№17 რატომ დაადო ტაბუ სტალინმა პეტრე პირველის ბიოგრაფიის კვლევას
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– იმპერატორი პეტრე პირველი ქართველი დიდგვაროვნის ნაბიჭვარი იყო, მისი შთამომავლობა მართავდა რუს ხალხს, ანადგურებდა ქვეყანას და 1917-ში იმიტომაც დავამხეთ. იმედია, რომ ასეთი რამ რუსეთის ისტორიაში აღარ განმეორდებაო.
სტალინიც პრეზიდიუმში იჯდა. ის უკვე ქვეყნის მყარი მმართველი იყო და სწორედ მას გულისხმობდა ტროცკი ნაბიჭვარსა და რუსეთის დამაქცეველში“. ამიტომ, ტროცკის მერე სწორედ მან აიღო სიტყვა და თქვა:
– ტროცკი ცილს სწამებს რუსეთის დიად მმართველს, სულითა და ხორცით რუსს, პატრიოტს, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. თუმცა სულიერ-პოლიტიკური და გენით ნაბიჭვრები ცდილობენ ხელი შეუშალონ მის განვითარებას, მაგრამ თავადვე დაიწვებიან იმ კოცონზე, რომელშიც რუსეთის შეკეთება (იგულისხმება ცეცხლში შეკეთება) და დაწვა უნდათო...
სტალინმა ამ გამოთქმის ქვეტექსტად ტროცკის ცნობილი ციტატა გამოიყენა – რუსეთი ის ნედლი შეშაა, რომელიც კოცონში უნდა შევუკეთოთ მსოფლიო რევოლუციის გასაჩაღებლადო.
სტალინის მოკლე, მიზანში „გარტყმული“ გამოსვლის შემდეგ ტროცკი სახეაწითლებული გავარდა დარბაზიდან...“
სულ მალე, ანუ 1929 წელს, სტალინის საგანგებო განკარგულებით, ტაბუ დაედო იმპერატორ პეტრე პირველის ნამდვილ ადრეულ ბიოგრაფიის კვლევას. უფრო სწორად, იმ ეპიზოდს, საიდანაც ნათელი იყო, რომ მომავალი დიდი იმპერატორი ქართველი დიდგვაროვნისგან ჩაისახა... პეტრე „წმიდა წყლის“ რუსად გამოცხადდა და მკვლევარ-ისტორიკოსები თავიანთ ნაშრომებში სწორედ ამ ხაზს იცავდნენ... იმავე, 1929 წელს დაიწყო ალექსეი ტოლსტოიმ მუშაობა თავის ცნობილ რომანზე „პეტრე პირველი“.
ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის უკანასკნელ და ერთადერთ გულწრფელ ინტერვიუში ყვებოდა: „ალექსეი ტოლსტოი სტალინმა 1929 წლის დასაწყისში ზუბალოვოში დაპატიჟა, სადაც ბელადს სერგეი კიროვიც სტუმრობდა და მწერალს შესთავაზა, რომ პეტრე პირველზე დაეწერა რომანი სოცრეალიზმის სტილში. დიდი მწერალი ამ იდეამ გაიტაცა და რომანზე მუშაობა იმავე წელს დაიწყო, რომელზეც სიკვდილამდე იშრომა, თუმცა 1943 წლის ბოლომდე ვერ დაასრულა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტოლსტოის პირდაპირი პარალელები აქვს გავლებული პეტრე პირველსა და სტალინს შორის. ორივე დიდ რეფორმატორად ჰყავს გამოყვანილი, რაც აბსოლუტური სიმართლეა...“
სტალინმა შემთხვევით არ დაადო ტაბუ პეტრეს არარუსობის აფიშირებას და თავადაც სახალხოდ არ უსვამდა ხაზს, რომ ქართველი იყო (თუმცა, ტყუილია მავანთა მტკიცება, რომ სტალინი თავს რუსად მიიჩნევდა. პირიქით – ჩერჩილთან, დე გოლთან, რუზველტთან და ირანის ახალგაზრდა შაჰთან განსაკუთრებული ხაზგასმულობით უთქვამს, რომ ქართველია). ეს კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ხასიათის სპეციფიკას კარგად იცნობდა და საბჭოეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის (რუსებისთვის) არ უნდოდა, არასრულფასოვნების კომპლექსი გაეღვივებინა – ანუ, რუსებს არარუსი გვმართავსო... მსგავსი მომენტებით სავსეა რუსეთის წარსული, რაც დიდ სახალხო მღელვარებას იწვევდა (რუსულ ბუნტს). სტალინმა კი მშვენივრად იცოდა ისტორია, რუსების ხასიათი და ასეთ რამეს არ დაუშვებდა. ლეონ ფეხცვანგერი სტალინის გარდაცვალების შემდეგ სტალინზე წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ქართველი იყო, მას თამამად ვუწოდებ – „დიდ რუსს“. სწორედ მან შეასხა ხორცი დიადი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ყოველმხრივ განადიდა რუსეთი. მე სტალინის რუსეთმა მომხიბლა. თავად სტალინთან ურთიერთობამ კი მომაჯადოვა და რომელ რუსს მოუბრუნდება ენა, თქვას, რომ ის არარუსიაო. მან რუსეთსა და რუსებს ხომ არნახული დიდება მოუტანა...“
ალბათ, ძნელია, რაიმე დაამატო დიდი მწერლის სიტყვებს.“