№17 როგორ უნდა მოამზადოთ ცვილის დეპილატორი ზედმეტი თმის მოსაცილებლად
ნინო კანდელაკი ანი რევია

ყურადღებით შეარჩიეთ პარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონი. კერძოდ, კარგად გაეცანით მის შემადგენლობას, რათა კანი არ გაიღიზიანოთ. ლოსიონის ნაცვლად შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქოქოსის ზეთით ან ალოე ვერას ზეთით, რადგან ეს ორივე შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს.
თუ ზედმეტი თმის მოცილება სხეულიდან ცვილის დეპილატორით გადაწყვიტეთ, ამისთვის, არსებობს მარტივი რეცეპტი. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ: 1 ჭიქა გრანულირებული შაქარი, 1 ჭიქა თაფლი და ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი.
ცვილის დეპილატორი ასე უნდა მოამზადოთ: ჩაყარეთ შაქარი პატარა ალუმინის ქვაბში და დადგით მაღალ ცეცხლზე, არ მოურიოთ. იდუღოს, სანამ შაქარი კარამელის კონსისტენციას არ მიიღებს. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. შეურიეთ ერთმანეთში ხის კოვზით. განაგრძეთ მორევა, სანამ მასა არ გადნება და დაახლოებით, ბლინის ცომის კონსისტენციის არ გახდება. თუ მასა ძალიან სქელია, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი. შემდეგ, გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ ისე, რომ მისი წასმის დროს კანი არ დაგეწვათ. სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ კანი: მიიღეთ თბილი შხაპი და ადგილი, სადაც ცვილის დეპილატორი უნდა წაისვათ, კარგად გაიწმინდეთ საპნიანი ღრუბლით. სანამ ცვილს წაისვამთ, აუცილებლად კარგად უნდა გაიმშრალოთ და დაიმუშაოთ კანი სპირტის ხსნარით – დეზინფექციისთვის. ცვილი წაისვით თმის ზრდის მიმართულებით, ხოლო აფხრეწა საჭიროა თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.
დეპილაციის შემდეგ, დასარბილებლად, კანი დაიმუშავეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით.
გაითვალისწინეთ, რომ ცვილის კანზე დატანის დროს მხოლოდ სასიამოვნო სითბო უნდა იგრძნოთ. ცვილი არ წვავს კანს და არ იწვევს მის ტრავმირებას. ნუ შეგეშინდებათ, თუ კანი დეპილაციის მერე შეწითლებულია, ეს მალე გაგივლით.
შეგიძლიათ, მომზადებული ცვილი მოგვიანებითაც გამოიყენოთ, უბრალოდ, ის წასმამდე უნდა შეათბოთ.