№17 შეუხედავი, მაგრამ შეძლებული საყვარელი მყავს, გვერდით კი სიმპათიური, მაგრამ უმუშევარი ქმარი მიდგას
8 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ და მას მერე, მამას არც კი მოვუკითხივარ. სხვა ოჯახი შექმნა, შვილებიც ეყოლა და ჩვენკენ არ გამოუხედავს. არ აინტერესებდა, გვიჭირდა, გვილხინდა თუ რას განვიცდიდით. დედამ გაჭირვებაში გამზარდა, მაგრამ სულ მარიგებდა: შვილო, კაცში ადამიანობა ეძებე და არა ფულიო. მეც ეს ჩამებეჭდა თავში და არასდროს მიმიქცევია ყურადღება მამაკაცის მატერიალური მდგომარეობისთვის. 22 წლის ასაკში გავთხოვდი. ვახო საკმაოდ თბილი, მზრუნველი და კარგი ადამიანია. თუმცა, ისიც ჩემსავით გაჭირვებული ოჯახიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფიზიკური აღნაგობით გამოირჩევა, უმაღლესიც დამთავრებული აქვს და საკმაოდ ჭკვიანია, სამსახური ვერ იშოვა. ხან მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, ხან ტაქსაობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მშენებლობაზე გაცივდა და სიკვდილს ძლივს გადავარჩინე. ტაქსაობის დროს კი ათასი გიჟი უჯდებოდა მანქანაში, ზოგი შეურაცხოფასაც აყენებდა და ეს ვერ აიტანა. მოკლედ, ისე გაგვიჭირდა, ჩასაცმელ-დასახურავზე რომ არაფერი ვთქვა, ბავშვებისთვის ძლივს ვყიდულობდით საკვებს. ერთ დღესაც, დაქალმა მითხრა, ჩემი მეზობელი სახლში დამხამრე ქალს ეძებს და თუ გინდა, რეკომენდაციას გაგიწევო. დავთანხმდი და დავიწყე მუშაობა. სიმართლე გითხრათ, მუშაობა არ მეზარება, საგულდაგულოდ ვალაგებდი სხვის სახლს, საჭმელსაც ვუმზადებდი და არც მეთაკილებოდა. ოჯახის უფროსი მამაკაცი ხშირად მაქებდა, ცოლს ეუბნებოდა, გაგვიმართლა, ასეთი სანდო და მშრომელ-დაუზარელი გოგო რომ ვიპოვეთ, ისე შევეჩვიე, თითქოს ჩვენი ოჯახის წევრია, მისი მარტო დატოვებაც არ არის პრობლემა, ვიცი, არაფერს მოიპარავს, სანდოა და თან თავის საქმესაც კარგად ართმევს თავსო. ის კაცი, ჩემზე 20 წლით დიდია, თანაც დაბალია, ჩაფსკვნილი და მობერებული. არც სიმპათიურია, ჩემს ქმართან შედარებით კი – საკმაოდ შეუხედავი. თუმცა, დღეს ჩემი საყვარელია და მისით მიდგას პირში სული. ერთ დღეს სახლში მარტო დავრჩით და რომ ვალაგებდი, მითხრა, დაანებე თავი ყველაფერს, საქმე მაქვს შენთან, დაჯექი, უნდა გელაპარაკოო. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ საყვარლობას შემომთავაზებდა. მითხრა: ვიცი, ოჯახში გიჭირთ, თუ ჩემთან იქნები და ენას კბილს დააჭერ, ფულსაც მოგცემ და დედოფალივით მეყოლებიო. თავიდან, ისეთი რეაქცია მქონდა, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, მაგრამ არაფერი ვუპასუხე. მერე გავაცნობიერე, რომ მარტო ჩემი აღებული ფულით მართლა ვეღარ „ვქაჩავდი“ ქმარ-შვილის რჩენას და დავთანხმდი. დღეს მართლა დედოფალივით ვცხოვრობ. იმ კაცმა, ქალაქგარეთ ბინა იქირავა და კვირაში ერთი დღე იქ მივყავარ. მისი ცოლი და ჩემი ქმარი, ვერაფერს ხვდებიან. მართალია, ერთხელ ჩემმა ქმარმა მკითხა, რა ხდება, ფული საიდან გაქვს, ხელფასი ხომ არ მოგიმატესო და მეც ვუპასუხე: დიახ, ძალიან მოვწონვარ იმ ხალხს, მიხვდნენ დღეს ჩემნაირი სანდო ადამიანები რომ აღარ არსებობენ და სხვაგან რომ არ წავიდე, ხელფასი გამიორმაგეს-მეთქი. დამიჯერა. მოკლედ, დღეს, სიმპათიური ქმარი მიდგას გვერდით და მის გვერდით გამოჩენა ყველგან მეამაყება. საყვარელი კი, შეიძლება შესახედავად არ არის სიმპათიური, მაგრამ ფინანსურად უზრუნველმყოფს. ალბათ, ბევრი გამკიცხავს, იტყვის, ეს რა ამორალობააო, მაგრამ, ფაქტია, ამოვისუნთქე, ყოველ დილით აღარ ვნერვიულობ იმაზე, რა ვაჭამო შვილებს და თავი როგორ გავიტანო.
სოფო, 35 წლის.