№17 ჭეშმარიტება სიყვარულშია
სიამტკბილობის თასი
შენთვის რომ ოქროს თასი შემოეთავაზებინათ მსოფლიოში საუკეთესო ღვინით და ეთქვათ: „დალიე, ოღონდ იცოდე, ფსკერზე მორიელი ზის“, – დალევდი?
მიწიერი სიამტკბილობის ყოველი თასის ფსკერზე შხამიანი მორიელი იმალება. ეს თასები არც ისე ღრმაა, ამიტომ მორიელი ყოველთვის ჩვენს ტუჩებთან ჩნდება.
სიკვდილი
ცისა და მიწის მდუმარებას შორის გაშმაგებით დაობენ მიწიერი ბრძენები: „რა არის მატერია და რა არის სული?“. კუბოებზე შემომჯდარი სიკვდილი კი დაბეჯითებით იმეორებს: „მატერია არის ცომი, სული – საფუარი, თქვენ პური, მე კი – სტუმარი“.
მოულოდნელი სიკვდილი
ბანკირი, რომელიც სიხარულით ითვლის ფულს, ფიქრობს, რამდენ ხანს ეყოფა კიდევ ის დროის გასატარებლად.
მშიერი მესაფლავე კი ქალაქს უყურებს და ფიქრობს, ვისგან მიეცემა ხვალინდელი ლუკმაპური.
ცოდნის უდაბნო
„ცოდნა სინათლეა“, – ამბობენ მეცნიერი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარული გააჩნიათ და არც მოწყალება. შეხედე: საჰარის უდაბნო – ყველაზე მზიანი ადგილია, მაგრამ ყველაზე მეტად მოგვაგონებს გავარვარებულ გვამს.
უმეცრება
არ არის ძნელი, ასწავლო ცხოველს; არ არის ძნელი, ასწავლო უვიცს; მაგრამ ძნელია, ასწავლო იმას, ვინც თურმე უმეცარია, მაგრამ უკვე მასწავლებლობს.
ჭეშმარიტება სიყვარულში ცხადდება
ეძებო ჭეშმარიტება – ეს იგივეა, რომ ეძებო სიყვარულის საგანი.
ხოლო ეძებო ჭეშმარიტება იმისთვის, რომ ის იარაღად გამოიყენო, ეს ნიშნავს ეძებო ჭეშმარიტება სიძვისთვის. ვინც მას ამ მიზნით ეძებს, ჭეშმარიტება მას ძვალს მიუგდებს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გადაიკარგება – ცხრა მთას იქით, ძვირფასებო!
გული და სახარება
მტვრისგან არის შენი გული შექმნილი, მტვრისგან არის ის ქაღალდიც, რომელზედაც სახარებაა დაწერილი, მაგრამ ამ მტვერზე ცხოველმყოფელი სული წერდა. ამიტომ ერთი წერილი მეორეს მიემართება, პირველი აცხადებს მეორეს, მეორე განმარტავს პირველს.
როდესაც წუთისოფელი თავისი ვნებებით დაწვავს ერთს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება.
ისტორიის შინაარსი
ისტორიის მთავარი შინაარსი მდგომარეობს ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაში.
ისტორიული პერიოდები ერთგვარი მოქცევა და მიქცევაა ღმერთისა და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებაში. მოქცევის დროს დიდი ხელოვანები შთაგონებას ღმერთში პოულობდნენ; უკუქცევის დროს – ბუნებაში. ამისთვის შეიძლება, გვეწოდებინა „ხელოვნება პირველი ხელიდან“ და „ხელოვნება მეორე ხელიდან“, – რითაც მივანიშნებდით პირველადსა და მეორადზე. პირველი უფრო ვაჟკაცური და დრამატულია, მეორე – ქალურად ნაზი და ლირიკული. იმგვარად, როგორც, როდესაც მამა ადგილზე არ არის, სტუმრებს დედა შეიქცევს ხოლმე საუბრებით და მოუთხრობს იმის შესახებ, რაც მამისგან უსწავლია.
ყოველი მიქცევა, ანუ ღმერთით აღფრთოვანების შეცვლა ბუნებით აღფრთოვანებით, იწვევს ბავშვობაში დაბრუნებას. მოქცევა სულიერი სიჯანსაღეა, უკუქცევა – სულიერი მანკიერება. ბუნებრივია, რომ ზრდასრული ადამიანი, რომელიც გაძღა ბუნების საოცრებების ხილვით, ისწრაფვის ამაღლებულისკენ, ბუნებაზე ზედგომილისკენ, ცათა სასუფევლისკენ.
გაიხსენე შემთხვევა თორმეტი წლის იესოს ცხოვრებიდან. როდესაც იგი დედამ იპოვა ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, იესომ ჰკითხა მას: „რაისა მეძიებდით მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაი?“ (ლუკა 2.49).
წმიდა მღვდელმთავარი
ნიკოლოზ სერბი