№17 როგორ გაწირა თავი ანატოლი კაჭარავამ 25 გემის გადასარჩენად და რატომ გადაწყვიტა მან ნატო ვაჩნაძეზე დაქორწინება მსახიობის გაცნობამდე
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ანატოლი კაჭარავა გმირი ქართველი კაპიტანია, ვისი ცხოვრებაც სავსეა საინტერესო ისტორიებით, თავგანწირვით, სიმამაცით, ღირსებითა და სიყვარულით. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ნაოსნობის წინაშე, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი დავიწყებას მიეცა და მიუხედავად ასეთი დიდი დამსახურებისა და მისი ქალიშვილის არაერთგზის მცდელობისა, დღეს მისი საფლავიც კი უყურადღებოდაა.
ნადეჟდა კაჭარავა (ანატოლი კაჭარავას ქალიშვილი): მამას ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. საკონცენტრაციო ბანაკები გადაიტანა, სიკვდილს გადაურჩა, მთელი სიცოცხლე ყინულმჭრელებზე ცურავდა და ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში საზღვაო სანაოსნო დაარსებულიყო. როცა ცოცხალი იყო, ჩვენს ოჯახთან ურთიერთობა ყველას უხაროდა, ახლა, სამწუხაროდ, აღარავის ვახსოვართ. არც სახელმწიფოს. დღეს ამ ოჯახის მომკითხავი არავინაა. ერთადერთი, ვინც დღეს გვერდით მიდგას ჩემი შვილის მეგობრები არიან. ორი წლის წინ ბათუმში, ვეტერანმა მეზღვაურებმა ჩვენი ყოფილი სახლის (მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ ის სახელმწიფოს ჩააბარა) კედელზე აბრა გააკეთეს წარწერით. მამას საფლავი საზღვაო აკადემიის ეზოს ტერიტორიაზეა. მახსოვს, აკადემიიდან გამოსულ სტუდენტებს ვკითხე, ბიჭებო, იცით, აქ ვინ არის დასაფლავებული-მეთქი? – არაო, – მიპასუხეს. მომავალმა მეზღვაურებმა არ იცოდნენ, რომ იქ ბათუმის საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო დასაფლავებული. ეს სასაფლაოც წელიწად-ნახევრის წინ სალეხარდიდან ჩამოსულმა რუსებმა გაუკეთეს და არა – ქართველებმა. ბიუსტიც მათ დაუდგეს, დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. აბა, რა ვთქვა ამაზე?! საფლავიც დღეს, თითქოს, ქუჩაში მოექცა. კარგი იქნება, ვინმეს ცხრა მაისს მაინც ახსენდებოდეს მისი საფლავი. მხოლოდ იმას ვითხოვ, საფლავზე ღამე განათება მაინც დააყენონ, რომ შესამჩნევი იყოს და იქაურობა არავინ წაბილწოს.
– მაშინ როცა, მისი ცხოვრება სავსეა საგმირო საქმეებით...
– 16 წლის იყო მამა, იალქნიანი ხომალდით შავი ზღვის სანაპიროზე რომ დაცურავდა, 19 წლისა უკვე კაპიტანი გახდა. იმ პერიოდში, სანაოსნო კუთხით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩრდილოეთის საზღვაო გზის მაგისტრალად ქცევა იყო. ამიტომ არქტიკისკენ გაემგზავრა და წლების შემდეგ „საპატიო პოლარელის“ წოდებაც მიიღო, რაზეც ბევრი შორეული ნაოსნობის კაპიტანი ოცნებობდა. 1940 წელს მამა კაპიტნის მოვალეობას ასრულებდა ყინულმჭრელ „სადკოზე“. მან წლები გაატარა ოკეანეებში, ძალიან ბევრჯერ დალაშქრა არქტიკა, მაგრამ ერთი ავარიაც კი არ მოსვლია.
1942 წლის 25 აგვისტოს ყინულმჭრელი „ალექსანდრე სიბირიაკოვი“, რომელსაც კარის ზღვაში დიქსონიდან ჩრდილოეთის მიწაზე ახალი პოლარული სადგურისთვის აღჭურვილობა და პერსონალი გადაჰყავდა, კუნძულ ბელუხასთან გერმანელების მრისხანე კრეისერს – „ადმირალ შეერს“ შეეჩეხა. გერმანელებმა კაპიტანს დროშის დაშვება და დანებება მოსთხოვეს, ეს უკანასკნელი კი მათ არ დაემორჩილა და მტერს ცეცხლი გაუხსნა. პატარა გემმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, თვითონ შეებრძოლა უზარმაზარ, შესანიშნავად აღჭურვილ მრისხანე კრეისერს – „ადმირალ შეერს“ და, ფაქტობრივად, თავი შეაკლა მტერს. რითაც მან უკან მომავალი 25 საბჭოთა გემისგან შემდგარი ქარავანი განადგურებას გადაარჩინა – გემები სამშვიდობოს გავიდნენ. გემი „ალექსანდრე სიბირიაკოვი“ კი ჩაიძირა, მის გემბანზე მყოფი ასობით ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა. ანატოლი კაჭარავა ფეხსა და მუცელში მძიმედ დაიჭრა და გონება დაკარგა. ეკიპაჟის წევრებმა რომ ნახეს, კაპიტანი ცოცხალი იყო, სასწრაფოდ კაპიტნის ფორმა გააძრეს და რიგითი მეზღვაურის ფორმა ჩააცვეს, რათა გერმანელებს არ ამოეცნოთ. „ადმირალ შეერის“ ეკიპაჟმა ცოცხლად გადარჩენილი „სიბირიაკოველები“ ტყვედ აიყვანა. მეზღვაურებიდან ერთმაც არ გასცა თავისი კაპიტანი, რომელიც ფაშისტებისთვის დიდებული ნადავლი იქნებოდა. ტყვეებმა გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში საშინელი დღეები გაიარეს, ბოლოს პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ ნაცისტურ ბანაკებში აღმოჩნდნენ. იქ ანატოლი კაჭარავამ ორ წელზე მეტი გაატარა. ბოლოს სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას და მონაწილეობდა ამბოხებაში. დახვრეტას სასწაულებრივად გადაურჩა – 1945 წლის 10 მარტს სხვა ტყვეებთან ერთად დასახვრეტად გაჰყავდათ, როდესაც მეათე სატანკო დივიზიამ მიუსწრო და გაათავისუფლა, თუმცა ტყვეობა მაინც გაგრძელდა, ამჯერად სტალინურად – უფის სპეციალურ ბანაკში. მისი რეაბილიტაცია 1961 წელს მოხდა, ოღონდ ნამდვილი გმირი „საბჭოთა გმირობის“ გარეშე დარჩა – მაშინ გერმანელების ტყვეობაგამოვლილებს საბჭოთა კავშირის გმირობას არ აძლევდნენ, ასე რომ, „სიბირიაკოვის“ უმამაცესი კაპიტანი ანატოლი კაჭარავა მხოლოდ წითელი დროშისა და სხვა ორდენებს დააჯერეს. როდესაც იოსებ სტალინი გამარჯვებათა ქრონიკას ათვალიერებდა, გმირ გემის კაპიტანთან შეხვედრა მოითხოვა. სტალინი მას შეეგება სიტყვებით: გამარჯობა, თანამემამულევ, გამარჯობა, გმიროო და ორდენიც კაბინეტშივე გადასცა.
ორი ტყვეობის შემდეგ, ანატოლი კაჭარავა კვლავ დაუბრუნდა ზღვას და კიდევ 30 წელიწადს დაცურავდა. 1967 წელს კი საქართველოში დაბრუნდა, ბათუმში დაფუძნდა და იმავე წელს საზღვაო სანაოსნო დააარსა. მისი პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. კარის ზღვაში, ბელუხასთან, გემები დღემდე აძლევენ სიგნალს მამაცი კაპიტნის, ეკიპაჟისა და ჩაძირული გემის პატივსაცემად.
– საინტერესო იყო კაპიტნის პირადი ცხოვრებაც...
– 1948 წელს ქართული და მსოფლიოს კინოს ვარსკვლავი, ულამაზესი ნატო ვაჩნაძე შემოქმედებითი ცხოვრების 25 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა.
მისი მეუღლის – ნიკოლოზ შენგელაიას ტრაგიკული დაღუპვიდან 5 წელიწადი იყო გასული. ერთხელაც მას თავისი მეგობარი, რეჟისორი ესფირ შუბი ახალგაზრდა, ლამაზ მეზღვაურ მამაკაცთან ერთად ეწვია: ძვირფასო ნატო, ვერაფრით შევეწინააღმდეგე ამ მომხიბვლელი კაპიტნის გულწრფელ სურვილს, შენთან შემეხვედრებინაო. მამაკაციც წარუდგა: არქტიკის ფლოტის კაპიტანი ანატოლი კაჭარავა გახლავართო. ნატო წამით შეყოვნდა და, - თქვენ ხომ „სიბირიაკოვის“ კაპიტანი ხართ, ამას წინათ ვკითხულობდი თქვენი ეკიპაჟის გმირობაზეო? – ანატოლი კაჭარავამ არ დაუმალა ულამაზეს ნატო ვაჩნაძეს, როგორ დაიფიცა ოდესღაც, სიყმაწვილეში, რომ ცოლად სწორედ მას შეირთავდა. ნატომ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და, – მეტისმეტად თამამი განცხადება ხომ არ არის, ანატოლიო? – ჰკითხა კაპიტანს, მან კი მოკლედ მოუჭრა: ეს განცხადება არ არის, ეს საკუთარ თავთან დადებული პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოო... მამა ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი მამაკაცი იყო, გახსნილი, კომუნიკაბელური, ჯენტლმენური ჟესტებითა და მანერებით იოლად ხიბლავდა ქალებს.
მისი მეუღლის – ნიკოლოზ შენგელაიას ტრაგიკული დაღუპვიდან 5 წელიწადი იყო გასული. ერთხელაც მას თავისი მეგობარი, რეჟისორი ესფირ შუბი ახალგაზრდა, ლამაზ მეზღვაურ მამაკაცთან ერთად ეწვია: ძვირფასო ნატო, ვერაფრით შევეწინააღმდეგე ამ მომხიბვლელი კაპიტნის გულწრფელ სურვილს, შენთან შემეხვედრებინაო. მამაკაციც წარუდგა: არქტიკის ფლოტის კაპიტანი ანატოლი კაჭარავა გახლავართო. ნატო წამით შეყოვნდა და, - თქვენ ხომ „სიბირიაკოვის“ კაპიტანი ხართ, ამას წინათ ვკითხულობდი თქვენი ეკიპაჟის გმირობაზეო? – ანატოლი კაჭარავამ არ დაუმალა ულამაზეს ნატო ვაჩნაძეს, როგორ დაიფიცა ოდესღაც, სიყმაწვილეში, რომ ცოლად სწორედ მას შეირთავდა. ნატომ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და, – მეტისმეტად თამამი განცხადება ხომ არ არის, ანატოლიო? – ჰკითხა კაპიტანს, მან კი მოკლედ მოუჭრა: ეს განცხადება არ არის, ეს საკუთარ თავთან დადებული პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოო... მამა ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი მამაკაცი იყო, გახსნილი, კომუნიკაბელური, ჯენტლმენური ჟესტებითა და მანერებით იოლად ხიბლავდა ქალებს.
ნატო ვაჩნაძემ და მამამ ხელი თბილისში მოაწერეს და, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთად იყვნენ. მამას ნატო ვაჩნაძის შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთადერთი, იმხანად 21 წლის გიორგი შენგელაიას მაინც გაუჭირდა მისი მიღება, ელდარ შენგელაიასთან კი მეგობრობდა. გამორჩეული ურთიერთობა ჰქონია მას ნატოს უფროს ვაჟთანაც, პირველი ქორწინებიდან – თენგიზ ვაჩნაძესთან.
მამა იმ პერიოდში ჩრდილოეთის წყლებში ცურავდა. ნატო ვაჩნაძის დაბადების დღე ახლოვდებოდა და, ვიდრე მორიგ ნაოსნობაში წავიდოდა, ერთმანეთი რომ ენახათ, კაპიტანი მურმანსკიდან ჩაფრენილა მოსკოვში, ნატო – თბილისიდან. იქ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს მომდევნო შეხვედრამდე და ნატო თბილისისკენ გამოფრინდა. თვითმფრინავის ტრაგედიაც მაშინ მოხდა. ნატოს დამწვარი ცხედარი ბეჭდით ამოიცნეს.
– თქვენი მშობლების სიყვარულის ისტორია როგორია?
– მამამ ხუთ წელიწადს იგლოვა ნატო, ამის შემდეგ კი დედაჩემი – თავისზე 15 წლით უმცროსი ნაზო შეირთო ცოლად. დედა სოხუმში გაიცნო. იგი ბალერინა და მოხდენილი ქალი იყო და ძალიან შეუყვარდა მამა. მათ კარგი ოჯახი შექმნეს. დედას არ ჰქონდა იოლი ცხოვრება, რადგან მამა ხშირად თვეობით ტოვებდა ოჯახს და ზღვაში გადიოდა. თუმცა ეს მათ ურთიერთობას არ ცვლიდა. უფრო მეტიც, დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ მამისთვის ბოლო ოცნება აესრულებინა. მამას უნდოდა, რომ ქართული სანაოსნოსთვის ორი გემი ჩამოეყვანა, ერთისთვის ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქმია, მეორეთი თითქოს წლების წინ ჩაძირული „სიბირიაკოვი“ ჩაენაცვლებინა.
გამგზავრებამდე დედას უთხრა, პირველ გემს „ნატო ვაჩნაძე“ მინდა, ვუწოდო და, გთხოვ, ეს ცუდად არ მიიღოო. დედამ დაამშვიდა, არაფერზე ინერვიულოო. ორ გემს დაჰპირდნენ, მაგრამ დანაპირები არ შეუსრულეს. ამაზე ბევრი ინერვიულა და ინსულტი დაემართა. რამდენიმე წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. სწორედ მაშინ შეძლო დედამ მამის ოცნებების ასრულება – ის წავიდა კარის ზღვაში და გადაყარა ყვავილები იქ, სადაც 1942 წელს „სიბირიაკოვი“ ჩაიძირა, მომაკვდავ მამას კი სასთუმალთან დაუდო მისი პირველი და დიდი სიყვარულის, ნატო ვაჩნაძის ჭედური გამოსახულება.
მამა ხელზე ჰკოცნიდა დედას და თვალებიდან ცრემლი სდიოდა. ინსულტის შემდეგ მხოლოდ ის ახსოვდა, რაც მეტისმეტად უყვარდა, დედას ბოლომდე ნაზოს ნაცვლად ნატოს ეძახდა. მამა 1982 წელს, მის უსაყვარლეს დღეს - 9 მაისს გარდაიცვალა.
– მისი დასახურებით შეიქმნა საქართველოს საზღვაო სანაოსნო.
– ეს სანაოსნო რომ შეექმნა, ორ წელიწადში რუსებს მამამ 64 გემი ააგებინა და 1967 წლიდან 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ სანაოსნოს. მამა ძალიან ღირსეული და პატივსაცემი ადამიანი იყო. ამიტომ ბათუმში, ჩვენს ოჯახს გასაოცარი ხალხი სტუმრობდა – ქართველი თუ უცხოელი მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები, თანამდებობის პირები... ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანები იყვნენ რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეები, ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი. სტუმრების ჩანაწერების ერთი წიგნი დღემდე მაქვს შენახული, ისევე, როგორც მამას განუყრელი ნივთები: კაპიტნის ქუდი, გემის მაკეტი, ფოტოები, წერილები... ყველა ცდილობდა მის გაცნობას, მასთან ურთიერთობას. თავად დიდ პატივს სცემდა ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს. ვინ არ დადიოდა ჩვენთან: ელენე ყიფშიძე, ვასო გოძიაშვილი, ილია ვეკუა, ლადო გუდიაშვილი. იცნობდა ჩე გევერას, ფიდელ და რაულ კასტროებს. ეს ადამიანები კუბაზე გაიცნო. რაულ კასტროს წერილიც გვაქვს, სადაც კასტრო წერს: ვერ ჩამოვედი, ვერ გნახეთო.