№17 როგორ ხდება ადამიანის წარმატების არხის გახსნა
დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე იოლად, ხელი როდის გემართებოდათ, ქვეცნობიერ დონეზე გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და ამ დროს თქვენი ცხოვრების წარმატების არხი გაიხსნება. ამ ემოციის ფონზე განვითარებული ფიქრი თქვენ სასიკეთოდ იმოქმედებს. სწორად დახარჯული ფიზიკური ენერგია კი ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ.
ახალ მთვარეზე მოერიდეთ ცუდ განწყობაზე ყოფნას, ნეგატიური მოვლენების გახსენებას და განმარტოებას. ამ დროს ნებისმიერი ფიქრიც კი კოლოსალურ ძალას იძენს და მისი ახდენა განსაკუთრებით ადვილია. ამ დროს გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები და თუნდაც გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი სწორედ ახალ მთვარეზე აღწევს პიკს. ამიტომ გირჩევთ, აზრის დონეზეც კი არ შექმნათ ასეთი ნეგატიური ენერგია, რომ რაიმე საფრთხე არ დაგემუქროთ. გაითვალისწინეთ, რომ ოპტიმისტი ადამიანები ფიქრის დონეზეც კი, ძალიან წარმატებულები არიან. დეპრესიულები კი, თვითონ ქმნიან უარყოფითი ენერგიის ველს თავის გარშემო და სხვებსაც საფრთხეს უქმნიან, ხელს უშლიან წარმატებაში. თუ დეპრესიული ადამიანის გარემოცვაში მოხვდით, მისი ემოციები თქვენ ირგვლივ უარყოფით ენერგეტიკას შექმნის. ეს კი, ცხადია, თქვენ დაგაზარალებთ.
ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლობის ან წარმატების მიზეზი სულაც არ არის ადამიანის ქცევა, არამედ იდუმალი ძალებისა და ვარსკვლავების განწყობის ბრალი ან წყალობა და დამსახურებაა. ყველა ადამიანი სამყაროს ნაწილია და მის სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით. საცხოვრებელი ბინა ადამიანის სხეულს ჰგავს. მასში ენერგიათა ცვლა ყოველ წუთს მიმდინარეობს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ფორმას. უნდა იცოდეთ, როგორი ზომის და ფორმის სახლი მოგიტანთ სამომავლოდ წარმატებას. თუ საცხოვრებელი ბინა ან ოთახი ტრაპეციის ფორმისაა, ასეთ სახლში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან მეტი უიღბლობაა და ფულიც თავისთავად გაედინება, ბარაქას ვერ ნახავთ. თუ სამკუთხედია, სიმდიდრეს ვერასდროს დააგროვებთ. არც გრძელი ფორმის ოთახები და სახლია სასურველი. კვადრატული ან ოვალური საცხოვრებელი კი მეტად კარგი და სასიკეთოა. ასევე, როცა სახლში რამე ნივთს ადგილს უცვლით, ამით აუცილებლად იცვლით ცხოვრებაში რაღაცას. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რა ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და ამით როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. თუ სახლში შესვლისთანავე ცუდ განწყობაზე დგებით და ყველაფერზე ნერვები გეშლებათ, სჯობს, ზემოთ ნათქვამი გაითვალისწინოთ, ყოველივე ამაზე დაფიქრდეთ და გამოსავალი თავადვე მოძებნოთ საკუთარ ბინაში. თუ საცხოვრებელს სწორად მოაწყობთ, უიღბლობასა და ცუდ განწყობას ადვილად დააღწევთ თავს და მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას საკუთარი ძალებითვე შეძლებთ.
სამყაროში თქვენს ქცევას, თითოეულ მოქმედებას თავისი შედეგი მოაქვს და ეს უნდა იცოდეთ. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება, შემდეგ კი აუცილებლად დგება კარმული აღმასვლის პერიოდი და სიტუაციაც გამოსწორდება. ამ პერიოდებს კი ცხოვრებაში ნებისმიერი ჩვენგანი გადის. მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ კარმული დაღმასვლის პერიოდში – უნდა აკონტროლოთ სიტყვები, აზრები, სურვილები და ფინანსები. კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. სწორედ ამიტომ, ამ დროს უფრო ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილით გაიაროთ. როცა მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად.
როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ სრული ჰარმონიის, ბარაქის მოზიდვისა და იდილიის შექმნა გსურთ, სახლს უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ.