კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ ვერ შეთანხმდებიან რუსეთი, თურქეთი და ირანი კავკასიაში გავლენის გადანაწილებისას, სირიისგან განსხვავებით და როგორ გახდნენ მტერი რუსეთი და მოყვარე თურქეთი აფხაზეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სოხუმში უკვე მეორედ ჩატარდა ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც განიხილეს აფხაზეთის როლი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია თავად თურქეთისა და რუსეთის აზრი ამ თემის შესახებ. ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ, მართლაც აქვს თუ არა დე-ფაქტო აფხაზეთს ზემონახსენები შესაძლებლობა.
– ცნობილია, რომ ჩვენი მტერი, რუსეთი, სეპარატისტული აფხაზეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა, ხოლო ჩვენი მოყვარე თურქეთი – მეორეზე. არის რეალური, რომ მათ თავიანთი ეკონომიკური თუ სამხედრო თანამშრომლობის პროცესში გამოიყენონ აფხაზეთი?
– აფხაზების პოზიციიდან თუ შევხედავთ, გასაგებია, ისინი რისთვისაც წვალობენ და რასაც ცდილობენ. გათვლა, რომ დღევანდელი თითქოსდა დამთბარი ურთიერთობების ფონზე რუსეთსა და თურქეთს შორის აფხაზეთი დიდ სარგებელს მიიღებს, ვფიქრობ, არასწორია. ვრჩები იმ ძირითად მოსაზრებაზე, რომელიც მქონდა, როდესაც რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობის დათბობა დაიწყო. ეს მოჰყვა არშემდგარ გადატრიალებას თურქეთში, როდესაც ერდოღანი, ფაქტობრივად, პუტინმა გადაარჩინა დაკავებას – 20 წუთით ადრე შეატყობინა მასზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. გვახსოვს ერდოღანის გამოსვლა ბუნკერიდან სოციალური ქსელის მეშვეობით, ეს, რა თქმა უნდა, პუტინის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო – მან თურქეთს სასიცოცხლო ინფორმაცია მიაწოდა.
– გარდა ამისა, ეს იმასაც მოწმობს, რომ რუსული სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ.
– რა თქმა უნდა, კარგად მუშაობენ. ამ ოპერაციაში, გარკვეულწილად, თურქეთის სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართული, ისევე, როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ვნახეთ, რამდენი გენერალი და ოფიცერი დააკავეს თურქეთში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ, მაგრამ ხომ იყო ერთგული ნაწილიც?! გამოვიდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ვგულისხმობ „ნატოელ“ მოკავშირეებსა და აშშ-ს, თურქეთს ვერ მიაწოდეს ინფორმაცია, იმიტომ რომ არ იცოდნენ ან არ მიაწოდეს და ამ დროს ეს გააკეთა პუტინმა. თუ ასეთ ინფორმაციას აწვდის პუტინი, ესე იგი, მისმა სპეცსამსახურებმა იციან, სად იმყოფება ერდოღანი და როდის და ვინ აპირებს მასზე თავდასხმას, მაშინ იმის ორგანიზებაც შეუძლიათ, რომ რუსეთი დაესხას თავზე და მსგავსი გადატრიალება მოუწყოს.
– ანუ „შიში შეიქმს სიყვარულსაო“ რუსეთსა და თურქეთს შორის?
– ესეც არის და ისიც, რომ ერდოღანმა გააანალიზა ის დაპირისპირებები, რაც მას იმ მომენტისთვის ჰქონდა და დღესაც აქვს დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ შორის, ძირითადია ქურთული საკითხი, გიულენის გადმოცემა და სხვა. აი, ეს ფონი გასდევს ამ პროცესს და თურქეთისთვის რუსეთთან ურთიერთობა ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დათბობას წინ უძღოდა თურქების მიერ რუსული „სუ 24-ის“ ჩამოგდება.
– აღნიშნა კიდეც ერთმა თურქმა პოლიტოლოგმა, რომ თურქეთია ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მიზანმიმართულად ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი.
– ამას მოჰყვა ურთიერთობების საკმაო დაძაბვა, თუმცა მათ გადალახეს ეს ბარიერი. მაგრამ მე ვთვლი, რომ დათბობა რუსეთ-თურქეთს შორის, რასაც „თაფლობის პერიოდს“ დავარქმევდი, დროებითია. ამით იმის ჩვენება მინდა, რომ, თუ ეს დამთბარი ურთიერთობა მართლაც დროებითია, ადრე თუ გვიან, ის ურთიერთდამაპირისპირებელი საკითხები, რომლებიც მათ დროებით თაროზე შემოდეს, გააქტიურდება, წინა პლანზე წამოიწევს და, რა თქმა უნდა, ამ თაფლობის პერიოდს დაპირისპირებები მოჰყვება. როდის მოხდება ეს, რთული სათქმელია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და, მათ შორის, ვითარებაზე ახლო აღმოსავლეთში, ასევე, თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობაზე.
– ორიოდე სიტყვით შევეხოთ რუსეთ-თურქეთს შორის სადავო საკითხებს, რომლებზე დავაც აუცილებლად მოუწევთ, იმიტომ რომ მეც იმთავითვე ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ეს დათბობა ტაქტიკური სვლაა გამოუვლობიდან გამომდინარე. ცხადია, სადავო საკითხებს შორისაა გავლენა აფხაზეთზეც.
– შეგნებულად გავაკეთე აქცენტი პრეისტორიაზე, იმიტომ რომ მათ შორის დაპირისპირების მთავარი საკითხია გავლენა კავკასიაზე, მათ შორის, საქართველოსა და ოკუპირებ აფხაზეთზე. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში, რუსეთის გააქტიურებამდე, შავ ზღვასა და კავკასიაში თურქეთი იყო საკმაოდ აქტიური, ხშირად ბატონობდა კიდეც ამ რეგიონებზე. თურქეთის ინტერესი ამ რეგიონისადმი არ განელებულა და არა მხოლოდ თურქეთის. ამდენად, იმის მოლოდინი, რომ თურქეთი და რუსეთი კავკასიის საკითხებში საერთო ენას გამონახავენ, შეთანხმდებიან და გაიყოფენ, არ უნდა გვქონდეს, ანუ, არ ვფიქრობ, რომ  ამ დამთბარი და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამო, რაც ორივესთვის იყო და არის სასარგებლო, რომელიმე მხარე დათმობს იმპერიულ ამბიციებს. ყოველ შემთხვევაში, მე გამოვრიცხავ. თუმცა მათ აქვთ საერთო ინტერესებიც, იმ მხრივ, რომ ორივესთვისაა ხელსაყრელი, რაც დღეს ხდება. ანუ თურქეთისთვისაც მისაღებია ორმაგი თამაში ჩვენ მიმართ: ოფიციალურად არავინ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებლად თურქეთში, აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თურქული კომპანიები აქტიურად ოპერირებენ აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს ნახშირის მოპოვება, თევზის რეწვა, თუ სხვა. ისევე, როგორც რუსული კომპანიები არიან აქტიურები როგორც ინერტული მასალების მოპოვების, ისე სხვა მხრივ. იმას გარდა, რომ, ტრადიციულად, ეხმარებიან თანხით, განსაკუთრებით, აღიარების შემდეგ. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩამოკიდებულია რუსეთის ბიუჯეტზე. რუსეთი და თურქეთი თავიანთ ინტერესებს ატარებენ საქართველოსთან მიმართებაში და იყენებენ თავიანთ ბერკეტებს, მაგრამ ერთმანეთთან შეთანხმება და აფხაზეთის გამოყენება ურთიერთობაში, უპერსპექტივოდ მეჩვენება.
– იმიტომ რომ რუსეთისა და თურქეთისთვის უინტერესოა აფხაზეთის ჩართვა მათ შორის თანამშრომლობაში თუ, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოხერხდება ამის გაკეთება?
– ეკონომიკურ პროცესში ჩართულები ჰყავთ.
– ერთმანეთთან თანამშრომლობის პროცესში ჩართვას ვგულისხმობ.
– აფხაზეთში მათ ერთმანეთთან თანამშრომლობას, რომ რუსეთმა და თურქეთმა იქ რამე ერთობლივი ინტერესები გაატარონ, გამოვრიცხავ. ისინი ცალ-ცალკე მოქმედებენ. რუსეთი – აშკარად, თურქეთი – ფარულად. რუსეთის ჩვენთან სასაუბრო ენა 2008 წლამდეც შანტაჟის იყო და ახლა, მით უმეტეს, აგრძელებს. თურქეთი, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ასე არ იქცევა, მაგრამ არც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თურქულმა კომპანიებმა აფხაზეთში საქმიანობა შეწყვიტონ. არადა, ამის გაკეთება უპრობლემოდ შეუძლიათ, ერდოღანის ერთი განცხადებაა საჭირო და თურქული კომპანიები შეწყვეტენ აფხაზეთში მუშაობას. მაგრამ თურქეთიც ხედავს იმ რეალობას, რაც აფხაზეთშია: ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვითარებას და ამიტომ თურქები ფიქრობენ, თუ რუსეთი აკონტროლებს, მოდი, ჩვენც ვიქნებით იქ წარმოდგენილებიო.
– რომ გავლენის ბერკეტი არ დაკარგოს.
– რა თქმა უნდა. ამდენად, არ ველი, რომ რუსეთ-თურქეთი აფხაზეთში ამაზე შორს წავა. ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება, ჰქონდეთ აფხაზებს, არის ის, რომ აფხაზეთის წინააღმდეგ არანაირ ნაბიჯებს არ გადადგამენ.
– რუსეთსა და თურქეთს ისტორიაში ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც გაიყვეს სამხრეთ კავკასია. ამჯერად მეც გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ვინმესთვის უნდოდეს სამხრეთ კავკასიის დათმობა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პრეცედენტი იყო. აქ არის მესამე მონაწილეც – ირანი, რომელსაც, ასევე, აქვს თავისი პრეტენზიები, ოღონდ ირანზე ამჯერად არ ვილაპარაკებ.
– ჩვენ ისტორია ვიცით იმ გადმოცემით, როგორც არის დაწერილი, მაგრამ, არ ვიცით, რეალურად, რამდენად შეთანხმებულად მოქმედებდა თურქეთი და ირანი, თუნდაც, საქართველოს გაყოფისას და გაანალიზება ასე მარტივი არ არის. ჩვენ ახლაც ვერ ვახერხებთ მოვლენების გაანალიზებას მხოლოდ ინტერნეტზე დაყრდნობით.
– მე პრეცედენტზე ვამბობ.
– პრეცედენტი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ არ მგონია, თავის დროზე ეს შეთანხმებულად მომხდარიყო და არც ახლა მოხდება. ზოგადად, რომ ავიღოთ ეს სამეული ზეგავლენის სფეროებად განაწილებასაც ვერ ახერხებს. არც თურქეთი დათმობს თავის ინტერესს, ირანი ნაკლებად აქტიურია რეგიონში, მაგრამ არც ირანი დათმობს, მასაც აქვს ეს ამბიცია თავის მრავალსაუკუნოვან მეხსიერებაში და რუსეთი მათთან შედარებით უფრო ცოტა ხანია, კავკასიაშია, მაგრამ არც რუსეთი აპირებს რამის დათმობას. ეს კულუარული თამაშებია, უფრო ჭადრაკს ჰგავს და ფარულობას გულისხმობს. ისინი გაცილებით შეთანხმებულად მუშაობენ სხვა რეგიონებში, თუნდაც, მაგალითად, სირიაში, მაგრამ კავკასიაში არ მგონია, შეთანხმდნენ. ჯერ ამის ინდიკატორები არ ჩანს.
– იმიტომ რომ კავკასიაში ჯერ არც ერთი არ არის იმდენად ძლიერად წარმოდგენილი, რომ თავისი თამაშის წესი სხვებს უკარნახოს და ეს, ფაქტობრივად, უზრუნველყოფს კიდეც ჩვენს მყიფე, მაგრამ მაინც უსაფრთხოებას.
– ჩვენი უსაფრთხოება უფრო ჩვენმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს და უნდა ვიყოთ მეტად აქტიურები და მეტ მანევრებს ვახორციელებდეთ. საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება, თუმცა მანევრის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. სასურველია, იყოს, მაგრამ ამას ბევრი რამ სჭირდება: ენერგოუსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება, შიდა ერთიანობა. ჩვენ ჯერჯერობით ყველა მიმართულებით მტკიცედ არ ვართ, რაც არ გვაძლევს მანევრის საშუალებას.
– იმიტომ რომ უცხოური სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ და ქართული ხასიათის თავისებურებებსაც წარმატებით იყენებენ. დაქსაქსული საზოგადოების მართვაც უფრო იოლია და იმ საზოგადოების ხელისუფლების კონტროლიც.
– რა თქმა უნდა, მუშაობენ და ვერც ჩვენი სპეცსამსახურების უმოქმედებაზე ვიტყვი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ისინიც მუშაობენ. მე თავად ვიყავი საგარეო დაზვერვაში შვიდი წლის განმავლობაში და რაც კი რეგიონში მიმდინარეობდა, აბსოლუტურად ყველა პროცესის ანალიზსა და შეფასებებზე ვმუშაობდით. საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცის, მაგრამ მინდა, დავარწმუნო, რომ ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, მეორე მხრივ, სხვა საკითხია, რისი შესაძლებლობები აქვს სახელმწიფოს, რომ ამ ანალიზისა და შეფასებების რეალიზება მოახერხოს. აი, აქაა საჭირო ის, რასაც ვამბობ: დივერსიფიცირებული ეკონომიკა, ენერგოსფერო, ბაზრები და ასე შემდეგ. ჩვენ კი ძალიან ვართ მიბმული ჩვენს მეზობლებზე და რთულია მანევრები. როგორ უნდა ელაპარაკო რომელიმე დიდ მეზობელს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც სერიოზული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაკავშირებს მასთან, მით უფრო, რომ ერთ-ერთთან საომარ მდგომარეობაში ხარ?!

скачать dle 11.3