№17 როგორ შევიმსუბუქოთ ტკივილი შაკიკის დროს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
აღსანიშნავია, რომ შაკიკს ქალაქის მცხოვრებნი უფრო ხშირად უჩივიან, ვიდრე სოფლის მკვიდრნი, ვინაიდან ძლიერ თავის ტკივილს ფსიქოლოგიური ხასიათის შინაგანი კონფლიქტები აპროვოცირებს, ხოლო მეგაპოლისი ხელსაყრელი ნიადაგია სტრესისა და შესაბამისად, შაკიკის განვითარებისათვის. შაკიკით ტიპური დაავადებული შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ამბიციური ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია მნიშვნელოვან წარმატებებზე კარიერაში, პირად ცხოვრებაში. ასეთ პაციენტებში შეტევას უფრო მწვავე ხასიათი აქვს.
რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება ემოციური არამდგრადობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, დიდი დოზებით ესტროგენების მიღება (მათ შორის კონტრაცეფციის მიზნით).
შაკიკის შეტევის თავიდან ასაცილებლად ან სიხშირის შესამცირებლად უმჯობესია პრევენციული ღონისძიებები. უნდა მოვერიდოთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს: შევამციროთ ან საერთოდ შევწყვიტოთ ალკოჰოლის, კოფეინისა და თამბაქოს მოხმარება, დავიცვათ ძილის რეჟიმი, თავიდან ავიცილოთ გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ვისწავლოთ სტრესის მართვა. სუფთა ჰაერი, მოსვენებითი რეჟიმი, მშვიდი გარემო, არამკაფიო განათება, ნაკლები ფიზიკური და გონებრივი აქტივობა ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას. ზოგჯერ შეტევის ოკუპირება ხანმოკლე ძილსაც შეუძლია.
* ჭიქაში ჩატეხეთ ერთი ცალი კვერცხი და შეავსეთ მდუღარე რძით. სწრაფად მოურიეთ და სვით პატარ-პატარა ყლუპებით;
* მწვავე შეტევისას კეფაზე დაიდეთ მდოგვის ან გახეხილი შავი ბოლოკის კომპრესი;
* ხელები იდაყვებით ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ ტკივილის გავლამდე (თუ წყალი გაგრილდა, დაამატეთ ცხელი);
* მწვავე შეტევითი ტკივილის დროს ცხელ წყალში დაასველეთ ბამბის წინდები, სწრაფად გაწურეთ და ჩაიცვით, ზემოდან კიდევ ჩაიცვით რამდენიმე მშრალი წინდა, ჩაწექით საწოლში და ეცადეთ, დაიძინოთ;
* ატარეთ ნატურალური ყვითელი ქარვის მძივი;
* თავი რომ არ აგტკივდეთ, უზმოზე დალიეთ ახალი, მაგარი მწვანე ან შავი ჩაი პიტნით, უშაქროდ;
* დალიეთ ყოველ ორ საათში მაინც ერთი ჭიქა წყალი – წყალი მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც თავის ტკივილები გაწუხებთ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც წყლის დღიურ ნორმას კიდევ უმატებენ 6 ჭიქა (1,5 ლიტრი) წყალს, ნაკლებად განიცდიან შაკიკისგან გამოწვეულ ტკივილს.
ეს საშუალებები, რა თქმა უნდა, ვერ გაგათავისუფლებთ სრულად ტკივილისაგან, თუმცა შეღავათს მოგცემთ.
ნუ იქნებით მშიერი – მიირთვით ყოველ ორ-სამ საათში მცირე ულუფებით. ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მთელი დღე არაფერი გვიჭამია და შიმშილისგან კანკალი გვეწყება. ზუსტად ეს მდგომარეობა შეიძლება, გახდეს თავის ტკივილის მიზეზი.
ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ დაბალი გლუკოზის დონე სისხლში იწვევს ცვლილებებს ჩვენს ტვინში, რაც შაკიკის წინაპირობაა.