№17 ექიმის რჩევები
კითხვა: 2 წლის წინ, ორსულობის დროს სხეულზე პაპილომა (მხოლოდ ერთი ხორცმეტი) გამომივიდა და მას შემდეგ გაიზარდა. არის თუ არა საშიში და რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი: ხორცმეტის შეფასებისა და მოშორების მეთოდის შესარჩევად დერმატოლოგს ან ონკოდერმატოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ვარ 17 წლის გოგონა, 2 წლის ასაკში მდუღარე წყლით დავიწვი ფეხი. დამწვრობის ნაწიბური არ მემჩნევა, მხოლოდ თეთრი ლაქებივით მაქვს. გთხოვთ, დამეხმაროთ და მირჩიოთ, რითი მოვიშორო ეს ლაქები, რადგან დამწვრობის ადგილებში რუჯი არ მეკიდება და ულამაზოა.
პასუხი: როგორც ჩანს, დამწვრობის ადგილზე არის შემაერთებელ ქსოვილოვანი ნაწიბური, ასეთ ქსოვილში კი პიგმენტური უჯრედები არ არის. თუ პრობლემა თქვენთვის ძალიან შემაწუხებელია, მიმართეთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრს.
კითხვა: რას ნიშნავს სუპრავენტიკულური პაროქსიზმული ტახიკარდია? შესაძლებელია თუ არა მისი მედიკამენტებით განკურნება და რა შემთხვევაში ინიშნება ამ დიაგნოზის დროს აბლაცია? რამდენად საშიშია ის 40 წლამდე ქალბატონის სიცოცხლისთვის?
პასუხი: პაროქსიზმული ტაქიკარდია არის გულის რიტმის უეცარი მკვეთრი აჩქარება. სუპრავენტიკულური კი ნიშნავს, რომ პარკუჭს ზემოთაა ის კერა, რომელიც ასეთ აჩქარებას იწვევს. მედიკამენტური მკურნალობით შესაძლებელია, პაროქსიზმების განმეორების თავიდან აცილება. უეფექტობისას და ხშირი პაროქსიზმებისას კი ინიშნება აბლაცია, რაც წარმატებით ხორციელდება.
კითხვა: შარდში მუდმივად მაქვს გლუკოზა – თითქმის 200-მდე, თუმცა სისხლში ყოველთვის ნორმაშია, უზმოზეც და ჭამიდან ორ საათშიც. იქნებ მითხრათ, რისგან შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: გლუკოზურიის (შარდში გლუკოზა) მიზეზი ან სისხლში გლუკოზის დონის მატებაა ან თირკმლის მიერ გლუკოზის შეწოვის დარღვევა – რენულიგლუკოზურია. ამ უკანასკნელის დროს სისხლში გლუკოზის დონე ნორმაშია. დიაგნოსტიკისთვის ნეფროლოგს მიმართეთ.
კითხვა: მკერდის ტკივილი გაზრდისას ნორმალურია? 12 წლის ვარ.
პასუხი: დიახ, სქესობრივი მომწიფების პერიოდში აღინიშნება სარძევე ჯირკვლების ტკივილი, დისკომფორტი.
კითხვა: მაქვს ხშირი თავის ტკივილები, კისრის არედან დაწყებული მთელ თავზე ვრცელდება. მაწუხებს შეკრულობა, 2 წელიწადში 20 კილო მოვიმატე და წონის დასაკლებად არანაირი სწორი კვება და დიეტა არ მშველის. მირჩიეთ, რომელ ექიმს მივმართო ან როგორ მოვიქცე?
პასუხი: პირველ რიგში, ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგს მიმართეთ, გამოკვლევბის ჩატარების შემდეგ ექიმი გეტყვით საჭიროებთ თუ არა სხვა სპეციალისტის კონსულტაციასაც.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე