№17 რა სიტყვიერი განკარგულებები გასცა ბერიამ 1937 წელს, რაც ქართველების სასარგებლოდ მუშაობდა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ერთ-ერთი მძიმე ბრალდება, რომელიც ლავრენტი ბერიას 1953 წლის დეკემბერში ფალსიფიცირებულ სასამართლოზე წაუყენეს, ულტრანაციონალიზმი იყო, რაც მას, რა თქმა უნდა, ვერ დაუმტკიცეს. პროფესორი რომან კუდასოვი წერს: „გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ულტრანაციონალიზმის ბრალდება საბჭოთა კავშირში სამშობლოს ღალატთან იყო გათანაბრებული. სწორედ ამიტომ მიუყენეს მას ეს მუხლი. მე ვერ ვიტყვი, რომ ბერია ულტრანაციონალისტი იყო და მას უფრო ერისკაცს დავარქმევდი. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლავრენტი ბერია უცოდველი იყო, რაც უბრალოდ, წარმოუდგენელია იმ პერიოდის თანამდებობის პირისთვის, თუმცა მას იმდენად უყვარდა თავისი ერი და ქვეყანა, რომ ხშირად რისკზე, ზოგჯერ კი – სასიკვდილო რისკზეც კი მიდიოდა. ძალიან საინტერესო ფაქტებს ვკითხულობთ ბერიას თანაშემწის, ისიდორე ქორიძის ჩანაწერებში, რომელიც წერს: „1936-1937 წლების რეპრესიები საქართველოსაც შეეხო. თუმცა, ბერია ცდილობდა, მსხვერპლი, რაც შეიძლება, ცოტა ყოფილიყო. და მართლაც, როდესაც ამ მოვლენების საკავშირო სტატისტიკა შეჯამდა, საქართველომ მასში ბოლო ადგილი დაიკავა. სტალინთან შეხვედრაზე მისულ ბერიას ბელადმა უთხრა (ამ ისტორიას თავად ბერია მიყვებოდა): ამხანაგო ბერია, ნუთუ ასე ცოტა მტერი ჰყავს საბჭოთა ხელისუფლებას ჩვენს სამშობლოშიო. რაზეც ბერიამ მიუგო: ამხანაგო სტალინ, ჩვენ ხალხს ძალიან უყვარხართ და თქვენ მიერ მშენებარე ქვეყანას როგორ გადაემტერებიანო. მართლაც, საქართველოში მშენებლობის ტემპები იმდენად მაღალი იყო, რომ ამ მხრივ, საკავშირო მასშტაბით მყარ პირველ ადგილზე ვიყავით, ეს ყველაფერი კი ბერიას დამსახურებით. ლავრენტი პავლოვიჩს შესისხლხორცებული ჰქონდა თავისი ეროვნული წარმომავლობა და ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ერისთვის. 1937 წელს კი, გაგანია რეპრესიების დროს გაცემული განკარგულება შესაძლოა, მას სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ამ განკარგულების მიხედვით, საქართველოში არაქართველის (ყველა მოქალაქის) ჩაწერის გარეშე ცხოვრება იკრძალებოდა და ასეთ პირს სამ დღეში უნდა დაეტოვებინა რესპუბლიკა. ტურისტებს დროებით სწერდნენ. ყველა ჩამოსულ არაქართველს კი ჩაწერაზე უარს ეუბნებოდნენ და სამ დღეში უკან აბრუნებდნენ. მეორე განკარგულებით კი, ყველა სამ და მეტშვილიან ქართულ ოჯახს ახალშობილზე ათას ორას მანეთს ჩუქნიდნენ. აყენებდნენ ბინის რიგში და მალევე აკმაყოფილებდნენ საცხოვრებელი ფართით. არაქართველებს, რა თქმა უნდა, გენოციდს არ უწყობდნენ, მაგრამ ნაკლები პრივილეგიებით სარგებლობდნენ. საგულისხმო ფაქტია, რომ ასეთ კატეგორიაში კი თვით რუსებიც კი შედიოდნენ. სამაგიეროდ, 1937-1940 წლებში საქართველოს მოსახლეობამ 40 ათასით მოიმატა და რომ არა ომი, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდებოდა...“
ისიდორე ქორიძის ნაამბობიდან ყველა დაინტერესებული მხარე საკუთარ დასკვნას გააკეთებს. ერთნი იტყვიან, რომ ბერია სხვა ეროვნებების ხარჯზე საკუთარ ერს ცხოვრების კარგ პირობებს უქმნიდაო. მეორენი კი ამას არ ეთანხმებიან. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოში ეროვნულ ნიადაგზე შუღლი არასდროს გაჩაღებულა, მით უმეტეს, ბერიას მმართველობის დროს...
ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, არღვევდა კანონს, როდესაც ასეთ სიტყვიერ განკარგულებას იძლეოდა და მის შესრულებასაც აკონტროლებდა, თუმცა, მეორე მხრივ, ის სხვა კანონს მისდევდა და ამას ეწოდება – ნაციონალური პრიორიტეტების დაცვა-განვითარება. მოდი, გულახდილად ვთქვათ, განა უარესად არ იქცეოდნენ რუსები და თუნდაც სტალინის პერიოდში, დროდადრო, აშკარა ეროვნებათშორისი შუღლი არ იფეთქებდა ხოლმე? საქართველოში კი ასეთი რამ, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო.“