№17 რადიკულიტის მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
რადიკულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზურგის ტვინის ქერქის დაზიანება. ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა: წელის რადიკულიტი, გულმკერდის რადიკულიტი, მხარ-კისრის რადიკულიტი.
მიზეზები: მემკვიდრეობითი ფაქტორი, ხშირი გადაციება, ოსტეოქონდროზი, სტრესული სიტუაციები, ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ზურგის კუნთების სპაზმი, ზედმეტი დატვირთვა ზურგზე, მკვეთრი მოძრაობა.
სიმპტომები: კისრის რადიკულიტი – კისრის არეში ტკივილი. სმენის, მხედველობის დაქვეითება, თავბრუ, არამყარი სიარული.
გულმკერდის რადიკულიტი – ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს.
მხარ-კისრის რადიკულიტი – მხარისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის ამ ნაწილების მოძრაობისას.
* აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ღორის მუცლის ქონი და არყის ხის კვირტები (იყიდება აფთიაქში), მოათავსეთ შუშის ქილაში და ჰაერი რომ არ შევიდეს, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. არანაკლებ 2 დღე-ღამის შემდეგ 2 სადილის კოვზ ნარევს დაამატეთ 1/3 ჭიქა თბილი წყალი და იმდენი თეთრი თიხა, რომ მალამოს კონსისტენციის გახდეს. ნარევი თანაბრად გაანაწილეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, დაიფარეთ ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. გაიჩერეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიხსენით და სწრაფად მოიწმინდეთ კანი თბილი წყლით, რის შემდეგაც თბილად შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.
* ქრონიკული რადიკულიტის დროს რეკომენდებულია ჭვავის საფუვრიანი ცომის კომპრესი. თავდაპირველად წელი სკიპიდარით უნდა გაიწმინდოთ, ვიდრე კანი არ გაწითლდება, შემდეგ მტკივან ადგილზე დაიდეთ დოლბანდში გახვეული ცომი, დაიფარეთ გასანთლული ქაღალდი, ზემოდან კი – თბილი ქსოვილი და 40 წუთი გაიჩერეთ. კომპრესი კეთდება დღეგამოშვებით. წვის შეგრძნების შესამცირებლად დალიეთ ფინჯანი თბილი რძე, რომელშიც გახსნილია 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა. თუ კანი დაგეწვათ, მკურნალობა დროებით შეწყვიტეთ. მოსარჩენად საკმარისია 3-5 კომპრესი.
* სუფთა, რბილი ქსოვილი დაასველეთ შავი ბოლოკის წვენში, დაიდეთ მტკივან ადგილზე, შეიხვიეთ თბილი ქსოვილით. თუ არ გექნებათ ძლიერი წვა, კომპრესი შეიძლება 2-3 დღე დაიტოვოთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
* წვრილად დაკეპეთ ნიორი და ძილის წინ 5-7 წუთით დაიდეთ მტკივან ადგილზე. ყურადღებით იყავით, კანი არ დაგეწვათ. ამის შემდეგ მტკივან ადგილას შეიზილეთ მზესუმზირის ზეთი და ღამით თბილად შეიხვიეთ.
რისკის ჯგუფი: სპორტსმენები, ნაკლებად მოძრავი ადამიანები, რთული ფიზიკური შრომის მქონე პირები.
რეკომენდებულია: სწორი პოზის დაჭერა, ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები, ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება, გადაციებისგან თავის დაცვა, ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა, ხერხემლის დატვირთვის გაკონტროლება, იმუნური სისტემის გაძლიერება.