კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ არ დადის გიორგი ძოწენიძის კონცერტზე მამა და ვისი დამსახურებით თქვა მან უარი „ძველბიჭობაზე“

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჯგუფი „ურსა“ თანდათან უფრო და უფრო მეტი მსმენელის გულს იპყრობს, განსაკუთრებული პოპულარობით კი მისი სოლისტი გიორგი ძოწენიძე გამოირჩევა, რომელიც გარდა მომღერლობისა, პიარკომპანიაშიც მუშაობს, ხუთ ენას ფლობს და მომღერლობამდე ფეხბურთითა და ცეკვით იყო დაკავებული.
გიორგი ძოწენიძე: ოთხი წლის ვიყავი, როცა სრულიად დამოუკიდებლად ცეკვაზე შესვლა გადავწყვიტე. ექვსი წლისა ფეხბურთზე შევედი – ეს უკვე მამაჩემის გადაწყვეტილება იყო. ჩემს კონცერტებზე არ დადის, ერთადერთხელ იყო, მაგრამ აი, ფეხბურთის ერთი თამაში არ გამოუტოვებია. ძალიან ემოციურია და მეუბნება, შეიძლება, კონცერტზე გულის შეტევა მივიღოო. ფეხბურთი და ცეკვა ერთად მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ თანდათან, როცა ორივემ დიდი დრო და ენერგია მოითხოვა, საქმე გართულდა, თუმცა ვუძლებდი. მერე სამწუხაროდ, ფეხზე ტრავმა მივიღე, რაღაცები აირია და ორივეს დავანებე თავი. 14 წლის ვიყავი, როცა ანსამბლ „გეორგიკაში“ მივედი. მანამდეც მათთან დავდიოდი, მაგრამ ცეკვაზე. ამ პერიოდიდან დავიწყე აქტიურად სიმღერა. უფროსი „გეორგიკელები“ მასწავლიდნენ და საოცრად კარგი სკოლა გამოვიარე.
– „ურსას“ ისტორია როგორია?
– ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, საგზაო ინჟინერიაზე. ეს ცეკვასა და სიმღერასთან არა, მაგრამ მამაჩემის სურვილებთან იყო ახლოს (იცინის). თუმცა, ძალიან მიხარია იქ რომ ჩავაბარე, რადგან სწორედ აქ გავიცანი ბიჭები. თავიდან კაპელაში მივედი, ციცი ფალავანდიშვილთან, შემდეგ მეგობარმა მითხრა, ერთი საინტერესო გუნდი იკვრება და ნახე, იქნებ მოგეწონოთ ერთმანეთიო. მივედი, მოგვეწონა ერთმანეთის შესრულება და ასე გავხდი „ურსას“ ნაწილი. მას შემდეგ უკვე რვა წელი გავიდა და დღეს უკვე ერთი ოჯახი ვართ.
– აღიარება როდის მოვიდა?
– რაც უფრო რთულად და დიდი შრომის შედეგად აღწევ შედეგს, მით უფრო ხანგრძლივია ის. შეიძლება, თავიდანვე „ბომბით“ არ გამოვჩენილვართ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით, ფუნდამენტურად განვვითარებულიყავით და წარმატება ნელ-ნელა მოსულიყო, მსმენელის გულებში რომ კარგად დავრჩენილიყავით და არა უცებ, ერთი აფეთქებით. პირველად „ტვ 11-ის“ ეთერში გამოვჩნდით. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენი ჯგუფი ხალხმა გაიცნო, მაგრამ კარგად მახსოვს ერთი დღე: გურჯაანში მიგვიწვიეს სოლო კონცერტის ჩასატარებლად ღია ცის ქვეშ და ჩვენს მოსასმენად დაახლოებით რვა ადამიანი იყო მოსული. ძალიან ცხელოდა და ბოლოს ამდენიც აღარ დარჩა (იცინის). ისეთი მზე იყო, ჩვენც თავები გვისკდებოდა, მაგრამ მთელი გულით ვიმღერეთ, თუმცა ვხვდებოდით, რომ ეს სრული კრახი იყო. გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი მორჩა. ამაზე უარესი რაღა შეიძლებოდა მომხდარიყო? და ზუსტად ამ დღეს მოგვწერა ნიკა გვარამიამ, „X ფაქტორში“ გვინდა თქვენი დახმარებაო. ამ შოუს ვუყურებდით, მოგვწონდა, მაგრამ, ნიკა გვარამია და საერთოდ ამ პროექტიდან რომ მოგვწერდნენ, დაგვეხმარეთ და თან „გელინო“ იმღერეთო, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. თან, ზუსტად იმ მომენტში, როცა რვაკაციანი კონცერტიდან მოვდივართ და დაშლას ვგეგმავთ (იცინის). მართლაც, ფინალში ვიმღერეთ ავთო აბესლამიძესთან ერთად და ძალიან ლამაზი შოუ გამოვიდა. ასეთ გამოხმაურებას მართლა არ ველოდით. აი, ეს იყო უდიდესი „ბომბი“, რის შემდეგაც უამრავი ადამიანისგან მივიღეთ უდიდესი ემოცია.
– სიმღერის გარდა სხვა სფეროშიც მუშაობ და როგორც გავიგე, ხუთი ენა იცი.
– 13-14 წლიდან ვმუშაობ. პირველი სერიოზული სამსახური თვრამეტი წლისამ დავიწყე ბიზნესკომპანიის გაყიდვებში. ეს კომპანია იჯარით გასცემდა ადგილებს აღმოსავლეთის ქვეყნის ინვესტორებზე და ჩემი მოვალეობა მათთან დაკავშირება იყო. მუშაობა რომ დავიწყე, ნორმალურად ინგლისურიც არ ვიცოდი. ერთ თვეში ინგლისურიც ვისწავლე და სპარსულიც. უფროსები ირანელები იყვნენ და მათთან კომუნიკაციას უკვე მათსავე ენაზე ვამყარებდი და გიჟდებოდნენ, ასე როგორ ისწავლეო?!
– შენ გაგიყიდია საქართველოს მიწები.
– საბედნიეროდ, მაშინ ვერაფერი გავყიდეთ (იცინის). თუმცა, იმ დროს მწყინდა, მაგრამ გაყიდვას არც ვცდილობდით, მხოლოდ იჯარით გასცემდნენ რამდენიმე წლით. მერე ამ კომპანიის დირექტორი გავხდი, მალე დაიხურა, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იყო (იცინის). შემდეგ ვმუშაობდი სამშენებლო კომპანიაში და ამ სფეროში ძალიან კარგი შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მაშინ სიმღერისთვის თავი უნდა დამენებებინა. მე კი ვიცოდი, რომ ამის გარეშე კარგად ვერაფერს გავაკეთებდი. ამიტომ არჩევანი სიმღერის სასარგებლოდ გავაკეთე. შემდეგ პიარისა და მარკეტინგის კომპანიაში დავიწყე მუშაობა. რაც შეეხება სხვა ენებს, გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და გერმანული აქედან ვიცი, რუსული კი, როგორც ყველამ, ალბათ, მეც ისე, ზუსტად არც ვიცი, როდის ვისწავლე.
– თბილისში დაიბადე და გაიზარდე. ქუჩასთან დაკავშირებული ცოტა ხულიგნური ისტორიები არ ყოფილა შენს ცხოვრებაში?
–  ბევრი შავი გაგების ადამიანი ცხოვრობდა ჩემს უბანში, ჩვენს ბავშვობაში „კაიბიჭობა“ ძალიან მოდური იყო. ერთი პერიოდი, როცა მეც მივდევდი „კაიბიჭურ“ ცხოვრებას, საკმაოდ მძიმე, ქუჩის ცხოვრებით ვცხოვრობდი. მაშინ ამაზე მაგარი არაფერი გვეგონა და ძალიან გვეამაყებოდა. ჩხუბიც იყო, გარჩევებიც და თუ ჩხუბი იყო ყოველთვის მეძახდნენ.
– უბნის ავტორიტეტი ყოფილხარ.
– ახლა ცოტა სასაცილოა, მაგრამ ვიღაცები მიიჩნევენ, რომ ასე იყო. თან, მაშინ ეს დიდ წარმატებად ითვლებოდა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყოველთვის, როცა რაღაც გზას ირჩევ, იმ გზაზე უნდა იყო წარმატებული. რა თქმა უნდა, ეს ცუდი გზაა, მაგრამ თუ აირჩიე, მაშინ აქაც წარმატებული უნდა იყო. ვაღიარებ, რომ მართლა ვცხოვრობდი ასეთი ცხოვრებით, მაგრამ პერიოდი იყო ისეთი, სხვანაირად წარმოუდგენელი იყო.  სიმღერამ და ანსამბლმა „გეორგიკამ“ ითამაშეს ძალიან დიდი როლი, რომ ამ გზას არ გავყოლოდი. ჩვენი მასწავლებელი დავით შანიძე იყო. ძალიან მორწმუნე ადამიანია, ბევრ რამეზე გველაპარაკებოდა ისიც და ამ დიდი ოჯახის სხვა ჩვენზე გაცილებით უფროსი წევრებიც. მათ მიგვახვედრეს, რომ სხვა რამეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ძველბიჭობა“.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ძალიან ადრე მყავდა შეყვარებული, მაგრამ სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დავშორდით. მას შემდეგ არავინ მყვარებია. ადამიანს, რომელიც ჩემი მსმენელია და ამიტომ მოვწონვარ, „შებმას“ ნამდვილად არ დავუწყებ, იმიტომ, რომ ვიცი, იმ ადამიანს ჩემი სიმღერა მოეწონა, შეიძლება, ძალიან თბილად ჩავეხუტო, დიდი სიხარულით მივიღებ მის სითბოს, მაგრამ სხვა ურთიერთობაზე ვერ ვიფიქრებ.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– ჭკვიანი, მაგრამ ეს მაინცდამაინც ბევრი წიგნის წაკითხვასა და დიპლომების რაოდენობას არ ნიშნავს. ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ გვერდით მყავს ადამიანი, ვისი არსებობითა და ნებისმიერი ქმედებით ვიამაყებ. რაც შეეხება გარეგნობას, არ მომწონს ძალიან მაღალი გოგოები. კომპლექსი არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია, ჩემზე მაღალი არ იყოს (იცინის).
– როგორი ხარ, როცა გიყვარს?
– ზოგს ჰგონია, რომ ერთგული არ ვარ და ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ვიღაცებს შეიძლება, ჰგონია, რომ მექალთანე ვარ, რაც ცუდია, რადგან ასე არაა. უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს და ვწუხვარ, თუ ვინმეს თვალში ასეთი იმიჯი მაქვს. ეს შეცდომაა, სინამდვილეში ძალიან ერთგული და დამთმობი ვარ.

скачать dle 11.3