კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ იწვევს არასწორი კვება იმაზე მეტ ლეტალურ შემთხვევას, ვიდრე თამბაქოს მოხმარება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, მოწევაზე ხშირად და მეტად ადამიანებს არასწორი კვება ვნებს (თვით ლეტალური შედეგის თვალსაზრისითაც), იმიტომ რომ საკვები შესაძლებელია, შხამად იქცეს ორგანიზმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების უამრავი რეცეპტი არსებობს. ადამიანების უმეტესობა მაინც ეგრეთ წოდებული არაჯანსაღ საკვებს ეძალება, სავარაუდოდ, იმ მარტივი მიზეზით, რომ უფრო გემრიელია (იქნებ სხვა მიზეზითაც). მეორე მხრივ, ყველა ერს (მისი ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე) თავისი კვების კულტურა აქვს და, ბუნებრივია, რაციონიც, რომელიც მის ორგანიზმს სიჯანსაღეშიც ეხმარება და სამყაროში გამოხატავს ისეთად, როგორიც არის, ანუ ინდივიდუალურად. პროფესორთან და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პაატა კოღუაშვილთან ერთად განვიხილავთ, რა როლი აქვს კვებას ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობაში (რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ამ პროცესებს) და რა თავისებურებები ახასიათებს ქართველის კვების ტიპსა და კულტურას.
– ბანალური კითხვით დავიწყებ რატომ არის საკვები ამდენად მნიშვნელოვანი ადამიანის ორგანიზმისთვის? და, რაც მთავარია, როგორი საკვებია აუცილებელი, რომ ჯანსაღად და ენერგიულად იგრძნო თავი?
– საკვები აუცილებელია ადამიანის სასიცოცხლო პროცესების რეგულირებისთვის. ის არის ენერგიის წყარო და ორგანიზმს უზრუნველყოფს ტემპერატურული მინიმუმის შენარჩუნებით, სხვა შემთხვევაში დაიღუპება. ორგანიზმი საკვების სახით ღებულობს პლასტიკურ ნივთიერებებს, რის ხარჯზეც ის შენდება. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და სხვა. ყველა ეს ნივთიერება უწყვეტ ნაკადად უნდა მიედინებოდეს ადამიანის ორგანიზმისკენ, რათა არ შეწყდეს სიცოცხლე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამა თუ იმ ნივთიერების მიუღებლობა იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების მოშლას და სხვადასხვა დაავადებას. ადამიანის ენერგეტიკული ბალანსი, ძირითადად, ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ხარჯზე რეგულირდება, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ვიტამინებს, ორგანულ მჟავებსა და მინერალურ მარილებს. საკვებზე ადამიანის მოთხოვნილება მრავალფაქტორიანი პროცესია. თითოეული მათგანი და თვით საკვების სახე ერთმანეთს განაპირობებს. ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმისთვის ამა თუ იმ ნივთიერების ხელოვნურად მიღება აუცილებელი ხდება.
– ერთია, საკვების შემადგენლობა და კალორიები, მაგრამ, თუ არის დათვლილი, ვთქვათ, რა ოდენობის საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა?
– დადგენილია, რომ ადამიანს ერთი წლის განმავლობაში ესაჭიროება თავის წონაზე 9-10-ჯერ მეტი რაოდენობის საკვები. აქედან ბოსტნეულზე მოდის 23, ხილზე – 11, მეცხოველეობის პროდუქტებზე – 21, პურ-პროდუქტებზე – 9, შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე – 10 პროცენტი. ადამიანის სასიცოცხლო პროცესების რეგულირებაში, დაახლოებით, 50 ქიმიური კომპონენტი იღებს მონაწილეობას. თითოეულ მათგანს, განსაზღვრული ნორმით, განსაკუთრებული ფუნქციის შესრულება ევალება და მიუღებლობის ან ურთიერთშეფარდების დარღვევით მიღებისას მთელი რიგი უარყოფითი პროცესები ვლინდება.
– რა თავისებურებებით ხასიათდება ქართული კვების სისტემა და როგორ შეიქმნა ის ასეთად და არა სხვანაირად?
– ქართველთა კვების სისტემაში შერწყმულია ბალახოვანი, ველურად მზარდი მცენარეები და მებოსტნეობის პროდუქტები: მწვანილი, სანელებელი ბოსტნეული და მხალი; ასევე, ტყისა და კულტურული ხილი. მემცენარეობის ტიპის ჩარჩოებში ქართველთა კვების სისტემიდან შეიძლება გამოვყოთ მემინდვრეობის ქვეტიპის კულტურული მცენარეები – ყველა საკვები ნივთიერების, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლებს წყარო: პარკოსანი (ცერცვი, ცერცველა, ხანჭკოლა, ოსპი, ბარდა, მუხუდო, ცულისპირა, ძაძა, უგრეხელი, ლობიო), ზეთოვანი (სელი), პურეული მარცვლეულები (ხორბალი, ფეტვი, ქერი, ჭვავი, შვრია). შერწყმული სახითაა წარმოდგენილი, ერთი მხრივ, მემინდვრეობისა და მებოსტნეობის, მეორე მხრივ, მემინდვრეობისა და მევენახეობის პროდუქტები. ყოველივე ეს განაპირობებს კარგად ბალანსირებულ ვეგეტარიანულ კვებას. მაგალითად, პური (სახამებელი), სელის ზეთი, პარკოსნები (მცენარეული ცილა+ნახშირწყლები), ბოსტნეული (ნახშირწყლები, ცილა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ორგანული მჟავები), ველურად მზარდი ბალახოვანი მცენარეები (ნახშირწყლები, ცილა, დიეტური და სამკურნალო ნივთიერებები), კაკალი და თხილი (მცენარეული ცხიმი) ადამიანს აძლევს ყველა იმ აუცილებელ ნივთიერებას, რაც მის ნორმალურ ცხოველქმედებას უზრუნველყოფს. დღე-ღამეში თანამედროვე ადამიანი საკვებად იყენებს დაახლოებით 1,5-2 ლიტრ წყალს და 800-900 გრამამდე საკვებს. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის სადღეღამისო რაციონი 6.3 მილიონ ტონა საკვებს შეადგენს. კაცობრიობის დიდი ნაწილი განიცდიდა და განიცდის ზოგიერთი სახეობის საკვები პროდუქტის დეფიციტს. ყველა ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას შეუქმნას ისეთი სოციალური პირობები, რომ მან შეძლოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რაოდენობის დაბალანსებული საკვების შეძენა-მოხმარება. კერძოდ, ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, საკვებ რაციონში პური უნდა შეადგენდეს დღეში – 350 გრამს, ხორცი – 200 გრამს, რძე და რძის ნაწარმი – 960 გრამს, კარტოფილი – 170 გრამს, ბოსტნეული – 370 გრამს, ხილი – 210 გრამს, თევზი – 50 გრამს, ცხიმი – 30 გრამს, შაქარი – 100 გრამს. ეს ნორმები ემყარება საერთაშორისო ნორმებს და გათვალისწინებულია საშუალო ასაკის 70 კილოგრამ, მსუბუქი შრომით დაკავებული 31-50 წლის მამაკაცისთვის, იგივეა 60 კილოგრამი წონის ქალისთვის და შეადგენს 2 800 კილოკალორიას. მართალია, ეს მონაცემები პერიოდულად იცვლება ასაკის, წონის, გეოგრაფიული გარემოსა და სხვა ფაქტორების გავლენით, მაგრამ არა არსებითად. რაციონალური კვების შესახებ არსებობს არაერთი კონცეფცია და სისტემა, თუმცა, ისინი ამომწურავ პასუხს ვერ სცემს საკვებსა და კვებასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს. თუმცა რაციონალური კვება გულისხმობს სამი ძირითადი პრინციპის დაცვას: ენერგიის ბალანსის უზრუნველყოფა; გარკვეულ საკვებ ნივთიერებებზე ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება; კვების რეჟიმის დაცვა.
– როგორ ხვდებოდნენ ადამიანები, რით ეკვებათ, რამდენჯერ და რა რაოდენობის საკვები მიეღოთ, როდესაც არ არსებობდა არც ნორმები და არაც კვლევები?
– ქალბატონმა ემინე  ვარშანიძემ 10 შვილი შობა და გაზარდა აჭარის მთიან რეგიონში ისე, რომ არც ერთს რამე სახის პათოლოგია არ ჰქონია. ეს მოახერხა ადამიანმა, რომელიც 15 წლის ასაკში გათხოვდა, არ ჰქონდა კლასიკური განათლება, გაზი, მაცივარი, ელექტროენერგია. მის საკუთრებაში არსებული 3 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის ნახევარი კი ქვა-ღორღით იყო სავსე. ისმება კითხვა, როგორ ახერხებდა ქალბატონი ემინე ყოველივეს? ის კარგად იყო დაუფლებული ტრადიციულ ოჯახურ მეურნეობრიობას, რომელიც თაობიდან თაობას ემპირიულად გადაეცემოდა, მაგრამ  მეცნიერულ საფუძვლებზე იყო დამყარებული. მართალია, მას წარმოდგენა არ ჰქონდა ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალური მარილების რაობასა და როლზე ადამიანის სასიცოცხლო პროცესების მართვაში, მაგრამ შესანიშნავად იცოდა საკვები პროდუქტების წარმოება, შენახვა-გადამუშავება და მოხმარება წელიწადის სხვადასხვა დროს. დავიწყოთ იქიდან, რომ ის მეუღლესთან – ბატონ რამიზ მიქელაძესთან  ერთად  არაჩვეულებრივად ფლობდა ნიადაგის განოყიერებისა და დამუშავების ტექნოლოგიებს. ნიადაგს უპირატესად თოხითა და კავით ამუშავებდნენ. ძლიერი დახრის ფერდობებზე კეთდებოდა ხელოვნური და ბუნებრივი ტერასები, ისე, რომ წლების განმავლობაში სავარგულებს წყლისმიერი ეროზია ზიანს ვერ აყენებდა. ყოველწლიურად ნოყიერდებოდა ნაკელით. პირუტყვის სადგომში აუცილებლად გამოიყენებოდა გამშრალი გვიმრის ან ნამჯის საფენები, რაც გარდა სადგომში ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ერთი ორად ზრდიდა ნაკელის ხარისხსა და რაოდენობას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ გადამწვარი ნაკელით საბოსტნე ნიადაგის განოყიერებას. გარდა ამისა, ბატონი რამიზი სოფლისგან მოშორებით, ეგრეთ წოდებულ საძოვრებსა და საყანე ადგილებში ზაფხულობით ცელავდა გვიმრას, ანწლს, მაყვლის ნარგაობას, აშრობდა და ზვინებად დგამდა. გვიან შემოდგომით კი დაწვავდა ამ ზვინებს, შეაგროვებდა ნაცარს ტომრებში და ჩამოიტანდა სახლში, სადაც ხის ფიცრებისგან გაკეთებულ ორმოებში ჩაყრიდა, მასზე მიუშვებდა საქონლის თხევად გამონაყოფს, წუნწუხს და მთელი ზამთრის განმავლობაში ასეთნაირად მომზადებული ნაცრით  ანოყიერებდა საბოსტნე ნიადაგს, ლობიოსა და კვახის ორმოებს, საიდანაც განსაცვიფრებელი რაოდენობის პროდუქციას იღებდა. რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ, არც ნაცრის შემცველობა და არც საქონლის შარდ-წუნწუხის ზემოქმედებით სრული NPK, სასუქის მიღების თეორიული მხარე, მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ ასეთნაირად მზადდებოდა სასუქი, რომელიც მოსავალს ზრდიდა.
ოჯახურ მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ხილის წარმოებასა და შენახვა-გამოყენებას. ხეჭეჭური მთელი ზამთრის განმავლობაში კარგად ინახებოდა სიმინდის „ქუნჩალში“, ხოლო სხვა სახის მსხლის ნაყოფებისგან წვენებს ამზადებდნენ, ადუღებდნენ შესქელებამდე და მზადდებოდა ბეთმეზი – ანუ მსხლის კონცენტრირებული წვენი, რომელშიც შაქრის შემცველობა 60 პროცენტს აჭარბებდა და თიხის დერგებში ცხლად ჩასხმული დიდხანს ინახებოდა. შემოდგომით ასეთნაირად მომზადებულ ბეთმეზში კვახის ნაჭრებს ჩაყრიდნენ, კვლავ წამოადუღებდნენ და ამზადებდნენ „ლეჩერს“, რომელიც მთელი წელი შაქრის მაგივრად, მოიხმარებოდა. ჩახარშული კვახის ნაჭრები კი არაჩვეულებრივი ნუგბარი იყო და ახლანდელ კანფეტებსა და შოკოლადებსაც კი ჯობნიდა. ამრიგად, ნახშირწყლების შევსების ერთ-ერთი რეალური პროდუქტიც ასე მზადდებოდა. რა თქმა უნდა, გამოიყენებოდა ყურძენი, რომელსაც აკიდოების სახით ინახავდნენ. ეზოში 5 ძირი ძალიან დიდი ზომის თუთის ხე ედგათ, რომელსაც ბჟოლის ხეს ეძახიან. ადრე გაზაფხულზე მთელი თვის განმავლობაში იძლეოდა მოსავალს. გარდა ნედლად გამოყენებისა, მისი წვენისგანაც მზადდებოდა ბეთმეზი და ლეჩერი, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავდა. პროდუქტი კარგად ინახებოდა და სასიამოვნო ნამცხვრების დასამზადებლადაც გამოიყენებოდა. ყურძნის წვენისგან ფელამუშსა და ნიგვზის ჩურჩხელებს ამზადებდნენ. ძალიან მრავალფეროვანი და მაღალხარისხოვანი პროდუქტები იწარმოებოდა რძისაგან. მაწონი, აირანი, ნადუღი და, რაც მთავარია, კარაქი, რომელიც დამარილებული მინის ქილებით მიწაში  ჩაფლული დიდხანს ინახებოდა და გამოიყენებოდა. ხორცის მოხმარება საკმაოდ შეზღუდული იყო. წელიწადში ალბათ სამ-ოთხჯერ თუ დაიკვლებოდა სოფელში პირუტყვი და სხვა საშუალება ხორცის შეძენისა არ არსებობდა. თუკი ბაზარში ან მაღაზიაში იყიდდი, ვერ შეინახავდი., რადგან მაცივარი სოფლად მცხოვრებ ოჯახებს არ ჰქონდათ. ამიტომ საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა ფრინველის ხორცი, ძირითადად, ქათამი.  ქათმებს ქალბატონი ემინე საკმაოდ ბლომად აშენებდა. ქათმებს შემოდგომით სპეციალურ სათავსოში – „საყრუვლოში“ ათავსებდა, ერთი თვის განმავლობაში კარგად კვებავდა, გაასუქებდა, შემდეგ დაკლავდა, გაასუფთავებდა, დაამარილებდა და აივანზე, თოკზე ჩამოკიდებულს გააშრობდა. ასეთნაირად მომზადებული ქათმის ხორცი მთელ ზამთარს კარგად ინახებოდა. ოჯახის ძირითადი საკვები სიმინდი იყო. პური იშვიათობას წარმოადგენდა. ამიტომ იტყოდნენ, რომ თუკი ოჯახს ნალიაში სიმინდი და ლობიო ჰქონდა, ის მდიდრად ითვლებოდა.  რადგან ოჯახში უამრავი საქმე იყო, ყველა ბავშვს რაღაც ფუნქცია ჰქონდა. 5 წლის ბავშვიც კი ჩართული იყო მისთვის შესაფერის საქმეში.

скачать dle 11.3