№17 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვფიქრობთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით?
პასუხი: ასეთ დროს უნდა ვილოცოთ და შევთხოვოთ უფალს, რათა მან გვაპოვნინოს გამოსავალი მძიმე სიტუაციიდან. რადგან რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ამასთანავე, უნდა ვიკითხოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები – აქ ამოვიკითხავთ ჩვენს კითხვებზე პასუხებს. ასევე, უნდა მივიდეთ მოძღვართან და ვთხოვოთ რჩევა.
კითხვა: სამწუხაროდ, ჩემს მოძღვარს აღარ ვენდობი და შესაბამისად, აღარ მსურს მასთან აღსარებაზე მისვლა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენს მოძღვართან კონტაქტის გაწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას არ მიჰყავხართ ქრისტესთან, ანუ თუ მისი სწავლება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას და ათ მცნებას. ასევე, შესაძლებელია, პიროვნულად გიჭირთ მასთან გახსნა აღსარების დროს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, სხვა მოძღვარს მიმართოთ, მას, ვისაც ნდობას გამოუცხადებთ. კარგი იქნება, თუ კურთხევას აიღებთ ძველი მოძღვრისგან. მთავარი კი ის არის, რომ ამის გამო არ დაშორდეთ ეკლესიას და გააგრძელეთ ეკლესიური ცხოვრება.
კითხვა:
უნდა ჰყავდეს თუ არა ბავშვს თავისი მოძღვარი?
პასუხი: რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა ჰყავდეს თავისი მოძღვარი, რომელსაც ეტყვის აღსარებას და გაესაუბრება ხოლმე. მოძღვრის შერჩევაში კი მშობელმა უნდა გაუწიოს დახმარება.
კითხვა: მართალია, რომ საქართველოში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი სიწმიდე – სამსჭვალი (ლურსმანი), რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი: ის ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე გააკრეს, იერუსალიმში ჩასულმა ელენე დედოფალმა მოიძია. ელენე დედოფალი გახლდათ რომის პირველი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედა (IV საუკუნე). იქვე აღმოჩნდა ოთხი სამსჭვალიც (ლურსმანი). იქიდან ერთ-ერთი მართლაც საქართველოს საპატრიარქოში ინახება, ერთი კი, არჩილ მეორემ მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსეთში წაიღო.
კითხვა: თუ შეიძლება, განმიმარტეთ, რას ნიშნავს გამომძიებლობის ცოდვა?
პასუხი: ეს ნიშნავს, როდესაც ადამიანი იმით ინტერესდება, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც უფალი მისგან არ მოითხოვს. მაგალითად: სად არის ჯოჯოხეთი? როგოორ გადმოდის ხატის მეოხებით მადლი? როგორ იქცევა ზიარების დროს პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად და ასე შემდეგ. ამაზე ჩვეულებრივმა მოკვდავმა არ უნდა იფიქროს.