკავშირდით და იმ ემოციებსა და განცდებზე გამოვკითხეთ, რასაც ის მამის გვერდით განიცდიდა და მისი გარდაცვალების შემდეგ გრძნობს.
ლიზა ჟვანია: მამას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. მამა რომ გარდაიცვალა 10 წლის ვიყავი. თავიდან ძალიან მძიმე იყო, მერე, ნელ-ნელა შევეგუეთ. თუმცა, ტკივილი არ განელებულა, სხვა ტიპის მონატრებაში გადავიდა. რაც გავიზარდე და მამაზე ისტორიებს მიყვებიან, კიდევ უფრო ამაყი ვარ. მასთან გატარებული დღეები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა, სამწუხაროდ, მოგონება. არ დამავიწყდება, მიუხედავად დატვირთული კვირისა, შაბათ-კვირას ყოველთვის ახერხებდა და იცლიდა, ოჯახთან ერთად ბუნებაში გასულიყო. ეს დრო მენატრება. სხვათა შორის, დედამისს ყოველდღე ნახულობდა, ყოველ საღამოს, შეიძლება ათი წუთით, მაგრამ მაინც შეურბენდა. დღეში 10-15 საათი მუშაობდა, დილით რომ გავიდოდა სახლიდან, ღამით ბრუნდებოდა, თუმცა შვილებს მისი ყურადღება არ მოგვკლებია. მახსოვს, რამდენჯერმე მივლინებაში წავყევი. ლონდონში ჰქონდა მნიშვნელოვანი ბიზნესპოლიტიკური შეხვედრა, დაძაბული იყო, მაგრამ გვერდიდან არ მიცილებდა და ცდილობდა, ჩემთვისაც გამოენახა დრო. მაშინ 9 წლის ვიყავი, გერმანულს ვსწავლობდი და მამა აღშფოთებული მეუბნებოდა: ინგლისში ხარ და ინგლისურად არ უნდა იცოდე ლაპარაკი. შემდეგში გაითვალისწინე, თუ ენა არ გეცოდინება, ისე იმ ქვეყანაში არ ჩახვიდეო (იცინის). ჰოდა, ეს სიტყვები გახდა სტიმული, მესწავლა უცხო ენები. ერთხელ, გაიგო, ჟიულ ვერნის ერთ-ერთი წიგნი არ მქონდა წაკითხული და ამაზეც აღშფოთდა და დამარიგა: აუცილებლად წაიკითხეო. ერთხელ ვწუწუნებდი, რა ჩავიცვა–მეთქი და გაბრაზდა: ზოგს არაფერი აქვს, შენ კი – ამდენი რამ და როგორ არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ და წუწუნებო.
– ახლა, ამ გადასახედიდან, როგორი იყო ცხოვრება მამასთან და მერე, მამის გარეშე?
– მამის გარდაცვალების მერე დაიწყო ჩემი ცნობიერი ცხოვრება, მანამდე პატარა ასაკში ვიყავი და ბევრ რამეს სხვანაირად აღვიქვამდი. მამასთან ერთად ცხოვრება ტკბილ მოგონებად დამრჩა, მის გარეშე ცხოვრება კი არ მქონია – მის არსებობას სულ ვგრძნობ. ამიტომ, რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო – მამასთან ერთად გატარებული დღეები და მის გარეშე-მეთქი, საკუთარ თავთან არ ვიქნები მართალი.
– რომ გაიგე მამის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ მისი ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, რა ემოცია გქონდა?
– რომ გავიგე, სტრასბურგში მამას სახელობის ვარსკვლავი იხსნებოდა, ძალიან დიდი ემოცია მქონდა. ამაყი ვიყავი და გახარებული, რომ მის მოღვაწეობას გარდაცვალებიდან 14 წლის მერეც ამხელა დამსახურება აქვს. არის პოლიტიკური მოვლენები, რომელიც ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ყველამ უნდა იცოდეს და ახსოვდეს. 20 წლის წინ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის სწორედ ეს მოვლენა იყო. ამაში, მამას დიდი წვლილი მიუძღვის, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად. წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეა და ვარსკვლავზე, რომელიც გაიხსნა, დიდი ასოებით აწერია ის ფრაზა, რომელიც მამამ მაშინ ასამბლეაზე გამოსვლისას წარმოსთქვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი, შარლ დე გოლის და უინსტონ ჩერჩილის ვარსკვლავების გვერდითაა, რომლებზეც მათივე ფრაზებია დატანილი. ზურას ქმედებები გლობალური პროცესების ფორმირების ნაწილი გახდა და ამის გამო ევროსაბჭოს ასამბლეის წევრები მამას დიდ პატივს სცემდნენ, ბევრი მეგობრობდა მასთან. სტრასბურგში პირველად გახლდით და იქ მამის, ჩემი ახლო ნაწილის ადამიანის ვარსკვლავის დანახვა, ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო.
– რას ნიშნავს, იყო ზურაბ ჟვანიას შვილი? ეს ტვირთია თუ პასუხისმგებლობა?
– ზურა ჟვანიას შვილობა, დიდი მადლია ჩემთვის. გამორჩეული იყო ოჯახისთვის, ასევე, თავისი მოღვაწეობით. ბევრმა უცხო ადამიანმა ისეთი მოგონებები გამანდო მასზე, მემაყება რომ მისი შვილი ვარ. გამიმართლა, ასეთი მამის შვილი რომ ვარ და ის რომ მყავდა. ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
– რას გიყვებიან უცხო ადამიანები მამაზე?
– ახლახან გავიცანი მისი ერთ-ერთი მეგობარი და მომიყვა: ჩემი შვილებისთვის, ზურამ ციმბირიდან ბურუნდუკიო ჩამოიყვანაო. წარმოიდგინეთ, მამა ციმბირში წავიდა მივლინებაში და იქიდან მეგობრის შვილებს პატარა, ფუმფულა კუდიანი, ციმბირული ციყვის სახეობა – ბურუნდუკი ჩამოუყვანა.
– როგორ გგონია, დღეს რომ მამა ცოცხალი იყოს, პოლიტიკაში იქნებოდა? პოზიციაში თუ ოპოზიციაში?
– რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა, რასაკვირველია, დღეს რომ მამა ცოცხალი იყოს, აუცილებლად პოლიტიკაში იქნებოდა და პოზიციაც და ოპოზიციაც სულ სხვანაირი გვეყოლებოდა. იმდენად გავლენიანი და ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ის რომ ცოცხალი იყოს, პოლიტიკური მდგომარეობა სხვანაირი იქნებოდა. სხვათა შორის, მამა ბიოლოგი იყო, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში, „მწვანეების“ მოძრაობაში ჩაერთო, თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უშუალოდ პოლიტიკაში მერე ჩაერთო, თუმცა საკმაოდ ადრეულ ასაკში. ბებია მომიყვა, ზურას ბავშვობაში ჰქონდა პატარა ზოოპარკი – აკვარიუმში ჰყავდა თაგვები, რომელთა ქცევებსაც აკვირდებოდა, ასევე, გველი, რომელიც გაექცა და მთელი სადარბაზო ფეხზე დააყენაო (იცინის). ძალიან უყვარდა ცხოველები და არ დამავიწყდება, წყნეთში, სამთავრებო აგარაკზე, სადაც ვცხოვრობდით, გვყავდა დიდი თუთიყუში და დათვი, რომელიც მამას აჩუქეს. მერე, იმ დათვმა დაცვის თანამშრომელს, რომელიც უვლიდა, ხელზე უკბინა და მამამ გაამწესა (იცინის).
– ამბობენ, ბუნებით, ძალიან თბილი ადამიანი იყოო.
– კი, ძალიან თბილი იყო, მაგრამ მოფერება მწვალებლური იცოდა და ამაში შვილებიც დავემსგავსეთ (იცინის). დედას ვაწვალებდით ხოლმე ერთად და ამით ძალიან ვერთობოდით. ერთხელ, დედას ეძინა და მამას ინიციატივით, „გავპასტეთ“ (იცინის). ძნელია თქმა, მამასთან მიმართებაში ყველაზე მეტად რა მენატრება, თუმცა, სულ ვგრძნობ და მაქვს განცდა, რომ ჩემ გვერდითაა. ხშირად ვფიქრობ, ახლა რომ ფიზიკურად ჩემთან იყოს, სიამოვნებით დავუჯდებოდი და როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე დაველაპარაკებოდი-მეთქი. სადაც არ უნდა წავიდე, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თუ უცხოეთში, მამის სახელი, სულ წინ მხვდება და ყველა გზა ხსნილი მაქვს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამდენი წლის მერეც ისევ ახსოვთ ზურა ჟვანიას სახელი და გვარი და მის ხსოვნას პატივს სცემენ. ასე რომ, ყველგან მხვდება მისი დანატოვარი და მამასთან ყოველდღიური შეხება მაქვს. სხვათა შორის, სამივე დედმამიშვილმა, ამერიკაში მივიღეთ განათლება და ამით, მამის ოცნება – კარგი განათლება მიგვეღო, ავასრულეთ.