კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ ვერ იღებენ ქრისტიანები იმას, რასაც ღმერთს სთხოვენ და როგორ ხდებიან გარყვნილი ადამიანები დიდი წმიდანები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

აღდგომის მარხვა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ჩვენ, ვინც ვმარხულობთ, შეგვიძლია გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩვენი მარხვა არ იყო, არ არის ისეთი, როგორც საჭიროა. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საკვებზე ვფიქრობდით და მთავარი – იესო ქრისტეს მცნებების დაცვა, მეორე პლანზე გვქონდა გადაწეული. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– გასული საუკუნის ცნობილი მოღვაწე ანტონ სუროჟელი საინტერესო სწავლებას გადმოგვცემს: ადამიანს სწამს ღმერთის და ღმერთსაც სწამს ადამიანებისო. მე, როგორც სასულიერო პირი, დავძენ, რომ ღმერთს ყველა ადამიანის სწამს, მაგრამ ყველა ადამიანს არ სწამს ღმერთის. ეს კი ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა ღმერთის მიმართ. ერთი პატერიკი მინდა მოგიყვეთ: ერთ ცნობილ ქალაქში მეძავი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქის თავმა სთხოვა: თუ შენ ასეთ ცხოვრებას თავს დაანებებ, ცოლად მოგიყვანო. დათანხმდა ქალი და გახდა მისი ცოლი. მისი ოთახის ფანჯრები ქუჩაში გადიოდა და ყოველ ღამე ეძახდნენ მისი ძველი კლიენტები, უსტვენდნენ, მასთან გატარებულ წუთებს ახსენებდნენ. ქალი საშინლად იტანჯებოდა, ჩადიოდა სასახლის სიღრმეში, რომ ეს  ხმები არ მოესმინა, რომლებიც ძველი, ცოდვილი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა. ლამაზი ქალბატონი ჩვენი სულია, რომელიც ძალიან ლამაზია, მშვენიერია, მსგავსი ლამაზი რამ არ შეუქმნია უფალს. სულიდან მოდის ცოდვის ყველა იმპულსი და მას ძალიან ბევრი ცოდვის ჩადენა შეუძლია. ხორცი არ გეგონოთ დამნაშავე. ხორცი ხდება სულის იარაღი. ქალაქის მთავარი კი არის ღმერთი, რომელიც ეუბნება ჩვენს სულს: შეწყვიტე ცოდვების ჩადენა, ჩემი მეუღლე გახდებიო. ეკლესია – ეს არის რძალი უფლისა, რომელიც დაწინდულია იესო ქრისტეზე. ჩვენ ეკლესიაში ვართ, მაგრამ გვესმის ძველი ცხოვრებიდან ძახილი: დაბრუნდი, გააგრძელე შენი ძველი, ცოდვილი ცხოვრება, მიყვარხარ, მინდა ჩემთან ერთად იყო, იმრუშე, მოიპარეო. აღდგომის მარხვაში არის ხსენება მარიამ ეგვიპტელისა, რომელიც 47 წელი მარტო ცხოვრობდა უდაბნოში. ეს დღე არა მხოლოდ სიძვის დამარცხების დღეა, არამედ უფლის ერთგულების დღე. ადამიანმა 47 წელი უერთგულა ღმერთს. უდაბნოში იმართება პაექრობა: ღმერთი თუ ეშმაკი და ეს ბრძოლის ველი მარიამის გულზე გადის.
– ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ ვუერთგულოთ უფალს?
– ჩვენი გულიც ბრძოლის ველია – მთელი მარხვის განმავლობაში მიდის ჩვენში ბრძოლა: ეშმაკი თუ ღმერთი და ხშირად დამარცხებულები გამოვდივართ. ერთი კვირა გვაშორებს მაცხოვრის აღდგომამდე და არ მგონია, ვინმე კმაყოფილი იყოს თავისი მარხვით.
– როგორ უნდა გავიგოთ, იყო თუ არა ჩვენი მარხვა სრულყოფილი და გამოიღო თუ არა მან კარგი ნაყოფი?
– თუ ჩვენ კარგად ვმარხულობთ, ჩვენს მარხვას შეიწირავს უფალი, ესე იგი ჩვენ შეგვეხო ღმერთი და ვისაც ღმერთი ეხება, მისი ცხოვრება იცვლება. როცა შენ მარხულობ, ღმერთი გეხება, შენი ცხოვრება იცვლება, აღარ ხარ ისეთი ბოღმა, შურიანი, ბოროტი, ფარისეველი, მატყუარა, ზარმაცი. რა თქმა უნდა, ძნელია, რომ ადამიანმა ეს 6 კვირაში მოახერხოს, მაგრამ ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ ერთი-ორი ცოდვა მაინც არ გავიმეოროთ. წმიდა მამები გვირჩევენ ჩვენ – მღვდლებს, მრევლს, რომ მივიდეთ მომაკვდავთან. რატომ უნდა მივიდეთ? როცა ადამიანი კვდება, თურმე, ის მაშინ ამბობს სიმართლეს. ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და მოსმენილი. როცა მომაკვდავ ადამიანთან აღსარების მოსასმენად მივსულვარ, მასზე მართალი ადამიანი მე არ მინახავს, რადგან მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა სიმართლის თქმისა. ასე ვიფიქროთ ჩვენც, რომ თითქოს ეს დღე არის ჩვენი ბოლო დღე და მოდი, ღმერთს ვუერთგულოთ – ვიყოთ შედარებით კარგები, ვიდრე მანამდე ვიყავით. ეკლესიაში ხანდახან მოვდივართ და იმის მაგივრად, რომ სულის ცხონება, სულის სიწმინდე, თავმდაბლობა ვითხოვოთ, რაღაც სისულელეს ვითხოვთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ითხოვთ და ვერ იღებთო. იმიტომ, რომ არ ვიცით, რას ვითხოვთ ან არასწორად ვითხოვთ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ მაცხოვრის პირველი მოსვლიდან მეორემდე იქნება ჯვარი, ცრემლები, შეურაცხყოფა, ეკლესიის დევნა, დამცირება, ყველანაირი უმგავსობა, რაც დღეს საქართველოში, მთელ მსოფლიოში ხდება. არ ჩავარდეთ უხერხულ მდგომარეობაში, როცა ასეთ ამბებს გაიგებთ.
– რა და როგორ უნდა სთხოვოს ადამიანმა ღმერთს?
– სთხოვეთ უფალს, ისე მომიმართე ხელი, ის მომეცი, რაც შენთვის კარგი იქნება, რაც შენ გაგიხარდება, ის თხოვნა შემისრულეო. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ამას არ ვაკეთებთ, ამიტომაც არც მატერიალური გვაქვს და არც სულიერი, არც თბილები ვართ, არც ცივები, არც ერთგულები და არც მოღალატეები. ნელ-თბილი ადამიანები ვართ. იოანეს გამოცხადებაში კი წერია, რომ ასეთ ადამიანებს ეკლესიაში ღმერთი ამოარწყევს საკუთარი პირიდან და დღეს უკვე ამორწყეულები არიან. მერე უკვირთ: ხალხი აღარ დადის ეკლესიაში, მრევლის რაოდენობა შემცირდაო. მომავალში  კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ლუკას სახარებაში იესო ქრისტე საკუთარ თავზე ამბობს, როცა მოვა ძე კაცისა, ნეტავ კი პოვებს დედამიწაზე რწმენასო... რწმენა თითოეულ ადამიანში აქა-იქ იქნება შემორჩენილი, როგორც ბჟუტავ პატრუქში, მაგრამ ღმერთი არ ჩააქრობს მას, სანამ ყოველივე ის არ ასრულდება, რაც წმიდა წერილში წერია. ღმერთის ნება ჩვენი ცხონებაა, მაგრამ ის ჩვენ ვერ გვაცხონებს, თუ ჩვენი ნება არ იქნება. ჩვენი ღმერთის ბოლო სიტყვები, რომელიც ანდერძივით დაგვიტოვა, როცა ის ჯვრისკენ მიდიოდა, ასეთია: თუ ჩემს მცნებებს დაიცავ, იქნები ჩემს სიყვარულში. როგორც მე ჩემი მამის მცნებები დავიცავი და ვარ მამის სიყვარულში. ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში იყოს და თქვენი სიხარული სრული იყოს. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. ამაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, რომ დადოს საკუთარი თავი მეგობრებისთვის და თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. თუ აკეთებთ იმას, რასაც გამცნებთ, აღარ გიწოდებთ თქვენ მონებს, რადგან მონამ არ იცის რას აკეთებს მისი პატრონი, ხოლო თქვენ გიწოდებთ მეგობრებს, რადგან ყოველივე, რაც გავიგე ჩემი მამისგან, გაუწყებთ თქვენ. არა თქვენ გამომარჩიეთ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ. ეს არის მაცხოვრის სიტყვები. ჩვენ რომ გვგონია, თავად მივედით ეკლესიაში, ვართ კარგი ადამიანები, მორწმუნეები, ჩვენ ღმერთმა აგვირჩია. როგორ გაიგებენ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ – როცა ერთმანეთი გეყვარებათ. თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავითო. აი, ეს არის მარხვა, ეს არის ქრისტიანობა.
– სხვა ადამიანების ცოდვილ მდგომარეობაში დანახვა ხშირად ჩვენი მხრიდან განკითხვის მიზეზი ხდება.
– რა მდგომარეობაშიც უნდა დაინახოთ ადამიანი, არ განიკითხოთ, რადგან ბილწ ცხოვრებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. ადვილი არ არის ქურდობა, ადვილი არ არის ყაჩაღობა, ამ ყველაფერს გონიერება სჭირდება. წარმოიდგინეთ, ადამიანი მეძავია, ბილწი, ყაჩაღი და შემდეგ ის მოექცევა, ამ ყველაფერს რამხელა ძალისხმება სჭირდება და თან სიკეთისკენ მოექცევა. შემდეგ  სიკეთის მსახურებაში დგება ეს ენერგია, მადლი და ამიტომაც დიდი გარყვნილი ადამიანი დიდი წმიდანი ხდება. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი საკუთარ თავზე, სხვა ადამიანზე: ეს მეძავია, მრუში, რა ეშველება... აუცილებლად გვეშველება, თუ ვიქნებით ერთგულები და გვემახსოვრება იესო ქრისტეს ანდერძი. არავის გეუბნებათ დავით-გარეჯის უდაბნოში წადით, განმარტოვდითო. არა, ენა გააჩერეთ, მარხვა დაიცავით, ხშირად თქვით აღსარება, ეზიარეთ, მერე თქვენც გადარჩებით, თქვენი ოჯახიც და საქართველოც გაბრწყინდება.

скачать dle 11.3